არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია“

„მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია“

„მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია“

საული ისრაელის პირველი მეფე იყო. ის ჭეშმარიტმა ღმერთმა აირჩია, მაგრამ ბოლოს ურჩი გახდა.

რა გააკეთა საულმა არასწორი? შეეძლო მას, თავიდან აერიდებინა სერიოზული შეცდომები? რისი სწავლა შეგვიძლია მისი მაგალითიდან?

იეჰოვა თავის მიერ არჩეული მეფის ვინაობას აცხადებს

საულის გამეფებამდე ისრაელში ღვთის წარმომადგენელი იყო მოხუცი წინასწარმეტყველი სამუელი. მისი ვაჟები არ დადიოდნენ იეჰოვას გზით. ისრაელს არაერთი მტერი ჰყავდა. ისრაელის უხუცესებმა სთხოვეს სამუელს, რომ მეფე დაეყენებინა მათთვის, რომელიც სამართალს გაუჩენდა და ბრძოლაშიც წაუძღვებოდათ. იეჰოვამ დაავალა წინასწარმეტყველს, რომ საული ეცხო ისრაელის წინამძღოლად, და უთხრა: „ის იხსნის ჩემს ხალხს ფილისტიმელთა ხელიდან“ (1 სამ. 8:4—7, 20; 9:16).

საული „მაღალი და ლამაზი“ იყო. მაგრამ ის მხოლოდ თავისი გარეგნობით არ გამოირჩეოდა. საული თავმდაბალიც იყო. მაგალითად, ერთხელ მან სამუელს ჰკითხა: „მე ხომ ბენიამინელი ვარ, ისრაელის უმცირესი ტომიდან, ბენიამინის ტომის საგვარეულოებს შორის კი ჩემი საგვარეულო ყველაზე უმნიშვნელოა. რატომ მეუბნები ამას?“ საულს დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა საკუთარ თავსა და ოჯახზე მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა, კიში, „ძალიან მდიდარი“ იყო (1 სამ. 9:1, 2, 21).

გავიხსენოთ აგრეთვე, როგორ მოიქცა საული, როცა წინასწარმეტყველმა სამუელმა ხალხის წინაშე გააცხადა, რომ ის იეჰოვას რჩეული მეფე იყო. მანამდე სამუელი მივიდა საულთან და ცალკე სცხო ზეთი თავზე და უთხრა: „ის გააკეთე, რაც შენს ხელს ძალუძს, რადგან ჭეშმარიტი ღმერთია შენთან“. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა ხალხს ამცნო იეჰოვას გადაწყვეტილება, მაგრამ საული ვერსად იპოვეს, რადგან მორცხვი იყო და დაიმალა. იეჰოვამ გაამჟღავნა მისი ადგილსამყოფელი, რის შემდეგაც საული გაამეფეს (1 სამ. 10:7, 20—24).

ბრძოლის ველზე

საულმა მალე ყველას, ვისაც შესაძლოა ეჭვი ეპარებოდა იმაში, თუ რამდენად გაართმევდა თავს დაკისრებულ ვალდებულებებს, დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ. როცა ამონელები ისრაელს ქალაქის აღებით დაემუქრნენ, „ამოქმედდა საულზე ღვთის სული“. მან ბრძანება გასცა, რომ ხალხი საომრად გამოსულიყო. საულმა შეკრიბა ხალხი და გამარჯვებაც მოიპოვა. მეფე გამარჯვებას საკუთარ თავს არ მიაწერდა. მან თქვა: „დღეს იხსნა იეჰოვამ ისრაელი“ (1 სამ. 11:1—13).

საულს კარგი თვისებები ჰქონდა და ღვთის კურთხევებიც არ აკლდა. ის აგრეთვე აღიარებდა, რომ იეჰოვა ძლევამოსილია. მაგრამ ისრაელისა და მისი მეფის შემდგომი წარმატება დამოკიდებული იყო ერთ მნიშვნელოვან რამეზე. ამის შესახებ სამუელმა გააფრთხილა ისრაელი: „თუ გექნებათ იეჰოვას შიში, მას ემსახურებით, მის ხმას მოუსმენთ და არ ეურჩებით იეჰოვას ბრძანებას, მაშინ თქვენ და თქვენი მეფე თქვენი ღვთის, იეჰოვას მიმდევრები იქნებით“. რაში შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო ისრაელი, თუ ღვთის ერთგული დარჩებოდა? „არ მიატოვებს იეჰოვა თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო, — თქვა სამუელმა. — რადგან თვითონ იეჰოვამ მოისურვა, რომ მისი ხალხი გამხდარიყავით“ (1 სამ. 12:14, 22).

