არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, რა გზას აირჩევთ ცხოვრებაში?

ახალგაზრდებო, რა გზას აირჩევთ ცხოვრებაში?

ახალგაზრდებო, რა გზას აირჩევთ ცხოვრებაში?

„მე უმიზნოდ არ გავრბივარ და მუშტებს ჰაერს არ ვურტყამ“ (1 კორ. 9:26).

1, 2. რა დაგეხმარებათ მოზარდობის პერიოდში, რომ სწორი გზა აირჩიოთ?

თუ მიუვალ ადგილებში სამოგზაუროდ მიდიხარ, აუცილებლად დაგჭირდება რუკა და კომპასი. რუკის მეშვეობით გაიგებ, სად იმყოფები და გზასაც გაიკვლევ. კომპასი კი დაგეხმარება, რომ ორიენტაცია არ დაკარგო და სწორი მიმართულებით იარო. თუმცა არც რუკა და არც კომპასი არაფერში გამოგადგება, თუ არ იცი, სად მიდიხარ. უგზო-უკვლოდ რომ არ იხეტიალო, ზუსტად უნდა იცოდე, სად აპირებ გამგზავრებას.

2 მსგავსად ამისა, მოზარდობის პერიოდში, ახალგაზრდამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა გზას აირჩევს ცხოვრებაში. ახალგაზრდებო, თქვენც გაქვთ სანდო „რუკა“ და „კომპასი“. „რუკა“ არის ბიბლია, რომელიც დაგეხმარებათ სწორი გზის არჩევაში (იგავ. 3:5, 6). სწორად გაწვრთნილი სინდისი კი დაგეხმარებათ, არ ასცდეთ სწორ გზას (რომ. 2:15). ასეთი სინდისი კომპასივითაა. აზრიანად რომ იცხოვროთ, უნდა იცოდეთ, რისი მიღწევა გინდათ ცხოვრებაში. ამაში კონკრეტული მიზნების დასახვა დაგეხმარებათ.

3. რაში დაგეხმარება მიზნების დასახვა, როგორც პავლემ 1 კორინთელების 9:26-ში აღნიშნა?

3 აუცილებელია, რომ დაისახო მიზნები და მათ მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშურო. ეს კარგად ჩანს პავლეს სიტყვებიდან: „მე უმიზნოდ არ გავრბივარ და მუშტებს ჰაერს არ ვურტყამ“ (1 კორ. 9:26). თუ მიზნებს დაისახავ, გაცილებით აზრიანი ცხოვრება გექნება. შენ მოგიწევს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად, რა სულიერ მიზნებს დაისახავ, სად იმუშავებ ან როდის შექმნი ოჯახს. ზოგჯერ შეიძლება ერთდროულად იმდენ რამეზე ფიქრობდე, რომ თავგზაც აგებნას. მაგრამ თუ წინასწარ გააანალიზებ, რა გინდა და გადაწყვეტილებების მიღებისას ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებ, სწორ გზას არ ასცდები (2 ტიმ. 4:4, 5).

4, 5. ა) რა შეიძლება მოხდეს, თუ თავად არ დაისახავ მიზნებს? ბ) რატომ უნდა გსურდეს, რომ შენი არჩევნით ღვთის გული გაახარო?

4 თუ არ დაისახავ მიზნებს, თანატოლები და მასწავლებლები უფრო ადვილად მოგაქცევენ თავიანთ გავლენაში და გაგაკეთებინებენ იმას, რასაც თავად მიიჩნევენ სწორად. მაშინაც კი, თუ გაქვს კონკრეტული მიზნები, ზოგმა შესაძლოა მაინც გირჩიოს, რა იქნება შენთვის უკეთესი. ასეთ დროს ჰკითხე საკუთარ თავს: დამეხმარება ამ მიზნების მიღწევა, ყოველთვის მახსოვდეს ჩემი შემოქმედი სიჭაბუკეში, თუ გადამახვევინებს სწორი გზიდან? (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:1 ).

