არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის მსახურება არასდროს არის გვიან

ღვთის მსახურება არასდროს არის გვიან

ღვთის მსახურება არასდროს არის გვიან

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მალაგაში 2009 წლის 19 დეკემბერს დედა-შვილი იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა. მათ ორივეს ანა ჰქვიათ. ისინი იმ 2 352 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც 2009 წელს ესპანეთში მოინათლნენ. ისინი საკმაოდ ხანდაზმულები იყვნენ, როცა ეს ნაბიჯი გადადგეს. დედა 107 წლის იყო, ქალიშვილი კი — 83 წლის.

რამ აღძრა ისინი, თავი მიეძღვნათ იეჰოვასთვის და მონათლულიყვნენ? მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ანას (შვილი) მეზობელი ეპატიჟებოდა ხოლმე წიგნის შესწავლაზე, რომელიც იეჰოვას ერთ-ერთი მოწმის სახლში ტარდებოდა. იგი დროდადრო ესწრებოდა ამ შეხვედრას. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი არ აძლევდა მას საშუალებას, რომ იეჰოვას შესახებ მეტი გაეგო.

დაახლოებით ათი წლის შემდეგ ანას შვილებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და იეჰოვას მსახურები გახდნენ. ანას ერთ-ერთმა შვილმა, მარი კარმენმა დედას ბიბლიისადმი ინტერესი კვლავ გაუღვივა. ანამ განაახლა ბიბლიის შესწავლა. მოგვიანებით, მარი კარმენის ბებია, ანაც დაინტერესდა ბიბლიური ჭეშმარიტებით. მათი ოჯახიდან ათმა მიუძღვნა თავი იეჰოვას და მოინათლა.

ორივე, დედაც და შვილიც, თავიანთი ნათლობის დღეს უსაზღვროდ გახარებულები იყვნენ. ანა (დედა) ამბობს: „უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომელმაც ღირსად ჩამთვალა, გამეცნო იგი“. მისი ქალიშვილი ანა კი დასძენს: „სანამ იეჰოვა დედამიწას სამოთხედ აქცევს, მინდა ვემსახურო მას, შევასრულო მისი ნება და თავდაუზოგავად ვიქადაგო სასიხარულო ცნობა.“

ამ ორ ხანდაზმულ ქვრივს განსაკუთრებით ახარებთ ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება. მათი კრების ერთ-ერთი უხუცესი ამბობს: «ისინი კრების არც ერთ შეხვედრას არ აცდენენ და ყოველთვის მზად არიან, კომენტარები გააკეთონ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის დროს».

ეს ორი ერთგული და გვახსენებს ძველ დროში მცხოვრებ ქვრივ ანას, „რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას“. მას წილად ხვდა პატივი, ეხილა პატარა იესო (ლუკა 2:36—38). ანა 84 წლის იყო, მაგრამ იეჰოვასთვის კვლავაც ბევრს აკეთებდა. ანას მოსახელე ეს ორი ხანდაზმული დაც საუკეთესოს იღებს ღვთისთვის.

ისმენენ თქვენი ნათესავები ბიბლიურ ცნობას? შეგხვედრიათ კარდაკარ მსახურებისას ასაკოვანი ადამიანი, რომელმაც მოგისმინათ? ამ დედა-შვილის მსგავსად, მათაც შესაძლოა ხანდაზმულ ასაკში გაიცნონ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა, რადგან ღვთის მსახურება არასდროს არის გვიან.

[ჩანართი 25 გვერდზე]

„უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი“

[ჩანართი 25 გვერდზე]

„სანამ იეჰოვა დედამიწას სამოთხედ აქცევს, მინდა ვემსახურო მას“