არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება?

ვინ არის თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება?

ვინ არის თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება?

„მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე“ (ფსალმ. 83:18).

1, 2. გადარჩენისთვის რატომ არ არის საკმარისი იეჰოვას მხოლოდ სახელის ცოდნა?

პირველად ღვთის სახელი იეჰოვა, შესაძლოა, ფსალმუნების 83:18-ში ნახეთ. ალბათ, გაგაოცათ ამ სიტყვების წაკითხვამ: „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“. მას შემდეგ, ეჭვგარეშეა, არაერთხელ გამოგიყენებიათ ეს მუხლი, რათა სხვებს, ჩვენი მოსიყვარულე ღვთის, იეჰოვას გაცნობაში დახმარებოდით (რომ. 10:12, 13).

2 მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს იეჰოვას სახელი, მაგრამ მხოლოდ სახელის ცოდნა არ კმარა. ყურადღება მიაქციეთ, ფსალმუნმომღერალმა ხაზგასმით როგორ აღნიშნა კიდევ ერთი ჭეშმარიტება: „მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე“. იეჰოვა მართლაც უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა მთელ სამყაროში. როგორც ყოველივეს შემოქმედს, მას აქვს უფლება, თავისი ყველა ქმნილებისგან სრულ მორჩილებას მოელოდეს (გამოცხ. 4:11). ამიტომ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვინ არის ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება?“ მართლაც ღირს ამ კითხვაზე დაფიქრება.

ედემის ბაღში წამოჭრილი საკითხი

3, 4. როგორ შეძლო სატანამ ევას შეცდომაში შეყვანა და რა მოჰყვა ამას შედეგად?

3 ის, თუ რამდენად სერიოზულია ეს საკითხი, ნათლად ჩანს ედემის ბაღში მომხდარი შემთხვევიდან. მოჯანყე ანგელოზმა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც სატანა ეშმაკი, შეცდომაში შეიყვანა პირველი ქალი, ევა, რომელმაც საკუთარი სურვილები ღვთის მოთხოვნაზე მაღლა დააყენა (დაბ. 2:17; 2 კორ. 11:3). ევა ცდუნდა და უგულებელყო ღვთის მოთხოვნა, არ ეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი, რითაც იეჰოვას უზენაესობისადმი უპატივცემლობა გამოავლინა. ევამ ცხადყო, რომ მისთვის იეჰოვა არ იყო უმნიშვნელოვანესი პიროვნება. მაგრამ, როგორ შეძლო სატანამ ევას ცდუნება?

4 სატანამ ევასთან საუბარში მზაკვრული მეთოდები გამოიყენა (წაიკითხეთ დაბადების 3:1—5 ). პირველი, მან იეჰოვას პირადი სახელი არ მოიხსენია. ის უბრალოდ „ღმერთზე“ ლაპარაკობდა. ამის საპირისპიროდ, დაბადების დამწერმა იეჰოვას პირადი სახელი იმავე თავის პირველივე მუხლში ჩაწერა. მეორე, სატანამ ევას ის კი არ ჰკითხა, თუ რა „უბრძანა“ ღმერთმა, არამედ ის თუ, რა „უთხრა“ (დაბ. 2:16). სატანა ასეთი მზაკვრული მეთოდით, შესაძლოა, ცდილობდა ევას თვალში ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოეჩინა ეს ბრძანება. მესამე, თუმცა მხოლოდ ევას ელაპარაკებოდა, სატანამ მას „თქვენობით“ მიმართა. ამგვარად ის შეიძლება შეეცადა, ემოქმედა მის სიამაყეზე და ევას საკუთარი თავი წარმოესახა მნიშვნელოვან პიროვნებად, რომელსაც შეეძლო ელაპარაკა როგორც საკუთარი თავის, ისე ქმრის სახელით. რა მოჰყვა ამას შედეგად? როგორც ჩანს, ევამ საკუთარ თავზე აიღო უფლება, ელაპარაკა ოჯახის სახელით, და გველს უთხრა: „ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ“.

5. ა) რაზე გაუმახვილა სატანამ ევას ყურადღება? ბ) რა ცხადყო ევამ აკრძალული ნაყოფის ჭამით?

