არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთიანობა

ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთიანობა

ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთიანობა

„გავაერთიანებ მათ და იქნებიან, როგორც ფარა ფარეხში“ (მიქ. 2:12).

1. როგორ ირეკლავს ცოცხალი ქმნილებები ღვთის სიბრძნეს?

„რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“, — ეს სიტყვები იეჰოვას შემოქმედებით მოხიბლულმა ფსალმუნმომღერალმა წარმოთქვა (ფსალმ. 104:24). ღვთის სიბრძნეს თვალსაჩინოდ ირეკლავს დედამიწის ბიოსფერო ანუ ურთიერთდამოკიდებული მილიონობით ცოცხალი ორგანიზმი — მცენარეები, მწერები, ცხოველები თუ პაწაწინა ბაქტერიები, რომლებიც ერთ, რთულ სასიცოცხლო ჯაჭვს ქმნიან. ჩვენს სხეულში სხვადასხვა ორგანოებისა თუ ცალკეული უჯრედების სრულფასოვანი ფუნქციონირება ორგანიზმში არსებული ათასობით რთული მექანიზმის დამსახურებაა, რაც გვინარჩუნებს ჯანმრთელობას.

2. რატომ იყო, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი პირველი საუკუნის კრების წევრების ერთიანობა, როგორც მე-13 გვერდზე სურათზეა ნაჩვენები?

2 იეჰოვამ ისე შექმნა ადამიანები, რომ ერთმანეთი სჭირდებათ. ამის მიზეზი ისაა, რომ ყველას განსხვავებული გარეგნობა, ხასიათი და უნარი აქვს. ღმერთმა პირველი წყვილი თავის ანარეკლად შექმნა. მათ ისეთი თვისებები ჰქონდათ, რომ შეეძლოთ ერთმანეთთან ეთანამშრომლათ და ერთმანეთზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული (დაბ. 1:27; 2:18). მაგრამ დღეს მთელი კაცობრიობა ღვთისგანაა გაუცხოებული და ამიტომ არ არის მათ შორის ერთსულოვნება (1 იოან. 5:19) პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრები — ეფესოელი მონები, ცნობილი ბერძენი ქალები, განათლებული იუდეველი მამაკაცები და ყოფილი კერპთაყვანისმცემლები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები იყვნენ. ერთი შეხედვით დაუჯერებელი ჩანდა, რომ ასეთ განსხვავებულ ხალხს შორის ერთიანობა არსებობდა (საქ. 13:1; 17:4; 1 თეს. 1:9; 1 ტიმ. 6:1).

3. როგორ აღწერს ბიბლია ქრისტიანულ ერთობას, და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, როგორც ერთი სხეულის ნაწილი, ღმერთს ერთსულოვნად ემსახურებიან (წაიკითხეთ 1 კორინთელების 12:12, 13). ამ სტატიაში განვიხილავთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს: როგორ აერთიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ხალხს? რატომ შეუძლია მხოლოდ იეჰოვას, გააერთიანოს მილიონები ყველა ერიდან? ერთობისთვის ხელის შემშლელი რომელი ფაქტორების დაძლევაში გვეხმარება იეჰოვა? ეგრეთ წოდებული ქრისტიანული რელიგიებისგან განსხვავებით, როგორ ცხადყოფენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომ ესმით ერთიანობის ფასი?

როგორ აერთიანებს ხალხს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?

4. როგორ აერთიანებს ხალხს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?

4 ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვას აღიარებენ სამყაროს უზენაეს მმართველად, რადგან მან შექმნა ყველაფერი (გამოცხ. 4:11). მართალია, ქრისტიანებს სხვადასხვა გარემოსა და პირობებში უხდებათ ცხოვრება, მაგრამ ყველა ემორჩილება ღვთის კანონებს და მიჰყვება ბიბლიურ პრინციპებს. ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვას მამას უწოდებენ (ეს. 64:8; მათ. 6:9). ისინი სულიერი და-ძმები არიან და ტკბებიან ერთობით, რაც ფსალმუნმომღერალმა ასე აღწერა: „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმ. 133:1).

5. რა განაპირობებს ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთობას?

5 ქრისტიანები არასრულყოფილები არიან, მაგრამ მათ უყვართ ერთმანეთი და სწორედ ამიტომ სცემენ ღმერთს თაყვანს ერთსულოვნად. ასეთი სიყვარული მათ იეჰოვამ ასწავლა, რასაც მასზე უკეთ ვერავინ შეძლებდა (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:7, 8). ბიბლიაში ვკითხულობთ: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები. მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:12—14). გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირი — სიყვარული — ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანია. ალბათ, თავადაც გამხდარხართ იმის მოწმე, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის განსაკუთრებული ერთსულოვნებაა (იოან. 13:35).

