ქრისტიანო ოჯახებო, იფხიზლეთ!
ქრისტიანო ოჯახებო, იფხიზლეთ!
„გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თეს. 5:6).
1, 2. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ოჯახმა სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნოს?
მოციქული პავლე „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის“ შესახებ ლაპარაკობდა, როცა თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „ძმებო, სიბნელეში არა ხართ, რომ იმ დღემ მოგისწროთ, როგორც ქურდებს, რადგან თქვენ სინათლის ძეები და დღის ძეები ხართ. ჩვენ არც ღამეს ვეკუთვნით და არც სიბნელეს“. შემდეგ მან დასძინა: „მაშ, ნუ დავიძინებთ დანარჩენების მსგავსად, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (იოელ. 2:31; 1 თეს. 5:4—6).
2 თესალონიკელებისთვის მიცემული პავლეს რჩევა განსაკუთრებით ეხება ამ უკანასკნელ დღეებში მცხოვრებ ქრისტიანებს (დან. 12:4). რაც უფრო ახლოვდება ბოროტი სისტემის აღსასრული, სატანა მით უფრო ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი ჩამოაშოროს ღმერთს. ამიტომ გონივრულია, გულთან ახლოს მივიტანოთ პავლეს დარიგება და შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე. ქრისტიანმა ოჯახებმა სიფხიზლე რომ შეინარჩუნონ, მნიშვნელოვანია ოჯახის თითოეულმა წევრმა ღვთის მიერ მისთვის დაკისრებული როლი შეასრულოს. რა უნდა გააკეთონ ქმარმა, ცოლმა და შვილებმა, რათა ხელი შეუწყონ ოჯახს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში?
ქმრებო, მიჰბაძეთ „კარგ მწყემსს“
3. პირველი ტიმოთეს 5:8-ის თანახმად, რა შედის კაცის, როგორც ოჯახის თავის, პასუხისმგებლობაში?
3 „ქალის თავი კაცია“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 კორ. 11:3). რა შედის კაცის, როგორც ოჯახის თავის, პასუხისმგებლობაში? ბიბლიაში კაცის ერთ-ერთი ვალდებულების შესახებ ნათქვამია: „ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმ. 5:8). ცხადია, მამაკაცმა ოჯახი მატერიალურად უნდა უზრუნველყოს. მაგრამ, თუ მას უნდა, რომ ოჯახმა სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნოს, მხოლოდ მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვა არ კმარა. მან ოჯახი სულიერად უნდა აღაშენოს და თითოეულ წევრს ღმერთთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაეხმაროს (იგავ. 24:3, 4). როგორ შეუძლია ოჯახის თავს ამის გაკეთება?
4. რა დაეხმარება მამაკაცს, რომ სულიერად აღაშენოს ოჯახი?
4 ვინაიდან „ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი“, დაქორწინებულმა მამაკაცმა უნდა გამოიკვლიოს, როგორ უწევს ხელმძღვანელობას ქრისტე კრებას და შემდეგ მიჰბაძოს მას (ეფეს. 5:23). ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღწერს იესო ურთიერთობას, რომელიც თავის მიმდევრებთან ჰქონდა (წაიკითხეთ იოანეს 10:14, 15 ). რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მამაკაცმა სულიერად აღაშენოს თავისი ოჯახი? მან უნდა ისწავლოს, რას ამბობდა და რას აკეთებდა იესო, „კარგი მწყემსი“, და „ერთგულად მიჰყვეს მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21).
5. როგორ იცნობს თავის კრებას კარგი მწყემსი?