5 სატანამ ფაქტებიც დაამახინჯა. მან გადაკვრით თქვა, რომ ღმერთმა უსამართლოდ მოითხოვა ადამ და ევასგან „ბაღის ყოველი ხიდან არ ეჭამათ“. შემდეგ სატანამ ევას აფიქრებინა თავის თავზე, იმაზე, თუ როგორ შეეძლო საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება და რომ შეეძლო „ღმერთივით“ გამხდარიყო. საბოლოოდ, სატანამ მოახერხა, რომ ევას ეფიქრა ხეზე და მის ნაყოფზე და არა იმ პიროვნებასთან ურთიერთობაზე, რომელმაც ყველაფერი უბოძა (წაიკითხეთ დაბადების 3:6 ). სამწუხაროდ, ევამ ნაყოფი ჭამა, რითაც ცხადყო, რომ იეჰოვა არ იყო მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება.

იობის დღეებში წამოჭრილი საკითხი

6. რაში დასდო სატანამ იობს ბრალი და რის შესაძლებლობა მისცა ამან იობს?

6 საუკუნეების შემდეგ ერთგულ მამაკაცს, იობს, მიეცა შესაძლებლობა, დაემტკიცებინა, ვინ იყო მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება. როდესაც იეჰოვამ ყურადღება იობის ერთგულებაზე გაამახვილა, სატანამ უკმაყოფილოდ უპასუხა: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში?“ (წაიკითხეთ იობის 1:7—10 ). სატანა არ უარყოფდა იმას, რომ იობი ღვთის მორჩილი იყო. ნაცვლად ამისა, მან იობს მზაკვრულად დასდო ბრალი იმაში, რომ ღმერთს სიყვარულიდან გამომდინარე კი არ ემსახურებოდა, არამედ — ეგოისტური ინტერესებიდან. მხოლოდ იობს შეეძლო დაემტკიცებინა ამ ბრალდების სიცრუე და მას მიეცა ამის გაკეთების შესაძლებლობა.

7, 8. რა განსაცდელების ატანა მოუწია იობს და რა ცხადყო მან თავისი ერთგულებით?

7 იეჰოვამ სატანას ნება დართო, ერთიმეორეზე მიყოლებით დაეტეხა იობისთვის უბედურებები (იობ. 1:12—19). როგორი იყო იობის რეაქცია მდგომარეობის ასე რადიკალურ ცვლილებაზე? ბიბლიაში ნათქვამია: „არ შეუცოდავს იობს და ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის“ (იობ. 1:22). მაგრამ სატანა მაინც არ გაჩუმებულა. ის კვლავაც უკმაყოფილოდ ირწმუნებოდა: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ * (იობ. 2:4). სატანა ამბობდა, რომ, თუ განსაცდელი პირადად იობს შეეხებოდა, მაშინ იეჰოვა მისთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნება აღარ იქნებოდა.

8 საშინელმა დაავადებამ იობს მთელი სხეული დაუმახინჯა. გარდა ამისა, საკუთარმა ცოლმა უთხრა, რომ დაეწყევლა ღმერთი და მომკვდარიყო. მოგვიანებით სამმა ცრუ ნუგეშისმცემელმა მას არასწორ მოქმედებაში დასდო ბრალი (იობ. 2:11—13; 8:2—6; 22:2, 3). მაგრამ, ყოველივეს მიუხედავად, იობს ღვთისადმი ერთგულება არ დაუთმია (წაიკითხეთ იობის 2:9, 10 ). განსაცდელების ერთგულად ატანით მან ცხადყო, რომ იეჰოვა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო. იობმა აგრეთვე დაამტკიცა, რომ არასრულყოფილ ადამიანს შეუძლია ეშმაკის ცრუ ბრალდებებზე პასუხის გაცემა, თუმცა მისი შესაძლებლობები შეზღუდულია (შეადარეთ იგავების 27:11).

იესოს სრულყოფილი პასუხი

9. ა) როგორ გამოიყენა სატანამ იესოს შესაცდენად მისი ფიზიკური მოთხოვნილება? ბ) როგორი იყო ცდუნებაზე იესოს რეაქცია?

9 იესოს ნათლობიდან ცოტა ხნის შემდეგ სატანა მის ცდუნებას შეეცადა. მას არ უნდოდა, რომ იესოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება იეჰოვა ყოფილიყო. ის ცდილობდა, რომ იესოს პირველ ადგილზე თავისი ეგოისტური სურვილები დაეყენებინა. ეშმაკმა სამჯერ სცადა იესოს ცდუნება. თავიდან ის შეეცადა ესარგებლა იესოს ფიზიკური მოთხოვნილებით და შესთავაზა, რომ ქვები პურებად ექცია (მათ. 4:2, 3). იესო 40 დღეს მარხულობდა და ძალიან შიოდა. ამიტომ ეშმაკმა უთხრა, რომ შიმშილის გრძნობის დასაკმაყოფილებლად თავისი სასწაულებრივი ძალა გამოეყენებინა. როგორ მოიქცა იესო? ევასგან განსხვავებით, მან ყურადღება იეჰოვას სიტყვაზე გაამახვილა და უმალ უარყო ეშმაკის წინადადება (წაიკითხეთ მათეს 4:4 ).

