არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გძულთ უკანონობა?

გძულთ უკანონობა?

გძულთ უკანონობა?

„შენ [იესო] უკანონობა შეიძულე“ (ებრ. 1:9).

1. როგორ გაამახვილა იესომ ყურადღება სიყვარულის მნიშვნელოვნებაზე?

იესო ქრისტემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სიყვარულის მნიშვნელოვნებაზე, თავის მოწაფეებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის მიმართ თავგანწირული სიყვარული გამოევლინათ. სიყვარული ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი უნდა ყოფილიყო. იესომ აგრეთვე მითითება მისცა მათ: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათ. 5:44).

2. რა უნდა შეიძულონ ქრისტეს მიმდევრებმა?

2 იესომ თავის მიმდევრებს მხოლოდ სიყვარულის გამოვლენა კი არ ასწავლა, არამედ ისიც დაანახვა, რა უნდა სძულებოდათ. ბიბლიაში იესოს შესახებ ვკითხულობთ: „შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა [ბოროტება] შეიძულე“ (ებრ. 1:9; ფსალმ. 45:7). აქედან ჩანს, რომ ჩვენ მხოლოდ სიმართლე კი არ უნდა შევიყვაროთ, არამედ ბოროტებაც ანუ უკანონობაც უნდა შევიძულოთ. საყურადღებოა, რაც იოანე მოციქულმა აღნიშნა: „ვინც სცოდავს, უკანონობას სჩადის, ასე რომ, ცოდვა უკანონობაა“ (1 იოან. 3:4).

3. რომელი ოთხი მხარე იქნება განხილული ამ სტატიაში, და რა უნდა შევიძულოთ?

3 ჩვენ, ქრისტიანებმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: მძულს უკანონობა? ახლა განვიხილოთ ოთხი მხარე და გავიგოთ, რა უნდა შევიძულოთ: 1) რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ალკოჰოლის უზომოდ მოხმარებაზე? 2) რა შეხედულება უნდა გვქონდეს ოკულტიზმზე? 3) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ უზნეობაზე? 4) რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს უკანონობის მოყვარულთა მიმართ?

ნუ დაემონებით ალკოჰოლს!

4. რატომ შეეძლო იესოს სრული სითამამით მიეცა სხვებისთვის რჩევა, როცა საქმე უზომო სმას ეხებოდა?

4 იესო დროდადრო სვამდა ღვინოს; ის აღიარებდა, რომ ღვინო ღვთისგან ბოძებული ძღვენია (ფსალმ. 104:14, 15). მაგრამ იესო ბოროტად არასდროს იყენებდა ამ ძღვენს და უზომოდ არ სვამდა (იგავ. 23:29—33). ამიტომ, მას სიტყვაში სრული სითამამე ჰქონდა, როცა სხვებს ამ საკითხზე რჩევას აძლევდა (წაიკითხეთ ლუკას 21:34 ). ალკოჰოლის უზომოდ სმას არაერთი სერიოზული ცოდვა შეიძლება მოჰყვეს. პავლე მოციქულმა დაწერა: „ნუ დათვრებით ღვინით, რაშიც აღვირახსნილობაა, არამედ სულით ივსებოდეთ“ (ეფეს. 5:18). იგი აგრეთვე შეაგონებდა ხანში შესულ ქალებს, რომ „ღვინის მონები“ არ გამხდარიყვნენ (ტიტ. 2:3).

5. რა კითხვები უნდა დაუსვან თავს მათ, ვინც ალკოჰოლურ სასმელებს სვამს?

5 თუ ალკოჰოლურ სასმელებს ეტანებით, კარგი იქნებოდა, გეკითხათ საკუთარი თავისთვის: ისეთივე თვალსაზრისი მაქვს უზომოდ სმაზე, როგორიც იესოს ჰქონდა? თამამად შემიძლია საჭიროების შემთხვევაში ამ საკითხზე რჩევა მივცე სხვებს? იმ მიზნით ხომ არ ვიღებ ალკოჰოლს, რომ დარდი გავიქარვო ან სტრესი მოვიხსნა? რა რაოდენობით ალკოჰოლს ვიღებ ყოველკვირა? როგორ ვრეაგირებ, თუ ვინმე მიმანიშნებს, რომ ძალიან ბევრს ვსვამ? ხომ არ ვიმართლებ თავს ან ხომ არ ვბრაზდები? თუ ალკოჰოლს უზომოდ მივიღებთ, საღად აზროვნების უნარს დავკარგავთ, რაც ჩვენს გადაწყვეტილებებზეც იმოქმედებს. ქრისტეს მიმდევრები ყველანაირად ცდილობენ, რომ არ დაკარგონ საღი აზრი (იგავ. 3:21, 22).

