არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მიუთითა თუ არა იესო ქრისტემ საქადაგოდ გაგზავნილ 12 მოწაფეს, რომ თან წაეღოთ ხელჯოხი და სანდლები?

ზოგის მტკიცებით, სამი სახარება, რომელშიც ეს ეპიზოდია მოთხრობილი, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგრამ, თუ ამ სახარებებს ერთმანეთთან შევადარებთ, საინტერესო დასკვნამდე მივალთ. თავიდან ვნახოთ, რას წერენ მარკოზი და ლუკა. მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: „[იესომ] მითითებები მისცა, რომ ხელჯოხის მეტი გზაში არაფერი წაეღოთ: არც პური, არც საგზლის აბგა, არც სპილენძის ფული სარტყლით; სანდლები შეეკრათ და გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ წაეღოთ“ (მარკოზის 6:7—9). ლუკას სახარებაში კი წერია: „გზაში არაფერი წაიღოთ: არც ხელჯოხი, არც საგზლის აბგა, არც პური, არც ვერცხლის ფული და არც ორი ხელი ტანსაცმელი“ (ლუკა 9:1—3). ერთი შეხედვით, ეს ორი სახარება ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს გვაწვდის. მარკოზის სახარების მიხედვით, იესო მოციქულებს ეუბნება, რომ თან ხელჯოხი წაიღონ და სანდლები შეიკრან მაშინ, როცა ლუკას სახარების თანახმად, მათ არაფერი უნდა წაეღოთ, ხელჯოხიც კი. მარკოზისგან განსხვავებით, ლუკა სანდლებს საერთოდ არ მოიხსენიებს.

იმისათვის, რომ გავიგოთ, რისი თქმა უნდოდა იესოს მოწაფეებისთვის, ყურადღება მივაქციოთ სიტყვებს, რაც სამივე სახარებაშია მოხსენიებული. ბიბლიის ამ ეპიზოდის მიხედვით, რომელიც აგრეთვე მათეს 10:5—10-შია ჩაწერილი, იესო მოციქულებს ეუბნება, რომ არ წაიღონ თან „ორი ხელი ტანსაცმელი“, „გამოსაცვლელი ტანსაცმელი“. ლოგიკურია, რომ ყველა მოციქულს ტანთ ეცმებოდა ერთი ხელი ტანსაცმელი. ამიტომ, მათ მიეცათ მითითება, რომ თან არ წაეღოთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი. იგივე შეიძლება ითქვას სანდლებზეც. მარკოზის სახარებაში ნათქვამია, რომ მოწაფეებს უნდა „შეეკრათ სანდლები„, რომლებიც უკვე ფეხთ ემოსათ. რისი თქმა შეიძლება ხელჯოხზე? „იუდაური ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „როგორც ჩანს, ძველ ისრაელში ჩვეულება არსებობდა, რომ თან ეტარებინათ ხელჯოხი“ (დაბ. 32:10). სწორედ ამიტომ, მარკოზის სახარების მიხედვით, იესომ მოციქულებს მიუთითა, რომ „არაფერი წაეღოთ“ ხელჯოხის მეტი, რადგან მათ უკვე ისედაც ჰქონდათ თან ხელჯოხი. ამრიგად, სახარების დამწერებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ იესოს მითითების თანახმად, მოწაფეები არ უნდა მოეცდინა ზედმეტ საზრუნავს.

ეს აზრი განამტკიცა მათემ, რომელმაც თავად მოისმინა იესოს მითითება და თავის სახარებაში ჩაწერა. იესომ თქვა: „ნუ შეიძენთ ოქრო-ვერცხლს ან სპილენძს სარტყლის ქისებისთვის, ნურც საგზლის აბგას გზისთვის, ნურც ორ ხელ ტანსაცმელს, ნურც სანდლებსა და ხელჯოხს, რადგან მშრომელი საზრდოს ღირსია“ (მათ. 10:9, 10). რისი თქმა შეიძლება სანდლებზე, რომლებიც მოწაფეებს ეცვათ და ხელჯოხზე, რომლებიც ხელში ეჭირათ? იესომ უთხრა მათ, რომ არ შეეძინათ ეს ნივთები, მაგრამ მას არ უთქვამს მათთვის, რომ რაც უკვე ჰქონდათ, გადაეყარათ. რატომ მისცა მან მოწაფეებს ასეთი მითითება? როგორც თავად ახსნა, „მშრომელი საზრდოს ღირსია“. სწორედ ეს იყო იესოს მითითების მიზანი, რაც თანხმობაშია მის მიერ მთაზე წარმოთქმულ მოწოდებასთან, კერძოდ, რომ მის მიმდევრებს არ უნდა ენერვიულათ იმაზე, თუ რა ეჭამათ, რა ესვათ ან რით შემოსილიყვნენ (მათ. 6:25—32).

მართალია, ერთი შეხედვით, შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი მოგეჩვენოთ სახარებებში მოცემული ცნობები, მაგრამ სინამდვილეში ყველა ერთ აზრს ატარებს. როგორც დავინახეთ, მოციქულებს ის უნდა წაეღოთ თან, რაც უკვე ისედაც ჰქონდათ და ზედმეტი ნივთების შეძენით არ უნდა მოცდენილიყვნენ, რადგან ყოველივე აუცილებლით იეჰოვა უზრუნველყოფდათ.

რა სიმდიდრეს ფლობდა სოლომონი და როგორ გაითქვა სახელი?

სოლომონმა სიმდიდრისა და დიდების ნაცვლად, ღმერთს სიბრძნე, მორჩილი გული და განსჯის უნარი სთხოვა, რათა სამართლიანად განესაჯა ისრაელი. იეჰოვას მოეწონა მისი თავმდაბლური თხოვნა. ამიტომ, ღმერთმა არა მხოლოდ ის მისცა სოლომონს, რაც მან ითხოვა, არამედ სიმდიდრე და დიდებაც უბოძა. მან სოლომონს უთხრა: „რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ, სიმდიდრესა და დიდებას, შენს სიცოცხლეში არავინ იქნება შენი მსგავსი მეფეთა შორის“. მაგრამ იეჰოვამ ასეთი სიტყვებიც უთხრა სოლომონს: „თუ მამაშენი დავითივით ივლი ჩემი გზით და დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, დღეგრძელსაც გაგხდი“ (1 მეფ. 3:4—14).

სოლომონის გამეფებიდან ცოტა ხანში მის წინაშე ორი მეძავი წარდგა სერიოზული უთანხმოების მოსაგვარებლად — ორივე ერთი და იმავე ბავშვის მშობლად აცხადებდა თავს. სოლომონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამოჩნდა, რომ ის ხალხის განსჯის დროს მართლაც ღვთისგან ბოძებული სიბრძნით ხელმძღვანელობდა. ასეთი ბრძნული გადაწყვეტილების წყალობით სოლომონმა ისრაელი ერის ნდობა მოიპოვა (1 მეფ. 3:16—28). მისი მეფობის მეოთხე წელს, მეორე თვეს (ზივის თვე [აპრილ-მაისი]), ძვ. წ. 1034 წელს სოლომონმა მორიას მთაზე იეჰოვას სახლის შენება დაიწყო (1 მეფ. 6:1). ეს დიდებული მშენებლობა შვიდ-ნახევარ წელიწადში, ძვ. წ. 1027 წელს, მერვე თვეში (ბულის თვე) დასრულდა (1 მეფ. 6:37, 38).