10. რატომ წააქეზა სატანამ იესო, ტაძრის გალავნიდან გადმომხტარიყო?

10 შემდეგ სატანამ სცადა, იესო ეგოისტური მოქმედებისკენ აღეძრა. მან ის წააქეზა, ტაძრის გალავნიდან გადმომხტარიყო (მათ. 4:5, 6). რის მიღწევა სურდა სატანას? მან განაცხადა, რომ, თუ გადმოხტომისას იესო არ დაზიანდებოდა, ეს იმის დამამტკიცებელი იქნებოდა, რომ ღვთის ძე იყო. აშკარაა, რომ ეშმაკს უნდოდა, იესოს მეტისმეტად, ანუ იმ დონემდე ეფიქრა საკუთარ რეპუტაციაზე, რომ ხალხისთვის სანახაობა მოეწყო. სატანამ იცოდა, რომ სიამაყემ ან საკუთარ სახელზე ზრუნვამ შეიძლება ადამიანი ადვილად წამოაგოს ანკესზე. მან არასწორად გამოიყენა ბიბლიური მუხლი, მაგრამ იესომ იეჰოვას სიტყვის კარგი ცოდნა გამოავლინა (წაიკითხეთ მათეს 4:7 ). იესომ არ მიიღო სატანის გამოწვევა, რითაც ისევ დაამტკიცა, რომ იეჰოვა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო.

11. რატომ თქვა იესომ უარი ეშმაკის მიერ შემოთავაზებულ მსოფლიოს ყველა სამეფოზე?

11 ბოლოს, სატანა მთელი ძალით შეეცადა იესოს ცდუნებას და მას მსოფლიოს ყველა სამეფო შესთავაზა (მათ. 4:8, 9). იესომ დაუყოვნებლივ თქვა უარი შემოთავაზებაზე. მან იცოდა, რომ ამ წინადადების მიღება იეჰოვას უზენაესობის უარყოფის ტოლფასი იქნებოდა (წაიკითხეთ მათეს 4:10 ). თითოეულ შემთხვევაში იესომ სატანას პასუხი იეჰოვას პირადი სახელის შემცველი ბიბლიური მუხლებით გასცა.

12. რა რთული გადაწყვეტილება უნდა მიეღო იესოს დედამიწაზე ცხოვრების დასასრულისთვის და რას ვიგებთ აქედან?

12 დედამიწაზე ცხოვრების დასასრულისთვის იესოს ძალიან რთული გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მთელი თავისი მსახურების განმავლობაში მას არაერთხელ უთქვამს, რომ საკუთარ სიცოცხლეს მსხვერპლად გაიღებდა (მათ. 20:17—19, 28; ლუკ. 12:50; იოან. 16:28). მაგრამ იესომ ისიც იცოდა, რომ მას ცრუ ბრალდებას წაუყენებდნენ, იუდეველთა სასამართლოზე გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ, როგორც ღვთისმგმობელს. ეს უკანასკნელი დეტალი მას ძალიან აღელვებდა. ამიტომ ილოცა: „მამა, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი“. შემდეგ კი დასძინა: „მაგრამ არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ“ (მათ. 26:39). სიკვდილამდე ერთგულების შენარჩუნებით იესომ ყველასთვის ცხადი გახადა, თუ ვინ იყო მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება!

როგორია ჩვენი პასუხი

13. რა ვისწავლეთ ევას, იობის და იესო ქრისტეს მაგალითებიდან?

13 რა ვისწავლეთ განხილულიდან? ევას მაგალითიდან დავინახეთ, რომ, თუ ადამიანი ეგოისტურ სურვილებს აჰყვება ან საკუთარ მნიშვნელოვნებაზე ბევრს იფიქრებს, ამით ცხადყოფს, რომ იეჰოვა მის ცხოვრებაში არ არის უმნიშვნელოვანესი პიროვნება. ამის საპირისპიროდ, იობის ერთგულებიდან დავინახეთ, რომ არასრულყოფილ ადამიანებსაც შეუძლიათ განსაცდელების ატანა მაშინაც კი, როცა ბოლომდე არ ესმით, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. ამით ისინი ცხადყოფენ, რომ იეჰოვას პირველ ადგილზე აყენებენ (იაკ. 5:11). და ბოლოს, იესოს მაგალითი გვასწავლის, რომ სირცხვილი არაფრად ჩავაგდოთ და მეტისმეტი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ საკუთარ რეპუტაციას (ებრ. 12:2). როგორ შეგვიძლია ნასწავლის გამოყენება?

