არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ემსახურეთ იეჰოვას მთელი სერიოზულობით

ემსახურეთ იეჰოვას მთელი სერიოზულობით

ემსახურეთ იეჰოვას მთელი სერიოზულობით

„რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს . . . იმაზე იფიქრეთ“ (ფილ. 4:8).

1, 2. რატომ არ სურს ბევრს თვალი გაუსწოროს რეალობას, და რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?

ჩვენ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე რთულ და შავბნელ ხანაში ვცხოვრობთ. მათთვის, ვისაც ახლო ურთიერთობა არა აქვთ იეჰოვასთან, „მძიმე, ძნელად ასატან დროსთან“ გამკლავება თითქმის შეუძლებელი იქნება (2 ტიმ. 3:1—5). იეჰოვას დახმარების გარეშე ვერავინ გადაიტანს ძნელად ასატან დროს და მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ შეეჭიდება ყოველდღიურ პრობლემებს. ბევრს არ სურს, მწარე რეალობას გაუსწოროს თვალი, ამიტომ საკუთარი პრობლემები რომ დაივიწყოს, ქვეყნიერების მიერ შემოთავაზებულ ათასგვარ გასართობს აყოლებს გულს.

2 სტრესი რომ შეიმსუბუქონ, ხშირად ადამიანები სიამოვნებას ეძლევიან და ეს მთავარი ხდება მათ ცხოვრებაში. თუ ქრისტიანი ფრთხილად არ იქნება, ადვილად შეიძლება ასეთ ცხოვრებას მიჰყოს ხელი. როგორ შეგვიძლია ამის თავიდან არიდება? ნიშნავს ეს ყველანაირ გართობასა და სიამოვნებაზე უარის თქმას? როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, რომ არც სიამოვნებას მივეცეთ და არც ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობები უგულებელვყოთ? მართალია, ალალბედზე არ ვტოვებთ ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ უკიდურესობაშიც არ უნდა გადავვარდეთ. რომელი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება ამ მხრივ?

სერიოზულად იზრუნეთ სულიერობაზე სიამეებს გამოდევნებულ ქვეყნიერებაში

3, 4. როგორ გვეხმარება ბიბლია, ვაკეთოთ ის, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს?

3 არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ დღეს ადამიანები „სიამოვნებათა მოყვარულები“ არიან (2 ტიმ. 3:4). ქვეყნიერება ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს დროს ტარებას. ამან შეიძლება ჩვენზეც იმოქმედოს და ჩვენს სულიერობას საფრთხე შეუქმნას (იგავ. 21:17). ამიტომაც მისწერა პავლე მოციქულმა ტიმოთესა და ტიტეს, რომ სერიოზულად მოჰკიდებოდნენ ღვთის მსახურებას. მისი რჩევის გამოყენება ჩვენც დაგვეხმარება, არ მოვექცეთ ქვეყნიერების გავლენის ქვეშ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:1, 2; ტიტეს 2:2—8 ).

4 საუკუნეების წინათ სოლომონმა დაწერა, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ის, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე ყოველთვის გართობაზე ვიყოთ გადართული (ეკლ. 3:4; 7:2—4). ჩვენი ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ გადასარჩენად (ლუკ. 13:24). ამ ბოლო დღეებში ჩვენი გონება იმით უნდა იყოს დაკავებული, რაც „სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს“ (ფილ. 4:8, 9). ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ქრისტიანს ევალება, პირნათლად შევასრულოთ.

5. რას უნდა მოეკიდონ ქრისტიანები სერიოზულად?

5 ვინაიდან ქრისტიანები იეჰოვასა და იესო ქრისტეს ჰბაძავენ, სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ მოვალეობებს და მუყაითად შრომობენ (იოან. 5:17). ქრისტიანებს ხშირად აქებენ გულმოდგინე შრომისთვის და იმისთვის, რომ მათზე ყოველთვის შეიძლება დაყრდნობა. განსაკუთრებით ოჯახის თავებს მოეთხოვებათ მუხლჩაუხრელად შრომა, რომ იზრუნონ ოჯახის წევრებზე. ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფაზე უარის თქმა იეჰოვას უარყოფის ტოლფასია (1 ტიმ. 5:8).

სერიოზულად მოეკიდეთ მსახურებას და არ დაკარგოთ სიხარული

6. რატომ უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად იეჰოვას თაყვანისცემას?

