არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გააცანით ბავშვებს იეჰოვას ორგანიზაცია

გააცანით ბავშვებს იეჰოვას ორგანიზაცია

გააცანით ბავშვებს იეჰოვას ორგანიზაცია

ბავშვები სწავლას მოწყურებულები არიან. წარმოიდგინეთ, რა კითხვები შეიძლება გასჩენოდათ ეგვიპტეში ისრაელ ბავშვებს პასექის ღამეს: „რატომ დაკლეს კრავი?“, „რატომ უსვამს მამა სისხლს კარისთავს?“, „სად უნდა წავიდეთ?“. იეჰოვა იწონებდა ასეთ კითხვებს, რაც კარგად ჩანს იმ მითითებებიდან, რომლებიც მან მამებს მისცა პასექის აღნიშვნასთან დაკავშირებით: „თქვენი ძეები რომ გკითხავენ, რას ნიშნავს ეს მსახურებაო, უთხარით: ეს საპასექო მსხვერპლია-თქო იეჰოვასთვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში, როცა ეგვიპტელებს უბედურება დაატეხა, ჩვენი სახლები კი იხსნა“ (გამ. 12:24—27). მოგვიანებით, იეჰოვამ ისრაელ მშობლებს შეახსენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პასუხი გაეცათ ბავშვების მიერ დასმულ ისეთ კითხვებზე, რომლებიც იეჰოვას ნაბრძანებ „წესებსა და სამართალს“ ეხებოდა (კან. 6:20—25).

აშკარაა, რომ იეჰოვას სურდა, ბავშვებს დამაკმაყოფილებელი პასუხები მიეღოთ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე. შედეგად მათ უფრო შეუყვარდებოდათ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი და მხსნელი. იეჰოვას სურვილი არ შეცვლილა. ერთ-ერთი საშუალება, რითაც მშობლები შვილებს ღვთისა და მისი ხალხის სიყვარულს ჩაუნერგავენ, იეჰოვას ორგანიზაციის გაცნობა და იმ კურთხევებზე საუბარია, რაც ამ ორგანიზაციაში ყოფნას მოაქვს. განვიხილოთ ღვთის ორგანიზაციის გაცნობის ზოგიერთი საშუალება.

თქვენი კრება

თქვენი შვილები უნდა იცნობდნენ იმ კრებას, სადაც დადიხართ. ამისათვის ბავშვები ყველა ქრისტიანულ შეხვედრაზე ატარეთ. ასე თქვენ მიჰყვებით ისრაელი მშობლებისთვის მიცემულ მითითებას: „შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები, ბავშვები . . . რათა მოისმინონ და ისწავლონ, ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა, და გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყველა სიტყვა. მოისმინონ მათმა შვილებმა, რომლებმაც არ იციან ეს, და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა“ (კან. 31:12, 13).

იეჰოვას სიტყვის სწავლა ბავშვებს ჩვილობიდანვე შეუძლიათ. მოციქულმა პავლემ ტიმოთეს შესახებ თქვა, რომ მან ‘ჩვილობიდანვე იცოდა წმინდა წერილები’ (2 ტიმ. 3:15). კრების შეხვედრებზე მცირეწლოვანი ბავშვებიც კი გებულობენ ცოტ-ცოტას და ეცნობიან სამეფო სიმღერებს. იქ ისინი სწავლობენ ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების გამოყენებასა და დაფასებას. გარდა ამისა, კრების შეხვედრებზე ბავშვები გაიგებენ, რა არის ნამდვილი სიყვარული —ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი ნიშანი. იესომ თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). სამეფო დარბაზში არსებული სითბო, სიყვარული და უსაფრთხო გარემო მიიზიდავს ბავშვებს და ისინი იქ სიარულს ცხოვრების წესად გაიხდიან.