14, 15. როგორ განსხვავდებოდა განსაცდელზე იესოს და ევას რეაქცია და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? (იხილეთ ილუსტრაცია მე-18 გვერდზე.)

14 არასოდეს დაუშვათ, რომ განსაცდელებმა იეჰოვა დაგავიწყოთ. ევამ ყურადღება მიმართა საცდურისკენ, რომელიც მის თვალწინ იყო. მან დაინახა, რომ „ხეს საჭმელად კარგი და თვალისთვის მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა. ხე მართლაც თვალწარმტაცი იყო“ (დაბ. 3:6). იესოს კი სრულიად განსხვავებული რეაქცია ჰქონდა, როცა სამი განსაცდელის წინაშე მოუწია დგომა. სამივე შემთხვევაში, მან დაინახა საშიშროება და წინასწარ განსაზღვრა შედეგები. ის ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდა და იეჰოვას სახელს იყენებდა.

15 რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, როცა საცდურის, ანუ ისეთი რამის გაკეთების წინაშე ვდგავართ, რაც იეჰოვას არ მოეწონება? რაც უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ საცდურზე, მით უფრო გაგვიძლიერდება ცუდის გაკეთების სურვილი (იაკ. 1:14, 15). საჭიროა, სასწრაფოდ მივიღოთ ზომები ცუდი სურვილების აღმოსაფხვრელად. ეს ზომები შეიძლება ისეთივე რადიკალური ჩანდეს, როგორც სხეულის რომელიმე ნაწილის მოშორება (მათ. 5:29, 30). იესოს მსგავსად, ჩვენც ჩვენი მოქმედების შედეგებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ანუ დავფიქრდეთ იმაზე, რა გავლენას იქონიებს ესა თუ ის მოქმედება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. უნდა გავიხსენოთ, რა არის ნათქვამი ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში. მხოლოდ ამგვარად შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ იეჰოვაა უმნიშვნელოვანესი პიროვნება ჩვენს ცხოვრებაში.

1618. ა) რამ შეიძლება გული დაგვიმძიმოს? ბ) რა დაგვეხმარება რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში?

16 არასოდეს დაუშვათ, რომ პირადი უბედურების გამო იეჰოვაზე გაბრაზდეთ (იგავ. 19:3). რაც უფრო მეტად ახლოვდება ამ ბოროტი სისტემის აღსასრული, იეჰოვას ხალხს მით მეტი უბედურების ატანა უწევს. დღეს ჩვენ არ ველით სასწაულებრივ დაცვას. მიუხედავად ამისა, იობის მსგავსად შეიძლება გული დაგვიმძიმოს საყვარელი ადამიანის სიკვდილმა ან სხვა სირთულეებმა.

17 იობმა არ იცოდა, რატომ უშვებდა იეჰოვა ამა თუ იმ განსაცდელს, და ზოგჯერ შეიძლება ჩვენც არ გვესმის, რატომ ჩავვარდით რთულ მდგომარეობაში. შესაძლოა, გვსმენია იმ ერთგული ძმების შესახებ, რომლებიც მიწისძვრის მსხვერპლი გახდნენ, მაგალითად, ჰაიტიზე, ან გვსმენია სხვა სტიქიური უბედურებების შედეგად დაღუპულთა შესახებ. შესაძლოა, გაგვიგია იმ ერთგულ ქრისტიანებზე, რომლებსაც სიცოცხლე ძალადობამ ან საშინელმა უბედურმა შემთხვევამ მოუსწრაფა. ან შეიძლება რთულ მდგომარეობაში ყოფნის ან ჩვენ მიმართ გამოვლენილი უსამართლობის გამო თავს საშინლად ვგრძნობთ. ტკივილით გათანგული გული შეიძლება მოსვენებას არ გვაძლევს: „რატომ, იეჰოვა? რატომ მე? რა დავაშავე ასეთი?“ (აბაკ. 1:2, 3). რა დაგვეხმარება მსგავს სიტუაციებში?

18 ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ დავასკვნათ, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩვენი ყოფნა იეჰოვას არაკეთილგანწყობის მაჩვენებელია. იესომ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მის დღეებში მომხდარი ორი უბედური შემთხვევა მოიხსენია (წაიკითხეთ ლუკას 13:1—5 ). მრავალი უბედურების მიზეზი „დრო და შემთხვევაა“ (ეკლ. 9:11). რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ჩვენი პრობლემები, შევძლებთ მათთან გამკლავებას, თუ ყურადღება „ყოველგვარი ნუგეშის“ ღმერთზე გვექნება გადატანილი. ღმერთი მისადმი ერთგულად მსახურების გაგრძელების ძალას მოგვცემს (2 კორ. 1:3—6).

