არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მადლიერი ხართ ღვთის კურთხევებისთვის?

მადლიერი ხართ ღვთის კურთხევებისთვის?

მადლიერი ხართ ღვთის კურთხევებისთვის?

იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტის ტყვეობიდან სასწაულებრივად დაიხსნა. თავიდან ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ, რადგან შეეძლოთ იეჰოვასთვის თავისუფლად ეცათ თაყვანი (გამ. 14:29—15:1, 20, 21). თუმცა, ეს სიხარული დიდხანს არ გაჰყოლიათ. მათ დაიწყეს დრტვინვა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ბევრი რამ მოაკლდათ. ისინი იმიტომ იყვნენ უკმაყოფილონი, რომ ყურადღებას იმაზე კი არ ამახვილებდნენ, რაც იეჰოვამ გააკეთა მათთვის, არამედ იმაზე, თუ რა არახელსაყრელ პირობებში უხდებოდათ უდაბნოში ცხოვრება. მათ მოსეს უთხრეს: „იმიტომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დავიხოცოთ? არც პური გვაქვს და არც წყალი; შესძულდა ჩვენს სულს ეს საზიზღარი პური [მანანა]“ (რიცხ. 21:5).

საუკუნეების შემდეგ ძველი ისრაელის მეფე დავითი მღეროდა: „მე შენს სიკეთეს ვარ მინდობილი. გაიხაროს ჩემმა გულმა შენგან ხსნით. ვუმღერებ იეჰოვას, რადგან დამაჯილდოვა“ (ფსალმ. 13:5, 6). დავითს არასდროს ავიწყდებოდა, რამდენი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული მისთვის იეჰოვას. ის ყოველთვის ფიქრობდა ამაზე (ფსალმ. 103:2). იეჰოვა ჩვენ მიმართაც არ იშურებს სიკეთეს და კარგი იქნება, თუ არ გავაუფასურებთ ყველაფერს, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აკეთებს. მოდი, ვნახოთ, დღეს რით გვაკურთხებს იეჰოვა.

„იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა“

ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ“ (ფსალმ. 25:14). მართლაც დიდი პატივია არასრულყოფილი ადამიანებისთვის, ჰქონდეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა! მაგრამ ყოველდღიურ საქმეებში იმდენად ხომ არ ვართ ჩაფლული, რომ ძალიან ცოტა დრო გვრჩება ლოცვისთვის? თუ ასეა, იეჰოვასთან ჩვენს ახლო ურთიერთობას საფრთხე ხომ არ დაემუქრება? როგორც მეგობარი, იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ მივენდობით მას, ლოცვის დროს გულს გადმოვუღვრით და გავუმხელთ, თუ რისი გვეშინია, რა გვსურს ან რა გვაწუხებს (იგავ. 3:5, 6; ფილ. 4:6, 7). ასე რომ, ნამდვილად ღირს, დავფიქრდეთ, ვლოცულობთ თუ არა ისე, როგორც ღმერთი მოითხოვს ჩვენგან.

ერთი ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე, პოლი, * მიხვდა, რომ აუცილებელი იყო გაეუმჯობესებინა ლოცვები. მან თქვა: „ჩვევად მქონდა ლოცვის დროს ერთი და იმავე ფრაზების გამეორება“. პოლმა „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებლის“ დახმარებით გამოიკვლია ეს საკითხი და ნახა, რომ ბიბლიაში დაახლოებით ლოცვის 180 შემთხვევაა ჩაწერილი, როცა ღვთის მსახურები ლოცვით მიმართავდნენ ღმერთს. ამ ლოცვებში ისინი თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ. პოლი დასძენს: „ბიბლიური შემთხვევებიდან მივხვდი, რომ კონკრეტულ საკითხებზე უნდა მელოცა. ეს დამეხმარა, გული გადამეშალა იეჰოვასთვის. ახლა უკვე სიამოვნებით ვლოცულობ“.