5 მწყემსსა და მის ცხვარს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია ცოდნასა და ნდობაზე. მწყემსმა ყველაფერი იცის თავისი ცხვრის შესახებ. თავის მხრივ, ცხვარიც იცნობს და ენდობა მწყემსს. ის ცნობს მწყემსის ხმას და ემორჩილება მას. იესომ თქვა: „მე ვიცნობ ჩემს ცხვარს, ჩემი ცხვარი კი მიცნობს მე“. იესო თავის კრებას მხოლოდ ზედაპირულად არ იცნობდა. ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ ითარგმნა, როგორც „ვიცნობ“, გამოიყენება მაშინ, როდესაც პირადად და კარგად იცნობენ ვინმეს. დიახ, კარგი მწყემსი თავის თითოეულ ცხვარს იცნობს. მან იცის
თითოეულის მოთხოვნილებები, მათი სუსტი თუ ძლიერი მხარეები. ჩვენს სამაგალითო მწყემსს მხედველობიდან არაფერი რჩება თავისი ცხვრის შესახებ. ცხვარიც კარგად იცნობს თავის მწყემსს და ენდობა მის ხელმძღვანელობას.6. როგორ შეუძლია ქმარს მიჰბაძოს კარგ მწყემსს?
6 კაცმა ოჯახისთვის ხელმძღვანელობის გაწევისას ქრისტეს რომ მიჰბაძოს, საკუთარ თავზე უნდა იფიქროს, როგორც მწყემსზე და ოჯახის წევრებზე, როგორც — ცხვრებზე. ის უნდა ცდილობდეს, კარგად გაიცნოს თავისი ოჯახის წევრები. შეუძლია ქმარს რეალურად ამის გაკეთება? დიახ, თუ კარგი ურთიერთობა ექნება ოჯახის თითოეულ წევრთან, ყურადღებით მოისმენს მათ საწუხარს, წაუძღვება ოჯახის საქმეებს და კეთილსინდისიერად მოეკიდება გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ოჯახთან ერთად თაყვანისცემას, კრების შეხვედრებზე დასწრებას, სამქადაგებლო საქმიანობას, დასვენებასა და გართობას. თუ ქრისტიანი ქმარი გულმოდგინედ სწავლობს ღვთის სიტყვას და კარგად იცნობს თავისი ოჯახის წევრებს, მეტია იმის ალბათობა, რომ ოჯახის წევრები ნდობით მოეკიდებიან მის ხელმძღვანელობას; ქმარი კი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ოჯახის ერთიანობით გაიხარებს.
7, 8. როგორ შეუძლია ქმარს ოჯახის წევრებისადმი სიყვარული გამოავლინოს და ამგვარად მიჰბაძოს კარგ მწყემსს?
7 კარგ მწყემსს აგრეთვე უყვარს თავისი ცხვარი. სახარებების კითხვა და იესოს ცხოვრებისა და მსახურების გამოკვლევა, აღგვძრავს, დავაფასოთ იესოს მიერ თავისი მოწაფეებისადმი გამოვლენილი სიყვარული. მან სულიც კი გასწირა თავისი ცხვრისთვის. ქმრებმა უნდა მიჰბაძონ იესოს და თავიანთი ოჯახის წევრებისადმი ასეთი სიყვარული გამოავლინონ. ღვთისმოშიში ქმარი უხეშად კი არ ბატონობს ცოლზე, არამედ ისე უყვარს მეუღლე, როგორც „ქრისტემ შეიყვარა კრება“ (ეფეს. 5:25). მისი სიტყვებიდან უნდა ჩანდეს, რომ ითვალისწინებს ცოლის გრძნობებს, და მას თბილად უნდა მიმართავდეს, რადგან ის იმსახურებს პატივისცემას (1 პეტ. 3:7).
8 ოჯახის თავმა შვილების აღზრდისას ღვთისმოსაწონი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. ამავე დროს, შვილებისადმი სიყვარული უნდა გამოავლინოს. მშობელმა შვილისადმი სიყვარული მაშინაც უნდა გამოავლინოს, როდესაც აღმზრდელობით ზომებს მიმართავს. ზოგ ბავშვს მეტი დრო სჭირდება იმისათვის, რომ მიხვდეს, თუ რას ითხოვს მშობელი მისგან. ასეთ შემთხვევაში მამას დიდი მოთმინება სჭირდება. თუ მამაკაცი ყოველთვის იესოს ჰბაძავს, ოჯახის წევრები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ოჯახში ისეთი სულიერი სიმშვიდე დაისადგურებს, როგორზეც ფსალმუნმომღერალი მღეროდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 23:1—6 ).
