არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთელი გულით შეიყვარეთ სიმართლე!

მთელი გულით შეიყვარეთ სიმართლე!

მთელი გულით შეიყვარეთ სიმართლე!

„შენ გიყვარს სიმართლე“ (ფსალმ. 45:7).

1. რა დაგვეხმარება, ვიაროთ „სიმართლის ბილიკებით“?

იეჰოვა თავისი სიტყვის, ბიბლიისა და წმინდა სულის მეშვეობით თავის ხალხს „სიმართლის ბილიკებით“ მიუძღვება (ფსალმ. 23:3). ყველა არასრულყოფილები ვართ, ამიტომ ჩვენთვის ადვილი არ არის, იეჰოვას გზებით ვიაროთ. თუ მტკიცედ არ გვაქვს გადაწყვეტილი, ყოველთვის სწორად მოვიქცეთ, გაგვიჭირდება „სიმართლის ბილიკებით“ სიარული. არჩეული კურსით სვლის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ იესოს მსგავსად შევიყვარებთ სიმართლეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 45:7 ).

2. რა იგულისხმება „სიმართლის ბილიკებით“ სიარულში?

2 რა იგულისხმება „სიმართლის ბილიკებით“ სიარულში? ბილიკი ვიწრო, საცალფეხო გზაა. „სიმართლის ბილიკებით“ სიარულში ღვთის სამართლიანი ნორმებით ცხოვრება იგულისხმება. ებრაულ და ბერძნულ ენებში სიტყვა „სიმართლე“ მართალ ადამიანთან მიმართებაში გამოიყენება, რომელიც ერთგულად იცავს ზნეობრივ ნორმებს. რადგანაც იეჰოვას „სიმართლის სამყოფელი“ ეწოდება, მისი თაყვანისმცემლები სიხარულით მიჰყვებიან მას. მათ ესმით, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია „სიმართლის ბილიკებით“ წაუძღვეს თავის ხალხს (იერ. 50:7).

3. როგორ შეგვიძლია მეტი გავიგოთ ღვთის სამართლიანი გზების შესახებ?

3 მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუხარებთ იეჰოვას გულს, თუ მთელი გულით შევეცდებით მისი სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას (კან. 32:4). ამას რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში, მეტი უნდა გავიგოთ ღვთის შესახებ მისი წიგნიდან, ბიბლიიდან. ეს დაგვაახლოებს მასთან და უფრო მეტად შეგვაყვარებს მის სამართლიან გზებს (იაკ. 4:8). როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე ვდგავართ, უპრიანი იქნება, თუ დახმარებისთვის ღვთის სიტყვას მივმართავთ.

ეძებეთ ღვთის სიმართლე

4. რა იგულისხმება ღვთის სიმართლის ძიებაში?

4 წაიკითხეთ მათეს 6:33. ღვთის სიმართლის ძიებაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის დროის გამოყოფა. ჩვენი წმინდა მსახურება რომ მისაღები იყოს იეჰოვასთვის, ჩვენი ყოველდღიური საქციელი ღვთის მაღალზნეობრივ ნორმებს უნდა შევუსაბამოთ. რა მოეთხოვებათ მათ, ვისაც იეჰოვას სამართლიანი გზებით სიარული სურთ? ისინი უნდა ‘შეიმოსონ ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით’ (ეფეს. 4:24).

5. რა დაგვეხმარება, დავძლიოთ გულგატეხილობა?

5 რადგანაც ღვთის სამართლიანი ნორმებით ცხოვრება გვსურს, ხანდახან შეიძლება გული გაგვიტყდეს იმის გამო, რომ შეცდომებს ვუშვებთ. რა დაგვეხმარება, ვძლიოთ გულგატეხილობას, შევიყვაროთ ღვთის სიმართლე და მისი სამართლიანი ნორმებით ვიცხოვროთ? (იგავ. 24:10). ჩვენ ყოველთვის უნდა მივმართოთ იეჰოვას ლოცვით „წრფელი გულით და სრული რწმენით“ (ებრ. 10:19—22). იმისდა მიუხედავად, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ყველას გვწამს, რომ იესოს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს და როგორც ჩვენი დიდი მღვდელმთავარი, პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობებს (რომ. 5:8; ებრ. 4:14—16). იესოს გამოსასყიდს რომ მართლაც დიდი ძალა აქვს, ამაზე ყურადღება გამახვილდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ პირველივე ნომერში (1 იოან. 1:6, 7). სტატიაში ეწერა: «ცნობილი ფაქტია, რომ თუ ალისფერ ან შინდისფერ საგანს წითელი შუშით სინათლეზე გავხედავთ, საგანი თეთრად გამოჩნდება. მსგავსად ამისა, ჩვენი ცოდვები „ალისფერი და შინდისფერიც“ რომ იყოს, იესოს დაღვრილი სისხლის წყალობით, ღვთის თვალში „გათეთრდება“» (1879 წლის ივლისის ნომერი, გვ. 6 [ინგლ.]). მართლაც რა ფასდაუდებელი საჩუქარი გვიბოძა იეჰოვამ, როცა გამოსასყიდი გაიღო ჩვენთვის და თავისი საყვარელი ძე შემოგვწირა! (ეს. 1:18).

შეამოწმეთ თქვენი სულიერი საჭურველი

6. რატომ არის აუცილებელი, ყოველთვის შევამოწმოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სულიერი საჭურველი?

6 ჩვენ ყოველთვის უნდა გვემოსოს „სიმართლის ჯავშანი“, რადგან ის ჩვენი სულიერი საჭურვლის განუყოფელი ნაწილია (ეფეს. 6:11, 14). იმისდა მიუხედავად, ახლახან მივუძღვენით იეჰოვას თავი თუ უკვე ათწლეულებია წმინდა მსახურებას ვუსრულებთ მას, ყოველდღიურად უნდა შევამოწმოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სულიერი საჭურველი. განსაკუთრებით დღეს გვმართებს სიფხიზლე, რადგან სატანა და მისი დემონები დედამიწაზე არიან გადმოყრილი (გამოცხ. 12:7—12). ის განრისხებულია, ვინაიდან იცის, რომ მისი დრო იწურება. სატანა დღეს, როგორც არასდროს, ისე უტევს ღვთის ხალხს. აქედან გამომდინარე, გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვემოსოს „სიმართლის ჯავშანი.“

7. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გვემოსოს „სიმართლის ჯავშანი“?

7 ჯავშანი მეომრის გულს იცავს. არასრულყოფილების გამო ჩვენი სიმბოლური გული ვერაგი და უმართავია (იერ. 17:9). ჩვენი გული ბოროტებისკენ ისწრაფვის, ამიტომ აუცილებელია, ვისწავლოთ მისი მართვა და სათანადოდ გავწაფოთ ის (დაბ. 8:21). თუ ბოლომდე ჩავწვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, ყოველთვის გვემოსოს „სიმართლის ჯავშანი“, ცოტა ხნითაც არ ვისურვებთ მის გარეშე დარჩენას. ჩვენ არასდროს დავრთავთ თავს უფლებას, გავერთოთ იმით, რაც იეჰოვას სძულს. უფრო მეტიც, არასდროს დავუშვებთ, ისეთ სცენებში წარმოვიდგინოთ თავი, რაც იეჰოვას სძულს. ძვირფასი დროის დიდ ნაწილს არ გავატარებთ ტელევიზორთან, ნაცვლად ამისა, შევეცდებით, ვაკეთოთ ის, რაც სიამოვნებს იეჰოვას. მაშინაც კი, თუ ფეხი დაგვიცდება და ხორციელი ფიქრები დაგვრევს ხელს, იეჰოვა დაგვეხმარება და წამოგვაყენებს (წაიკითხეთ იგავების 24:16 ).

8. რატომ გვჭირდება „რწმენის დიდი ფარი“?

8 ჩვენს სულიერ საჭურველში „რწმენის დიდი ფარიც“ შედის. მისით შეგვიძლია ‘ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრები ჩავაქროთ’ (ეფეს. 6:16). მსგავსად ამისა, იეჰოვას სიყვარული და მისდამი რწმენა გვეხმარება, მოვიქცეთ სწორად და დავრჩეთ სიმართლის გზაზე, რომელიც მარადიულ სიცოცხლემდე მიგვიყვანს. რაც უფრო მეტს გავიგებთ იეჰოვას შესახებ, მით უფრო შეგვიყვარდება ის და მეტად დავაფასებთ მის სამართლიან ნორმებს. ახლა განვიხილოთ, როგორ გვეხმარება სუფთა სინდისი, შევიყვაროთ სიმართლე.

შეინარჩუნეთ სუფთა სინდისი

9. რატომ იქნება ჩვენთვის კარგი, თუ სუფთა სინდისს შევინარჩუნებთ?

9 მონათვლის დროს ღმერთს ვთხოვეთ, ჩვენთვის „სუფთა სინდისი“ მოეცა (1 პეტ. 3:21). რადგან გვწამს, რომ იესოს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს, იესოს სისხლი გვათავისუფლებს ცოდვის მარწუხებისგან და შეგვიძლია მართლებად წარვდგეთ ღვთის წინაშე. მაგრამ, თუ გვინდა, დაულაქავებელნი დავრჩეთ ღვთის თვალში, სუფთა სინდისი უნდა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენი სინდისი დროდადრო ბრალს გვდებს და ამგვარად გამაფრთხილებელ ნიშანს გვაძლევს, უნდა გვიხაროდეს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სათანადოდ რეაგირებს საფრთხეზე, არ გამხდარა უგრძნობი და არ გვაძლევს საშუალებას, ჩამოვშორდეთ იეჰოვას სამართლიან გზებს (1 ტიმ. 4:2). გარდა ამისა, სუფთა სინდისი დიდ სამსახურს უწევს მათ, ვისაც მთელი გულით სურს, შეიყვაროს სიმართლე.

10, 11. ა) მოჰყევით შემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ ყოველთვის გონივრულია, მოვუსმინოთ ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას. ბ) რატომ მოგვგვრის კმაყოფილებას სიმართლის სიყვარული?

10 თუ არასწორს ვაკეთებთ, შესაძლოა ჩვენმა სინდისმა ბრალი დაგვდოს და აგვაფორიაქოს კიდეც. მოვიყვანოთ ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მაგალითი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ დადიოდა სიმართლის გზებით. მას ჩვევად ექცა პორნოგრაფიის ყურება და მარიხუანას მოწევაც დაიწყო. მას შემდეგ, ყოველთვის როცა კრების შეხვედრებს ესწრებოდა ან მსახურობდა, დანაშაულის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა. ის გრძნობდა, რომ თვალთმაქცობდა. ამიტომ, შეწყვიტა მსახურება და კრებაც მიატოვა. ის გვიზიარებს: „მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადრე თუ გვიან, სინდისი დამქენჯნიდა. დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე უგუნურად ვიქცეოდი“. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მან გადაწყვიტა, დაბრუნებოდა იეჰოვას ორგანიზაციას. მას ეგონა, რომ იეჰოვა არ მოისმენდა მის ლოცვას, მაგრამ მაინც ილოცა და იეჰოვას პატიება სთხოვა. ლოცვიდან ათი წუთიც არ იყო გასული, რომ დედამ მიაკითხა და ურჩია, რომ დაბრუნებოდა კრებას. ის წავიდა კრებაზე, შეხვდა უხუცესს და სთხოვა, რომ თავიდან ესწავლებინა მისთვის ბიბლია. რამდენიმე ხანში იგი მოინათლა. დღეს ეს ძმა იეჰოვას უმადლის, რომ მის ორგანიზაციაშია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

11 ალბათ, ყველას გამოგვიცდია, რა სასიამოვნოა, როცა იეჰოვას თვალში სიმართლეს ვიქმთ. რაც უფრო მეტად შევეცდებით შევიყვაროთ სიმართლე და ვიაროთ იეჰოვას გზით, მით უფრო მეტად გავიხარებთ, რომ ვაკეთებთ იმას, რაც სიამოვნებს ჩვენს ზეციერ მამას. გარდა ამისა, ახლოსაა დრო, როცა ადამიანები გასრულყოფილდებიან და შეძლებენ სრულად აირეკლონ ღვთის თვისებები. შესაბამისად, ისინი აღარასდროს იგრძნობენ სინდისის ქენჯნას. ამიტომ, მოდი, დღესვე მთელი გულით შევიყვაროთ სიმართლე და იეჰოვას გავუხაროთ გული (იგავ. 23:15, 16).

12, 13. როგორ შევძლებთ სინდისის გაწაფვას?

12 როგორ შეგვიძლია გავიწაფოთ სინდისი? თუ ვიკვლევთ ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს, ეს შეგვძენს ‘მართლის გულს, რომელიც პასუხის გაცემამდე ფიქრობს’ (იგავ. 15:28). ‘პასუხის გაცემამდე ფიქრი’ დაგვეხმარება, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, როცა საქმე ამა თუ იმ სამუშაოს დაწყებას ეხება. თუ შემოთავაზებული სამუშაო აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ, არ გვიჭირს, მივყვეთ „ერთგული და გონიერი მონის“ მითითებებს და ასეთ სამუშაოზე უარი ვთქვათ. მაგრამ მაშინ უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, როცა არც ისე ადვილია იმის განსაზღვრა, რამდენად მისაღებია შემოთავაზებული სახის სამუშაო ქრისტიანისთვის. ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ ირღვევა რომელიმე ბიბლიური პრინციპი * და ლოცვით ვთხოვოთ ღმერთს დახმარება. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია, გავუფრთხილდეთ სხვების სინდისს და ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ დავაბრკოლოთ ისინი (1 კორ. 10:31—33). განსაკუთრებით იმაზე უნდა ვიფიქროთ, ღმერთთან ხომ არ გაგვიფუჭდება ურთიერთობა. თუ იეჰოვა ჩვენთვის რეალური პიროვნებაა, პირველ რიგში, ვკითხავთ საკუთარ თავს: ‘ხომ არ გავანაწყენებ და ტკივილს ხომ არ მივაყენებ მას’? (ფსალმ. 78:40, 41).

13 როდესაც „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიას ან კრების ბიბლიის შესწავლისთვის განკუთვნილ მასალას ვამზადებთ, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ წაკითხულზე. სწრაფად ხომ არ მოვნიშნავთ ხოლმე პასუხს დასმულ კითხვაზე და მალევე ხომ არ გადავდივართ შემდგომ აბზაცზე? თუ განსახილველ მასალას ზერელედ ვუდგებით, ვერ გავიღრმავებთ სიმართლის სიყვარულს და ვერც სინდისს გავიწაფავთ. თუ გვინდა შევიყვაროთ სიმართლე, გულმოდგინედ უნდა ვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და ნასწავლზე ვიფიქროთ. სხვაგვარად ვერ შევძლებთ სიმართლის მთელი გულით შეყვარებას!

„სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი“

14. იეჰოვასა და იესოს რომ ვასიამოვნოთ, როგორ უნდა ვასრულებდეთ ჩვენზე მონდობილ წმინდა მსახურებას?

14 იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს, იესოს, სურთ, რომ სიხარულით ვასრულებდეთ ჩვენზე მონდობილ წმინდა მსახურებას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გვეყვარება სიმართლე. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან“ (მათ. 5:6). რა მნიშვნელობა აქვს იესოს ამ სიტყვებს მათთვის, ვისაც სურს, უყვარდეს სიმართლე?

15, 16. როგორ შეგვიძლია სულიერი შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილება?

15 ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელსაც ბოროტი მართავს (1 იოან. 5:19). მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, თუ ადგილობრივ პრესას გადავშლით, დავრწმუნდებით, რომ დღესდღეობით დამნაშავეობამ და ძალადობამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. გაბოროტებული ადამიანები ასე რომ ჩაგრავენ ერთმანეთს, სიმართლის მოყვარულთ ეს ბევრ რამეზე აფიქრებთ (ეკლ. 8:9). ჩვენ გვიყვარს იეჰოვა და ვიცით, რომ მხოლოდ მას შეუძლია სიმართლის მოყვარულების სულიერად დაპურება და დარწყულება. მალე სიმართლის მოყვარულები გაიხარებენ, რადგან უღვთო ადამიანები მოისპობიან, ხოლო მათი ბოროტი და უკანონო საქმეები წარსულს ჩაჰბარდება (2 პეტ. 2:7, 8). ეს შვებას მოჰგვრის იეჰოვას ხალხს!

16 ჩვენ, იეჰოვას მსახურებმა და იესოს მიმდევრებმა ვიცით, რომ „სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი . . . გაძღებიან“. ისინი გაიხარებენ, რადგან მალე დამყარდება ახალი ცა და ახალი დედამიწა, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13). არასდროს გაგვიკვირდეს და არ გაგვიტყდეს გული იმის გამო, რომ სატანის უსამართლო ქვეყნიერებაში ბოროტება და ძალადობა ყვავის (ეკლ. 5:8). ჩვენი უზენაესი ღმერთი, იეჰოვა, ხედავს უსამართლობას, რაც ცისქვეშეთში ხდება და მალე დაიხსნის სიმართლის მოყვარულთ.

შეიყვარეთ სიმართლე და მიიღეთ კურთხევები!

17. რომელია ზოგი იმ კურთხევებიდან, რომლებსაც სიმართლის მოყვარულები მიიღებენ?

17 ფსალმუნის 146:8-ში ვკითხულობთ, თუ რა ელით მათ, ვინც სიმართლეს შეიყვარებს. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „იეჰოვას უყვარს მართლები“. წარმოიდგინე, სამყაროს უზენაესი შემოქმედი აღგვითქვამს, რომ ვეყვარებით, რადგან გვიყვარს სიმართლე! ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას ვუყვარვართ, ამიტომ გვჯერა, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ, ის იზრუნებს ყოველივე აუცილებელზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:25; იგავების 10:3). დედამიწას მხოლოდ სიმართლის მოყვარულნი დაიმკვიდრებენ (იგავ. 13:22). ღვთის ხალხს, რომლებიც ერთგულად დადიან სიმართლის გზებით, ენით აუწერელი სიხარული ელის — ისინი მალე მიიღებენ ჯილდოს და მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში, დედამიწაზე. მათ დღესვე აქვთ სულის სიმშვიდე, რაც ეხმარებათ, მშვიდობა ჰქონდეთ ოჯახებსა თუ კრებაში (ფილ. 4:6, 7).

18. რა უნდა გავაკეთოთ, სანამ იეჰოვას დიდ დღეს ველით?

18 რაც უფრო ვუახლოვდებით იეჰოვას დიდ დღეს, მით უფრო მეტად უნდა ვეძებოთ მისი სიმართლე (სოფ. 2:2, 3). სწორედ ამიტომ, წრფელი გულით უნდა შევიყვაროთ იეჰოვა ღმერთის სამართლიანი გზები. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ „სიმართლის ჯავშნით“ შემოსილნი, თუ გვინდა დავიცვათ ჩვენი სიმბოლური გული. გარდა ამისა, საჭიროა შევინარჩუნოთ სუფთა სინდისი, რაც თავიდან აგვარიდებს ზედმეტ თავსატეხს და დაგვეხმარება, გული გავუხაროთ იეჰოვას (იგავ. 27:11).

19. რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9). ეს სიტყვები ძლიერ გვამხნევებს დღეს, რადგან გვსურს ღვთისმოსაწონად ვიქცეოდეთ ქვეყნიერებაში, სადაც არაფრისგან ვართ დაცული, და ჩაგვრა და ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა! ღვთისგან გაუცხოებულ კაცობრიობას ანცვიფრებს, რომ სიმართლის გზებით ვამჯობინებთ სიარულს. იეჰოვას სამართლიანი პრინციპებით ცხოვრება ჩვენთვისვეა სასიკეთო (ეს. 48:17; 1 პეტ. 4:4). მთელი გულით შევეცადოთ, შევიყვაროთ სიმართლე, და ვიაროთ სიმართლის გზებით. თუმცა, მთელი გულით რომ შევიყვაროთ სიმართლე, უნდა შევიძულოთ უკანონობა. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში.

[სქოლიო]

^ აბზ. 12 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუ რა ტიპის სამუშაო შეიძლება იყოს მიუღებელი ქრისტიანისთვის, იხილეთ 1999 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 28—30.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ გვეხმარება იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის დაფასება, შევიყვაროთ სიმართლე?

• რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ყოველთვის გვემოსოს „სიმართლის ჯავშანი“?

• როგორ შეგვიძლია სინდისის გაწაფვა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

ბიბლიით გაწაფული სინდისით სწორად განვსაზღვრავთ, მისაღებია თუ არა ქრისტიანისთვის შემოთავაზებული სამუშაო