5 რატომ უნდა გსურდეს, შენი არჩევნით ღვთის გული გაახარო? ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ყოველივე კარგი იეჰოვასგან გვაქვს (იაკ. 1:17). სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანი მადლიერებას უნდა ვავლენდეთ იეჰოვასადმი (გამოცხ. 4:11). განა შეძლებ საუკეთესო სახით გამოავლინო იეჰოვასადმი მადლიერება, თუ მიზნების დასახვისას არაფრად ჩააგდებ მის თვალსაზრისს? განვიხილოთ, რა ღირებული მიზნების დასახვა შეგიძლია და რა დაგეხმარება მათ მიღწევაში.

რა მიზნები შეგიძლია დაისახო?

6. რა მიზანი უნდა დაისახო პირველ რიგში, და რატომ?

6 როგორც წინა სტატიაში იყო განხილული, პირველ რიგში უნდა დარწმუნდე, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები უტყუარია (რომ. 12:2; 2 კორ. 13:5). შესაძლოა შენს თანატოლებს სწამთ ევოლუციის თეორიის ან სხვადასხვა ცრურელიგიური სწავლებების, რადგან მათ ეს თავიდანვე ჩაუნერგეს. ბრმად არ უნდა დაიჯერო ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში სხვები გარწმუნებენ. იეჰოვას სურს, რომ გააზრებულად ემსახურო მას (წაიკითხეთ მათეს 22:36, 37 ). ჩვენს ზეციერ მამას უნდა, რომ ჩვენი რწმენა ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე იყოს დაფუძნებული (ებრ. 11:1).

7, 8. ა) როგორ შეგიძლია რწმენის განსამტკიცებლად დაისახო მიზნები, რომელთა მიღწევასაც მოკლე დროში შეძლებ? ბ) რაში დაგეხმარება მოკლე დროში მიღწეული მიზნები?

7 რწმენის განსამტკიცებლად შეგიძლია დაისახო მიზნები, რომელთა მიღწევასაც მოკლე დროში შეძლებ. პირველი ასეთი მიზანი შესაძლოა იყოს ყოველდღიურად ლოცვა. შენი ლოცვები კონკრეტული რომ იყოს და ერთი და იგივე არ იმეორო, კარგი იქნება, თუ განვლილი დღის მნიშვნელოვან მოვლენებს დაიმახსოვრებ ან ფურცელზე დაწერ. ლოცვაში შეგიძლია მოიხსენიო არა მხოლოდ ის, რაც გაწუხებს, არამედ მადლიერების სიტყვებიც არ დაიშურო (ფილ. 4:6). მეორე მიზნად შეგიძლია დაისახო ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა. თუ ბიბლიიდან ყოველდღე ოთხ გვერდს წაიკითხავ, ერთ წელიწადში მთელი ბიბლიის წაკითხვას შეძლებ. * „ბედნიერია კაცი . . . [რომელსაც] იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ“, — ნათქვამია ფსალმუნის 1:1, 2-ში.

8 მესამე მიზანი, რომელიც შეგიძლია დაისახო, არის ის, რომ თითოეული კრების შეხვედრისთვის ერთი კომენტარი მაინც მოამზადო. თავიდან შეგიძლია პასუხი ამოიკითხო ან მითითებული მუხლი წაიკითხო. მოგვიანებით კი აზრის საკუთარი სიტყვებით გადმოცემასაც შეძლებ. ჩათვალე, რომ ყოველთვის, როცა კრების შეხვედრაზე კომენტარს აკეთებ, იეჰოვას უძღვნი საჩუქარს (ებრ. 13:15). როგორც კი ამ მიზნებიდან მიაღწევ რომელიმეს, საკუთარ თავში უფრო დაჯერებული გახდები, იეჰოვა ღმერთის უფრო მადლიერი იქნები და დაისახავ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც მეტი დრო სჭირდება.

9. რა მიზნების დასახვა შეგიძლია, თუ ჯერ კიდევ მოუნათლავი მაუწყებელი ხარ?