6. როგორ უწყობს ხელს ღვთის სამეფოს მოსვლის იმედი იეჰოვას ხალხს შორის ერთობას?

6 ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს კაცობრიობის ხსნის ერთადერთ იმედად ღვთის სამეფო მიაჩნიათ. სწორედ ეს არის მათი ერთიანობის ერთ-ერთი მიზეზი. მათ იციან, რომ ადამიანურ მთავრობებს მალე ღვთის სამეფო შეცვლის და ღვთის ერთგულები მარადიული მშვიდობით გაიხარებენ (ეს. 11:4—9; დან. 2:44). ქრისტიანები ყურად იღებენ იესოს მოწოდებას: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:16). ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ მსოფლიო კონფლიქტების დროს და შეუძლიათ გაიხარონ ერთობით მაშინაც კი, როცა მათ გარშემო ყველა ომშია ჩაბმული.

სულიერი განათლების ერთადერთი წყარო

7, 8. როგორ უწყობს ხელს ბიბლიიდან მიღებული სულიერი განათლება ერთობას?

7 პირველი საუკუნის ქრისტიანებიც ხარობდნენ ერთობით, რადგან ყველა ერთი და იმავე წყაროდან იღებდა სულიერ განათლებას. მათ ესმოდათ, რომ იესო კრებას იერუსალიმში არსებული ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ასწავლიდა. ხელმძღვანელი საბჭო მოციქულებისა და უხუცესებისგან შედგებოდა. ეს ერთგული მამაკაცები გადაწყვეტილებებს ღვთის სიტყვის საფუძველზე იღებდნენ. ისინი მიმომსვლელი ზედამხედველების მეშვეობით მოძღვრავდნენ კრებებს სხვადასხვა ტერიტორიებზე. ამ ზედამხედველების შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ქალაქებში გავლისას, იქაურებს გადასცემდნენ მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს, რომლებიც უნდა დაეცვათ“ (საქ. 15:6, 19—22; 16:4).

8 დღესაც სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ხელმძღვანელი საბჭო ხელს უწყობს მსოფლიო საძმოს ერთობას. ხელმძღვანელი საბჭო კრებებს ამარაგებს ლიტერატურით, რომელიც სხვადასხვა ენაზე ითარგმნება. ეს სულიერი საზრდო ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული. ამიტომ, რასაც დღეს ვსწავლობთ, ღვთისგანაა და არა კაცთაგან (ეს. 54:13).

9. როგორ გვაერთიანებს ღვთის მიერ მონდობილი სამქადაგებლო საქმე?

9 ქრისტიანი ზედამხედველებიც ხელს უწყობენ ერთობას იმით, რომ ხელმძღვანელობენ სამქადაგებლო საქმეს. ღვთის ყველა მსახურს თანამშრომლობის სული აერთიანებს; მათი ურთიერთობა ქვეყნიერების ხალხს შორის არსებულ ნებისმიერ ურთიერთობას აღემატება. ქრისტიანული კრება მხოლოდ იმ მიზნით კი არ დაარსდა, რომ ხალხს ერთმანეთთან ჰქონოდა ურთიერთობა, არამედ პატივი მიეგოთ იეჰოვასთვის და მისი საქმე შეესრულებინათ —ექადაგათ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ, მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი და გაემხნევებინათ ქრისტიანული კრება (რომ. 1:11, 12; 1 თეს. 5:11; ებრ. 10:24, 25). მოციქულმა პავლემ მართებულად შენიშნა ქრისტიანებზე: „მტკიცედ დგახართ ერთ სულში, ერთსულოვნად იბრძვით მხარდამხარ სასიხარულო ცნობის რწმენისთვის“ (ფილ. 1:27).

10. როგორ გვაერთიანებს იეჰოვა?

10 იეჰოვას ხალხი გაერთიანებული ვართ, რადგან ყველა ვაღიარებთ იეჰოვას უზენაესობას, გვიყვარს და-ძმები, ხსნის იმედად ღვთის სამეფოს მივიჩნევთ და ვაფასებთ კრებაში დანიშნულ ხელმძღვანელ ძმებს. იეჰოვა გვეხმარება, არასრულყოფილების მიუხედავად, მოვერიდოთ ისეთ აზროვნებას, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენს ერთობას (რომ. 12:2).

სიამაყისა და შურის დაძლევა

11. როგორ ყოფს სიამაყე ხალხს და როგორ გვეხმარება იეჰოვა სიამაყის დაძლევაში?

