არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უზომოდ მადლიერი ვარ, რომ განსაცდელების მიუხედავად იეჰოვას ვემსახურები

უზომოდ მადლიერი ვარ, რომ განსაცდელების მიუხედავად იეჰოვას ვემსახურები

უზომოდ მადლიერი ვარ, რომ განსაცდელების მიუხედავად იეჰოვას ვემსახურები

მოგვითხრო მაჩე დე იონე ვან დენ ჰეუველმა

ამჟამად 98 წლის ვარ. 70 წელია, რაც იეჰოვას გულითა და სულით ვემსახურები, თუმცა მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გამოიცადა ჩემი რწმენა. მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას გაუსაძლისმა პირობებმა იმდენად გამომაცალა ძალა, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, რასაც მთელი ცხოვრება ვნანობდი. ამ პერიოდიდან რამდენიმე წელში ცხოვრებამ კიდევ ერთი გამოცდა მომიწყო. მიუხედავად ამისა, უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ განსაცდელების მიუხედავად, მაქვს პატივი, ვემსახურო მას.

1940 წლის ოქტომბერში ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო — მე ჭეშმარიტება გავიგე. ვცხოვრობდი ამსტერდამიდან (ნიდერლანდები) სამხრეთ-აღმოსავლეთით 24 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ჰილვერსიუმში. ქვეყანას ნაცისტები მართავდნენ. მაშინ მე და ჩემი ძვირფასი მეუღლე, იაპ დე იონე, ხუთი წლის დაქორწინებულები ვიყავით. ჩვენ გვყავდა 3 წლის გოგონა, ვილე. ჩვენ გვერდით ცხოვრობდა რვაშვილიანი ოჯახი, რომელთაც მატერიალურად ძალიან უჭირდათ. მათთან ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა კაცი. ყოველთვის მიკვირდა, რა ძალა ადგა ამ ოჯახს, რომ სარჩენად კიდევ ერთი ადამიანი დაიმატეს მაშინ, როცა თვითონ ძლივს გაჰქონდათ თავი. ერთხელ, როცა მათ საჭმელი მივუტანე, გავიგე, რომ ეს ახალგაზრდა კაცი პიონერი იყო. მან მიქადაგა ღვთის სამეფოზე და იმ კურთხევებზე, რომელსაც ეს სამეფო გვპირდება. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მოსმენილმა. ჭეშმარიტება ძალიან მალე შემიყვარდა. იმავე წელს თავი მივუძღვენი იეჰოვას და მოვინათლე. ერთი წლის შემდეგ ჩემი მეუღლეც მოინათლა.

მართალია, მწირი ბიბლიური ცოდნა მქონდა, მაგრამ ერთი რამ კარგად მესმოდა — მე ვიყავი იეჰოვას მოწმე, იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც იმ პერიოდში აკრძალული იყო. ისიც ვიცოდი, რომ მრავალი იეჰოვას მოწმე სამეფოს შესახებ ქადაგების გამო ციხეებში იჯდა. მიუხედავად ამისა, მალევე დავიწყე კარდაკარ ქადაგება. ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო პიონერებისა და მიმომსვლელი ზედამხედველებისთვის. ჩვენს სახლში აგრეთვე ინახებოდა ბიბლიური ლიტერატურა, რომელსაც და-ძმები ამსტერდამიდან გვიგზავნიდნენ. ისინი ველოსიპედის საბარგულში აწყობდნენ წიგნებს და ზემოდან ბრეზენტს აფარებდნენ. ეს ძმები მართლაც დიდ სიყვარულსა და თავგანწირვის სულს ავლენდნენ, რადგან თავიანთ სიცოცხლეს და-ძმების გულისთვის საფრთხეში იგდებდნენ (1 იოან. 3:16).

„ხომ მალე მოხვალ, დედიკო?“

ნათლობიდან ექვსი თვის შემდეგ სახლში სამი პოლიციელი მოგვადგა. ისინი ოთახში შემოვიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. მართალია, მათ ლიტერატურით სავსე კარადას ვერ მიაგნეს, მაგრამ ჩვენს საწოლში დამალული რამდენიმე წიგნი იპოვეს. მათ მიბრძანეს, რომ დაუყოვნებლივ გავყოლოდი პოლიციის განყოფილებაში. როცა ჩემს პატარა გოგონას ვემშვიდობებოდი, გულში მაგრად ჩავიკარი. მან მკითხა: „ხომ მალე მოხვალ, დედიკო?!“ მე ვუთხარი: „კი, შვილო, დედიკო მალე მოვა“. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემს პატარას წელიწად-ნახევარი ვერ ჩავიხუტებდი გულში.

