განიჭებთ სიამოვნებას ღვთის სიტყვის კითხვა?
განიჭებთ სიამოვნებას ღვთის სიტყვის კითხვა?
„ბიბლიის რეგულარულად კითხვა თავიდან ჩემთვის უფრო მოსაწყენი იყო, ვიდრე სასიამოვნო, — ამბობს ლორენი,— მიჭირდა მისი გაგება, რის გამოც ხშირად გონება მეფანტებოდა“.
სხვებიც აღიარებენ, რომ ბიბლიის კითხვა თავიდან მათაც არ ანიჭებდა სიამოვნებას. მაგრამ მაინც განაგრძობდნენ კითხვას, რადგან იცოდნენ, რომ ეს საჭიროა. მარკი ამბობს: „ბიბლიის კითხვისა და პირადი შესწავლის დროს შეიძლება გონება ადვილად გაგვეფანტოს. ძალიან ბევრს ვლოცულობდი და ძალ-ღონეს არ ვიშურებდი იმისათვის, რომ ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო“.
რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ უფრო დააფასოთ ღვთის სიტყვა, ბიბლია? როგორ შეიძლება კითხვამ სიამოვნება მოგანიჭოთ? განვიხილოთ რამდენიმე რჩევა.
მიზნები და მეთოდები
ბიბლიის კითხვა დაიწყეთ ლოცვით და იყავით კონცენტრირებული. სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ, რომ მთელი გულით გინდოდეთ მისი სიტყვის სწავლა. ევედრეთ, გაგიხსნათ გული და გონება, რათა მეტად ჩასწვდეთ მის სიბრძნეს (ფსალმ. 119:34). თუ ასეთი მიდგომა არ გექნებათ, ძალიან მალე შეიძლება ბიბლია მექანიკურად იკითხოთ და კითხვის გაგრძელების სურვილი დაკარგოთ. ლინი ამბობს: „ზოგჯერ ძალიან სწრაფად ვკითხულობ და საინტერესო მომენტები მხედველობიდან მრჩება. ხშირად ძირითად აზრსაც ვერ ვწვდები ბოლომდე. მაგრამ ღმერთს ლოცვაში ნებისყოფას ვთხოვ და ეს მეხმარება გონების კონცენტრირებაში“.
დააფასეთ, რასაც კითხულობთ. გახსოვდეთ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებასა და გამოყენებაზე თქვენი მარადიული სიცოცხლეა დამოკიდებული. ამიტომ მთელი გულით ეცადეთ, რომ წაკითხულში დაინახოთ პრაქტიკული რჩევები და ცხოვრებაში გამოიყენოთ ისინი. კრისი ამბობს: „ვცდილობ, წაკითხული გამოვიყენო იმისათვის, რომ დავინახო, რაში მჭირდება აზროვნების გამოსწორება და რა მოტივები მამოძრავებს. გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ ბიბლია და მრავალი ჩვენი პუბლიკაცია პირადად ჩემთვის სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ მწერლებს თვალითაც არ ვუნახივარ“.
დაისახეთ რეალური მიზნები. შეეცადეთ, რაიმე ახალი გაიგოთ ბიბლიური პერსონაჟების შესახებ. მრავალ მათგანზე ძალიან საინტერესო ფაქტებს აღმოაჩენთ, თუ გამოიკვლევთ პუბლიკაციებს; მაგალითად, „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარს“ (ინგლ.), „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელსა“ და „საგუშაგო კოშკის“ ელექტრონულ ბიბლიოთეკას. თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს, თუ გაეცნობით ბიბლიური პერსონაჟების თვისებებსა და გრძნობებს.
ეძებეთ ახალ-ახალი გზები, რათა იმსჯელოთ ბიბლიური მუხლების საფუძველზე (საქ. 17:2, 3). სოფიას სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა: «მინდა, ვისწავლო წაკითხული მუხლების ისე გამოყენება, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების ნათლად გადმოცემა შევძლო როგორც მსახურებაში ხალხთან მსჯელობისას, ისე სხვა დროს. ამაში დიდ დახმარებას „საგუშაგო კოშკი“ მიწევს» (2 ტიმ. 2:15).