შორს დაიჭირეთ თავი ოკულტიზმისგან!

6, 7. ა) როგორ უწევდა იესო წინააღმდეგობას სატანასა და მის დემონებს? ბ) რატომ არის დღეს ასე ფართოდ გავრცელებული ოკულტიზმი?

6 დედამიწაზე მსახურების დროს იესო მტკიცედ აღუდგა წინ სატანასა და მის დემონებს. ეშმაკმა ვერ შეარყია იესოს ერთგულება, რადგან მან უარყო ყველა მისი შემოთავაზება (ლუკ. 4:1—13). მან აგრეთვე ამოიცნო სატანის კარგად შენიღბული ხრიკი და მთელი ძალით შეეწინააღმდეგა, რადგან ეშმაკი ცდილობდა, მის აზროვნებაზე და საქციელზე ემოქმედა (მათ. 16:21—23). იესო დაეხმარა ბევრ გულწრფელ ადამიანს, თავი დაეღწიათ ოკულტიზმის საშინელი მარწუხებისგან (მარ. 5:2, 8, 12—15; 9:20, 25—27).

7 სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, 1914 წელს იესომ გაწმინდა ზეცა სატანისა და მისი დემონებისგან. ამიტომ, სატანა, ისე როგორც არასდროს, ყველა ღონეს ხმარობს, რომ ‘შეცდომაში შეიყვანოს მთელი მსოფლიო’ (გამოცხ. 12:9, 10). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რატომ არის დღეს ასე მიმზიდველი და ფართოდ გავრცელებული ოკულტიზმი. როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ ოკულტიზმისგან?

8. რატომ უნდა გამოვიკვლიოთ თითოეულმა საკუთარი თავი, როცა გართობის საშუალებებს ვირჩევთ?

8 ბიბლია გვაფრთხილებს, თუ რა საშიშროება იმალება სპირიტიზმის მიღმა (წაიკითხეთ კანონის 18:10—12). დღეს სატანა და დემონები ხალხის აზროვნებაზე მისტიკური ხასიათის ფილმების, წიგნებისა თუ ელექტრონული თამაშების მეშვეობით ახდენენ გავლენას. ამიტომ, როცა გართობის საშუალებებს ვირჩევთ, თითოეულმა უნდა ვკითხოთ თავს: გასული თვეების მანძილზე ხომ არ ვერთობოდი სპირიტული შინაარსის ფილმებით, სატელევიზიო გადაცემებით, კომპიუტერული თამაშებით, წიგნებით ან კომიქსებით? მესმის, რამდენად საშიშია ოკულტიზმი და უარვყოფ სპირიტიზმის ნებისმიერ ფორმას თუ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამას? ოდესმე დავფიქრებულვარ, როგორ უყურებს იეჰოვა გართობას, რომელსაც ვირჩევ? თუ სატანას უფლებას მივცემ, რომ სპირიტიზმის საშუალებით გავლენა მოახდინოს ჩემზე, ხომ არ გამინელდება იეჰოვასა და მისი სამართლიანი ნორმების მიმართ სიყვარული და ხომ არ გამიჭირდება, უმალვე შევეწინააღმდეგო სატანას? (საქ. 19:19, 20).

ყურად იღეთ იესოს გაფრთხილება უზნეობაზე!

9. როგორ შეიძლება ადამიანის გულში უკანონობის სიყვარულმა გაიდგას ფესვი?

