„კარგი ზედამხედველი და ძვირფასი მეგობარი“
„კარგი ზედამხედველი და ძვირფასი მეგობარი“
ჯონ (ჯეკ) ბარმა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, 97 წლის ასაკში მიწიერი ცხოვრება 2010 წლის 4 დეკემბერს, შაბათ დილას, დაასრულა. მის შესახებ ამბობდნენ, რომ „კარგი ზედამხედველი და ძვირფასი მეგობარი“ იყო.
ძმა ჯეკ ბარი ქალაქ აბერდინში (შოტლანდია) დაიბადა. ის სამი დედმამიშვილიდან უმცროსი იყო. მისი დედ-მამა ცხებულები იყვნენ. ძმა ბარი თავის ბავშვობას ხშირად დიდი სითბოთი იხსენებდა; ის მადლიერი იყო საყვარელი მშობლების, რომლებმაც შესანიშნავი მაგალითი დაუტოვეს.
მოზარდობის ასაკში ჯეკს ძალიან უჭირდა უცხოებთან საუბარი, მაგრამ ბევრს მუშაობდა ამ სირთულის დასაძლევად. ერთხელაც, 1927 წლის კვირა დღეს, ნაშუადღევს, 14 წლის ჯეკი მამასთან მივიდა და განუცხადა, რომ მზად იყო, კარდაკარ მსახურებაში გაჰყოლოდა. ასე დაიწყო მან მსახურება. მას შემდეგ ძმა ბარი სიკვდილამდე გულმოდგინედ ქადაგებდა სასიხარულო ცნობას.
ერთმა შემთხვევამ, რომელმაც კინაღამ იმსხვერპლა მისი საყვარელი დედის სიცოცხლე, ახალგაზრდა ჯეკი სერიოზულად დააფიქრა სიცოცხლის აზრზე, და მან 1929 წელს იეჰოვას თავი მიუძღვნა. შემდეგ, პირველივე შესაძლებლობისას, 1934 წელს მოინათლა. 1939 წელს ძმა ბარი ლონდონის (ინგლისი) ბეთელის ოჯახის წევრი გახდა. ამგვარად დაიწყო მან სრული დროით მსახურება, რომელიც 71 წელს გაგრძელდა.
1960 წლის 29 ოქტომბერს ძმა ბარი დაქორწინდა მილდრედ უილეტზე, დიდი ხნის გულმოდგინე პიონერსა და მისიონერზე; და ეს, როგორც თავად ძმა ბარი აღნიშნავდა, მისთვის „განსაკუთრებულად ძვირფასი ურთიერთობა“ იყო. ძმა და და ბარები ცნობილი იყვნენ, როგორც სამაგალითო, ერთგული ცოლ-ქმარი. და მილდრედმა მიწიერი ცხოვრება 2004 წლის ოქტომბერში დაასრულა. ჯეკ და მილდრედ ბარები მთელი თავიანთი ოჯახური ცხოვრების მანძილზე ყოველდღე ერთად კითხულობდნენ ბიბლიას.
ყველა, ვინც ძმა ბარს იცნობდა, მას იხსენებს, როგორც კაცს, რომელიც ყოველთვის გააზრებულ რჩევებს — გაწონასწორებულ, თბილ და ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს იძლეოდა. ის გულმოდგინე მშრომელი, მზრუნველი და მოსიყვარულე ზედამხედველი და ერთგული მეგობარი იყო. მისი კომენტარებიდან, მოხსენებებიდან თუ ლოცვებიდან აშკარად ჩანდა მისი სულიერი მოწიფულობა და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა.
ძალიან მოგვენატრება ჩვენი ძვირფასი ძმა ბარი, მაგრამ მასთან ერთად ვხარობთ, რადგან მიიღო უკვდავება; ეს არის დიდი პატივი, რასაც ის ელოდა, რის შესახებაც ხშირად ლაპარაკობდა და, რისთვისაც მთელი ცხოვრება იღვწოდა (1 კორ. 15:53, 54). *
[სქოლიო]
^ აბზ. 8 ძმა ჯონ ბარის ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ 1987 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 26—31 (ინგლ.).