ერთ-ერთმა პოლიციელმა დასაკითხად მატარებლით წამიყვანა ამსტერდამში. დაკითხვისას დამისახელეს სამი ჰილვერსიუმელი ძმა და მკითხეს, იყვნენ თუ არა ისინი იეჰოვას მოწმეები. პასუხად მივუგე: „ამ სამიდან მხოლოდ ერთს ვიცნობ, რძე დააქვს ჩვენთან“. სიმართლე ვთქვი, რადგან ამ ძმას მართლაც მოჰქონდა რძე ჩვენთვის. „მე რატომ მეკითხებით. თავად მას ჰკითხეთ, არის თუ არა იეჰოვას მოწმე“, — ვუთხარი მათ. ვერაფერი რომ ვერ დამაცდენინეს, სახეში გამარტყეს და ორი თვით საკანში ჩამკეტეს. როცა ჩემმა მეუღლემ გაიგო ჩემი ადგილსამყოფელი, ტანსაცმელი და საჭმელი მომიტანა. 1941 წლის აგვისტოში რავენსბრიუკის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში გამგზავნეს, სადაც სასტიკად ეპყრობოდნენ პატიმრებს. ეს ბანაკი ბერლინიდან (გერმანია) ჩრდილოეთით, 80 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.

„ნუ გეშინია დაიკო, გამაგრდი!“

ბანაკში ჩასვლისთანავე გვითხრეს, რომ უკან დაგვაბრუნებდნენ, თუ უარს ვიტყოდით ჩვენს რწმენაზე და ხელს მოვაწერდით დოკუმენტს. რა თქმა უნდა, დოკუმენტს ხელი არ მოვაწერე. ამიტომ, იძულებული ვიყავი, ჩემი ნივთები მათთვის მიმეცა. გავიხადე, რაც მეცვა და აბაზანაში შევედი, სადაც ნიდერლანდელი დები დამხვდნენ. იქ მოგვცეს ტანსაცმელი, რომელზეც იისფერი სამკუთხედი იყო დაკერებული, აგრეთვე თეფში, ფინჯანი და კოვზი. იმ დღეს ბარაკში დაგვტოვეს. მას შემდეგ, რაც დამაპატიმრეს, პირველად ვიჯერე გული ტირილით. „ნეტავ, რა მელის? რამდენ ხანს ვიქნები აქ“? — ვტიროდი სასოწარკვეთილი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ იეჰოვას ახლოს არ ვიცნობდი, რადგან ჭეშმარიტება ახალი გაგებული მქონდა და კიდევ ბევრი რამ უნდა მესწავლა. მომდევნო დღეს, როცა სიის ამოკითხვა დაიწყეს, ერთმა გერმანელმა დამ, როგორც ჩანს, შემამჩნია, რომ ძალიან დამწუხრებული ვიყავი და მითხრა: „ნუ გეშინია დაიკო, გამაგრდი! ყველაფერი კარგად იქნება!“.

სიის ამოკითხვის შემდეგ სხვა ბარაკში გადაგვიყვანეს, სადაც ასობით გერმანელი და ნიდერლანდელი და დაგვხვდა. ზოგი გერმანელი და უკვე წელზე მეტი იყო ბანაკში. მათთან ურთიერთობამ მართლაც ძალიან გამაძლიერა და გამომაცოცხლა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აგრეთვე იმან, რომ სხვა ბარაკებთან შედარებით ჩვენი დების ბარაკები ძალიან სუფთა იყო. სისუფთავის გარდა ჩვენი ბარაკები იმით გამოირჩეოდა, რომ არავინ ქურდობდა, ილანძღებოდა და ჩხუბობდა. მიუხედავად იმისა, რომ საშინელ პირობებში ვიყავით, ჩვენი ბარაკები სუფთა კუნძულს მოგაგონებდათ დაბინძურებულ ზღვაში.

ცხოვრება ბანაკში

ბანაკში ცხოვრება აუტანელი იყო — ბევრს გვამუშავებდნენ და ძალიან ცოტას გვაჭმევდნენ. ყოველდღე დილის 5 საათზე ვდგებოდით, რის შემდეგაც მალევე იწყებოდა სიის ამოკითხვა. მცველები დაახლოებით ერთი საათი წვიმის ქვეშ ან პაპანაქებაში გვაიძულებდნენ დგომას. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ 5 საათზე კვლავ სიის ამოკითხვას იწყებდნენ. ამის მერე გვაძლევდნენ პურსა და წვნიანს. ჭამის შემდეგ ძალაგამოცლილები დასაძინებლად მივდიოდით.