9 შეგიძლია დაისახო მიზნები, რომელთა მიღწევასაც მეტი დრო სჭირდება? როგორი მიზნების დასახვა შეგიძლია? თუ ჯერ კიდევ არ მონაწილეობ სამქადაგებლო საქმიანობაში, შეგიძლია მიზნად დაისახო, გახდე სამეფოს მაუწყებელი. როცა ამ ღირებულ მიზანს მიაღწევ, ალბათ იმის სურვილიც გაგიჩნდება, რომ რეგულარულად იქადაგო და დახელოვნდე კიდეც ამ საქმეში. აგრეთვე, იმასაც შეეცდები, რომ ყოველთვიურად ჩააბარო მსახურების ანგარიში. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ მსახურებაში ბიბლიის გამოყენებას ისწავლი. თუ ასე მოიქცევი, მსახურება მეტ სიამოვნებას მოგანიჭებს. გარდა ამისა, გექნება სურვილი, მეტი დრო გამოუყო კარდაკარ მსახურებას. უფრო მეტიც, გაგიჩნდება სურვილი, ვინმეს შეასწავლო ბიბლია. თუ მოუნათლავი მაუწყებელი ხარ, განა შეიძლება გქონდეს იმაზე უკეთესი მიზანი, ვიდრე მონათვლისთვის მომზადება, იეჰოვასთვის თავის მიძღვნა და ნათლობაა?

10, 11. როგორი მიზნები შეუძლიათ დაისახონ მონათლულმა ახალგაზრდებმა?

10 თუ იეჰოვას მონათლული მოწმე ხარ, შეგიძლია დროდადრო დაეხმარო სხვადასხვა კრებას და იქადაგო იმ ტერიტორიებზე, რომლებიც იშვიათად მუშავდება. აგრეთვე შეგიძლია ახალგაზრდული ძალა საუკეთესოდ გამოიყენო და იმსახურო დამხმარე ან სრული დროით პიონერად. ათი ათასობით პიონერისთვის სრული დროით მსახურება საუკეთესო საშუალებაა, ახსოვდეთ თავიანთი შემოქმედი სიჭაბუკეში. ამ მიზნებს შეგიძლია მანამ მიაღწიო, სანამ მშობლებთან ცხოვრობ. ასეთ შემთხვევაში შენი კრებისთვისაც ბევრს გააკეთებ.

11 შეგიძლია ისეთი მიზნებიც დაისახო, რომლებიც საშუალებას მოგცემს, გადახვიდე ისეთ ტერიტორიაზე ან ქვეყანაში, სადაც მქადაგებლებზე დიდი საჭიროებაა. აგრეთვე შეგიძლია სხვა ქვეყანაში მონაწილეობა მიიღო სამეფო დარბაზებისა თუ ფილიალის შენობების მშენებლობაში. შეგიძლია მიზნად დაისახო ბეთელში ან მისიონერად მსახურება. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა მოინათლო და შემდეგ დაისახო ეს მიზნები. თუ ჯერ არ მონათლულხარ, ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარება, მიაღწიო შენს ცხოვრებაში ამ ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ მიზანს.

მიზნად დაისახე, რომ მოინათლო

12. რა მიზეზების გამო ინათლება ზოგი და რატომ არ არის ეს სწორი?

12 რატომ უნდა მოინათლო? ზოგი ფიქრობს, რომ ნათლობა მათ ცოდვის ჩადენისგან დაიცავს. სხვები კი იმიტომ ინათლებიან, რომ თანატოლებს ჰბაძავენ. ბევრი ამ ნაბიჯს მშობლების ხათრით დგამს. მაგრამ ნათლობა არ არის კონტრაქტი, რომელიც გაიძულებს, თავი შეიკავო ისეთი რამისგან, რასაც ფარულად გააკეთებდი. არც იმიტომ უნდა მოინათლო, რომ სხვები ითხოვენ ამას შენგან. მხოლოდ მაშინ უნდა მოინათლო, როცა გააზრებული გექნება, რა ნიშნავს, იყო იეჰოვას მოწმე, და მზად იქნები სიხარულით შეასრულო ღვთის მსახურება (ეკლ. 5:4, 5).

13. რატომ უნდა მოინათლო?

