არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავრჩეთ პატიოსნები ამ უპატიოსნო ქვეყნიერებაში?

როგორ დავრჩეთ პატიოსნები ამ უპატიოსნო ქვეყნიერებაში?

როგორ დავრჩეთ პატიოსნები ამ უპატიოსნო ქვეყნიერებაში?

დღევანდელ მსოფლიოში უპატიოსნობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით — ადამიანები ერთმანეთს ატყუებენ, თავიანთ საქონელს დიდ ფასს ადებენ, ვალებს უკან აღარ აბრუნებენ და ათასგვარ ბიზნეს-მაქინაციას მიმართავენ. ასეთ გარემოში ხშირად გვაქვს იმის ცდუნება, რომ უპატიოსნო საქციელი ჩავიდინოთ. როგორ დავრჩეთ პატიოსნები ამ უპატიოსნო ქვეყნიერებაში? განვიხილოთ, რა დაგვეხმარება პატიოსნების შენარჩუნებაში: 1) იეჰოვასადმი ჯანსაღი შიში, 2) სუფთა სინდისი და 3) კმაყოფილების გრძნობა.

იეჰოვასადმი ჯანსაღი შიში

წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „იეჰოვაა ჩვენი მოსამართლე, იეჰოვაა ჩვენთვის წესების დამდგენი, იეჰოვაა ჩვენი მეფე“ (ეს. 33:22). თუ ვაღიარებთ იეჰოვას, როგორც უზენაეს ხელისუფალს, ეს მისადმი ჯანსაღ შიშს განგვივითარებს და რაც არ უნდა მოხდეს, პატიოსნები დავრჩებით. იგავების 16:6-ში ვკითხულობთ: „იეჰოვას შიშით ადამიანი ზურგს შეაქცევს ბოროტებას“. შიშში არ იგულისხმება ის, რომ იეჰოვა შურისმგებელი ღმერთია და მისადმი პანიკური შიში უნდა გვქონდეს. ამ სიტყვაში ისაა ნაგულისხმები, რომ ჯანსაღი შიში უნდა გვქონდეს ღვთის მიმართ და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს მოსიყვარულე და მზრუნველ ზეციერ მამას გული არ ვატკინოთ (1 პეტ. 3:12).

ერთი შემთხვევიდან ჩანს, რა კარგი შედეგი მოაქვს ღვთისადმი ჯანსაღ შიშს. რიკარდომ და მისმა მეუღლემ ფერნანდამ * თავიანთი საბანკო ანგარიშიდან შვიდასი დოლარის ოდენობის თანხა მოხსნეს. ფერნანდამ ისე ჩადო ფულის შეკვრა საფულეში, რომ არ დაუთვლია. როცა სახლში დაბრუნდნენ, მათ უკვე გარკვეული თანხა დახარჯული ჰქონდათ გადასახადებში. გაოცება ვერ დამალეს, როდესაც ფერნანდას საფულეში თითქმის იმდენივე თანხა აღმოჩნდა, რაც ანგარიშიდან მოხსნეს. „მოლარემ, როგორც ჩანს, ფული გადმოგვაყოლა“, — თქვეს მათ. თავიდან იმის ცდუნება ჰქონდათ, რომ ფული თავისთვის დაეტოვებინათ, რადგან კიდევ ჰქონდათ გადასახადები გადასახდელი. რიკარდო ყვება: „ლოცვაში ვთხოვდით იეჰოვას, რომ ფულის დასაბრუნებლად ჩვენთვის ძალა მოეცა. გადავწყვიტეთ, რომ ფულს დავაბრუნებდით, რადგან გვინდოდა, იგავების 27:11-ის თანახმად, ღვთის გული გაგვეხარებინა“.

ბიბლიით განსწავლული სინდისი

ჩვენ შეგვიძლია გავწაფოთ სინდისი, თუ შევისწავლით ბიბლიას და ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ. ამგვარად, ღვთის სიტყვა, რომელიც „ცოცხალი და მოქმედია“, არა მხოლოდ გონებამდე, არამედ გულამდეც მიაღწევს. ეს კი აღგვძრავს, „ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრ. 4:12; 13:18).

განვიხილოთ ჟოაოს მაგალითი. მან აიღო დიდი ვალი, ხუთი ათასი დოლარის ოდენობის თანხა. ის სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად ისე, რომ ვალი არ გადაუხდია. რვა წლის შემდეგ ჟოაომ გაიგო ჭეშმარიტება. ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა უბიძგა მას, დაკავშირებოდა მევალეს და გადაეხადა ვალი. ჟოაოს მცირე შემოსავლით უნდა ერჩინა მეუღლე და ოთხი შვილი, ამიტომ მევალე დასთანხმდა, რომ ფული ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ გადაეხადა მისთვის.

