არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დააფასეთ ქორწინება — ღვთის ძღვენი!

დააფასეთ ქორწინება — ღვთის ძღვენი!

დააფასეთ ქორწინება — ღვთის ძღვენი!

„ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24).

1. რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენს პატივისცემას?

იეჰოვა ღმერთი, რომელმაც ქორწინებას მისცა დასაბამი, ნამდვილად იმსახურებს ჩვენს პატივისცემას. ბიბლიაში ჩვენი შემოქმედის, უზენაესი უფლისა და ზეციერი მამის შესახებ მართებულადაა ნათქვამი, რომ მისგან ვიღებთ „ყოველ კარგ ძღვენსა და ყოველ სრულყოფილ საბოძვარს“ (იაკ. 1:17; გამოცხ. 4:11). ეს მის დიდ სიყვარულზე მეტყველებს (1 იოან. 4:8). ყველაფერი, რასაც ის გვასწავლის, რასაც ჩვენგან ითხოვს და რასაც ჩვენთვის აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ეს. 48:17).

2. რა მითითებები მისცა იეჰოვამ პირველ წყვილს?

2 ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქორწინება ღვთის ერთ-ერთი „კარგი ძღვენია“ (რუთ. 1:9; 2:12). როდესაც მან პირველი წყვილი, ადამი და ევა შეაუღლა, კონკრეტული მითითებები მისცა, რაც დაეხმარებოდათ, ბედნიერი ოჯახი ჰქონოდათ (წაიკითხეთ მათეს 19:4—6 ). თუ ისინი მიჰყვებოდნენ ღვთის მითითებებს, უსასრულოდ ბედნიერები იქნებოდნენ. მაგრამ ადამი და ევა უგუნურად მოიქცნენ, არ დაემორჩილნენ ღმერთს და მწარე შედეგებიც იწვნიეს (დაბ. 3:6—13, 16—19, 23).

3, 4. ა) როგორი დამოკიდებულება აქვს დღეს ბევრს ქორწინებაზე და როგორ ავლენენ ისინი ამით იეჰოვასადმი უპატივცემულობას? ბ) რა მაგალითებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ადამისა და ევას მსგავსად, დღეს ბევრი დაქორწინებული წყვილი ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ იეჰოვას მითითებებს არ ითვალისწინებს. ზოგი ცხოვრობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან, მაგრამ გაფიქრებაც არ უნდა, რომ მასზე დაქორწინდეს, ზოგი კი თავად ადგენს ქორწინების ნორმებს და ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რაც მის ავხორც სურვილებს დააკმაყოფილებს (რომ. 1:24—32; 2 ტიმ. 3:1—5). ისინი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ქორწინება ღვთის ძღვენია, და ვინც ამ ძღვენს არაფრად აგდებს, ის ქორწინების დამფუძნებლის, იეჰოვა ღმერთის მიმართაც ავლენს უპატივცემულობას.

4 ზოგჯერ ღვთის მსახურებიც არ ითვალისწინებენ იეჰოვას რჩევას ამ საკითხში. ზოგი ქრისტიანი წყვილი წყვეტს, განცალკევდეს ან გაეყაროს ერთმანეთს ყოველგვარი ბიბლიური საფუძვლის გარეშე. როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება? როგორ დაეხმარება დაბადების 2:24-ში ჩაწერილი მითითებები ქრისტიან წყვილებს, რომ ჰქონდეთ ბედნიერი ოჯახები? როგორ შეუძლიათ მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს, გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ? განვიხილოთ სამი ბედნიერი ცოლ-ქმრის მაგალითი, რომელთა შესახებაც ბიბლიაშია მოთხრობილი. მათი მაგალითიდან ჩანს, რომ იეჰოვას მითითებების დაცვა ბედნიერი ქორწინების საწინდარია.

ბოლომდე უერთგულეთ ერთმანეთს

5, 6. როგორ გამოიცადა ზაქარიასა და ელისაბედის ერთგულება, და როგორ აკურთხა ისინი იეჰოვამ ერთგულებისთვის?