13 ჩვენ იმიტომ ვინათლებით, რომ იესო ქრისტეს მითითებას ვასრულებთ, რომელიც მან თავის მიმდევრებს მისცა: „მოამზადეთ ხალხი . . . მონათლეთ ისინი“. იესო თავადაც მოინათლა, რითაც მაგალითი მოგვცა (წაიკითხეთ მათეს 28:19, 20; მარკოზის 1:9). გარდა ამისა, მონათვლა აუცილებელია გადარჩენისთვის. პეტრე მოციქულმა მას შემდეგ, რაც მოიხსენია ნოეს კიდობანი, რომლითაც წარღვნის დროს ის და მისი ოჯახი გადარჩნენ, თქვა: „მსგავსადვეა მონათვლაც . . . რომელიც უკვე ემსახურება თქვენს ხსნას იესო ქრისტეს აღდგომის მეშვეობით“ (1 პეტ. 3:20, 21). თუმცა, ნათლობა არაა „სადაზღვევო პოლისი“, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება, როცა არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდები. შენ იმიტომ უნდა მოინათლო, რომ გიყვარს იეჰოვა და გსურს ემსახურო მას მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით (მარ. 12:29, 30).

14. რატომ შეიძლება იკავებდეს ზოგი თავს ნათლობისგან, და რა დაგეხმარება სწორი არჩევნის გაკეთებაში?

14 ზოგი შეიძლება ნათლობისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ ეშინია, მოგვიანებით არ გაირიცხოს. თუ ასეთი გრძნობა შენც გეუფლება, ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან გესმის, რამხელა პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, როცა იეჰოვას მოწმე ხდები. შეიძლება სხვა მიზეზების გამოც იკავებ თავს ნათლობისგან. შესაძლოა ჯერ არ ხარ დარწმუნებული, რომ ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება საუკეთესო არჩევანია. დაფიქრდი, რა არასასურველ შედეგებს იმკიან ის ადამიანები, რომლებიც ღვთის კანონებს უგულებელყოფენ. ეს დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. შესაძლოა ფიქრობ, რომ ღვთის ნორმებით ცხოვრება კარგია, მაგრამ თვლი, რომ შენ ვერ შეძლებ ღვთის მაღალზნეობრივი პრინციპებით ცხოვრებას. ასე რომ ფიქრობ, ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან ეს შენს თავმდაბლობაზე მეტყველებს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ არასრულყოფილი ადამიანის გული ვერაგია (იერ. 17:9). მაგრამ შენ შეძლებ ღვთის ნების შესრულებას, თუ ‘იფხიზლებ ღვთის სიტყვის თანახმად’ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:9). რა მიზეზებიც უნდა არსებობდეს, არაფერს დართო ნება, ხელი შეგიშალოს მონათვლაში. *

15, 16. როგორ შეგიძლია გაიგო, ხარ თუ არა მზად მონათვლისთვის?

15 როგორ შეგიძლია გაიგო, ხარ თუ არა მზად ნათლობისთვის? ჰკითხე საკუთარ თავს: შემიძლია ბიბლიის ძირითადი სწავლებების ახსნა? მაშინაც ვმსახურობ, როცა მშობლები გვერდით არ არიან? ვესწრები ყველა ქრისტიანულ შეხვედრას? ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა თანატოლებისთვის წინააღმდეგობა გამიწევია? გავაგრძელებ იეჰოვას მსახურებას მაშინაც კი, თუ მშობლები და მეგობრები ზურგს შეაქცევენ იეჰოვას? ვლოცულობ, რომ იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნო? მივუძღვენი მთელი გულით იეჰოვას თავი ლოცვაში?

16 ნათლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია და ამიტომ, გააზრებულად უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. ხარ იმდენად მოწიფული, რომ გადადგა ეს სერიოზული ნაბიჯი? მოწიფული ქრისტიანი ვერ იქნები მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი მოხსენებებით გამოდიხარ ან შთამბეჭდავ პასუხებს სცემ კრებაზე. მოწიფული მხოლოდ მაშინ იქნები, თუ გადაწყვეტილებებს ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებით მიიღებ (წაიკითხეთ ებრაელების 5:14 ). თუ უკვე მზად ხარ, ბიბლიური ნორმების შესაბამისად დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები, გეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა, მთელი გულით ემსახურო იეჰოვას და იცხოვრო მიძღვნის თანახმად.

17. რა დაგეხმარება, გაუმკლავდე წინააღმდეგობებსა თუ განსაცდელს, რომლებიც შეიძლება ნათლობის შემდეგ შეგხვდეს?

17 ალბათ, დიდი სურვილი გექნება, რომ ნათლობის შემდეგ ენთუზიაზმით განაგრძო ღვთის მსახურება. მაგრამ სწორედ ამ დროს შეიძლება შეგხვდეს წინააღმდეგობები, რომლის დროსაც გამოიცდება შენი რწმენა და ერთგულება (2 ტიმ. 3:12). ნუ იფიქრებ, რომ განსაცდელების დროს მარტო იქნები. ჰკითხე მშობლებს რჩევა. მიმართე მოწიფულ ქრისტიანებს კრებაში დახმარებისთვის. იმეგობრე მათთან, რომლებიც ყოველთვის მხარს დაგიჭერენ და შენ გვერდით იქნებიან. არასდროს დაგავიწყდეს, რომ იეჰოვა ზრუნავს შენზე და ის მოგცემს ძალას, გაუმკლავდე ნებისმიერ განსაცდელს (1 პეტ. 5:6, 7).

როგორ შეგიძლია მიზნების მიღწევა?

18, 19. რის მიღწევას შეძლებ, თუ ისწავლი იმის კეთებას, რაც უფრო მნიშვნელოვანია?

18 შეიძლება ფიქრობ: მთელი გულით კი მინდა მივაღწიო დასახულ მიზნებს, მაგრამ ამისთვის დრო არ მაქვს. ეს რომ შეძლო, უნდა ისწავლო, პირველ რიგში, აკეთო ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია. მოვიყვანოთ მაგალითი: აიღე ვედრო და ჩაალაგე მასში დიდი ქვები. შემდეგ სილით გაავსე ვედრო. შენ დაინახავ, რომ ვედროში ქვებიც ეტევა და სილაც. ახლა დაცალე ვედრო და ჯერ სილა ჩაყარე, შემდეგ კი — ქვები. ამჯერად დაინახავ, რომ ვედროში ყველა ქვა აღარ ეტევა. მიზეზი ის არის, რომ თავიდან სილა ჩაყარე ვედროში, შემდეგ კი — ქვები.

19 მსგავს პრობლემას შეიძლება წააწყდე, თუ დროს სწორად არ გაანაწილებ. თუ პირველ ადგილზე გართობას დააყენებ, დრო არასდროს გეყოფა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის — სულიერი მიზნებისთვის. მაგრამ, თუ მიჰყვები ბიბლიურ მითითებას და ჯერ იმას გააკეთებ, „რაც უფრო მნიშვნელოვანია“, დრო სულიერი საქმეებისთვისაც გეყოფა და გართობისთვისაც (ფილ. 1:10).

20. როგორ უნდა მოიქცე, თუ სხვადასხვა სირთულის გამო ვერ აღწევ დასახულ მიზნებს?

20 ცხადია, მიზნებს იმიტომ ისახავ, რომ მიაღწიო, მაგალითად, შეიძლება მიზნად დაისახო მონათვლა, მაგრამ სხვადასხვა სირთულეები შესაძლოა ხელს გიშლიდეს მიაღწიო დასახულ მიზნებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმ. 55:22). შენ შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს — იქადაგო და მოწაფეებად მოამზადო ხალხი (საქ. 1:8). არჩევანი შენზეა: შენ შეგიძლია შორიდან დააკვირდე, როგორ ასრულებენ სხვები ამ დავალებას ან თავად მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში. ძალას ნუ დაიშურებ! გამოიყენე შენი უნარი სამეფოს საქმის წინ წასაწევად! არასდროს ინანებ, რომ ემსახურები შენს „შემოქმედს . . . სიჭაბუკეში“ (ეკლ. 12:1).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 იხილეთ 2009 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 15—18.

^ აბზ. 14 ამ საკითხზე იხილე წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავი 34.

როგორ უპასუხებთ?

• რატომ უნდა დაისახო მიზნები?

• რომელია ზოგი მიზანი, რომელთა მიღწევაც ნამდვილად ღირს?

• რა უნდა გააკეთო, რომ მოინათლო?

• რის მიღწევას შეძლებ, თუ ისწავლი იმის კეთებას, რაც უფრო მნიშვნელოვანია?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 13 გვერდზე]

გაქვს მიზნად დასახული, ყოველდღე იკითხო ბიბლია?

[სურათი 15 გვერდზე]

რა დაგეხმარება მიაღწიო დასახულ მიზანს და მოინათლო?

[სურათი 16 გვერდზე]

რისი სწავლა შეგიძლია ამ მაგალითიდან?