კმაყოფილების გრძნობა

პავლე მოციქულმა დაწერა: „დიდი მონახვეჭი ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს . . . თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ“ (1 ტიმ. 6:6—8). თუ ამ გონივრულ რჩევას ყურად ვიღებთ, სიხარბე არ დაგვაბრმავებს, არც საეჭვო ბიზნეს-გარიგებებს წამოვიწყებთ და არც სწრაფად გამდიდრების მახეში გავებმებით (იგავ. 28:20). პავლეს რჩევის მიყოლა აგრეთვე დაგვეხმარება, ღვთის სამეფო პირველ ადგილზე დავაყენოთ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი აუცილებელს არ მოგვაკლებს (მათ. 6:25—34).

„სიმდიდრის მაცდუნებელმა ძალამ“ ისე არ უნდა დაგვაბრმაოს, რომ ვერ დავინახოთ, რა საშიშროება იმალება სიხარბისა თუ გაუმაძღრობის მიღმა (მათ. 13:22). გავიხსენოთ აქანის შემთხვევა. მან საკუთარი თვალით იხილა, როგორ გადალახა ისრაელმა სასწაულებრივად მდინარე იორდანე. მას სიხარბემ სძლია და იმის ნაცვლად, რომ ჩაეკლა ეს არასწორი სურვილი, იერიხონიდან წამოიღო ვერცხლი, ოქრო და ძვირფასი მოსასხამი. ეს მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა (იეს. 7:1, 20—26). გასაკვირი არაა, საუკუნეების შემდეგ რატომ გააფრთხილა იესომ თავისი მიმდევრები: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“ (ლუკ. 12:15).

პატიოსნება სამსახურში

ვნახოთ, როგორ შეიძლება ზოგ სიტუაციაში გამოიცადოს ჩვენი პატიოსნება და როგორ შეგვიძლია ყველაფერში დავრჩეთ პატიოსნები. სამსახურში პატიოსნების გამოვლენა იმას გულისხმობს, რომ არ ვიქურდოთ მაშინაც კი, თუ ეს ჩვეულებრივ რამედ ითვლება სხვებისთვის (ტიტ. 2:9, 10). ჯურანდირი, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობდა, ყოველთვის პატიოსნად ამბობდა, რამდენს ხარჯავდა მივლინების დროს მგზავრობაში. მისი თანამშრომლები კი იმაზე მეტ თანხას ასახელებდნენ, რამდენსაც სინამდვილეში ხარჯავდნენ. ისინი ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ მათი განყოფილების უფროსი ხელს აფარებდა მათ. უფროსმა ჯურანდირს უსაყვედურა კიდეც იმის გამო, რომ პატიოსნად იქცეოდა და მივლინებაში მეტად აღარ გზავნიდა. დაწესებულებაში ცოტა ხანში მოვიდა რევიზია, რომ გადაემოწმებინათ, რაში იხარჯებოდა თანხები. ჯურანდირი შეაქეს პატიოსნებისთვის და დააწინაურეს კიდეც.

ანდრეს, რომელიც გამყიდველად მუშაობდა, დამსაქმებელმა უთხრა, რომ მყიდველებისგან ორმაგი აეღო. ძმა ანდრე სთხოვდა იეჰოვას, მიეცა მისთვის გაბედულება, რომ ბიბლიური პრინციპები არ დაერღვია (ფსალმ. 145:18—20). ის აგრეთვე შეეცადა, აეხსნა დამსაქმებლისთვის, რატომ ვერ დაემორჩილებოდა მის მითითებას, მაგრამ ამაოდ. ანდრე იძულებული გახდა, რომ მიეტოვებინა თავისი მაღალანაზღაურებადი სამუშაო. ერთი წლის შემდეგ მისმა ყოფილმა დამსაქმებელმა ისევ მიიღო ის სამსახურში და დაარწმუნა, რომ მყიდველებისგან ორმაგის აღებას აღარ მოსთხოვდა. ანდრე დააწინაურეს და მენეჯერად დანიშნეს.

უკან დააბრუნეთ ვალი

პავლე მოციქულმა ქრისტიანებს ურჩია: „არავისი არაფერი გემართოთ გარდა ერთმანეთის სიყვარულისა“ (რომ. 13:8). ჩვენ შეიძლება გამართლება მოვუძებნოთ იმას, თუ რატომ არ ვაბრუნებთ ვალს და ეს იმით ავხსნათ, რომ მევალე საკმაოდ შეძლებულია და აღარ საჭიროებს ფულს. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: „ბოროტი სესხულობს და აღარ აბრუნებს“ (ფსალმ. 37:21).

