არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მუდამ აქტიური იეჰოვას ორგანიზაციაში

მუდამ აქტიური იეჰოვას ორგანიზაციაში

მუდამ აქტიური იეჰოვას ორგანიზაციაში

მოგვითხრო ვერნონ ზუბკომ

გავიზარდე სასკაჩევანის (კანადა) პროვინციის სოფელ სტენენთან ახლოს. ჩემს მშობლებს ფრედსა და ადელას ფერმა ჰქონდათ. ისინი მძიმედ შრომობდნენ ჩემი, ჩემი უფროსი დის ორელიასა და უმცროსი და-ძმების — ალვინის, ალეგრასა და დარელის სულიერი და მატერიალური მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად. მადლიერი ვართ მშობლების, რომ ჭეშმარიტება გვასწავლეს.

მამა, ცხებული ქრისტიანი, უშიშარი მქადაგებელი იყო. ოჯახის სარჩენად ის ბევრს ირჯებოდა. ყველამ იცოდა, რომ ის მოწმე იყო, რადგან ყოველთვის ლაპარაკობდა ჭეშმარიტებაზე. მისმა თავდადებულმა მსახურებამ და გაბედულებამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. მამა ხშირად მეუბნებოდა: „მუდამ აქტიური იყავი იეჰოვას ორგანიზაციაში და მრავალ პრობლემას აირიდებ“.

ჩვენ ხშირად ვქადაგებდით სტენენის ქუჩებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ქადაგება ყოველთვის არ მიადვილდებოდა. ყოველ ქალაქში ჩხუბისთავები იყვნენ, რომლებიც პატარებს დაგვცინოდნენ. ერთხელ (მაშინ რვა წლის ვიყავი) ქუჩის კუთხეში ვიდექი და ხელში ჟურნალები, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მეჭირა. უცბად ბიჭები გარს შემომეხვივნენ. მათ ახალი ნაყიდი ქუდი მომხადეს და იქვე მდგარ ბოძს წამოაცვეს. საბედნიეროდ, უფროსი ასაკის ძმამ, რომელსაც ჩაბარებული ვყავდი, დაინახა, რაც ხდებოდა. ის მოვიდა და მკითხა: „ვერნ, რამე პრობლემაა?“. ბიჭები მომენტალურად გაიფანტნენ. ამ უსიამოვნო შემთხვევამ მასწავლა, რომ ქუჩაში ქადაგებისას ბოძივით ერთ ადგილას არ უნდა ვმდგარიყავი. ასეთმა შემთხვევებმა კარდაკარ ქადაგების გამბედაობაც შემმატა.

მე და ალვინი 1951 წლის მაისში მოვინათლეთ. მაშინ 13 წლის ვიყავი. დღემდე მახსოვს ძმა ჯეკ ნეითანი *, რომელმაც მოსანათლავებისთვის მოხსენება წაიკითხა. მან მოგვიწოდა, თვე ისე არ გასულიყო, რომ იეჰოვას შესახებ არ გვესაუბრა. ჩვენს ოჯახში პიონერული მსახურება ყოველთვის საუკეთესო საქმედ ითვლებოდა. ასე რომ, 1958 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ უინიპეგში (მანიტობას პროვინცია) პიონერად დავიწყე მსახურება. მართალია, მამაჩემს ძალიან უხაროდა, რომ ოჯახურ ბიზნესში, კერძოდ ხე-ტყის დამუშავებაში ვეხმარებოდი, მაგრამ მშობლები ყოველთვის სრული დროით მსახურებისკენ მომიწოდებდნენ და ამიტომ ჩემს გადასვლას სიხარულით შეხვდნენ.

ახალი სახლი, ახალი პარტნიორი

1959 წელს ფილიალი ყველა მსურველს საქადაგოდ კვებეკში იწვევდა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. მე მონრეალში დავიწყე მსახურება. ეს დიდი ცვლილება იყო. ჩემს ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალა — ვსწავლობდი ფრანგულ ენას და ვეგუებოდი განსხვავებულ კულტურას. ერთხელ სარაიონო ზედამხედველმა მითხრა: „არასოდეს თქვა, ჩვენთან ასე აკეთებენ“. ეს რჩევა ძალიან გამომადგა (1 კორ. 9:22, 23).

კვებეკში პიონერი პარტნიორი არ მყავდა. მაგრამ ცოტა ხანში ახალგაზრდა და, შირლი ტერკოტი, რომელიც ადრე უინიპეგში გავიცანი, ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა. ჩვენ 1961 წლის თებერვალში დავქორწინდით. მის ოჯახს, ისევე როგორც ჩემსას, ძალიან უყვარდა იეჰოვა. იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ წლების მანძილზე შირლი ჩემი გამხნევებისა და ძალის დიდი წყარო იქნებოდა.