6 იეჰოვასთვის არასდროს ყოფილა სულერთი, როგორ სცემდნენ მას თაყვანს. ის ყოველთვის მოითხოვდა თავისი მსახურებისგან ისე ეცათ მისთვის თაყვანი, როგორც თავად თვლიდა სწორად. მაგალითად, მოსეს კანონის თანახმად, თუ ისრაელები იეჰოვას გზიდან გადაუხვევდნენ, მკაცრად დაისჯებოდნენ (იეს. 23:12, 13). ახ. წ. პირველ საუკუნეში ქრისტეს მიმდევრებს თავგამოდებით უნდა ებრძოლათ, რომ არასწორ სწავლებებსა თუ შეხედულებებს არ შეებღალა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა (2 იოან. 7—11; გამოცხ. 2:14—16). დღესაც ჭეშმარიტი ქრისტიანები სერიოზულად ეკიდებიან ღვთის მსახურებას და ღმერთს მისთვის მისაღები სახით სცემენ თაყვანს (1 ტიმ. 6:20).

7. როგორ ემზადებოდა პავლე მსახურებისთვის?

7 ქადაგებას სიხარული მოაქვს ჩვენთვის. სიხარული რომ არ დავკარგოთ, ჩვენზე მონდობილ საქმეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და ყოველთვის წინასწარ მოვემზადოთ მსახურებისთვის. პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ის ყოველთვის ითვალისწინებდა მსმენელს: „ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი. ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად“ (1 კორ. 9:22, 23). პავლეს სიამოვნებას ჰგვრიდა, როცა სხვებს სულიერად ეხმარებოდა. ის მხედველობაში იღებდა თითოეული მსმენელის მოთხოვნილებებს და ყველაფერს აკეთებდა, რომ ეხსნა ისინი. ამგვარად, ის ამხნევებდა მათ და იეჰოვას მსახურებისკენ აღძრავდა.

8. ა) როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ვისაც ვუქადაგებთ? ბ) როგორ მოგვიტანს მსახურებაში სიხარულს ბიბლიის შესწავლა?

8 რამდენად მნიშვნელოვანი იყო პავლესთვის მსახურება? ის მზად იყო, გამხდარიყო როგორც იეჰოვას, ისე ყველა იმ ადამიანის „მონა“, ვინც ჭეშმარიტებას ისმენდა (რომ. 12:11; 1 კორ. 9:19). გააზრებული გვაქვს, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია მათ წინაშე, ვისაც ვასწავლით ღვთის სიტყვას — იქნება ეს ბიბლიის შესწავლის, ქრისტიანული კრების შეხვედრებისა თუ ოჯახური თაყვანისცემის საღამოს დროს? შესაძლოა, თქვენთვის მეტისმეტად დიდი ტვირთია ბიბლიის შესწავლის ჩატარება. ხანდახან მართლაც რთულია, პირადი გეგმები გვერდზე გადადო და დრო გამოყო სხვების დასახმარებლად. მაგრამ თუ ამგვარ მსხვერპლს არ გაიღებ, ვერ შეძლებ იესოს სიტყვების შესრულებას: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). როცა პირადად ასწავლი სხვებს, როგორ შეუძლიათ დაადგნენ ხსნის გზას, ამას დიდი სიხარული მოაქვს. ამ სიხარულს ვერაფერი შეედრება.

9, 10. ა) მსახურებისადმი სერიოზული დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ დასვენებასა და სხვებთან დროის გატარებაზე? ახსენით. ბ) რა დაეხმარება უხუცესს, რომ და-ძმებისთვის მასთან ურთიერთობა ადვილი და გამამხნევებელი იყოს?

9 მართალია, მსახურებას სერიოზულად ვეკიდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხთან სასიამოვნო ურთიერთობასა და მათთან ერთად დროის გატარებაზე უარს ვამბობთ. იესო ქრისტემ თავად მოგვცა ამის საუკეთესო მაგალითი. ის არა მარტო ქადაგებას უთმობდა დროს, არამედ დასვენებასა და სხვებთან სასიამოვნო ურთიერთობაზეც არ ამბობდა უარს (ლუკ. 5:27—29; იოან. 12:1, 2). საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ პირქუში გამომეტყველება გვქონდეს. იესო არ იყო მკაცრი და ზედმეტად სერიოზული. ეს რომ ასე ყოფილიყო, ამდენი ადამიანი მის გარემოცვაში თავს ასე თავისუფლად არ იგრძნობდა. ბავშვებსაც კი უხაროდათ მასთან ყოფნა (მარ. 10:13—16). როგორ შეგვიძლია იესოსავით გაწონასწორებულები ვიყოთ?