9 იესო იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს იცავდა. მან თქვა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ» (მათ. 19:4—6). იესომ იცოდა, რომ თვალით დანახული გავლენას ახდენდა გულზე. ამიტომ, მთაზე ქადაგებისას თქვა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“, მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში» (მათ. 5:27, 28). ვინც უარყოფს იესოს გაფრთხილებას, სინამდვილეში მის გულში უკანონობის სიყვარული იდგამს ფესვს.

10. მოჰყევით, როგორ მიატოვა ერთმა ქრისტიანმა პორნოგრაფიის ყურება.

10 სატანა პორნოგრაფიის მეშვეობით სექსუალური უზნეობის გავრცელებას უწყობს ხელს. დღევანდელი ქვეყნიერება წალეკა პორნოგრაფიამ. ვინც პორნოგრაფიას უყურებს, უჭირთ, გონებიდან ამოიგდონ სექსუალური უზნეობის ამსახველი კადრები. უფრო მეტიც, ისინი დამოკიდებული ხდებიან პორნოგრაფიაზე. აი, რას ყვება ერთი ქრისტიანი: „იყო დრო, როცა ჩუმად ვუყურებდი პორნოგრაფიას. ჩემ მიერ წარმოსახულ სამყაროში ვცხოვრობდი — თითქოს გამიჯნული ვიყავი იმ სამყაროსგან, რომელშიც იეჰოვას ვემსახურებოდი. ვიცოდი, რომ პორნოგრაფიის ყურება უწმინდური ჩვევა იყო, მაგრამ საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ღვთისთვის კვლავაც მისაღები იყო ჩემი მსახურება“. როგორ შეიცვალა ამ ძმამ აზროვნება? იგი ამბობს: „ის გავაკეთე, რაც ყველაზე ძალიან მიჭირდა — ჩემი პრობლემის შესახებ უხუცესებს დაველაპარაკე“. საბოლოოდ, ამ ძმამ მიატოვა ეს უწმინდური ჩვევა. ის დასძენს: „მას შემდეგ, რაც მივატოვე პორნოგრაფიის ყურება, ისევ დავიბრუნე სუფთა სინდისი“. მათ, ვისაც სძულთ უკანონობა, პორნოგრაფიაც უნდა შეიძულონ.

11, 12. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გვძულს უკანონობა, როცა საქმე მუსიკის არჩევაზე მიდგება?

11 მუსიკა და ტექსტი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე და, შესაბამისად, ჩვენს სიმბოლურ გულზეც. მუსიკაც ღვთისგან ბოძებული ძღვენია და საუკუნეებია, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (გამ. 15:20, 21; ეფეს. 5:19). მაგრამ სატანის ბოროტი სისტემა მუსიკასაც იყენებს იმ მიზნით, რომ უზნეობა დიდების ზენიტში აიყვანოს (1 იოან. 5:19). როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, უარყოფითად მოქმედებს თუ არა თქვენზე მუსიკა, რომელსაც უსმენთ?

12 თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ თავს: ხომ არ განადიდებს ჩემ მიერ არჩეული სიმღერის ტექსტები მკვლელობას, მრუშობას, ან ხომ არ გმობს ღმერთს? თუ ვინმეს წავუკითხავთ ჩვენ მიერ არჩეული სიმღერის ტექსტს, დარჩება მას ჩვენზე შთაბეჭდილება, რომ ნამდვილად გვძულს უკანონობა თუ ისეთი წარმოდგენა შეექმნება, რომ ჩვენი გული გაირყვნა? ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გვძულს უკანონობა, თუ უზნეობის განმადიდებელ სიმღერებს მოვუსმენთ. იესომ თქვა: „პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და ეს ბილწავს ადამიანს. მაგალითად, გულიდან გამოდის ბოროტი აზრები, მკვლელობა, მრუშობა, სიძვა, ქურდობა, ცრუმოწმეობა, მკრეხელობა“ (მათ. 15:18, 19; შეადარეთ იაკობის 3:10, 11).

ისეთივე შეხედულება გქონდეთ უკანონობის მოყვარულთა მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა

13. როგორ უყურებდა იესო მათ, ვინც ურცხვად სჩადიოდა ცოდვას?