რა მოხდება, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ვეღარ შევძლებთ ვალის უკან დაბრუნებას? (ეკლ. 9:11). ფრანცისკომ თავისი ბიზნესისთვის აღებული სესხის დასაფარად ალფრედოსგან შვიდი ათასი დოლარის ოდენობის თანხა ისესხა. მაგრამ ბიზნესმა ვერ გაამართლა და დათქმულ ვადაში ვერ შეძლო ფულის უკან დაბრუნება. ფრანცისკომ თავად გამოიჩინა ინიციატივა და ალფრედოს დაელაპარა ამ საკითხზე. ალფრედო დასთანხმდა მას, რომ ნაწილ-ნაწილ გადაეხადა მისთვის ვალი.

ნუ შეინიღბებით

გაიხსენეთ ანანიასა და მისი მეუღლის საფირას შემთხვევა, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრები იყვნენ. მას შემდეგ, რაც მათ საკუთარი მინდორი გაყიდეს, მხოლოდ თანხის ნაწილი მიიტანეს მოციქულებთან, არადა სინამდვილეში თავი ისე ეჭირათ, თითქოს მთლიანი თანხა გაიღეს. მათ უნდოდათ, სხვების წინაშე თავი წარმოეჩინათ, რომ ძალიან ხელგაშლილები იყვნენ. მაგრამ პეტრე მოციქულმა ღვთის წმინდა სულის დახმარებით ფარდა ახადა მათ შენიღბულ სიცრუეს, რის შემდეგაც ორივე იეჰოვამ სიკვდილით დასაჯა (საქ. 5:1—11).

ანანიასა და საფირასგან განსხვავებით, ბიბლიის დამწერები გულახდილები და პატიოსნები იყვნენ. მოსემ გულწრფელად დაწერა, რა შეცდომა დაუშვა, რის გამოც ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე (რიცხ. 20:7—13). იონასაც არ დაუმალავს თავისი სისუსტეები, რომელიც ნინევეში ქადაგებამდე და ქადაგების შემდეგ გამოავლინა. მან გულახდილად მოიხსენია ყველა შეცდომა, რაც დაუშვა (იონ. 1:1—3; 4:1—3).

სიმართლის თქმას გაბედულება სჭირდება მაშინაც კი, თუ ეს არც ისე სახარბიელოა ჩვენთვის, როგორც ამას 14 წლის გოგონას, ნატალიას შემთხვევა აჩვენებს. ნატალიას წერითი გამოცდა ჰქონდა სკოლაში. მან გადახედა თავის ნაწერს და შენიშნა, რომ ერთ-ერთი მისი პასუხი მასწავლებელმა სწორად მიიჩნია მაშინ, როცა არასწორი იყო. ნატალიამ გადაწყვიტა, ამის შესახებ მასწავლებლისთვის ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მის ნიშანზე იმოქმედებდა. ნატალია ამბობს: „მშობლები მასწავლიან, რომ თუ მინდა იეჰოვას ვასიამოვნო, პატიოსნად უნდა მოვიქცე. სინდისი არ მომასვენებდა, თუ ამის შესახებ არ ვეტყოდი მასწავლებელს“. მასწავლებელი გულგრილი არ დატოვა ნატალიას საქციელმა.

პატიოსნება განადიდებს იეჰოვას

ერთხელ 17 წლის ჟიზელმა საფულე იპოვა, რომელშიც საბუთები და 35 დოლარის ოდენობის თანხა იდო. მან სკოლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მოეძებნათ ამ საფულის პატრონი და დაებრუნებინათ მისთვის საფულე. ერთი თვის შემდეგ სკოლის სასწავლო ნაწილმა მთელი კლასის წინაშე წაიკითხა წერილი, რომელშიც აქებდნენ ჟიზელს მისი პატიოსნების გამო; წერილში ქების სიტყვებს არც მისი მშობლებისთვის იშურებდნენ, რომლებმაც ასეთი კარგი შვილი აღზარდეს და ბავშვს რელიგიური ფასეულობები ჩაუნერგეს. ჟიზელის „კარგმა საქმეებმა“ განადიდა იეჰოვა (მათ. 5:14—16).

მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ პატიოსანი დარჩე მათ გარემოცვაში, ვინც „საკუთარი თავის მოყვარული, ფულის მოყვარული, თავდაჯერებული, ამპარტავანი . . . და ორგულია“ (2 ტიმ. 3:2). მიუხედავად ამისა, იეჰოვასადმი ჯანსაღი შიში, ბიბლიით განსწავლული სინდისი და კმაყოფილების გრძნობა გვეხმარება, რომ პატიოსნები დავრჩეთ ამ უპატიოსნო ქვეყნიერებაში. რაც ყველაზე მთავარია, იეჰოვასა და ჩვენ შორის მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცდება. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „მართალია იეჰოვა, სიმართლის საქმეების მოყვარულია“ (ფსალმ. 11:7).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათები 7 გვერდზე]

იეჰოვასადმი ჯანსაღი შიში გვაძლევს ძალას, რომ დავრჩეთ პატიოსნები

[სურათი 8 გვერდზე]

ჩვენი პატიოსნებით იეჰოვას განვადიდებთ