10 ერთი ძმა ერთ-ერთ უხუცესზე ამბობს: „ის საკმაოდ ბევრს სთხოვს საკუთარ თავს, მაგრამ სხვებისგან არ ითხოვს სრულყოფილებას“. შენზეც იმავეს თქმა შეიძლება? კარგი იქნება, თუ მეტისმეტს არ მოვითხოვთ სხვებისგან. მაგალითად, შვილებს უფრო უადვილდებათ მორჩილება, როცა მშობლები მათ იმაზე მეტს არ სთხოვენ, რამდენიც სინამდვილეში შეუძლიათ და დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარებიან. მსგავსად ამისა, უხუცესებს კრებაში შეუძლიათ და-ძმებს სულიერ ზრდაში დაეხმარონ და კონკრეტული მითითებებიც მისცენ, თუ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს. აღსანიშნავია ისიც, რომ ადვილი და გამამხნევებელია ურთიერთობა უხუცესთან, რომელიც და-ძმებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებს (რომ. 12:3). ერთმა დამ თქვა: „არ ვისურვებდი, რომ უხუცესს ყველაფერი სასაცილოდ აეგდო და არც ისეთი სერიოზული ყოფილიყო, რომ მასთან მისვლა გამჭირვებოდა“. მეორე და აღნიშნავს: „ზოგი უხუცესი იმდენად სერიოზულია, რომ მათთან დალაპარაკების მეშინია“. უხუცესებმა არ უნდა დაუშვან, რომ და-ძმებმა „ბედნიერი ღმერთის“, იეჰოვას მსახურებაში სიხარული დაკარგონ (1 ტიმ. 1:11).

ესწრაფეთ პასუხისმგებლობებს კრებაში

11. რას ნიშნავს კრებაში პასუხისმგებლობებისკენ სწრაფვა?

11 პავლემ მამაკაცებს მოუწოდა, რომ კრებაში პასუხისმგებლობებისკენ ესწრაფათ. მაგრამ მათი მიზანი პირადი ამბიციების დაკმაყოფილება არ უნდა ყოფილიყო. ნაცვლად ამისა, მათ უთხრა: „თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია“ (1 ტიმ. 3:1, 4). სიტყვა „სწრაფვა“ იმას ნიშნავს, რომ ქრისტიან მამაკაცებს დიდი სურვილი უნდა ჰქონდეთ, ღვთისმოსაწონი თვისებები განივითარონ, რათა და-ძმებს მოემსახურონ. თუ ძმა, სულ მცირე, ერთი წლის მონათლულია, და აკმაყოფილებს 1 ტიმოთეს 3:8—13-ში ჩაწერილ მომსახურისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, იგი შეიძლება დაინიშნოს კრებაში მომსახურედ. ყურადღება მიაქციეთ, რა არის ხაზგასმული მე-8 მუხლში: „მომსახურეებიც სერიოზულები უნდა იყვნენ“.

12, 13. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა ძმებს, ისწრაფონ პასუხისმგებლობისკენ?

12 თუ ჯერ არ ხართ 20 წლის, მაგრამ, როგორც მონათლული ძმა, სერიოზულად ეკიდებით ქრისტიანულ მსახურებას, უკვე შეგიძლიათ დაისახოთ სულიერი მიზნები და მიაღწიოთ კიდეც. ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს, გახდეთ დახელოვნებული მქადაგებელი. გიცნობენ ისეთ ძმად, რომელიც ყველა ასაკის და-ძმასთან ერთად ქადაგებს? ცდილობთ, რომ დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა? თუ ბიბლიის შესწავლას კრების შეხვედრებზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით ატარებთ, ეს უფრო დახელოვნებულ მასწავლებლად გაქცევთ. ამასთანავე, უფრო კარგად გაუგებთ დაინტერესებულს, რომელსაც იეჰოვასთან დაახლოებაში ეხმარებით. როცა იგი იმ დასკვნამდე მივა, რომ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მოახდინოს, ტაქტიანად და მოთმინებით დაეხმარეთ ბიბლიური პრინციპების გამოყენებაში.

13 ახალგაზრდა ძმებო, თქვენ შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ კრების ხანდაზმულ წევრებს და ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოთ. აგრეთვე შეგიძლიათ იზრუნოთ სამეფო დარბაზზე, რომ ის ყოველთვის მოწესრიგებული და სუფთა იყოს. როდესაც სხვებს ნებისმიერი სახის დახმარებას სთავაზობთ, ამით მზადყოფნის სულს ავლენთ და აჩვენებთ, რომ მსახურებას სერიოზულად ეკიდებით. თქვენ შეგიძლიათ ტიმოთეს მსგავსად გულწრფელად იზრუნოთ კრებაზე (წაიკითხეთ ფილიპელების 2:19—22 ).

14. როგორ შეიძლება ახალგაზრდა ძმები „გამოიცადონ, გამოდგებიან თუ არა“ კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად?

14 უხუცესებო, იყავით დაკვირვებულები და მიანდეთ პასუხისმგებლობები ისეთ ახალგაზრდა ძმებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, „გაექცნენ ახალგაზრდულ სურვილებს“ და სხვა კარგ თვისებებთან ერთად ესწრაფვიან „სიმართლეს, რწმენას, სიყვარულსა და მშვიდობას“ (2 ტიმ. 2:22). როცა მათ კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობას დააკისრებთ, ისინი გამოიცდებიან, „გამოდგებიან თუ არა“ ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად და ამგვარად, მათი წარმატება „ყველასთვის ცხადი გახდება“ (1 ტიმ. 3:10; 4:15).

სერიოზულად მოეკიდეთ ოჯახსა და კრებაში დაკისრებულ პასუხისმგებლობებს

15. როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს 1 ტიმოთეს 5:1, 2-ის თანახმად?

15 მსახურებისადმი სერიოზული დამოკიდებულება იმასაც გულისხმობს, რომ და-ძმებს ღირსეულად მოვექცეთ. ტიმოთესთვის მიწერილ წერილში პავლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სხვებს პატივისცემით მოვექცეთ (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:1, 2 ). ეს განსაკუთრებით მაშინაა საყურადღებო, როცა საქმე საპირისპირო სქესთან ურთიერთობას ეხება. ამ მხრივ იობმა კარგი მაგალითი დაგვიტოვა. იგი პატივისცემით ექცეოდა ქალებს, განსაკუთრებით თავის მეუღლეს. მას ფიქრადაც კი არასდროს მოსვლია, რომ გულისთქმით შეეხედა სხვა ქალისთვის (იობ. 31:1). თუ ჩვენს და-ძმებს პატივისცემით ვეპყრობით, მოვერიდებით ფლირტს და არც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებთ მათ. ურთიერთპატივისცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ორი ქრისტიანი ერთმანეთს დაქორწინების მიზნით ხვდება. ქრისტიანი, რომელიც სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს, არასდროს ითამაშებს სხვის გრძნობებზე (იგავ. 12:22).

16. როგორ წარმოგვიდგენს ქვეყნიერება ქმრისა და მამის როლს და ამის საპირისპიროდ, რას ვიგებთ ბიბლიიდან?

16 ჩვენ აგრეთვე სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობებს ოჯახში და ჩვენ-ჩვენი როლი პირნათლად შევასრულოთ. სატანის ქვეყნიერებაში ქმრისა და მამის როლი არასერიოზულად არის წარმოჩენილი. გართობის ინდუსტრია დღეს ოჯახის თავებს ისე წარმოგვიდგენს, რომ თითქოსდა მხოლოდ დაცინვასა და უპატივცემულობას იმსახურებდნენ. მაგრამ ღვთის სიტყვა ქმარს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს და „ცოლის თავად“ მოიხსენიებს (ეფეს. 5:23; 1 კორ. 11:3).

17. როგორ ცხადვყოთ, რომ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობებს ოჯახში? ახსენით.