13 იესომ თქვა, რომ ის მოვიდა ცოდვილთა, ანუ უკანონობის მოყვარულთა მოსახმობად, რათა მოენანიებინათ ცოდვები (ლუკ. 5:30—32). როგორ უყურებდა იესო მათ, ვინც ურცხვად სჩადიოდა ცოდვას? იესომ მკაცრად გააფრთხილა ყველა, თავი შორს დაეჭირათ მათგან, ვინც სხვებს ცოდვაში ითრევდნენ (მათ. 23:15, 23—26). მან აგრეთვე განაცხადა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“» მაგრამ იესო უარყოფს ყველას, ვინც მოუნანიებლად აგრძელებს უკანონობის კეთებას, და ეტყვის მათ: „გამშორდით“! (მათ. 7:21—23). რატომ გამოაქვს იესოს მათთვის ასეთი მკაცრი განაჩენი? მიზეზი ის არის, რომ ისინი შეურაცხყოფენ ღმერთს და თავიანთი უკანონო ქმედებებით სხვებსაც ზიანს აყენებენ.

14. რატომ უნდა გაირიცხოს მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან?

14 ღვთის სიტყვაში მითითებაა, რომ მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან გაირიცხოს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:9—13). ამის, სულ მცირე, სამი მიზეზი არსებობს: 1) იეჰოვას სახელი არ უნდა შეიბღალოს, 2) კრების სიწმინდე უნდა იყოს დაცული, 3) ცოდვილს დახმარება უნდა გაეწიოს, რომ იქნებ მოინანიოს.

15. რა კითხვები უნდა დავუსვათ თავს იმისათვის, რომ გავიგოთ, ნამდვილად გვიყვარს თუ არა ღმერთი?

15 გვაქვს ისეთივე შეხედულება უკანონობის მოქმედთა მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა? ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები: ხშირი ურთიერთობა ხომ არ მაქვს მასთან, ვინც კრებიდან არის გარიცხული ან ვინც თავად დატოვა ქრისტიანული კრება? რა შეიძლება ითქვას, თუ ის ჩემი ოჯახის წევრია, მაგრამ ერთ ჭერქვეშ დიდი ხანია აღარ ვცხოვრობთ? ასეთ სიტუაციაში ღვთისადმი ჩვენი ერთგულება იცდება და მჟღავნდება, რამდენად გვიყვარს სიმართლე. *

16, 17. რა პრობლემის წინაშე დადგა ერთი ქრისტიანი დედა, და რა დაეხმარა მას, რომ მიჰყოლოდა იეჰოვას მითითებას მოუნანიებელი ცოდვილის გარიცხვის თაობაზე?

16 დავფიქრდეთ ერთი დის მაგალითზე. მის ვაჟს, რომელიც სრულწლოვანია, ერთ დროს უყვარდა იეჰოვა. მაგრამ მოგვიანებით მან უკანონობას მიჰყო ხელი. მან არ მოინანია და კრებიდან გაირიცხა. ჩვენს დას უყვარდა იეჰოვა, მაგრამ თავისი შვილიც არანაკლებ უყვარდა. მას ძალიან უჭირდა, გაეთვალისწინებინა ბიბლიური მითითება და მორიდებოდა გარიცხულ შვილთან ურთიერთობას.

17 თქვენ რა რჩევას მისცემდით ამ დას? უხუცესი დაეხმარა დას იმის დანახვაში, რომ იეჰოვას კარგად ესმოდა მისი ტკივილი. მან დააფიქრა ეს და, თუ რამხელა ტკივილს იგრძნობდა თავად იეჰოვა, როცა მისმა სულიერმა ძეებმა ზურგი აქციეს. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ იცის, როგორი მტკივნეულია ძმის ან დის კრებიდან გარიცხვა, მისი მითითებით, მოუნანიებელი ცოდვილი კრებიდან უნდა გაირიცხოს. დამ ყურად იღო უხუცესის რჩევა და ერთგულად მიჰყვა იეჰოვას მითითებას. * ასეთი ერთგულება გულს უხარებს იეჰოვას (იგავ. 27:11).

18, 19. ა) რის მიმართ გამოვხატავთ სიძულვილს, როცა უარს ვამბობთ შემცოდველთან ურთიერთობაზე? ბ) რა მოჰყვება შედეგად იმას, თუ ღვთის ერთგული დავრჩებით და მივყვებით მის მითითებას?