11 სიამაყე ყოფს ხალხს. ამაყი ადამიანი სხვას ზემოდან დაჰყურებს და უყვარს ტრაბახი. ასეთი აზროვნება ხშირად არღვევს ერთობას, რადგან ვინც ისმენს სხვის ტრაბახს, შესაძლოა შეშურდეს მისი. მოციქულმა იაკობმა პირდაპირ თქვა: „ყოველი ასეთი სიამაყე ბოროტებაა“ (იაკ. 4:16). თუ დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სხვები არ გიყვართ. თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითს თავად იეჰოვა გვაძლევს, რადგან ჩვენნაირ არასრულყოფილ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა. დავითმა დაწერა: „[ღვთის] თავმდაბლობა განმადიდებს“ (2 სამ. 22:36). იეჰოვას სიტყვა სიამაყის დაძლევასა და სწორი აზროვნების შეძენაში გვეხმარება. პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „ვისი დამსახურებაა, სხვისგან რომ განსხვავდები? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? და თუ მიიღე, რატომღა იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?“ (1 კორ. 4:7).

12, 13. ა) რატომ შეიძლება სხვების შეგვშურდეს? ბ) რატომ არის კარგი ისეთივე თვალსაზრისი გვქონდეს სხვებზე, როგორიც იეჰოვას აქვს?

12 შურიც ძირს უთხრის ერთობას. მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო ყველა შურისკენ ვართ მიდრეკილი და შესაძლოა მათაც კი, ვინც წლებია ემსახურება იეჰოვას, შეშურდეს სხვისი მდგომარეობის, ქონების, პასუხისმგებლობისა თუ გამორჩეული უნარის (იაკ. 4:5). მაგალითად, დაოჯახებულ ძმას შეიძლება შეშურდეს დაუქორწინებელი ძმის, რომელიც სრული დროით მსახურობს და მეტი პასუხისმგებლობა აქვს. მაგრამ დაოჯახებულ ძმას მხედველობიდან რჩება ის, რომ დაუქორწინებელ ძმასაც შეიძლება შეშურდეს მისი იმის გამო, რომ შვილები ჰყავს. როგორ შეგვიძლია დავძლიოთ შური, რაც ჩვენს ერთობას არღვევს?

13 ბიბლიაში ქრისტიანული კრების ცხებული წევრები სხეულის ნაწილებს არიან შედარებული (წაიკითხეთ 1 კორინთელების 12:14—18). მაგალითად, ადამიანის თვალი ჩანს, გული კი — არა, მაგრამ შენთვის ხომ ორივე ძვირფასია?! მსგავსად ამისა, იეჰოვა კრების ყოველ წევრს აფასებს, მაშინაც კი, თუ ვინმე სხვებთან შედარებით ნაკლებად ჩანს. ჩვენ იეჰოვას თვალით უნდა ვუყუროთ ძმებს. ნაცვლად იმისა, რომ შეგვშურდეს სხვების, თითოეულზე უნდა ვიზრუნოთ. თუ ასე მოვიქცევით, სხვები ადვილად დაინახავენ სხვაობას ჩვენსა და ეგრეთ წოდებულ ქრისტიანებს შორის.

დაქსაქსული ქრისტიანული სამყარო

14, 15. როგორ დაიყო ქრისტიანული სამყარო განდგომილების შედეგად?

14 როგორც აღვნიშნეთ, ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორის ერთობაა, ქრისტიანულ სამყაროში კი სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. მეოთხე საუკუნიდან განდგომილებამ ისე მოიკიდა ფეხი, რომ ქრისტიანული ეკლესია რომის წარმართი იმპერატორის დაქვემდებარებაში გადავიდა. შედეგად, ეგრეთ წოდებული ქრისტიანული რელიგიის ფორმირება მოხდა. ამას მოჰყვა ქრისტიანული სამყაროს დანაწევრება — ბევრი ქრისტიანული ქვეყანა რომს გამოეყო და სახელმწიფო რელიგიას თავად ჩაუყარა საფუძველი.

15 ქრისტიანული სამყაროს ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ. მე-17 და მე-18 საუკუნეებში დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ხალხს პატრიოტულ სულისკვეთებას უღვივებდნენ, ამიტომ ნაციონალიზმი რელიგიასთან გაიგივდა. მე-19 და მე-20 საუკუნეების განმავლობაში ნაციონალიზმმა მსოფლიოს დიდი ნაწილი მოიცვა. საბოლოოდ, ქრისტიანული სამყაროს რელიგიები უამრავ სექტად დაიყო, რომელთა უმრავლესობა ნაციონალიზმს იწყნარებდა. ერთი ქვეყნის ქრისტიანები სხვა ქვეყნის ქრისტიანების წინააღმდეგაც კი იბრძოდნენ. ასე რომ, დღეს ქრისტიანული სამყაროს რელიგიებს სექტანტური სწავლებები და ნაციონალიზმი ყოფს.