‘დროული საზრდო’

ჩვენთვის აგრეთვე კურთხევაა ის, რომ იეჰოვამ ბიბლიიდან ბევრი რამ გაგვიმჟღავნა. ჩვენ ვსაზრდოობთ უხვი სულიერი საზრდოთი, ამიტომ, გვაქვს მიზეზი, ‘სიხარულით შევძახოთ მხიარული გულის გამო’ (ეს. 65:13, 14). ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ მოვექცეთ მათ გავლენაში, რომლებიც ცდილობენ ჩვენი აზროვნების მოწამვლას. თუ არ ვიფხიზლებთ, ჭეშმარიტებისადმი სიყვარული გაგვინელდება. მაგალითად, თუ განდგომილების იდეებით დავინტერესდებით, ეს გავლენას მოახდენს ჩვენს აზროვნებაზე და სათანადოდ ვეღარ დავაფასებთ სულიერ საზრდოს, რომელსაც იეჰოვა დროულად გვაწვდის „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით (მათ. 24:45—47).

ანდრე მწარე გამოცდილების ფასად მიხვდა, თუ რა საშიშია განდგომილების იდეებით გონების კვება. ის წლების მანძილზე ემსახურებოდა იეჰოვას, მაგრამ განდგომილების შეხედულებებმა ჭეშმარიტების გზას ააცდინა. ანდრე ფიქრობდა, რომ თუ ის მხოლოდ თვალს შეავლებდა მათ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, ეს არ იმოქმედებდა მასზე. ანდრე იხსენებს: „თავიდან განდგომილების ეგრეთ წოდებული ჭეშმარიტებით დავინტერესდი. რაც უფრო მეტს ვიკვლევდი მათ სწავლებებს, მით უფრო ვუძებნიდი გამართლებას იმას, რომ უნდა დამეტოვებინა იეჰოვას ორგანიზაცია. მოგვიანებით, დავიწყე განდგომილების მიერ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მოყვანილი არგუმენტების გამოკვლევა და დავრწმუნდი, რომ ისინი ცბიერი ცრუმასწავლებლები იყვნენ. ჩვენ წინააღმდეგ მათ მიერ მოყვანილი ეგრეთ წოდებული დამაჯერებელი არგუმენტები კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული იყო. გადავწყვიტე, რომ ისევ ჩვენი პუბლიკაციები მეკითხა და კრების შეხვედრებს დავსწრებოდი. მალე მივხვდი, რომ მწარედ მოვტყუვდი“. საბედნიეროდ, ანდრე ღვთის ორგანიზაციას დაუბრუნდა.

„მთელი საძმო“

იეჰოვას კიდევ ერთი კურთხევა ჩვენი მოსიყვარულე და ერთიანი საძმოა (ფსალმ. 133:1). პეტრე მოციქულმა მართებულად თქვა: „გიყვარდეთ მთელი საძმო“ (1 პეტ. 2:17). ჩვენ ვართ ერთი რწმენით გაერთიანებული ქრისტიანული საძმოს წევრები და ვხარობთ სულიერ მამებთან, დედებთან, ძმებთან და დებთან თბილი და გამამხნევებელი ურთიერთობით (მარ. 10:29, 30).

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგჯერ შეიძლება და-ძმებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს. მაგალითად, ადვილია სხვების არასრულყოფილებამ გაგაღიზიანოს და ამის გამო აითვალწუნო ისინი. მაგრამ, კარგია, თუ გვემახსოვრება, რომ არასრულყოფილების მიუხედავად, იეჰოვას ყველა თავისი მსახური უყვარს! უფრო მეტიც „თუ ვამბობთ, რომ უცოდველები ვართ, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში“ (1 იოან. 1:8). ნუთუ არ უნდა შევეცადოთ, რომ „მოვუთმინოთ და მთელი გულით ვაპატიოთ ერთმანეთს“?! (კოლ. 3:13).

ერთი ახალგაზრდა და ანა გვიან მიხვდა, რომ ქრისტიან და-ძმებთან ურთიერთობა არაფერში უნდა გაეცვალა. ის იესოს იგავში მოყვანილი გზასაცდენილი შვილის მსგავსად ქრისტიანულ კრებას ჩამოშორდა. მოგვიანებით, ანა გონს მოეგო და ჭეშმარიტებას დაუბრუნდა (ლუკ. 15:11—24). რა ისწავლა ანამ იქიდან, რაც თავს გადახდა? ის ყვება: „ახლა, როცა იეჰოვას ორგანიზაციაში დავბრუნდი, თითოეული და-ძმა, არასრულყოფილების მიუხედავად, ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ადრე უბრალო მიზეზის გამოც კი ვაკრიტიკებდი მათ. მაგრამ ახლა გადაწყვეტილი მაქვს, არაფერში გავცვალო კურთხევები, რაც თანამორწმუნეებთან ურთიერთობას მოაქვს. ქვეყნიერებაში ვერაფერს იპოვი ისეთს, რაც სულიერ სამოთხეში ნაპოვნ განძს გადაწონის“.

ყოველთვის იყავი მადლიერი ღვთის კურთხევებისთვის

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ღვთის სამეფო კაცობრიობის ყველა პრობლემას გადაჭრის. ეს იმედი არის განძი, რასაც ამქვეყნად ვერაფერი შეედრება. როდესაც პირველად გავიგეთ ამ იმედის შესახებ, უდიდესი მადლიერების გრძნობა გაგვიჩნდა! ჩვენ ზუსტად ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, როგორიც იესოს იგავში მოყვანილ ვაჭარს, რომელმაც, ‘რაც კი რამ ებადა, ყველაფერი მაშინვე გაყიდა’ და „ერთი ძვირფასი მარგალიტი“ იყიდა (მათ. 13:45, 46). იესოს არ უთქვამს, რომ ამ მარგალიტმა ვაჭრის თვალში ოდესმე დაკარგა ფასი. მსგავსად ამისა, არასოდეს დავუშვათ, რომ ამ შესანიშნავმა იმედმა ჩვენს თვალში ფასი დაკარგოს (1 თეს. 5:8; ებრ. 6:19).

დავფიქრდეთ ჯინის მაგალითზე, რომელიც 60 წელზე მეტია იეჰოვას ემსახურება. ის ამბობს: „ღვთის სამეფოს შესახებ ყველას ვესაუბრები, რაც მეხმარება, რომ ამ სამეფოს იმედი არ დავკარგო. დაინტერესებულებს სიხარულისგან სახე უნათდებათ, როდესაც ღვთის სამეფოს შესახებ იგებენ, რაც ჩემზე დადებითად მოქმედებს. როცა ვხედავ, როგორ ცვლის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება ბიბლიის შემსწავლელებს, უფრო მეტად ვაფასებ ამ საოცარ განძს, რომელსაც სხვებს ვუზიარებ“.

ჩვენ ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, ვიყოთ მადლიერი იმ უხვი კურთხევებისთვის, რაც ღვთისგან გვაქვს. მართალია, ჩვენ შეიძლება ვხვდებით წინააღმდეგობებს და ვუმკლავდებით ისეთ სირთულეებს, როგორიცაა ავადმყოფობა, სიბერე, დეპრესია, საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი თუ ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ ვიცით, რომ ეს ყოველივე დროებითია. ღვთის სამეფოს მმართველობისას სულიერი კურთხევების გარდა, რაც დღეს გვაქვს, ღმერთი იმითაც გვაკურთხებს, რომ ნებისმიერ პრობლემას მოგვაშორებს. ახალ ქვეყნიერებაში ყოველგვარ ტანჯვას მოეღება ბოლო (გამოცხ. 21:4).

სანამ ეს დრო დადგება, დავაფასოთ სულიერი კურთხევები, რაც დღეს გვაქვს და ფსალმუნმომღერლის მსგავსად, გამოვხატოთ ღვთისადმი მადლიერება: „მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული; ვერავინ შეგედრება. მათზე რომ მელაპარაკა, იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი“ (ფსალმ. 40:5).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 სახელები შეცვლილია.

[სურათი 18 გვერდზე]

ჩვენ მძიმე მდგომარეობის დროს სულიერ მხარდაჭერას ვგრძნობთ და-ძმებისგან