გასპეში მსახურება

ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ სპეციალურ პიონერებად დაგვნიშნეს რიმუსკიში (კვებეკი). მომდევნო გაზაფხულზე ფილიალმა გვთხოვა, დაგვემოწმებინა მთელ გასპეს ნახევარკუნძულზე, კანადის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ჭეშმარიტების თესლი ჩაგვეთესა (ეკლ. 11:6). მანქანა 1 000-ზე მეტი ჟურნალით, 400-მდე წიგნით, საკვებითა და ტანსაცმლით დავტვირთეთ და ერთი თვით საქადაგებლად გავემგზავრეთ. ჩვენ სისტემატურად ვამუშავებდით გასპეს პატარა სოფლებს. ერთხელ ადგილობრივმა რადიომ გადმოსცა, მოწმეები მოდიან და პუბლიკაციები არ გამოართვათო. მოსახლეობამ ეს განცხადება პირიქით გაიგო და ლიტერატურა გამოგვართვა.

იმ წლებში კვებეკის ზოგ ნაწილში თავისუფლად ქადაგების უფლება ძმებს შედარებით ახალი მოპოვებული ჰქონდათ, ამიტომ გასაკვირი არ იყო, თუ პოლიციელი მქადაგებელს ქუჩაში გააჩერებდა. პოლიციამ ჩვენც გაგვაჩერა ერთ ქალაქში, როცა ყველა კართან ლიტერატურას ვავრცელებდით. მან გვითხრა, პოლიციის განყოფილებაში გავყოლოდით; ჩვენც უყოყმანოდ გავყევით. აღმოჩნდა, რომ ქალაქის რწმუნებულს ბრძანება ჰქონდა გაცემული, ქადაგება შეგვეწყვიტა. იმ დღეს პოლიციის უფროსი ადგილზე არ იმყოფებოდა. მე რწმუნებულს წარვუდგინე ტორონტოს ფილიალის მიერ დამოწმებული წერილი, რომელშიც ჩვენი უფლებები იყო ახსნილი. წერილის წაკითხვის შემდეგ მან მითხრა: „არ მინდა პრობლემები შემექმნას. თქვენთვის ხელის შეშლა ადგილობრივმა მღვდელმა მთხოვა“. განყოფილებიდან გამოსვლისთანავე ქადაგების გასაგრძელებლად იმ ადგილისკენ გავეშურეთ, სადაც პოლიციელმა გაგვაჩერა, რადგან გვინდოდა, იმ ტერიტორიაზე მყოფ ხალხს სცოდნოდა, რომ ჩვენი საქმიანობა არ იყო უკანონო.

მომდევნო დილას პოლიციის უფროსის სანახავად განყოფილებაში მივედით. ის ძალიან გაბრაზდა, როცა ჩვენი ამბავი გაიგო. ნეტავ, იცოდეთ, როგორ ელაპარაკა ტელეფონით რწმუნებულს! პოლიციის უფროსმა გვითხრა, თუ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ პირადად დამიკავშირდით და მე მოვაგვარებო. მიუხედავად იმისა, რომ იქაურები არ ვიყავით და თანაც ფრანგულად კარგად ვერ ვლაპარაკობდით, ხალხი ძალიან ჩვენდამი სიკეთესა და სტუმართმოყვარეობას ავლენდა. თუმცა ჩვენ გვაინტერესებდა, მიიღებდნენ თუ არა ისინი ოდესმე ჭეშმარიტებას. ამ კითხვაზე პასუხი წლების შემდეგ მივიღეთ, როცა მოგვიანებით გასპეში სამეფო დარბაზების ასაშენებლად ჩავედით. იქ გავიგეთ, რომ ბევრი, ვისაც ვუქადაგეთ მოწმე გამხდარა. მართლაც, იეჰოვაა ის, ვინც ზრდის (1 კორ. 3:6, 7).