ღვთის მოწონება რომ დაემსახურებინა, ისრაელს უნდა მოესმინა ღვთისთვის და ეს დღესაც ასეა. როცა იეჰოვას მსახურები მიჰყვებიან მის მითითებებს, იეჰოვა აკურთხებს მათ. მაგრამ, რა მოხდება, თუ ისინი არ მოუსმენენ იეჰოვას?

„უგუნურად მოიქეცი“

მოგვიანებით საულის საქციელმა ძალიან გააღიზიანა ფილისტიმელები და „ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი“ გამოვიდა მის წინააღმდეგ. „დაინახეს ისრაელებმა, რომ გაუჭირდათ, რადგან შევიწროებულნი იყვნენ; ხალხი გამოქვაბულებს, მღვიმეებს, კლდეებს, ჯურღმულებსა და ჭებს აფარებდა თავს“ (1 სამ. 13:5, 6). რა უნდა გაეკეთებინა საულს?

სამუელს ნათქვამი ჰქონდა საულისთვის, რომ შეხვდებოდა მას გილგალში, სადაც წინასწარმეტყველს მსხვერპლი უნდა შეეწირა. საული ელოდებოდა, მაგრამ სამუელს დააგვიანდა. ამასობაში მეფეს ხალხი ნელ-ნელა ეფანტებოდა. ამიტომ, საულმა გადაწყვიტა, რომ მსხვერპლი თავად შეეწირა. მალე სამუელიც მოვიდა. როცა მან გაიგო, რა გააკეთა საულმა, უთხრა მას: „უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი იეჰოვას, შენი ღვთის მცნება, რომელიც გიბრძანა; რომ დაგეცვა, იეჰოვა სამარადისოდ განამტკიცებდა შენს სამეფოს და იმმართველებდი ისრაელზე. ახლა კი შეირყევა შენი სამეფო. იეჰოვა თვითონ მოძებნის გულით სასურველ კაცს და დანიშნავს მას იეჰოვა თავისი ხალხის წინამძღოლად, რადგან შენ არ დაიცავი იეჰოვას ბრძანება“ (1 სამ. 10:8; 13:8, 13, 14).

საული გაკადნიერდა და არ დაემორჩილა ღვთის მითითებას, რითაც გამოვლინდა, რომ მას ურწმუნო გული ჰქონდა. საული არ დაელოდა სამუელს, რომელსაც მსხვერპლი უნდა შეეწირა. რა დიდი განსხვავება იყო საულსა და ისრაელის ჯარის ადრინდელ მეთაურს, გედეონს შორის! იეჰოვამ უთხრა გედეონს, რომ 32 000 მეომრიდან მხოლოდ 300 დაეტოვებინა. გედეონიც დაემორჩილა იეჰოვას, რადგან მას ძლიერი რწმენა ჰქონდა. ღვთის დახმარებით მან 135 000 მეომრისგან შემდგარი ჯარი დაამარცხა (მსაჯ. 7:1—7, 17—22; 8:10). იეჰოვა საულსაც დაეხმარებოდა, მაგრამ მან არ მოუსმინა იეჰოვას და სწორედ ამიტომ გაძარცვეს ფილისტიმელებმა ისრაელი (1 სამ. 13:17, 18).

რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ, როცა სირთულეების წინაშე ვდგავართ? შესაძლოა მან, ვისაც ურწმუნო გული აქვს, იფიქროს, რომ ღვთის პრინციპების დარღვევა უფრო სასარგებლო აღმოჩნდება მისთვის. სამუელის არყოფნისას საულმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც ის შეიძლება გონივრულად მიიჩნევდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიქცევა ქრისტიანი ღვთის თვალში სწორად, თუ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ბიბლიურ პრინციპებს მიჰყვება.

იეჰოვა უარყოფს საულს

საულმა კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ამალეკელების წინააღმდეგ გაილაშქრა. ღმერთმა მსჯავრი დასდო ამალეკელებს იმის გამო, რომ უმიზეზოდ დაესხნენ თავს ისრაელს, როცა ისინი ეგვიპტიდან გამოდიოდნენ (გამ. 17:8; კან. 25:17, 18). გარდა ამისა, ამალეკელები მსაჯულების დროს ღვთის რჩეული ხალხის წინააღმდეგ ამხედრებულ ერებს შეუერთდნენ (მსაჯ. 3:12, 13; 6:1—3, 33). სწორედ ამიტომ დასდო მსჯავრი იეჰოვამ ამალეკელებს და უბრძანა საულს, გაენადგურებინა ისინი (1 სამ. 15:1—3).

ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთვის მოესმინა და ისრაელის მტრები, ამალეკელები და მათი ქონება გაენადგურებინა, საულმა ტყვედ წაიყვანა მეფე და დაინდო მისი საუკეთესო საქონელი. როგორ მოიქცა საული, როცა ამის გამო სამუელმა უსაყვედურა? მან თავისი დანაშაული სხვებს გადააბრალა: „დაინდო ხალხმა საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ იეჰოვასთვის . . . მსხვერპლად შეეწირათ“. ზუსტად ვერ ვიტყვით, უნდოდა თუ არა საულს საქონლის მსხვერპლად შეწირვა, მაგრამ ფაქტი ერთია, მან არ მოუსმინა იეჰოვას. ის ერთ დროს კი ამბობდა „პატარა ვარო“, მაგრამ ახლა ის ასე აღარ ფიქრობდა. ღვთის წინასწარმეტყველმა უთხრა საულს, რომ ის ეურჩა ღმერთს. შემდეგ სამუელმა თქვა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა? მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია . . . როგორც შენ უარყავი იეჰოვას სიტყვა, ისიც ისე უარყოფს შენს მეფობას“ (1 სამ. 15:15, 17, 22, 23).

როცა იეჰოვამ თავისი სული წაართვა საულს, მისი კურთხევებიც დაკარგა. მას შემდეგ ისრაელის პირველ მეფეს „ბოროტი სული“ მართავდა. ეს იქიდან გამოჩნდა, რომ საულს ეჭვი ღრღნიდა და შურით აღივსო დავითის მიმართ, რომელიც, იეჰოვას სიტყვისამებრ, მოგვიანებით ისრაელის მეფე უნდა გამხდარიყო. უფრო მეტიც, საული არაერთხელ შეეცადა დავითის მოკვლას. როცა დაინახა საულმა, რომ „იეჰოვა იყო დავითთან“, „სამუდამო მტრად ექცა“ მას. ის მოსაკლავად ეძებდა დავითს და ბრძანებაც კი გასცა, რომ ამოეხოცათ მისი მომხრე 85 მღვდელი და სხვები. გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ მიატოვა საული (1 სამ. 16:14; 18:11, 25, 28, 29; 19:10, 11; 20:32, 33; 22:16—19).

როცა ფილისტიმელებმა ხელმეორედ შეუტიეს ისრაელს, საულმა დახმარებისთვის სულების გამომძახებელს მიმართა. მეორე დღეს საული მძიმედ დაჭრეს ბრძოლაში და მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე (1 სამ. 28:4—8; 31:3, 4). ისრაელის ურჩი მეფის, საულის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ორგულობდა იეჰოვას და არ იცავდა იეჰოვას სიტყვას, და გამოსაკითხად სულების გამომძახებელს მიმართა. იეჰოვას არ დაეკითხა ის“ (1 მატ. 10:13, 14).

საულის მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვასთვის მოსმენა უკეთესია, ვიდრე მსხვერპლი. იოანე მოციქულმა დაწერა: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოან. 5:3). ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღვთის მოსმენა მასთან უსასრულო მეგობრობის საწინდარია!

[სურათი 21 გვერდზე]

საული თავმდაბალი იყო, როცა იეჰოვამ მეფედ აირჩია

[სურათი 23 გვერდზე]

რატომ უთხრა სამუელმა საულს, რომ „მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია“?