თუ ჩვევად გექნებათ სამეფო დარბაზში ადრე მისვლა და შეხვედრების დამთავრების შემდეგ ცოტა ხნით დარჩენა, თქვენს შვილებს მეგობრების შეძენის შესაძლებლობა მიეცემათ. მხოლოდ თანატოლებთან რომ არ ჰქონდეთ ურთიერთობა, ბავშვებს სხვადასხვა ასაკის და-ძმები გააცანით. თუ უფროსი ასაკის და-ძმებს დაუახლოვდებიან, ბავშვები დაინახავენ, რომ მათ დიდი გამოცდილება და სიბრძნე აქვთ. როგორც ახალგაზრდა უზიაზე ახდენდა დადებით გავლენას ზაქარია, რომელიც მას „ჭეშმარიტი ღვთის შიშს უნერგავდა“, დღევანდელ ახალგაზრდებზეც სასიკეთოდ მოქმედებენ ღვთის ერთგული მსახურები, რომლებიც წლებია იეჰოვას ემსახურებიან (2 მატ. 26:1, 4, 5). სამეფო დარბაზში შვილებს გააცანით ბიბლიოთეკა, საინფორმაციო დაფა და სხვა.

მსოფლიო ორგანიზაცია

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი კრება ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული 100 000-ზე მეტი კრებიდან. აუხსენით, როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზაცია და როგორ შეუძლიათ პატარებს მხარი დაუჭირონ მის საქმიანობას. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რატომ ელოდებით მოუთმენლად სარაიონო, საოლქო კონგრესებსა თუ სარაიონო ზედამხედველის მონახულებას (იხილეთ ჩარჩო  „ოჯახური თაყვანისცემის დროს განსახილველი ზოგიერთი საკითხი“, გვერდი 28).

თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, სადილზე დაპატიჟეთ მიმომსვლელი ზედამხედველები, მისიონერები, ბეთელის ოჯახის წევრები ან სხვა სრული დროით მსახურები. ნუ იფიქრებთ, რომ ისინი თქვენი ბავშვებისთვის ვერ მოიცლიან. ისინი ცდილობენ, მიჰბაძონ იესოს, რომელიც არასოდეს ერიდებოდა ბავშვებთან ურთიერთობას (მარ. 10:13—16). როდესაც ბავშვები დაინახავენ, რა სიხარულით ასრულებენ წმინდა მსახურებას იეჰოვას მსახურები და მათ თავს გადამხდარ საინტერესო შემთხვევებს მოისმენენ, შეიძლება თვითონაც მიზნად დაისახონ სრული დროით მსახურება.

კიდევ როგორ შეგიძლიათ, გააცნოთ შვილებს იეჰოვას ორგანიზაცია? გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას: ოჯახთან ერთად განიხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“. ყურადღება გაუმახვილეთ ბავშვებს ღვთის მსახურების ერთგულებაზე, თავმდაბლობასა და თავდადებაზე. ესაუბრეთ იმაზე, როგორ გააცხადა მათი მეშვეობით იეჰოვამ სასიხარულო ცნობა მთელ დედამიწაზე. აჩვენეთ იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ვიდეოფილმები; იქ ნაჩვენები წარსულში მომხდარი თუ თანამედროვე მაგალითებიდან ბავშვები ბევრ რამეს ისწავლიან. თუ შესაძლებელია, ეწვიეთ ბეთელს თქვენს ქვეყანაში ან სხვაგან. ბავშვებს წარმოდგენა შეექმნებათ, როგორ არის ორგანიზებული იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი, როგორ აწვდის ერთგული მონის კლასი სულიერ საზრდოს მსოფლიო საძმოს და როგორ ხელმძღვანელობს. აუხსენით შვილებს, რომ ეს პირველ საუკუნეშიც ზუსტად ასე ხდებოდა (მათ. 24:45—47; საქ. 15:22—31).