ყოველდღე, კვირის გარდა, ფერმაში გვამუშავებდნენ, სადაც ხორბალს ვცელავდით, თხრილები გაგვყავდა და საღორეებს ვასუფთავებდით. ძალიან ბევრს ვმუშაობდი და საკმაოდ რთულ სამუშაოს ვასრულებდი, მაგრამ ვუმკლავდებოდი ყველაფერს, რადგან ახალგაზრდა ვიყავი და მკლავში ძალა მერჩოდა. ძალიან ვმხნევდებოდი, როცა სამეფოს სიმღერებს ვმღეროდი. ყოველდღე ვფიქრობდი ჩემს მეუღლესა და შვილზე. უზომოდ მენატრებოდნენ ისინი.

ძალიან ცოტას გვაჭმევდნენ, მაგრამ დები პურის პატარა ნაჭერს ყოველდღე გადავინახავდით ხოლმე, კვირას რომ მშივრები არ დავრჩენილიყავით. კვირაობით ერთად ვიკრიბებოდით და ბიბლიურ თემებზე ვსაუბრობდით. ბიბლიური ლიტერატურა არ გვქონდა, მაგრამ გულისყურით ვუსმენდი ასაკოვან გერმანელ დებს, რომლებიც სულიერ საკითხებზე მსჯელობდნენ. ჩვენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოც კი აღვნიშნეთ ბარაკში.

დარდი, სინანული და გულგატეხილობა

ზოგჯერ ნაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერად ამა თუ იმ საქმის კეთებას გვავალებდნენ, მაგრამ რამდენადაც პოლიტიკურ საკითხებში არ ვერეოდით, ყველა და უარს ამბობდა ასეთი სამუშაოს შესრულებაზე. მეც ამ გაბედული დების მსგავსად ვიქცეოდი. ამის გამო გვსჯიდნენ და რამდენიმე დღე საჭმელს აღარ გვაძლევდნენ. გარდა ამისა, სიის ამოკითხვისას საათობით გვაიძულებდნენ ფეხზე დგომას. ერთხელ, ზამთრის პერიოდში გაყინულ ბარაკებში 40 დღე ჩაგვკეტეს.

იეჰოვას მოწმეებს ხშირად შეგვახსენებდნენ, რომ გაგვიშვებდნენ, თუ უარს ვიტყოდით ჩვენს რწმენაზე და ხელს მოვაწერდით დოკუმენტს. მას შემდეგ, რაც ერთ წელზე მეტი გავიდა, რავენსბრიუკში ყოფნა ძალიან გამიჭირდა. გულგატეხილი და დამწუხრებული ვიყავი. ისე მინდოდა ჩემი მეუღლისა და შვილის ნახვა, რომ მცველებთან მივედი და გამოვართვი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ აღარ მინდოდა, ვყოფილიყავი ბიბლიის მკვლევარი. ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერე.

ზოგი და ერიდებოდა ჩემთან ურთიერთობას მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელი მოვაწერე. მაგრამ ორმა ასაკოვანმა გერმანელმა დამ ჰედვიგმა და გერტრუდმა მომძებნეს და თავიანთ სიყვარულში დამარწმუნეს. როცა ერთად ვასუფთავებდით საღორეს, დებმა ამიხსნეს, რომ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და მისადმი სიყვარულს იმით ვავლენთ, რომ კომპრომისზე არ მივდივართ. მათმა დედობრივმა მზრუნველობამ და სიყვარულმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. * ვიცოდი, რომ არასწორად მოვიქეცი და ჩემ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ანულირება მინდოდა. ერთ საღამოს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ერთ დას ვუთხარი. როგორც ჩანს, ბანაკის ზედამხედველმა გაიგონა ჩვენი საუბარი, რადგან იმავე საღამოს მოულოდნელად წამიყვანეს ბანაკიდან და მატარებლით ნიდერლანდებში გამაგზავნეს. თვალებიდან არ ამომდის ერთ-ერთი ზედამხედველის სახე, რომელმაც მითხრა: „შენ ისევ ბიბლიის მკვლევარი ხარ და ყოველთვის იქნები“. მე კი ვუთხარი: „მართალი ხარ, იეჰოვას ასე სურს“. მიუხედავად ამისა, მოსვენებას არ მაძლევდა იმაზე ფიქრი, როგორ გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, რომელიც მაშინ დავუშვი, როცა დოკუმენტს ხელი მოვაწერე.

ჩემ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტში ეწერა: „ვდებ პირობას, რომ აღარასოდეს ჩავებმები ბიბლიის საერთაშორისო მკვლევართა საქმიანობაში“. ვიცოდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. 1943 წლის იანვარში, მალევე მას შემდეგ, რაც სახლში დავბრუნდი, კვლავ დავიწყე გულმოდგინედ ქადაგება. ნაცისტებს ქადაგებისას კიდევ რომ დავეჭირე, უარესი სასჯელი მელოდა.