5 ზაქარია და ელისაბედი სამაგალითო ცოლ-ქმარი იყვნენ, რადგან გონივრული გადაწყვეტილებები მიიღეს და ბოლომდე ერთმანეთის ერთგულნი დარჩნენ. ორივემ ცხოვრების თანამგზავრად სულიერად მოწიფული ღვთის ერთგული მსახური აირჩია. ზაქარია ერთგულად ასრულებდა მღვდლის მოვალეობას. ისიც და ელისაბედიც ერთგულად იცავდნენ ღვთის კანონს. მათ, უეჭველად, უამრავი მიზეზი ჰქონდათ, რომ იეჰოვას მადლიერები ყოფილიყვნენ. მაგრამ თუ იუდეაში ამ წყვილს ესტუმრებოდით, მაშინვე მიხვდებოდით, რომ რაღაც აკლდათ — ზაქარიას და ელისაბედს არ ჰყავდათ შვილები. ელისაბედი უშვილო იყო, თანაც უკვე ორივენი ხანდაზმულები იყვნენ (ლუკ. 1:5—7).

6 ძველად ისრაელში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა შვილების ყოლას. ამიტომ, იმ დროს ბევრს მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავდა (1 სამ. 1:2, 6, 10; ფსალმ. 128:3, 4). ისრაელ მამაკაცს შეეძლო მზაკვრულად მოქცეოდა ცოლს და გაყროდა, თუ ის შვილებს არ გაუჩენდა. მაგრამ ზაქარია ელისაბედის ერთგული დარჩა. არც ზაქარია და არც მისი ცოლი არ ეძებდნენ იოლ გზებს, რომ განქორწინებულიყვნენ. მართალია, უშვილობას ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ იეჰოვასთვის ერთგულად ემსახურათ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იეჰოვამ აკურთხა ისინი და ვაჟი აჩუქა, რაც მათ ასაკში დაუჯერებელი ჩანდა (ლუკ. 1:8—14).

7. კიდევ როდის გამოავლინა ელისაბედმა ქმრისადმი ერთგულება?

7 ელისაბედმა სხვა შემთხვევაშიც გამოავლინა ერთგულება. როდესაც მას ვაჟი, იოანე შეეძინა, ზაქარია ვერ ლაპარაკობდა, რადგან არ ერწმუნა ღვთის ანგელოზის სიტყვებს. როგორც ჩანს, ზაქარიამ თავის ცოლს როგორღაც გააგებინა იეჰოვას ანგელოზის ნათქვამი, რომ ბავშვისთვის იოანე უნდა დაერქმიათ. მეზობლებსა და ნათესავებს უნდოდათ, რომ ბავშვს მამის სახელი რქმეოდა. მაგრამ ელისაბედი არ გადავიდა თავისი ქმრის სიტყვებს და მათ უთხრა: „არა! იოანე უნდა დავარქვათ“ (ლუკ. 1:59—63).

8, 9. ა) როგორ განამტკიცებს ქორწინებას ერთგულება? ბ) როგორ უნდა დაუმტკიცოს ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ერთგულება?

8 ზაქარიასა და ელისაბედის მსგავსად, დაქორწინებული წყვილები დღესაც ხვდებიან გულგატეხილობასა თუ სხვა სირთულეებს. ერთგულების გარეშე ცოლ-ქმარი ვერ იქნება ბედნიერი. ფლირტის, პორნოგრაფიის, მრუშობისა თუ სხვა ცდუნებების გამო ცოლ-ქმარს შორის ნდობა იკარგება. როდესაც წყვილი აღარ ენდობა ერთმანეთს, მათ შორის სიყვარულიც ქრება. ერთგულება ჰგავს ღობეს, რომელიც სახლის გარშემოა შემოვლებული და ოჯახს არასასურველი სტუმრებისა თუ სხვა საფრთხისგან იცავს. მსგავსად ამისა, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგულია და გულს უშლის ერთმანეთს, უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ეს ხელს უწყობს იმას, რომ მათ შორის გაღრმავდეს სიყვარული. ასე რომ, ერთგულება გადამწყვეტ როლს თამაშობს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში.