ცოცხლად წარმოიდგინეთ ბიბლიური სიუჟეტები. „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“, — ნათქვამია ებრაელების 4:12-ში. როდესაც ბიბლიას კითხულობთ, შეეცადეთ დაინახოთ ის, რასაც ბიბლიური პერსონაჟები ხედავენ, მოისმინოთ ის, რასაც ისინი ისმენენ და შეიგრძნოთ ის, რასაც ისინი გრძნობენ. ის, რაც მათ თავს გადახდათ, თქვენი ცხოვრების კონკრეტულ სიტუაციას დაუკავშირეთ. დააკვირდით, როგორ ართმევდნენ ისინი თავს სხვადასხვა სირთულეს. ეს დაგეხმარებათ უკეთესად გაიგოთ და დაიმახსოვროთ წაკითხული ბიბლიური მონაკვეთები.
გამოუყავით დრო რთული მუხლების გამოკვლევას, რათა კარგად გაიგოთ მათი მნიშვნელობა. თითოეულ შესწავლას დიდი დრო დაუთმეთ. კითხვისას შეიძლება შეგხვდეთ ძალიან საინტერესო საკითხები, რომლებსაც დამატებითი გამოკვლევა სჭირდება. ლექსიკონებში შეამოწმეთ თქვენთვის გაუგებარი სიტყვები, წაიკითხეთ სქოლიოები და გადახედეთ მარგინალურ მუხლებს. რაც უფრო მეტად გაიგებთ წაკითხულს და ცხოვრებაში გამოიყენებთ, მით უფრო სასიამოვნო გახდება თქვენთვის ღვთის სიტყვის კითხვა. მაშინ თქვენც ფსალმუნმომღერალივით შეგეძლებათ თქვათ: „შენი შეხსენებები სამარადისოდ ჩემს საკუთრებად ვაქციე, რადგან ისინი მიხარებენ გულს“ (ფსალმ. 119:111).
ბიბლიურ მონაკვეთებს სწრაფად ნუ წაიკითხავთ. გონივრულად დაგეგმეთ დრო, რომელსაც პირად შესწავლას დაუთმობთ. იყავით გაწონასწორებული და გაითვალისწინეთ ის დროც, რომელიც კრების შეხვედრებისთვის მომზადებას სჭირდება. რაკელი ამბობს: „ხშირად იმდენად დაძაბული ვარ, რომ კონცენტრირებას ვერ ვახერხებ. ამიტომ მირჩევნია შესწავლას ცოტა დრო დავუთმო, მაგრამ ეს ხშირ-ხშირად გავაკეთო. ეს მეხმარება, რომ შესწავლა ჩემთვის მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს“. კრისი აღიარებს: „როცა ვჩქარობ, სინდისი მაწუხებს, რადგან წაკითხული მასალიდან ძალიან ცოტა მამახსოვრდება. ინფორმაცია, ჩვეულებრივ, გულამდე ვერ აღწევს“. ასე რომ, გამოყავით საკმარისი დრო.
განივითარეთ ღვთის სიტყვისადმი სწრაფვა. მოციქულმა პეტრემ თქვა: „როგორც ახალშობილებმა, განივითარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი სწრაფვა, რომ მისით გაიზარდოთ და გადარჩეთ“ (1 პეტ. 2:2). ბავშვებს რძისადმი თანდაყოლილი სწრაფვა აქვთ. ამის განვითარება მათ არ სჭირდებათ. მაგრამ ბიბლიის თანახმად, ჩვენ გვჭირდება ღვთის სიტყვისადმი სწრაფვის განვითარება. თუ ყოველდღე ბიბლიიდან ერთ გვერდს მაინც წაიკითხავთ, ასეთი სწრაფვა მალე განგივითარდებათ. რაც თავიდან რთული ჩანდა, მალე თქვენთვის სასიამოვნო გახდება.
იფიქრეთ ბიბლიურ მონაკვეთებზე. დიდი სარგებლობა მოაქვს წაკითხულზე ფიქრსაც. ეს დაგეხმარებათ ერთმანეთთან დააკავშიროთ თქვენ მიერ გამოკვლეული საკითხები. და თქვენ მალე გახდებით სიბრძნის მშვენიერი მარგალიტებით ასხმული ფსალმ. 19:14; იგავ. 3:3).