მემკვიდრეობა მივიღეთ

1970 წელს ქალიშვილი შეგვეძინა, რომელსაც ლიზა დავარქვით. იეჰოვასგან მიღებულმა ამ მემკვიდრეობამ ჩვენს ცხოვრებას დიდი ხალისი შეჰმატა. შირლი და ლიზა სამეფო დარბაზების სამშენებლო პროექტებზე ჩემთან ერთად მუშაობდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ლიზამ გვითხრა: „ვინაიდან ჩემი დაბადების გამო სრული დროით მსახურების შეწყვეტა მოგიწიათ, ვეცდები, ეს დანაკლისი ჩემი პიონერული მსახურებით ავანაზღაურო“. 20 წელზე მეტია, რაც ლიზა პიონერად მსახურობს, დღეს უკვე მეუღლესთან, სილვენთან ერთად. მათ ერთად რამდენიმე საერთაშორისო სამშენებლო პროექტში მიიღეს მონაწილეობა. ჩვენი ოჯახის მიზანია, უბრალოდ ვიცხოვროთ და იეჰოვას ვემსახუროთ. არასოდეს დამავიწყდება ლიზას სიტყვები, რომლებიც პიონერული მსახურების დაწყებისას მითხრა. ფაქტობრივად, მან აღმძრა, 2001 წელს სრული დროით მსახურება განმეახლებინა. მას შემდეგ ეს მსახურება არ შემიწყვეტია. პიონერული მსახურება მასწავლის, ყოველთვის იეჰოვას მივენდო და უბრალო და აზრიანი ცხოვრებით ვიცხოვრო.

სამშენებლო პროექტებზე მუშაობა სიყვარულსა და ერთგულებას მოითხოვს

იეჰოვამ მასწავლა, რომ თუ ნებისმიერ დავალებას სიხარულით შევასრულებ, კურთხევები არ მომაკლდება. ჩემთვის დიდი პატივია რეგიონალურ სამშენებლო კომიტეტში და სამშენებლო პროექტებზე და-ძმების გვერდით მსახურება როგორც კვებეკში, ისე სხვაგან.

ზოგი ძმა შეიძლება შთამბეჭდავ მოხსენებებს ვერ კითხულობს, მაგრამ მშენებლობაზე ისინი ვარსკვლავებივით ანათებენ. ეს ძვირფასი ძმები სამუშაოში გულსა და სულს დებენ და მათი ნიჭი შეუმჩნეველი არ რჩება. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად შენდება ლამაზი დარბაზები, სადაც იეჰოვას ვცემთ თაყვანს.

ერთხელ მკითხეს, რა თვისებები უნდა ჰქონდეს სამეფო დარბაზების პროექტებზე მომუშავე მოხალისესო. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ მას უპირველესად, იეჰოვა, მისი ძე და საძმო უნდა უყვარდეს (1 კორ. 16:14). გარდა ამისა, ერთგულიც უნდა იყოს მაშინაც კი, როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც მას უნდა, და ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. ერთგული ქრისტიანი ბოლომდე იეჰოვას ორგანიზაციის ხელმძღვანელობას უნდა მიჰყვებოდეს. ერთგულება აღძრავს მას, რომ სამშენებლო პროექტებში მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა.

იეჰოვას მადლიერი

მამაჩემი 1985 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი რჩევა — მუდამ აქტიური ვყოფილიყავი იეჰოვას ორგანიზაციაში — ღრმად ჩამებეჭდა გონებაში. უდავოა, რომ იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციაში ის დღესაც დაკავებულია მათ მსგავსად, ვინც ზეციერი ჯილდო მიიღო (გამოცხ. 14:13). დღეს დედა 97 წლისაა. ინსულტის გამო ის ისე ვეღარ ლაპარაკობს, როგორც ადრე, თუმცა ბიბლია მაინც ახსოვს. წერილებში ბიბლიურ ციტატებს იშველიებს და შეგვახსენებს, რომ იეჰოვას ბოლომდე ერთგულად ვემსახუროთ. იეჰოვას მადლიერნი ვართ, რომ ასეთი კარგი მშობლები გვყავს.

იეჰოვას ჩემი ერთგული პარტნიორის, შირლის გამოც ვემადლიერები. ის დღემდე ითვალისწინებს დედამისის რჩევას: „ვერნი ღვთის საქმით ძალიან დაკავებული იქნება. ამიტომ უნდა ისწავლო იმ აზრთან შეგუება, რომ ის სხვებს ბევრ დროს დაუთმობს“. 49 წლის წინ, როცა ჩვენ დავქორწინდით, ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ იეჰოვას მსახურებაში ერთმანეთს შევაბერდებოდით და თუ ამ ქვეყნიერების აღსასრულს გადავიტანდით, ერთად გავახალგაზრდავდებოდით და იეჰოვას მარადიულად ვემსახურებოდით. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ უფლის საქმეში (1 კორ. 15:58). იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე და არაფერს გვაკლებდა.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ჯეკ ჰელიდეი ნეითანის ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ 1990 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 10—14 [რუს.].

[სურათი 31 გვერდზე]

„ჩვენი ოჯახის მიზანია, უბრალოდ ვიცხოვროთ და იეჰოვას ვემსახუროთ“