9 იეჰოვამ უთხრა ადამს: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს“ (დაბ. 2:24). რას ნიშნავს ეს? დაქორწინების შემდეგ მეგობრებთან თუ ნათესავებთან ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს. ქმარმაც და ცოლმაც თავისი დრო და ყურადღება უნდა დაუთმოს მეორე ნახევარს. მათ მეგობრები ან ოჯახის წევრები ახალ ოჯახზე წინ არ უნდა დააყენონ. არც მშობლებს უნდა მისცენ უფლება, რომ უთანხმოებების ან გადაწყვეტილებების მიღების დროს მათი ოჯახის საქმეებში ჩაერიონ. წყვილი დაქორწინების შემდეგ ერთ ხორცად უნდა იქცეს, რითაც იეჰოვას მითითებას შეასრულებენ.

10. რა დაეხმარება ცოლ-ქმარს, იყვნენ ერთმანეთის ერთგულები?

10 რელიგიურად დაყოფილ ოჯახშიც კი კარგი შედეგი მოაქვს, როცა ქრისტიანი ქმარი ან ცოლი ერთგულებას ავლენს. ერთი და თავის მეუღლეზე, რომელიც მის რწმენას არ იზიარებს, ამბობს: „ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომელმაც მასწავლა ქმრის მორჩილება და მისადმი პატივისცემა. მე ჩემი მეუღლის ერთგული ვარ და სწორედ ამიტომ, უკვე 47 წელია, ჩვენ არ გაგვნელებია სიყვარული და პატივს ვცემთ ერთმანეთს“ (1 კორ. 7:10, 11; 1 პეტ. 3:1, 2). ასე რომ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მეუღლემ თქვენდამი ნდობა არ დაკარგოს. სიტყვებითა და საქმეებით დაარწმუნეთ მეუღლე, რომ იგი თქვენთვის ყველაზე ძვირფასია. ნუ დაუშვებთ, რომ ვინმე ან რამე ჩადგეს თქვენ შორის (წაიკითხეთ იგავების 5:15—20 ). რონი და ჯანეტი, რომლებიც 35 წელზე მეტია ბედნიერად ცხოვრობენ, ამბობენ: „ჩვენი ბედნიერების საიდუმლო ისაა, რომ ორივე ერთგულად მივყვებით ღვთის მითითებებს“.

ერთსულოვნება განამტკიცებს ოჯახურ კვანძებს

11, 12. როგორ თანამშრომლობდნენ აკვილა და პრისკილა ა) სახლში, ბ) სამსახურში და გ) ქრისტიანულ მსახურებაში?

11 როდესაც პავლე მოციქული თავის უახლოეს მეგობრებზე აკვილასა და პრისკილაზე საუბრობდა, ყოველთვის ერთად მოიხსენიებდა მათ. ამ წყვილს შორის ერთსულოვნება იყო. მათი ურთიერთობა ზუსტად მიესადაგება იმას, რაც ღმერთმა თავის სიტყვაში ცოლ-ქმარზე თქვა: „ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24). ისინი გამუდმებით ერთად იყვნენ — ერთად აკეთებდნენ საოჯახო საქმეებს, ერთად მუშაობდნენ და ერთად მსახურობდნენ. მაგალითად, როცა პავლე პირველად ჩავიდა კორინთში, აკვილამ და პრისკილამ იგი თავიანთ სახლში მიიპატიჟეს, სადაც, როგორც ჩანს, პავლე გარკვეული დროის მანძილზე აქტიურ სულიერ საქმიანობას ეწეოდა. მოგვიანებით, ეფესოში აკვილასა და პრისკილას სახლში კრების შეხვედრები ტარდებოდა; ისინი ორივენი ეხმარებოდნენ ახლებს სულიერ ზრდაში. ერთ-ერთი იყო აპოლოსი (საქ. 18:2, 18—26). რომში გადასვლის შემდეგ კრების შეხვედრები ისევ ამ თავდაუზოგავი წყვილის სახლში ტარდებოდა. მოგვიანებით, ისინი ეფესოში დაბრუნდნენ და ძმებს ამხნევებდნენ (რომ. 16:3—5).

12 გარკვეული დროის შემდეგ აკვილა და პრისკილა პავლესთან ერთად მუშაობდნენ და კარვებს კერავდნენ. როგორც ვხედავთ, ეს წყვილი სულ ერთად იყო და ყველაფერს კამათისა და ჩხუბის გარეშე აკეთებდა (საქ. 18:3). უდავოა, ისინი ქრისტიანულ მსახურებაში ერთად მონაწილეობდნენ და სულიერ საქმეებს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სწორედ ამიტომ იყო მათი ოჯახი მტკიცე და ბედნიერი. კორინთში, ეფესოსა თუ რომში მათ იცნობდნენ, როგორც „თანამსახურებს ქრისტე იესოში“ (რომ. 16:3). ისინი ერთმანეთის მხარდამხარ მსახურობდნენ და სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად.

13, 14. ა) რამ შეიძლება დაარღვიოს ცოლქმრული კავშირი? ბ) რისი გაკეთება შეუძლია წყვილს, რომ თავიანთი ქორწინება განამტკიცონ და „ერთ ხორცად“ იქცნენ?

13 ცოლქმრული კავშირი უფრო მტკიცდება, როცა ქმარსაც და ცოლსაც ერთი მიზანი აქვთ (ეკლ. 4:9, 10). სამწუხაროდ, ბევრი წყვილი დღეს ძალიან ცოტა დროს ატარებს ერთად. ზოგი წყვილი დღე-ღამეს ასწორებს მუშაობაში. ზოგი გამუდმებით მივლინებაშია ან საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ, ოჯახს რომ ყოველთვიურად გამოუგზავნოს ფული. მაშინაც კი, თუ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, ზოგ წყვილს ერთმანეთისთვის არ სცალია, რადგან დიდ დროს უთმობენ ტელევიზორის ყურებას, საყვარელ საქმეს, სპორტს, ვიდეოთამაშებსა თუ ინტერნეტს. თქვენს ოჯახშიც იგივე ხდება? თუ ასეა, ხომ არ დაგეგმავდით ყველაფერს ისე, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ ერთმანეთს? კარგი იქნება, თუ ერთად გააკეთებთ ყოველდღიურ საქმეებს, მაგალითად მოამზადებთ საკვებს, დარეცხავთ ჭურჭელს ან იმუშავებთ ბაღში. შეგიძლიათ ერთად იზრუნოთ შვილებზე ან დაეხმაროთ ასაკოვან მშობლებს.

14 ყველაზე მთავარია, ერთად მიიღოთ მონაწილეობა იეჰოვას თაყვანისმცემლობაში. ყოველდღიური მუხლის ერთად განხილვა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარება მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს იმას, რომ ერთი აზრი გქონდეთ და ერთი და იგივე მიზნები დაისახოთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია მსახურებაში ერთად მონაწილეობა. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეეცადეთ, ერთად დაიწყოთ პიონერული მსახურება მაშინაც კი, თუ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი თვით შეგიძლიათ დამხმარე პიონერად ან ერთი წლით პიონერად მსახურება (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58 ). ერთი და, რომელიც ქმართან ერთად სრული დროით მსახურობს, ამბობს: „მსახურება ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დროსაც შეგვიძლია ერთად გავატაროთ დრო და გული ვიჯეროთ საუბრით. ჩვენი საერთო მიზანია, სხვებს სულიერად დავეხმაროთ, ამიტომ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც შეკრული გუნდი. მე მასთან მხოლოდ იმიტომ კი არ ვგრძნობ სიახლოვეს, რომ ის ჩემი ქმარია, არამედ იმიტომაც, რომ იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია“. თუ ერთად ისწრაფვით ღირებული მიზნებისკენ და ახორციელებთ, თანდათანობით თქვენ საერთო ინტერესები, ფასეულობები და ჩვევები გექნებათ, რაც უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან. თქვენ აკვილასა და პრისკილას მსგავსად, ერთი აზრი და გრძნობა გაგაერთიანებთ და „ერთ ხორცად“ იქცევით.

პირველ ადგილზე დააყენეთ ღმერთი

15. რა არის ბედნიერი ქორწინების საწინდარი? ახსენით.

15 იესომ იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია წყვილისთვის პირველ ადგილზე ღმერთის დაყენება. იგი თავად გახდა იმის მოწმე, თუ როგორ მისცა იეჰოვამ დასაბამი პირველ ქორწინებას. იესო აკვირდებოდა, რა ბედნიერები იყვნენ ადამი და ევა მანამ, სანამ მიჰყვებოდნენ ღვთის მითითებებს. ის იმის მოწმეც გახდა, თუ რამხელა უბედურება დაიტეხეს თავს ადამმა და ევამ, როცა ზურგი აქციეს იეჰოვას. აქედან გამომდინარე, როცა იესო სხვებს ასწავლიდა, მას დაბადების 2:24-ში ჩაწერილი მამის მითითება მოჰყავდა. იესომ ამ სიტყვებს შემდეგი აზრიც დაამატა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:6). ასე რომ, თუ ცოლ-ქმარს სურს, ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს, იეჰოვას მთელი გულით უნდა სცემდეს პატივს, რადგან ეს დღემდე გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამ მხრივ, იესოს მიწიერმა მშობლებმა, იოსებმა და მარიამმა, შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს.

16. როგორ აჩვენეს იოსებმა და მარიამმა, რომ მათთვის უმთავრესი იყო იეჰოვას ნების შესრულება?

16 იოსები კარგად ექცეოდა მარიამს და დიდ პატივს სცემდა. როდესაც მან პირველად გაიგო მარიამის ორსულობის შესახებ, არ მოისურვა მისი შერცხვენა, პირიქით, შეიბრალა იგი. საინტერესოა, რომ ეს მანამდე მოხდა, სანამ ღვთის ანგელოზი აუხსნიდა მას, თუ როგორ დაორსულდა მარიამი (მათ. 1:18—20). მოგვიანებით, ეს ცოლ-ქმარი დაემორჩილა კეისრის ბრძანებულებას და მოსეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებიც საგულდაგულოდ დაიცვა (ლუკ. 2:1—5, 21, 22). მართალია, იმ დროს მხოლოდ მამაკაცებს მოეთხოვებოდათ, ჩასულიყვნენ იერუსალიმში მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად, მაგრამ იოსები ყოველ წელს მარიამთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მიდიოდა ამ დღესასწაულებზე (კან. 16:16; ლუკ. 2:41). ამგვარად, ეს ღვთისმოშიში წყვილი ყველანაირად ცდილობდა, რომ იეჰოვასთვის ესიამოვნებინა და ღვთის თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები დაეფასებინა. გასაკვირი არ არის, რატომ დაავალა იეჰოვამ მათ, ეზრუნათ მის ძეზე, როცა ის დედამიწას მოევლინა.

17, 18. ა) როგორ შეუძლია წყვილს, პირველ ადგილზე დააყენოს იეჰოვა? ბ) რას მიაღწევენ ისინი, თუ მათთვის უმთავრესი ღვთის ნების შესრულება იქნება?

17 თქვენც პირველ ადგილზე აყენებთ იეჰოვას? მაგალითად, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას იკვლევთ ბიბლიას და ხელმძღვანელობთ ბიბლიური პრინციპებით? ლოცულობთ და მიმართავთ მოწიფულ ქრისტიანებს რჩევისთვის? თუ თავად ცდილობთ პრობლემების გადაჭრას და ეყრდნობით საკუთარ ან ოჯახის წევრებისა და მეგობრების სიბრძნეს? ცდილობთ, გამოიყენოთ უამრავი პრაქტიკული რჩევა, რომელსაც ერთგული მონა გვთავაზობს ცოლქმრულ ურთიერთობებთან თუ ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით? თუ უბრალოდ ადგილობრივ ტრადიციებს მიჰყვებით ან პოპულარული კონსულტანტების რჩევებს ითვალისწინებთ? ხშირად ლოცულობთ ერთად და იკვლევთ ბიბლიას? ისახავთ სულიერ მიზნებს და საუბრობთ იმის შესახებ, თუ რას ანიჭებთ პრიორიტეტს?

18 რეი, რომელიც 50 წელია შეხმატკბილებულად ცხოვრობს თავის მეუღლესთან, ამბობს: «არასდროს გვქონია ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც ვერ შევძელით, რადგან ჩვენი „სამმაგი ძაფის“ განუყოფელი ნაწილი იეჰოვაა» (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:12). დენი და ტრინაც მსგავს აზრს გამოთქვამენ: „მე და ჩემი მეუღლე ერთად ვემსახურებით ღმერთს, ამიტომ ჩვენი ცოლქმრული კავშირი კიდევ უფრო მტკიცდება“. ეს წყვილი უკვე 34 წელზე მეტია, რაც ბედნიერად ცხოვრობს. თუ ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებთ იეჰოვას, იგი დაგეხმარებათ ბედნიერების მიღწევაში და კურთხევებს გადმოგაცლით (ფსალმ. 127:1).

კვლავაც დააფასეთ ღვთის ძღვენი!

19. რატომ გვიბოძა ღმერთმა ქორწინების ძღვენი?

19 ბევრისთვის დღეს მთავარია პირადი ბედნიერება. მაგრამ იეჰოვას მსახურები ასე არ ფიქრობენ. მათ იციან, რომ ქორწინება, რომელსაც ღმერთმა მისცა დასაბამი, ძღვენია; სწორედ ამ ძღვნის მეშვეობით უნდა განეხორციელებინა ღმერთს თავისი განზრახვა (დაბ. 1:26—28). ადამსა და ევას რომ დაეფასებინათ ეს ძღვენი, მთელი დედამიწა გადაიქცეოდა სამოთხედ, რომელიც ღვთის მართალი და ბედნიერი მსახურებით აივსებოდა.

20, 21. ა) რატომ უნდა ვუყუროთ ქორწინებას, როგორც წმინდა კავშირს? ბ) კიდევ რა ძღვენზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში?

20 რაც ყველაზე მთავარია, ქორწინება ღვთის მსახურებისთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც მათ შეუძლიათ იეჰოვას განდიდება (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:31 ). როგორც დავინახეთ, თუ ვავლენთ ერთგულებას, ერთსულოვნებას და ღმერთს პირველ ადგილზე ვაყენებთ, გულს ვუხარებთ იეჰოვას, ეს კი განამტკიცებს ქორწინებას. ასე რომ, იმის მიუხედავად, დაქორწინებას ვაპირებთ თუ დანგრევის პირას მისული ოჯახის გადარჩენას ვცდილობთ, ქორწინებას უნდა ვუყუროთ, როგორც ღვთის მიერ დაფუძნებულ წმინდა კავშირს. თუ ამ აზრით ვიცხოვრებთ, ღვთის სიტყვის საფუძველზე ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ამგვარად, ჩვენ არა მხოლოდ ქორწინების ძღვენს დავაფასებთ, არამედ იეჰოვა ღმერთის მიმართაც გამოვავლენთ პატივისცემას, რომელმაც ეს ძღვენი გვიბოძა.

21 ქორწინება, რასაკვირველია, არ არის ერთადერთი ძღვენი, რაც ღმერთმა გვიბოძა და არც ბედნიერებამდე მიმყვანი ერთადერთი გზაა. მომდევნო სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ ღვთისგან ბოძებულ კიდევ ერთ ფასდაუდებელ ძღვენზე — ეს არის დაუქორწინებლობის ძღვენი.

როგორ უპასუხებთ?

• რატომ თამაშობს ერთგულება გადამწყვეტ როლს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში?

• რატომ შეიძლება ითქვას, რომ ერთად მსახურება თუ სხვა საქმეებში ერთად მონაწილეობა განამტკიცებს ქორწინებას?

• რით შეუძლია აჩვენოს წყვილმა, რომ მათთვის უმთავრესია ღვთის ნების შესრულება?

• როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ პატივს მივაგებთ იეჰოვას, ქორწინების ფუძემდებელს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 15 გვერდზე]

საოჯახო საქმეებსა თუ მსახურებაში ერთად მონაწილეობა ცოლ-ქმარს ოჯახური კვანძების განმტკიცებაში ეხმარება