არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

იესომ უთხრა თავის მსმენელთ: „იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“. როგორ შეიძლება დღეს ადამიანი სრულყოფილი იყოს? (მათ. 5:48)

ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში დაგვეხმარება ბიბლიაში გამოყენებული სიტყვების „სრულყოფილის“ და „სრულყოფილების“ მნიშვნელობის გაგება. საღვთო წერილში „სრულყოფილად“ ნათარგმნი სიტყვა ყოველთვის არ გამოიყენება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. რასაკვირველია, როცა იეჰოვასთან მიმართებაში გამოიყენება ეს სიტყვა, პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, მაგრამ ადამიანებთან მიმართებაში — ფარდობითი მნიშვნელობით. ბიბლიაში „სრულყოფილად“ ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვები ხშირ შემთხვევაში ნიშნავს „სრულს“, „მოწიფულს“ ან „უშეცდომოს“, რაც უზენაესი ღმერთის მიერ დადგენილ ნორმებს შეესაბამება. ყოველდღიურ საუბარში ეს სიტყვა გამოიყენება ფარდობითი მნიშვნელობით, მაგალითად „სრულყოფილი სილამაზე“.

ადამი და ევა ღმერთმა ისე შექმნა, რომ ყოველმხრივ — ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად — სრულყოფილები იყვნენ, რადგან შემოქმედის მიერ დადგენილ ნორმებს შეესაბამებოდნენ. ადამმა და ევამ დაარღვიეს ღვთის ნორმები და ამიტომაც დაკარგეს სრულყოფილება როგორც თავად მათ, ისე მათმა შთამომავლობამ. ასე რომ, ადამმა ცოდვა, არასრულყოფილება და სიკვდილი მთელ კაცობრიობას გადასცა (რომ. 5:12).

მაგრამ იესომ მთაზე ქადაგების დროს აღნიშნა, რომ ადამიანები გარკვეული გაგებით შეიძლება იყვნენ სრულყოფილები. მან დაადგინა სიყვარულის სრულყოფილი ნორმები. ღმერთმა ადამიანების მიმართ სრულყოფილი სიყვარული გამოავლინა. იესომ თქვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები, რადგან მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათ. 5:44, 45). იესოს მოწაფეებს უნდა მიებაძათ ღვთისთვის, რომელიც სრულყოფილად ავლენს სიყვარულს.

დღეს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ცდილობენ, სიყვარულის სრულყოფილი ნორმებით იმოქმედონ და სხვების მიმართ ღვთის მსგავსად გამოავლინონ სიყვარული. მათ სურთ, დაეხმარონ სხვადასხვა წარმოშობის, რასისა თუ რწმენის ხალხს, ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ. ამჟამად იეჰოვას მოწმეები 236 ქვეყანაში 7 000 000-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებენ დაინტერესებულებთან.

„თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით? — იკითხა იესომ. — განა გადასახადების ამკრეფნიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა უცხოტომელებიც ასევე არ იქცევიან?“ (მათ. 5:46, 47). ჭეშმარიტი ქრისტიანები არ არიან მიკერძოებულნი და არ არჩევენ ადამიანებს განათლებისა თუ ეთნიკური წარმოშობის მიხედვით; არც მხოლოდ მათ მიმართ ავლენენ სიყვარულს, რომელთაც შეუძლიათ სიკეთეზე სიკეთით უპასუხონ. ისინი ეხმარებიან ღარიბებს, ავადმყოფებს, ახალგაზრდებსა თუ მოხუცებს. ამგვარად ქრისტიანები იეჰოვას მსგავსად ავლენენ სიყვარულს და გარკვეული გაგებით სრულყოფილები არიან.

შევძლებთ ოდესმე გავხდეთ სრულყოფილები, როგორც ადამი იყო სრულყოფილი? დიახ, მორჩილი ადამიანები, რომლებიც რწმენას ავლენენ იესოს გამოსასყიდისადმი, სრულყოფილებას მიაღწევენ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს, როცა ‘ღვთის ძე დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს’ (1 იოან. 3:8).