სოლომონმა გრანდიოზული სავაჭრო საქმე წამოიწყო. მის ხომალდებს მეფე ხირამის ხომალდებთან ერთად ოფირიდან დიდძალი ოქრო მიჰქონდათ; აგრეთვე სოლომონის მსახურებს ხომალდებით სანდალოზის ხის მასალა და ძვირფასი ქვებიც ჩაჰქონდათ ისრაელში (1 მეფ. 9:26—28; 10:11; 2 მატ. 8:17, 18; 9:10, 11). ცხენები და ეტლები ისრაელში ეგვიპტიდან ჩაჰყავდათ. სოლომონის მეფობის პერიოდში იქ მთელი მსოფლიოს ვაჭრებს დიდი რაოდენობით საქონელი ჩაჰქონდათ. სოლომონს ყოველწლიურად 666 ტალანტი (დაახლოებით 256 643 000 აშშ დოლარი) ოქრო შესდიოდა, თუ არ ჩავთვლით იმ ოქრო-ვერცხლსა თუ სხვა ნივთებს, რომლებიც ვაჭრებს შეჰქონდათ ქვეყანაში (1 მეფ. 10:14, 15; 2 მატ. 9:13, 14).

მეფე სოლომონის სამეფო ტახტისკენ მისასვლელი გზა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მისი დიდებული სამეფო ტახტის მსგავს ბრწყინვალებას იმ დროს ვერც ერთ სხვა სამეფო კარზე ვერ ნახავდით. სოლომონ მეფის დიდებისა და სიმდიდრის სანახავად უამრავი სტუმარი ჩადიოდა ისრაელში. სტუმრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო საბას დედოფალი, რომელიც მეფესთან იერუსალიმში შორეული ქვეყნიდან ჩავიდა. დედოფალი ღვთის ბრწყინვალე ტაძრისა და მეფის სასახლის ხილვით ისე აღფრთოვანდა, რომ აღმოხდა: „აი, ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის; იმაზე მეტი სიბრძნე და სიმდიდრე გქონია, ვიდრე გაგონილი მქონდა“. მან ბედნიერი უწოდა ასეთი მეფის ქვეშევრდომებს. ამ ყველაფრის მხილველმა საბას დედოფალმა პატივი მიაგო იეჰოვას, რომელსაც ისე უყვარდა თავისი ხალხი, ისრაელი, რომ მეფედ დაუსვა სოლომონი სამართლისა და სიმართლის აღსასრულებლად (1 მეფ. 10:4—9; 2 მატ. 9:3—8).

სოლომონის სამეფო ყვაოდა მანამ, სანამ ის ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე იყო. როგორც ჩანს, წიგნები „იგავები“, „ეკლესიასტე“, „ქებათა ქება“ და ერთ-ერთი ფსალმუნი (127-ე) სწორედ მაშინ დაწერა სოლომონმა, როცა ღმერთს ერთგულად ემსახურებოდა. სამწუხაროდ, მოგვიანებით მან უგულებელყო ღვთის კანონი. ბიბლიაში ვკითხულობთ: «უყვარდა მეფე სოლომონს უცხოელი ცოლები, მათ შორის ფარაონის ასული, მოაბელი, ამონელი, ედომელი, სიდონელი და ხეთელი ქალები, რომლებიც იმ ერებიდან იყვნენ, ვისზეც იეჰოვამ ისრაელის ძეებს უთხრა: „არ შეხვიდეთ მათთან და არც ისინი შემოუშვათ თქვენთან, თორემ მიდრეკენ თქვენს გულს თავიანთი ღმერთებისკენ“» (1 მეფ. 11:1—8).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ეს „სოლომონის სიბერეში“ მოხდა, თუმცა ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სოლომონი არ იყო ისეთ ასაკში, რომ საღი აზრი დაეკარგა გამომდინარე იქიდან, რომ იგი ჯერ კიდევ ყმაწვილი გამეფდა და მისმა მეფობამ 40 წელზე მეტხანს არ გასტანა (1 მატ. 29:1; 2 მატ. 9:30). ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რომ სოლომონმა საერთოდ მიატოვა ტაძარში თაყვანისცემა და მსხვერპლის შეწირვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის იეჰოვასაც ემსახურებოდა და უცხოელი ცოლების გულის მოსაგებად მათ ღმერთებსაც სცემდა თაყვანს.

მართალია, სოლომონი მთელი გულით აღარ იყო იეჰოვასთან, მაგრამ იგი მაინც დამარხეს „თავისი მამა-პაპის გვერდით . . . დავითის ქალაქში“ (1 მეფ. 11:43; 2 მატ. 9:31).