17 ქმარი შეიძლება ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფს, მაგრამ თუ ის არ ზრუნავს ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ წინდახედულობა და სიბრძნე აკლია (კან. 6:6, 7). ასე რომ, თუ ოჯახის თავი ხართ და ისწრაფვით კრებაში პასუხისმგებლობებისკენ, როგორც 1 ტიმოთეს 3:4-შია ნათქვამი, ოჯახს კარგად უნდა განაგებდეთ და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა გემორჩილებოდნენ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რეგულარულად ვატარებ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს? ზოგი ქრისტიანი ცოლი პირდაპირი გაგებით სთხოვს ქმარს, რომ ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე იზრუნოს. ქმრები სერიოზულად უნდა ეკიდებოდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას ოჯახში. რასაკვირველია, ცოლი მხარში უნდა ამოუდგეს ქმარს და დაეხმაროს, რომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო რეგულარულად და საინტერესოდ ჩატარდეს.

18. როგორ შეუძლიათ შვილებს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს?

18 შვილებიც მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს (ეკლ. 12:1). ურიგო არ იქნება, ბავშვებს ასწავლოთ გულმოდგინედ შრომა და საოჯახო საქმეების კეთება მათი ასაკისა და უნარის გათვალისწინებით (გოდ. 3:27). მეფე დავითი ჯერ კიდევ სიყმაწვილეში გახდა კარგი მწყემსი. მან ისწავლა დაკვრა და მუსიკასაც წერდა — სწორედ ამ უნარის წყალობით აღმოჩნდა იგი ისრაელის მეფის კარზე (1 სამ. 16:11, 12, 18—21). ბუნებრივია, დავითს, როგორც ყველა ბავშვს, გართობაც ეყვარებოდა, მაგრამ ბევრი ისეთი რამ ისწავლა, რაც მოგვიანებით იეჰოვას განსადიდებლად გამოიყენა. მწყემსობის პერიოდში მან მოთმინება ისწავლა, რაც დაეხმარა ისრაელი ერის მართვაში. ახალგაზრდებო, თქვენც ეუფლებით ისეთ ხელობას ან პროფესიას, რაც დაგეხმარებათ, შემოქმედისთვის დაიხარჯოთ და მომავალი პასუხისმგებლობებისთვის მოემზადოთ?

ნუ დაკარგავთ წონასწორობას

19, 20. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე და ღვთის თაყვანისმცემლობაზე?

19 თითოეული ჩვენგანი უნდა შევეცადოთ, რომ გაწონასწორებული შეხედულება ვიქონიოთ საკუთარ თავზე და არ ვიყოთ ზედმეტად თავდაჯერებულნი. ჩვენ არ გვსურს, „მეტისმეტად მართლებად“ წარმოვაჩინოთ თავი (ეკლ. 7:16). ზოგჯერ იუმორი განმუხტავს დაძაბულ სიტუაციას, იქნება ეს ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან თუ ქრისტიან და-ძმებთან ურთიერთობისას. ოჯახის წევრები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ზედმეტად არ გააკრიტიკონ ერთმანეთი, რათა ოჯახური კერა ბრძოლის ველად არ აქციონ. კრებაში ყველას შეგვიძლია ვისწავლოთ სხვებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება და მხიარულება, მაგრამ ამასთანავე მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი და დადებით თემებზე ვისაუბროთ (2 კორ. 13:10; ეფეს. 4:29).

20 ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, სადაც იეჰოვას და მის კანონებს არაფრად აგდებენ. იეჰოვას ხალხისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, დაემორჩილონ ღმერთს და უერთგულონ მას. რა ბედნიერებაა, იყო მსოფლიო საძმოს ნაწილი, რომელიც „მთელი სერიოზულობით“ ეკიდება იეჰოვას თაყვანისცემას! მოდი, კვლავაც სერიოზულად მოვეკიდოთ ღვთის მსახურებას და მთელი ცხოვრება ღვთის თაყვანისცემას მივუძღვნათ!

როგორ უპასუხებთ?

• რატომ არ უნდა გვქონდეს ისეთი დამოკიდებულება ცხოვრებაზე, როგორიც ქვეყნიურ ხალხს აქვს?

• რატომ უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად მსახურებას და ამასთანავე არ დავკარგოთ სიხარული?

• როგორ ცხადყოფს დაკისრებული პასუხისმგებლობებისადმი ჩვენი დამოკიდებულება, რომ სერიოზულად ვეკიდებით მსახურებას?

• ახსენით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოჯახის წევრებსა და და-ძმებს პატივისცემით ვექცეოდეთ.

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 12 გვერდზე]

ქმარს ევალება, იზრუნოს ოჯახის მატერიალურ და სულიერ მოთხოვნილებებზე