19, 20. რა დაეხმარა იესოს, აეტანა დამცირება, და რა დაგვეხმარება ჩვენ?

19 ნურასოდეს დაუშვებთ, რომ ყურადღების ცენტრში თქვენი სიამაყე ან იმის შიში იყოს, რომ შერცხვებით. იესოს თავმდაბლობა დაეხმარა, რომ ყველაფერზე უარი ეთქვა და მონის სახე მიეღო (ფილ. 2:5—8). ის იეჰოვაზე იყო დაიმედებული, რამაც მრავალი დამცირება აატანინა (1 პეტ. 2:23, 24). ამგვარად მოქმედებით იესო იეჰოვას ნებას პირველ ადგილზე აყენებდა; შედეგად კი ის ღმერთმა აამაღლა (ფილ. 2:9). იესო თავის მოწაფეებს ურჩევდა, რომ მათაც ასე ეცხოვრათ (მათ. 23:11, 12; ლუკ. 9:26).

20 რწმენის ზოგიერთი გამოცდის გამო დროდადრო შეიძლება თავი უხერხულად ვიგრძნოთ. მიუხედავად ამისა, ჩვენც ისევე დარწმუნებული უნდა ვიყოთ, როგორც მოციქული პავლე. მან თქვა: „ამიტომაც ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, რადგან ვიცი, ვინც ვირწმუნე, და დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია იმ დღემდე დაიცვას ის, რაც მე მივანდე“ (2 ტიმ. 1:12).

21. ქვეყნიერებაში გაბატონებული ეგოისტური განწყობის მიუხედავად, რა უნდა დაამტკიცოს თითოეულმა ჩვენგანმა?

21 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ჩვენს დღეებში ადამიანები „საკუთარი თავის მოყვარულები“ იქნებოდნენ (2 ტიმ. 3:2). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საკუთარ თავზე შეყვარებულ ხალხს შორის ვცხოვრობთ. დაე, არასოდეს მოვექცეთ მსგავსი ეგოისტური განწყობის მქონე ადამიანების გავლენის ქვეშ! პირიქით, რა განსაცდელსაც უნდა შევხვდეთ, იქნება ეს უბედური შემთხვევა თუ დამცირება, ყოველთვის დავამტკიცოთ, რომ იეჰოვა მართლაც უმნიშვნელოვანესი პიროვნებაა ჩვენს ცხოვრებაში!

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ზოგი ბიბლეისტის აზრით, გამოთქმა „ტყავი ტყავის სანაცვლოდ“, შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ იობი ეგოისტურად იქცეოდა და მზად იყო, გაეწირა საკუთარი შვილებისა თუ საქონლის „ტყავი“, ანუ სიცოცხლე, რათა საკუთარი „ტყავი“, ანუ სიცოცხლე, შეენარჩუნებინა. სხვა ბიბლეისტების აზრით, ეს გამოთქმა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანი მზად არის, დაკარგოს „ტყავის“ გარკვეული ნაწილი იმისათვის, რომ იხსნას საკუთარი სიცოცხლე. მაგალითად, ადამიანი თავის დასაცავად ხელებს თავზე იფარებს; ამგვარად ის კარგავს „ტყავის“ გარკვეულ ნაწილს, რათა დაიცვას „ტყავი“ ანუ სიცოცხლე. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს იდიომი, აშკარაა, რომ ამ სიტყვებით სატანას იმის თქმა სურდა, რომ იობი საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად სიამოვნებით დათმობდა ყველაფერს.

რის სწავლა შეგვიძლია . . .

• იქიდან, თუ როგორ აცდუნა სატანამ ევა?

• პირად უბედურებაზე იობის რეაქციიდან?

• იქიდან, თუ რა იყო იესოსთვის უმნიშვნელოვანესი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

ევამ იეჰოვასთან ურთიერთობა პირველ ადგილზე არ დააყენა

[სურათი 18 გვერდზე]

იესომ იეჰოვას ნების შესრულება პირველ ადგილზე დააყენა და უარყო ეშმაკის შემოთავაზება

[სურათები 20 გვერდზე]

მიწისძვრის შემდეგ კარვებში ქადაგება

პრობლემების დროს ყურადღება „ყოველგვარი ნუგეშის“ ღმერთზე უნდა გვქონდეს გადატანილი