მთელი გულით ვცდილობდი, იეჰოვასთვის ჩემი ერთგულება კვლავ დამემტკიცებინა. მე და ჩემი მეუღლე ლიტერატურის დამტარებლებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებს ყოველთვის ვთავაზობდით, რომ დარჩენილიყვნენ ჩვენთან სახლში. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ კიდევ მომეცა შესაძლებლობა, დამემტკიცებინა მისთვის ჩემი სიყვარული.

საშინელი ემოციური ტკივილი

რამდენიმე თვით ადრე, სანამ ომი დამთავრდებოდა, მე და ჩემმა მეუღლემ ენით აუწერელი ემოციური დარტყმა მივიღეთ. 1944 წლის ოქტომბერში ჩვენი გოგონა უეცრად გაგვიხდა ცუდად. ვილეს დიფთერია შეეყარა. მას ძალიან მალე გაუუარესდა მდგომარეობა და სამი დღის შემდეგ დაიღუპა. ის მხოლოდ 7 წლის იყო.

ერთადერთი შვილის დაკარგვამ ემოციურად გაგვანადგურა. რავენსბრიუკში გადამხდარი საშინელებები არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ჩვენი შვილის სიკვდილის დროს გადავიტანეთ. როცა სევდა გვეძალებოდა, ძალიან გვანუგეშებდა ფსალმუნის 16:8-ში ჩაწერილი სიტყვები: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის“. მე და ჩემს მეუღლეს მტკიცედ გვწამდა მკვდრეთით აღდგომის. განსაცდელების მიუხედავად, არ შეგვიწყვეტია ღვთის მსახურება და ყოველთვის გულმოდგინედ ვქადაგებდით სასიხარულო ცნობას. ჩემი მეუღლე სიკვდილამდე, 1969 წლამდე, ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. იგი ყოველთვის გვერდით მედგა და მეხმარებოდა, რომ მადლიერებით მემსახურა ღვთისთვის.

კურთხევებმა არ დააყოვნა

ათწლეულების მანძილზე დიდ სიხარულს მანიჭებდა სრული დროით მსახურებთან ურთიერთობა. როგორც ომის პერიოდში, ისე მას შემდეგ ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი ცოლებისთვის, როცა ისინი კრებებს ინახულებდნენ. ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი და მისი მეუღლე მარტენ და ნელი კეპტინები ჩვენთან 13 წელი ცხოვრობდნენ. როცა ნელის სერიოზული დაავადება შეეყარა, მე ვუვლიდი მას სამი თვე, სანამ დაიღუპებოდა. მათთან და სხვა ადგილობრივ და-ძმებთან ურთიერთობა დამეხმარა, გამეხარა სულიერ სამოთხეში ყოფნით, რომელში ცხოვრებაც დღემდე სიხარულს მანიჭებს.

ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო მომენტი ჩემს ცხოვრებაში 1995 წელს დადგა, როცა რავენსბრიუკში ყოფილი პატიმრები ერთმანეთს შევხვდით. იქ ვნახე დები, რომლებთან ერთადაც ბანაკში ვიყავი. 50 წელზე მეტი იყო გასული, რაც ისინი არ მყავდნენ ნანახი. ეს დღე დაუვიწყარია ჩემთვის, რადგან ენით აუწერელი სიხარული ვიგრძენი. ჩვენ ერთმანეთის ნახვით გავმხნევდით და ვანუგეშეთ ერთმანეთი, რომ მალე მკვდრეთით აღდგომისას საყვარელ ადამიანებს კვლავ ვიხილავდით.

რომაელების 15:4-ში მოციქული პავლე გვეუბნება: „მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გქონდეთ იმედი“. უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მაქვს მომავლის იმედი, რისი წყალობითაც შემიძლია განსაცდელების მიუხედავად, ვემსახურო მას.

[სქოლიო]

^ აბზ. 19 იმ პერიოდში მთავარ სამმართველოსთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ამიტომ, და-ძმები ნეიტრალიტეტთან დაკავშირებულ საკითხებში ისე იქცეოდნენ, როგორც თავად მიაჩნდათ მართებულად. სწორედ ამიტომ ჰქონდათ და-ძმებს მაშინ ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულება.

[სურათი 10 გვერდზე]

იაპთან ერთად, 1930 წელი

[სურათი 10 გვერდზე]

ჩვენი გოგონა ვილე, შვიდი წლის ასაკში

[სურათი 12 გვერდზე]

1995 წლის ისტორიული შეხვედრა. ვზივარ პირველ რიგში, მარცხნიდან მეორე