მძივის — ბრწყინვალე ქონების — მფლობელი (ღირს დროის დახარჯვა
ასეთი შესწავლის შენარჩუნებას ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ძალიან დიდი სარგებლობა მოაქვს. ამგვარად უკეთ ჩასწვდებით ბიბლიას (ებრ. 5:12—14). გამჭრიახობა და გონიერება, რომელსაც ღვთის შთაგონებული სიტყვიდან იღებთ, ბედნიერებას, სიამოვნებასა და მშვიდობას მოგიტანთ. ღვთის სიტყვაში მოცემული სიბრძნე არის „სიცოცხლის ხე“ მათთვის, ვინც „ხელს ჩაავლებს“ მას და ცხოვრებაში გამოიყენებს (იგავ. 3:13—18).
ღვთის სიტყვის ღრმად გამოკვლევა გაგებულ გულს შეგძენთ (იგავ. 15:14). ეს კი ბიბლიაზე დაფუძნებული გულითადი რჩევის მიცემაში დაგეხმარებათ. თუ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელებთ იმით, რასაც ბიბლიასა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებში კითხულობთ, საკუთარ თავზე გამოცდით, რამდენად გამომაცოცხლებელი და განმამტკიცებელია იეჰოვას მიერ შთაგონებული სიტყვა (მათ. 24:45). შედეგად უფრო დადებითად და ოპტიმისტურად განწყობილი, სულიერად მოწიფული ადამიანი გახდებით. გარდა ამისა, ხელი მოგემართებათ ყველაფერში, რაც იეჰოვასთან თქვენს ურთიერთობას ეხება (ფსალმ. 1:2, 3).
ღვთისადმი სიყვარულით სავსე გული აღგძრავთ, სხვებსაც გაუზიაროთ თქვენი რწმენა. ამასაც ბევრი კურთხევა მოაქვს. სოფია ცდილობს, დაიმახსოვროს ბიბლიური მუხლები, რომელთა დახმარებითაც მობინადრის ყურადღებას მიიპყრობს და მისი მსახურება უფრო ეფექტური და საინტერესო გახდება. „უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს ბიბლიური მუხლების წაკითხვისას ხალხის რეაქციის დანახვა“, — ამბობს ის.
მაგრამ უდიდესი სარგებლობა, რომელიც ღვთის სიტყვის სიამოვნებით კითხვას მოაქვს, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობაა. ბიბლიის შესწავლა საშუალებას გაძლევთ, იცოდეთ ღვთის ნორმები და დააფასოთ მისი სიყვარული, გულუხვობა და სამართლიანობა. სხვა არაფერია ასე მნიშვნელოვანი და ასე ბევრი კურთხევის მომტანი. მთელი სულითა და გულით მოეკიდეთ ღვთის სიტყვის შესწავლას. ამისთვის ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა (ფსალმ. 19:7—11).
[ჩარჩო⁄სურათები 5 გვერდზე]
მიზნები და მეთოდები, თუ როგორ უნდა წაიკითხოთ ღვთის სიტყვა
▪ ბიბლიის კითხვა დაიწყეთ ლოცვით და იყავით კონცენტრირებული.
▪ დააფასეთ, რასაც კითხულობთ.
▪ დაისახეთ რეალური მიზნები.
▪ ეძებეთ ახალ-ახალი გზები, რათა იმსჯელოთ ბიბლიური მუხლების საფუძველზე.
▪ ცოცხლად წარმოიდგინეთ ბიბლიური სიუჟეტები.
▪ გამოუყავით დრო რთული მუხლების გამოკვლევას, რათა კარგად გაიგოთ მათი მნიშვნელობა.
▪ ბიბლიურ მონაკვეთებს სწრაფად ნუ წაიკითხავთ.
▪ განივითარეთ ღვთის სიტყვისადმი სწრაფვა.
▪ იფიქრეთ ბიბლიურ მონაკვეთებზე.
[სურათი 4 გვერდზე]
წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იმ ბიბლიურ სიუჟეტში, რომელსაც კითხულობთ