18 თუ თქვენც მსგავს სიტუაციაში ხართ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის თქვენი და თანაგიგრძნობთ. როდესაც უარს ამბობთ მასთან ურთიერთობაზე, ვინც კრებიდან გაირიცხა ან თავად მიატოვა კრება, თქვენ აჩვენებთ, რომ გძულთ ღვთისთვის მიუღებელი აზროვნება და საქციელი, რამაც ძმა თუ და აქამდე მიიყვანა. მაგრამ ამავდროულად თქვენ ცხადყოფთ, რომ გიყვართ შემცოდველი და მისთვის საუკეთესო გსურთ. უფრო მეტიც, თუ ამ საკითხში იეჰოვას მითითებას მიჰყვებით და ამგვარად დაუმტკიცებთ ერთგულებას, დიდი ალბათობაა, რომ სამართლებრივი ზომების მიღების შედეგად შემცოდველმა მოინანიოს და იეჰოვას დაუბრუნდეს.

19 ერთმა ქრისტიანმა, რომელიც გაირიცხა და მოგვიანებით აღდგა, დაწერა: „იეჰოვას იმდენად უყვარს თავისი ხალხი, რომ არასდროს უშვებს, მისი ორგანიზაციის სიწმინდე შეიბღალოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ორგანიზაციაში ვარ! ის, რაც გარეშეებს სისასტიკედ მიაჩნიათ, სრულიად სამართლიანია და სიყვარულის მაჩვენებელია“. როგორ ფიქრობთ, რა დაეხმარა ამ ქრისტიანს ასეთი დასკვნის გაკეთებაში? ეჭვგარეშეა, ეს ქრისტიანი ამ აზრამდე არ მივიდოდა, კრების ან ოჯახის წევრებს მასთან ურთიერთობა რომ გაეგრძელებინათ. როდესაც მივყვებით ბიბლიურ მითითებას გარიცხვის თაობაზე, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს სიმართლე და ვაღიარებთ, რომ იეჰოვას აქვს უფლება, დაგვიდგინოს ქცევის ნორმები.

„შეიძულეთ ბოროტება“!

20, 21. რატომ უნდა შევიძულოთ ბოროტება?

20 პეტრე მოციქული გვაფრთხილებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ!“ რატომ არის სიფხიზლე აუცილებელი? მოციქული თავად გვპასუხობს: „თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8). შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ ეშმაკის მსხვერპლი? ეს იმაზეა დამოკიდებული, ავითარებთ თუ არა სიძულვილს ბოროტების მიმართ.

21 ადვილი არ არის, შეიძულო ბოროტება. ჩვენ ცოდვილები ვიბადებით და ისეთ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენში ხორციელ სურვილებს აღძრავს (1 იოან. 2:15—17). მაგრამ, თუ იესო ქრისტეს მივბაძავთ და მთელი გულით შევიყვარებთ იეჰოვას, შევძლებთ უკანონობის შეძულებას. მოდი, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ ‘შევიძულოთ ბოროტება’ და ღრმად ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ‘დაიცავს თავის ერთგულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ’ (ფსალმ. 97:10).

[სქოლიოები]

^ აბზ. 15 ამ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვერდები 207—209.

^ აბზ. 17 იხილეთ აგრეთვე 2007 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 17—20.

როგორ უპასუხებთ?

• რა დაგვეხმარება იმის დანახვაში, სინამდვილეში რა დამოკიდებულება გვაქვს ალკოჰოლის მიმართ?

• როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ ოკულტიზმისგან?

• რატომ არის საშიში პორნოგრაფიის ყურება?

• როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ უკანონობისადმი სიძულვილი, როცა ჩვენი საყვარელი ადამიანი კრებიდან ირიცხება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 29 გვერდზე]

რაზე გმართებთ დაფიქრება, თუ ალკოჰოლს ეტანებით?

[სურათი 30 გვერდზე]

მოერიდეთ ისეთ გართობას, რომელიც სატანის სულს ირეკლავს

[სურათი 31 გვერდზე]

რისი სიყვარული იდგამს ფესვს მათ გულში, ვინც პორნოგრაფიას უყურებს?