გაითვალისწინე ბავშვის შესაძლებლობები

ბავშვების სწავლებისას, გაიხსენეთ, როგორ ასწავლიდა იესო თავის მოციქულებს. ერთხელ იესომ მათ უთხრა: „კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით“ (იოან. 16:12). იესო თავის მოწაფეებს ზედმეტად არ ტვირთავდა ინფორმაციით. მნიშვნელოვანი საკითხები კარგად რომ აეთვისებინათ, ის ცოტ-ცოტას ასწავლიდა. თქვენც ნუ გადატვირთავთ ბავშვებს ინფორმაციით. იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას თუ ცოტ-ცოტას და რეგულარულად მიაწვდით, ისინი მეტი ხალისითა და ინტერესით მოგისმენენ. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვების ცნობისმოყვარეობა იზრდება, ამიტომ შეგიძლიათ ნაცნობი საკითხები შეახსენოთ და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოთ.

ქრისტიანული კრება სულიერად გვაძლიერებს და ის ახალგაზრდები, რომლებიც ენთუზიაზმით მონაწილეობენ კრების ღონისძიებებში, ადვილად არ ექცევიან სატანის ქვეყნიერების გავლენაში (რომ. 12:2). ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხალისით გააცნობთ შვილებს იეჰოვას ორგანიზაციას. დაე, იეჰოვას კურთხევით, თქვენი შვილები ბოლომდე დარჩნენ ჩვენი საყვარელი ღვთისა და მისი ორგანიზაციის ერთგულები!

[ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

 ოჯახური თაყვანისცემის დროს განსახილველი ზოგიერთი საკითხი

ქვემოთ მოცემული ზოგიერთი საკითხი იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ ოჯახური თაყვანისმცემლობის დროს განიხილოთ.

▪ მოუყევით შვილებს თქვენი კრების ისტორია. როდის და როგორ ჩამოყალიბდა იგი, რომელ სამეფო დარბაზებში ატარებდით ადრე შეხვედრებს. სტუმრად დაპატიჟეთ ერთ-ერთი ქრისტიანი, რომელიც დიდი ხანია თქვენს კრებაში მსახურობს. ის დიდი სიამოვნებით უპასუხებს ბავშვების კითხვებს.

▪ აუხსენით შვილებს კრების თითოეული შეხვედრისა და კონგრესების მიზანი. უთხარით, რა უნდა გააკეთონ, რომ ასეთ შეხვედრებზე დასწრებამ მათზე სასიკეთოდ იმოქმედოს.

▪ ისაუბრეთ იეჰოვას ორგანიზაციაში არსებულ სხვადასხვა სკოლების მიზანზე. მოყევით საინტერესო შემთხვევები, საიდანაც ჩანს, რომ ამ სკოლების კურსდამთავრებულებმა კარგი ნაყოფი გამოიღეს.

▪ დაანახვეთ შვილებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, გახდნენ სასიხარულო ცნობის აქტიური მაუწყებლები. აჩვენეთ, როგორ შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა მსოფლიო ანგარიშში, რომელიც „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“ ქვეყნდება.

▪ ისაუბრეთ სრული დროით მსახურების იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ახალგაზრდებს იეჰოვას ორგანიზაციაში ეძლევათ. ამ მხრივ დაგეხმარებათ წიგნის „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, მე-10 თავში მოცემული ინფორმაცია.

▪ აუხსენით შვილებს, რატომ კეთდება კრებაში ესა თუ ის საქმე ასე. უთხარით, რატომ არ უნდა იმოქმედონ იეჰოვას ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში. დაანახვეთ მათ, როგორ შეუწყობენ კრებაში წესრიგს ხელს, თუ გაითვალისწინებენ უხუცესების მითითებებს.

[სურათი]

თქვენს შვილებს სასიკეთოდ წაადგებათ მათთან ურთიერთობა, ვინც ღმერთს დიდი ხანია ემსახურება

[სურათები 26 გვერდზე]

ძველად ისრაელში მშობლები შვილების დასმულ კითხვებს პასუხობდნენ; დღესაც ცდილობენ მშობლები, იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ ბავშვებს დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცენ