არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდებო, ღვთის სიტყვა იყოს თქვენი მეგზური!

ახალგაზრდებო, ღვთის სიტყვა იყოს თქვენი მეგზური!

ახალგაზრდებო, ღვთის სიტყვა იყოს თქვენი მეგზური!

„შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგების უნარი“ (იგავ. 4:5).

1, 2. ა) რა დაეხმარა პავლე მოციქულს, მორეოდა საკუთარ სისუსტეებს? ბ) როგორ შეგიძლია სიბრძნისა და გაგების უნარის შეძენა?

„მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“. ეს სიტყვები თქვა პავლე მოციქულმა. მართალია, პავლეს უყვარდა იეჰოვა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან უჭირდა იმის კეთება, რაც სწორია. როგორ გრძნობდა იგი ამ დროს თავს? „საწყალი ადამიანი ვარ!“, — წერდა პავლე (რომ. 7:21—24). შენც გიგრძნია ასე თავი? შენც გიჭირს ზოგჯერ იმის კეთება, რაც სწორია? პავლეს მსგავსად, შენც გეუფლება გულგატეხილობა? თუ ასეა, იმედს ნუ გადაიწურავ. პავლე მოერია საკუთარ სისუსტეებს და ეს შენც გამოგივა!

2 პავლემ ეს იმის წყალობით შეძლო, რომ „ჯანსაღ სიტყვებს“ ჩაეჭიდა (2 ტიმ. 1:13, 14). მან შეიძინა სიბრძნე და გაგების უნარი, რაც იმაში დაეხმარა, რომ დაეძლია სირთულეები და სწორი გადაწყვეტილებები მიეღო. იეჰოვა ღმერთი შენც დაგეხმარება სიბრძნისა და გაგების უნარის შეძენაში (იგავ. 4:5). ის თავისი სიტყვიდან, ბიბლიიდან საუკეთესო რჩევებს გვაძლევს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16, 17 ). ახლა ვიმსჯელოთ, შენ როგორ დაგეხმარება წმინდა წერილში მოცემული პრინციპები, როცა გაუგებრობა გაქვს მშობლებთან, საქმე ფულის ხარჯვას ეხება ან საკუთარ თავთან მარტო რჩები.

ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობა ოჯახში

3, 4. რატომ შეიძლება გაგიჭირდეს მშობლების მორჩილება, და რატომ გიდგენენ მშობლები წესებს?

3 გიჭირს მშობლების მიერ დადგენილი წესებით ცხოვრება? რა არის ამის მიზეზი? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ძალიან გინდა, მეტი თავისუფლება გქონდეს. ეს გასაგებია, რადგან მოზარდობის ასაკში ასეთი რამ ძალიან ბუნებრივია. მაგრამ, სანამ მშობლებთან ცხოვრობ, ვალდებული ხარ, დაემორჩილო მათ (ეფეს. 6:1—3).

4 გაცილებით ადვილი იქნება შენთვის მშობლების მორჩილება, თუ სწორი კუთხით შეხედავ, რატომ გიდგენენ ისინი წესებს. შეიძლება ზოგჯერ თავი ისე იგრძნო, როგორც ბრილიმ *, რომელიც 18 წლისაა. ის თავის მშობლებზე ამბობს: „სულ დაავიწყდათ, როგორები იყვნენ ჩემს ასაკში. ისინი აზრის გამოთქმის და არჩევნის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ. მათთვის ისევ პატარა ბავშვი ვარ“. ბრილის მსგავსად შეიძლება შენც ფიქრობ, რომ მშობლები არ გაძლევენ თავისუფლებას. მაგრამ დედ-მამა იმიტომ გიდგენს წესებს, რომ უყვარხარ. უფრო მეტიც, ქრისტიანი მშობლები იეჰოვას წინაშე გრძნობენ ვალდებულებას, იზრუნონ შენზე (1 ტიმ. 5:8).

5. რატომ არის კარგი მშობლების მორჩილება?

5 მშობლების მორჩილება ჰგავს ბანკიდან აღებული ვალის დაფარვას — თუ დროულად დააბრუნებ ვალს, სანდო რეპუტაციას შეიძენ და ბანკი გრძელვადიან სესხსაც განდობს. მსგავსად ამისა, შენ მოვალე ხარ, პატივი სცე და დაემორჩილო მშობლებს (წაიკითხეთ იგავების 1:8). რაც უფრო მეტად დაემორჩილები მშობლებს, მით უფრო მეტ თავისუფლებას მოგცემენ ისინი (ლუკ. 16:10). თუ გამუდმებით არღვევ დედ-მამის მიერ დადგენილ წესებს, ნუ გაგიკვირდება, რომ ისინი ერთ დღესაც „საკრედიტო ლიმიტს“ შეგიმცირებენ.

6. როგორ შეუძლიათ მშობლებს გაუადვილონ შვილებს მორჩილება?

6 მშობლები შვილებს მორჩილებას იმით გაუადვილებენ, თუ თავად მისცემენ კარგ მაგალითს. ისინი სიხარულით უნდა ემორჩილებოდნენ იეჰოვას და ამით უნდა აჩვენებდნენ, რომ ღვთის მოთხოვნები გონივრულია. ეს კი, თავის მხრივ, გაუადვილებს შვილებს, რომ მშობლების მიერ დადგენილ წესებსაც მსგავსად უყურონ (1 იოან. 5:3). ბიბლიაში ჩაწერილია შემთხვევები, საიდანაც ჩანს, რომ იეჰოვამ თავის მსახურებს ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მისცა (დაბ. 18:22—32; 1 მეფ. 22:19—22). უნდა მისცენ მშობლებმა შვილებს დროდადრო საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება?

7, 8. ა) რა გრძნობა შეიძლება დაეუფლოს ზოგ ახალგაზრდას? ბ) რისი გაანალიზება გაგიადვილებს დარიგების მიღებას?

7 ახალგაზრდებს ზოგჯერ შეიძლება ისეთი გრძნობა დაეუფლოთ, რომ მშობლები უსამართლოდ აკრიტიკებენ. ზოგჯერ შესაძლოა კრეიგის მსგავსად იგრძნონ თავი, რომელიც ამბობს: „დედაჩემი პოლიციელივით ცდილობს, ყოველთვის რაღაცაში გამომიჭიროს“.

8 დასჯას ან დარიგებას ხშირად თან ახლავს კრიტიკა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დარიგების მიღება საკმაოდ რთულია მაშინაც კი, თუ სრულიად სამართლიანად გაძლევენ (ებრ. 12:11). რა გაგიადვილებს დარიგების მიღებას? მთავარია, გახსოვდეს, რომ მშობლები იმიტომ გარიგებენ, რომ უყვარხარ (იგავ. 3:12). მათ უნდათ, რომ ცუდი ჩვევები კი არ ჩამოგიყალიბდეს, არამედ კარგი ჩვევები განივითარო. შენი დედ-მამა, ალბათ, ფიქრობს, რომ თუ არ დაგსჯიან, ამით დათვურ სამსახურს გაგიწევენ (წაიკითხეთ იგავების 13:24 ). ისიც გახსოვდეს, რომ შეცდომების დაშვების დროს ბევრ რამეს სწავლობ. ამიტომ, როცა დარიგებას გაძლევენ, მასში ყოველთვის ეძებე სიბრძნის მარცვალი. „სიბრძნის შეძენა ვერცხლის შეძენას სჯობია და ოქროზე უკეთესი შენაძენია“ (იგავ. 3:13, 14).

9. რა უნდა გაითვალისწინონ ახალგაზრდებმა და რატომ არ უნდა მიიჩნიონ თავი უსამართლობის მსხვერპლად?

9 ზოგჯერ მშობლებიც ცდებიან (იაკ. 3:2). დასჯის დროს მათ შეიძლება დაუფიქრებლად გითხრან რამე (იგავ. 12:18). რით შეიძლება აიხსნას მშობლების საქციელი? შესაძლოა მათ სტრესი აქვთ ან შეიძლება შენი არასწორი საქციელის გამო საკუთარ თავს იდანაშაულებენ. ნაცვლად იმისა, რომ უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნიო თავი, მადლიერი იყავი მათი, რადგან გულწრფელად სურთ შენი დახმარება. თუ მშობლებისგან მიიღებ დარიგებას, ეს ბევრ რამეში წაგადგება.

10. რა გაგიადვილებს მშობლებისგან დარიგების მიღებას?

10 თუ გინდა, რომ გაგიადვილდეს მშობლებისგან დარიგების მიღება, მათთან საერთო ენა უნდა გამონახო. პირველ რიგში უნდა ისწავლო მოსმენა. ბიბლიაში ვკითხულობთ: ‘სწრაფი იყავი მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში’ (იაკ. 1:19). ნაცვლად იმისა, რომ მაშინვე იმართლო თავი, შეეცადე საკუთარი ემოციები გააკონტროლო და მოუსმინო დედ-მამას. ყურადღება მიაქციე, რას გეუბნებიან და არა იმას, თუ როგორ გეუბნებიან. გონებაში გაიაზრე მათი ნათქვამი და შემდეგ ისე უპასუხე, რომ შენს სიტყვებში მათდამი პატივისცემა ჩანდეს. ეს დაარწმუნებს მშობლებს, რომ სწორად გაიგე მათი ნათქვამი. შეიძლება სურვილი გქონდეს, შენი სიტყვების ან საქციელის მიზეზი ახსნა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გონივრულია, ‘ბაგეები დაიმორჩილო’ მანამ, სანამ არ შეასრულებ მშობლების თხოვნას (იგავ. 10:19). მშობლები დაინახავენ, რომ ყოველთვის უსმენ მათ და მზად იქნებიან შენ მოსასმენადაც. ასეთი მიდგომა იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობ.

ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობა ფულის ხარჯვის დროს

11, 12. ა) რას გვირჩევს ღვთის სიტყვა ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით, და რატომ? ბ) როგორ დაგეხმარებიან მშობლები ფულის ყაირათიანად ხარჯვაში?

11 ‘ფული იცავს კაცს’, — ნათქვამია ბიბლიაში. მაგრამ ამავე მუხლიდან ჩანს, რომ სიბრძნე ფულზე უპირატესია (ეკლ. 7:12). როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ფულის ფასი, მაგრამ არ უნდა გვიყვარდეს ის. რატომ უნდა მოვერიდოთ ფულის სიყვარულს? დაფიქრდი ასეთ მაგალითზე: შეფ-მზარეული ბასრ დანას მარჯვედ ხმარობს. მაგრამ, ვინც დაუდევარია, მათ ხელში ბასრი დანა საშიშია. ზოგმა იცის ფულის ყადრი და, შესაბამისად, მისი გონივრულად გამოყენებაც შეუძლია. თუ ფულს გონივრულად გამოიყენებ, ბევრ რამეში წაგადგება. მაგრამ „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის“, ხშირად თმობს მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ღმერთთან ურთიერთობასაც კი. შედეგად ისინი საკუთარ თავს „მრავალ ტკივილს“ აყენებენ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:9, 10).

12 როგორ შეგიძლია ფულის გონივრულად გამოყენება? ჰკითხე რჩევა დედ-მამას, როგორ ხარჯო ფული ყაირათიანად. „ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის; კაცი, რომელსაც გაგების უნარი აქვს, გონივრული მითითებით იხელმძღვანელებს“, — დაწერა სოლომონმა (იგავ. 1:5). ერთმა გოგონამ ანამ მშობლებს მიმართა დახმარებისთვის. ის ამბობს: „მამამ ფულის ყაირათიანად ხარჯვა მასწავლა და დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ოჯახის ხარჯების გონივრულად განაწილება“. დედამაც ბევრი რამე ასწავლა ანას. „დედამ მითხრა, რომ სანამ რამეს ვიყიდიდი, ბევრგან მენახა ფასები და ერთმანეთთან შემედარებინა. ახლა ვიცი, როგორ გავანაწილო თანხები და როგორ ვხარჯო ფული ყაირათიანად. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რადგან არ მაქვს ვალები“.

13. როგორ შეგიძლია ისწავლო ზომიერება, როცა საქმე ფულის ხარჯვას ეხება?

13 შეიძლება ვალებში ვარდები იმის გამო, რომ ფულს დაუფიქრებლად ხარჯავ ისეთ რამეში, რაც არ გჭირდება ან ამას იმიტომ აკეთებ, რომ მეგობრებზე მოახდინო შთაბეჭდილება. რა დაგეხმარება, რომ ზედმეტი ვალები არ დაიდო? როცა საქმე მიდგება ფულის ხარჯვაზე, ზომიერება უნდა ისწავლო. აი, როგორ მოიქცა ერთი 20 წლის გოგონა, ელენე. იგი ყვება: „როცა მეგობრებთან ერთად სადმე მივდივარ, წინასწარ ვსაზღვრავ, რამდენს დავხარჯავ . . . გარდა ამისა, მივხვდი, რომ გონივრულია, მხოლოდ იმ მეგობრებთან ერთად წავიდე საყიდლებზე, ვინც ყაირათიანად ხარჯავს ფულს და პირველივე ჯერზე არ ყიდულობს რამეს“.

14. რატომ უნდა ერიდო „სიმდიდრის მაცდუნებელ ძალას“?

14 ფულის შოვნა და ხარჯვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ იესომ თქვა, რომ ნამდვილად ბედნიერები ისინი არიან, ვინც ‘სულიერსაა მოწყურებული’ (მათ. 5:3). მან გააფრთხილა თავისი მიმდევრები, რომ „სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ ახშობს სულიერისადმი ინტერესს (მარ. 4:19). აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვთის სიტყვით იხელმძღვანელო და სწორი თვალსაზრისი გქონდეს ფულზე.

ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობა, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები

15. როდის იცდება ღვთისადმი შენი ერთგულება ყველაზე მეტად?

15 როდის უფრო იცდება ღვთისადმი შენი ერთგულება — როცა სხვებთან ერთად ხარ თუ როცა მარტო რჩები? ალბათ, როდესაც სკოლაში ან სამსახურში ხარ, უფრო ფრთხილობ, რომ არაფერმა გაგიფუჭოს იეჰოვასთან ურთიერთობა. მაგრამ, როცა მარტო ხარ და ისვენებ, სიფხიზლეს კარგავ და უფრო ადვილი შესაძლებელია, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმები დაარღვიო.

16. რატომ უნდა გსურდეს, დაემორჩილო იეჰოვას, როცა მარტო ხარ?

16 რატომ უნდა გსურდეს, დაემორჩილო იეჰოვას მაშინაც კი, როცა მარტო ხარ? გახსოვდეს, რომ ამ დროს შენ იეჰოვას ან ტკივილს მიაყენებ ან გულს გაუხარებ (დაბ. 6:5, 6; იგავ. 27:11). იეჰოვასთვის სულერთი არ არის, როგორ მოიქცევი, რადგან „ის ზრუნავს“ შენზე (1 პეტ. 5:7). მას სურს, რომ მოუსმინო, რაც შენთვისვე იქნება სასიკეთო (ეს. 48:17, 18). როდესაც ძველად, ისრაელში იეჰოვას მსახურები უგულებელყოფდნენ მის რჩევას, დიდ ტკივილს აყენებდნენ მას (ფსალმ. 78:40, 41). იეჰოვას ძალიან უყვარდა წინასწარმეტყველი დანიელი, რომელსაც ღვთის ანგელოზმა „ძვირფასი ადამიანი“ უწოდა (დან. 10:11). დანიელი ღვთის ერთგული დარჩა არა მხოლოდ მაშინ, როცა სხვებთან ერთად იყო, არამედ მაშინაც, როცა მარტო იყო (წაიკითხეთ დანიელის 6:10).

17. რა კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს, როცა გართობას ირჩევ?

17 მარტო ყოფნისას ღვთის ერთგული რომ დარჩე, უნდა გაიწაფო „აღქმის უნარი კარგისა და ცუდის გასარჩევად“ და შემდეგ გამოიყენო ეს უნარი იმისთვის, რომ კარგი აკეთო (ებრ. 5:14). მაგალითად, როცა საქმე მიდგება მუსიკის, ფილმის ან ინტერნეტ-საიტის არჩევაზე, დაუსვი საკუთარ თავს კითხვები, რაც დაგეხმარება გაარჩიო კარგი ცუდისგან. ჰკითხე თავს: წამახალისებს ეს მუსიკა ან ფილმი იმისკენ, რომ ვიყო თანამგრძნობი, თუ იმისკენ მიბიძგებს, რომ ‘სხვისი უბედურებით გავიხარო’? (იგავ. 17:5). აღმძრავს ეს ფილმი ან მუსიკა, რომ ‘შევიყვარო ის, რაც კარგია’? ხომ არ გამიჭირდება, ‘შევიძულო ის, რაც ცუდია’? (ამოს. 5:15). რასაც მარტო ყოფნის დროს აკეთებ, იმაზე მეტყველებს, თუ რა არის სინამდვილეში შენთვის ფასეული (ლუკ. 6:45).

18. რა უნდა გააკეთო, თუ მალულად ჩაიდენ არასწორ საქციელს, და რატომ?

18 როგორ უნდა მოიქცე, თუ მალულად ისეთ რამეს გააკეთებ, რაც არასწორია? გახსოვდეს, „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავ. 28:13). რა უგუნურება იქნებოდა, კვლავ გაგეგრძელებინა ასეთი ქმედება და დაგენაღვლიანებინა „ღვთის წმინდა სული“ (ეფეს. 4:30). შენ ვალდებული ხარ ღვთისა და მშობლების წინაშე აღიარო დანაშაული, რაც შენთვისვე იქნება კარგი. „კრების უხუცესებიც“ დიდ დახმარებას გაგიწევენ. მოწაფე იაკობმა დაწერა: „მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:14, 15). ცხადია, დანაშაულის აღიარება გარკვეულ უხერხულობას შექმნის და არასასიამოვნო შედეგებსაც ვერ გაექცევი. მაგრამ თუ გაბედულებას მოიკრებ და დახმარებას ითხოვ, ზედმეტ პრობლემებს აირიდებ თავიდან და სუფთა სინდისის დაბრუნების შემდეგ შინაგან სიმშვიდეს იგრძნობ (ფსალმ. 32:1—5).

გული გაუხარე იეჰოვას

19, 20. რა სურს იეჰოვას შენთვის და როგორ უნდა მოიქცე?

19 იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ და სურს, რომ შენც ბედნიერი იყო (1 ტიმ. 1:11). იგი გულწრფელად არის შენით დაინტერესებული. იეჰოვა ხედავს, რამხელა ძალისხმევას ახმარ იმის კეთებას, რაც სწორია მაშინაც კი, თუ ამას ვერავინ ამჩნევს. იეჰოვას თვალთაგან არაფერია დაფარული. ის იმას კი არ ცდილობს, რომ ცუდში გამოგიჭიროს, არამედ სურს, მხარი დაგიჭიროს, როცა კარგის გასაკეთებლად ძალას არ ზოგავ. „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9).

20 ასე რომ, გაიხადე ღვთის სიტყვა შენს მეგზურად და გამოიყენე მასში მოცემული რჩევები. ამგვარად, შენ შეიძენ სიბრძნეს და გაგების უნარს, რაც დაგეხმარება სირთულეების გადალახვაში და სწორი არჩევნის გაკეთებაში. ასეთი საქციელით შენ იეჰოვას და მშობლებს გაახარებ და აზრიანი ცხოვრებაც გექნება.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 სახელები შეცვლილია.

როგორ უპასუხებთ?

• რა გაუადვილებს ახალგაზრდებს, მიიღონ მშობლების დარიგება, და რატომ არის ეს მათთვის კარგი?

• რატომ არის მნიშვნელოვანი, სწორი თვალსაზრისი გქონდეს ფულზე?

• როგორ შეგიძლია დარჩე იეჰოვას ერთგული მაშინაც კი, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 6 გვერდზე]

ხარ იეჰოვას ერთგული მაშინაც, როცა მარტო რჩები?