16. რა იწვევს ქრისტიანული სამყაროს დაყოფას?

16 მე-20 საუკუნეში ქრისტიანული სამყაროს ასობით სექტის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ეკუმენიკურ მოძრაობას, რომლის მიზანი იყო ყველა ქრისტიანული რელიგიის გაერთიანება. მაგრამ არაერთი ათწლეულის მცდელობის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე რელიგიის გაერთიანება გახდა შესაძლებელი. თუმცა მრევლს დღემდე განსხვავებული აზრი აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ევოლუცია, აბორტი, ჰომოსექსუალიზმი და ქალების მღვდელმსახურება. ქრისტიანული რელიგიების ზოგი წინამძღოლი სხვადასხვა სექტიდან ხალხის შემოკრებას იმით ცდილობს, რომ თვალს ხუჭავს ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლებებზე, რამაც ადრე ქრისტიანული რელიგიების სექტებად დაყოფა გამოიწვია. შედეგად, ხალხს კიდევ უფრო უსუსტდება რწმენა და სწორედ ამის გამო ვერ ერთიანდება ქრისტიანული რელიგიები.

ნაციონალიზმზე გამარჯვება

17. წინასწარმეტყველების თანახმად, როგორ აერთიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ხალხს „უკანასკნელ დღეებში“?

17 მსოფლიო დღეს ისეა დაყოფილი, როგორც არასდროს. დაქსაქსული მსოფლიოს ფონზე ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთიანობა უფრო მეტად იკვეთება. ღვთის წინასწარმეტყველმა მიქამ იწინასწარმეტყველა: „გავაერთიანებ მათ და იქნებიან, როგორც ფარა ფარეხში“ (მიქ. 2:12). მიქას წინასწარმეტყველების თანახმად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ნებისმიერი ფორმის თაყვანისმცემლობაზე აღმატებულია, იქნება ეს ცრუ ღმერთების თაყვანისცემა თუ სამშობლოს გაღმერთება. მიქამ დაწერა: „უკანასკნელ დღეებში იეჰოვას სახლის მთა განმტკიცდება მთების მწვერვალებს ზემოთ, გორებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები . . . ყველა ხალხი თავისი ღვთის სახელით ივლის, ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით“ (მიქ. 4:1, 5).

18. როგორ ცვლის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ადამიანებს?

18 მიქამ აგრეთვე აღწერა, როგორ გააერთიანებდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ყოფილ მტრებს: «წავა მრავალი ერი და იტყვის: „მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ . . . ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს» (მიქ. 4:2, 3). იეჰოვას თაყვანისმცემლები, რომლებიც ერთ დროს ადამიანის ხელით ნაკეთ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და სამშობლოს აღმერთებდნენ, დღეს მსოფლიო საძმოს ნაწილი არიან და ერთობით ხარობენ. ღმერთი მათ ნამდვილ სიყვარულს ასწავლის.

19. რაზე მოწმობს მილიონობით ადამიანის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაერთიანება?

19 დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ერთიანობა მართლაც უნიკალური მოვლენაა! ეს იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა მათ თავისი სულით ხელმძღვანელობს. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ამდენი ეროვნების ადამიანი არასდროს ყოფილა გაერთიანებული! დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება გამოცხადების 7:9, 14-ში ჩაწერილი სიტყვები, რომლის თანახმადაც მალე ღვთის ანგელოზები ხელს გაუშვებენ „ოთხ ქარს“, რასაც ბოროტი სისტემის განადგურება მოჰყვება (წაიკითხეთ გამოცხადების 7:1—4, 9, 10, 14). უდავოა, ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიო საძმოს შორის ყოფნა! როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს, ხელი შევუწყოთ ერთობას? ეს განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ აერთიანებს ხალხს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა?

• როგორ შეგვიძლია დავძლიოთ შური, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ერთობას?

• რატომ ვერ უთხრის ძირს ნაციონალიზმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ერთობას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 13 გვერდზე]

პირველი საუკუნის ქრისტიანები სხვადასხვა წარმომავლობის იყვნენ

[სურათები 15 გვერდზე]

როგორ უწყობს ხელს ერთიანობას სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება?