ენგადინის ველზე არაერთგან შენიშნავთ ღვთის სახელს
ენგადინის ველზე არაერთგან შენიშნავთ ღვთის სახელს
სენტ-მორიცი. ალბათ, გაგიგიათ ამ ქალაქის შესახებ, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად ცნობილი საკურორტო ადგილია. ის შვეიცარიაში ენგადინის ველზეა გაშენებული. ამ ველზე არაერთი საუცხოო ადგილია. ენგადინის ველი შვეიცარიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იტალიის საზღვართან მდებარე დათოვლილ ალპებს შორისაა მოქცეული და სწორედ ამიტომ იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ენგადინის ველზე აგრეთვე მდებარეობს შვეიცარიის ეროვნული პარკი, რომლის ბუნებრივი სილამაზე, ერთმანეთში შერწყმული მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, ხოტბას ასხამს ჩვენს დიდებულ შემოქმედს იეჰოვა ღმერთს (ფსალმ. 148:7—10). ამ ულამაზეს ველზე კიდევ ერთი რამ განადიდებს ჩვენს შემოქმედს, რაც უკავშირდება მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ენგადინის ველზე არსებულ ტრადიციას.
იქ თქვენს მზერას, უდავოდ, მიიპყრობს ღვთის სახელი, რომელსაც ძველად აგებული მრავალი სახლის ფასადსა თუ შესასვლელი კარის თავზე შენიშნავთ. გასულ საუკუნეებში არსებული ტრადიციის მიხედვით, ღვთის სახელს სახლის გარეთა კედლებს საღებავით აწერდნენ, მობათქაშებულ კედლებზე კაწრავდნენ ან ქვაზე კვეთდნენ. ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სურათი, რომელზეც აღბეჭდილია ერთ-ერთი სახლი სოფელ ბევერში. სახლის გარეთა კედელზე ვკითხულობთ წარწერას: „1715 წელი. იეჰოვაა ყველაფრის დასაწყისი და იეჰოვაა ყველაფრის დასასრული. მხოლოდ მას შესწევს ყველაფრის კეთების ძალა და არაფერი ხდება მის გარეშე“. ამ ძველ წარწერაზე ღვთის სახელი ორჯერაა მოხსენიებული.
ამავე გვერდზე მოცემულია კიდევ ერთი სახლის სურათი, რომელზეც გაკეთებულია უფრო გვიანი პერიოდით დათარიღებული წარწერა: „127-ე ფსალმუნი. თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს, ტყუილად ირჯებიან მისი მშენებლები. ლუციუს რუმედიუსი. 1654 წელი“.
რატომ აწერია ღვთის სახელი არაერთ სახლს ენგადინის ველზე? რეფორმაციის პერიოდში ბიბლია ითარგმნა რეტორომანულ ენაზე, რომელზეც ამ მხარეში ლაპარაკობენ. ეს ენა რომანულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. პირველი წიგნი, რომელიც რეტორომანულ ენაზე ითარგმნა, სწორედ ბიბლია იყო. ადგილობრივ ხალხზე დიდი გავლენა იქონია ბიბლიიდან წაკითხულმა და თავიანთი სახლის გარეთა კედლებზე თავიანთი სახელების გარდა ბიბლიური ციტატების ამოკვეთაც დაიწყეს. ბევრ ასეთ ციტატაში ღვთის სახელიც იყო მოხსენიებული.
ენგადინის ველზე რამდენიმე საუკუნის წინათ სახლებზე გაკეთებული წარწერები დღემდე აუწყებს სხვებს იეჰოვა ღმერთის სახელს და განადიდებს მას. ყველას, სტუმრებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას, მთელი გულით ვთავაზობთ, უფრო მეტი გაიგონ დიდებული ღვთის, იეჰოვას შესახებ და ეწვიონ სოფელ ბევერში არსებულ კიდევ ერთ შენობას, რომელზეც აწერია ღვთის სახელი. ეს შენობა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზია.
[სურათის საავტორო უფლება 7 გვერდზე]
© Stähli Rolf A/age fotostock