9. ნოეს მსგავსად, რა ვალდებულება აკისრიათ ქრისტიან ქმრებს, და რა დაეხმარებათ ამ ვალდებულების შესრულებაში?
9 ქრისტიან ქმრებს კარგ მაგალითს აძლევს ნოეც. ის მაშინდელი ქვეყნიერების აღსასრულის დროს ცხოვრობდა. იეჰოვამ ნოე და „კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს“ (2 პეტ. 2:5). ნოე, როგორც ოჯახის თავი, ვალდებული იყო, ეზრუნა ოჯახის გადარჩენაზე. მსგავს მდგომარეობაში არიან ამ ბოლო დღეებში მცხოვრები ქრისტიანი ქმრებიც (მათ. 24:37). ამიტომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ქმრებმა შეისწავლონ კარგი მწყემსის მაგალითი და მიჰბაძონ მას!
ცოლებო, აღაშენეთ თქვენი სახლი
10. რას ნიშნავს ცოლისთვის, დაემორჩილოს ქმარს?
10 „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს“, — წერდა მოციქული პავლე (ეფეს. 5:22). ეს სიტყვები არანაირად არ მიუთითებს ცოლების დამცირებულ მდგომარეობაზე. პირველი ქალის, ევას, შექმნამდე ჭეშმარიტმა ღმერთმა თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“ (დაბ. 2:18). „დამხმარისა“ და „შემავსებლის“, ანუ ოჯახური პასუხისმგებლობების შესრულებაში ქმრის მხარდამჭერის, როლი ნამდვილად საპატიოა.
11. როგორ აღაშენებს თავის სახლს სამაგალითო ცოლი?
იგავების 14:1 ). უგუნური ქალისგან განსხვავებით, რომელიც პატივისცემით არ ეკიდება მეთაურობის პრინციპს, გონიერი ქალი ოჯახის თავისადმი დიდ პატივისცემას ავლენს. ის ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ დაუმორჩილებლობისა და დამოუკიდებლობის სულს კი არ ავლენს, არამედ ქმარს ემორჩილება (ეფეს. 2:2). უგუნური ცოლი მეუღლეზე სხვებთან უარყოფითად ლაპარაკობს, მაშინ როცა გონიერი ქალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებსა თუ სხვებს მისი ქმრისადმი მეტი პატივისცემა ჰქონდეთ. ასეთი ცოლი ქმრისადმი, როგორც ოჯახის თავისადმი, უპატივცემულობას არ გამოავლენს და გულს არ გაუწყალებს რაღაცის თხოვნით ან კამათს არ დაუწყებს მას. ცოლი, აგრეთვე, უნდა იყოს მომჭირნე. უგუნური ქალი ფანტავს მძიმე შრომით მოპოვებულ ფულს, მაგრამ გონიერი ასე არ იქცევა. ის ფინანსურ საკითხებში ქმართან თანამშრომლობს; ფულის ხარჯვისას გონიერებას ავლენს და ყაირათიანია. ის არ აიძულებს ქმარს სამუშაო საათების შემდეგაც იმუშაოს.
11 სამაგალითო ცოლი ოჯახის კეთილდღეობისთვის იღვწის (წაიკითხეთ12. რის გაკეთება შეუძლია ცოლს, რომ ოჯახში სიფხიზლის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი?
12 სამაგალითო ცოლი ქმარს ეხმარება, შვილებს ბიბლიური პრინციპები ასწავლოს, რითაც ოჯახში სიფხიზლის შენარჩუნებას უწყობს ხელს (იგავ. 1:8). ის აქტიურად უჭერს მხარს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის პროგრამას. ასეთი ცოლი მაშინაც ეხმარება ქმარს, როცა ქმარი შვილებს რჩევას აძლევს ან სჯის. ის ნამდვილად განსხვავდება უგუნური ცოლისგან, რომლის შვილებიც ფიზიკურ თუ სულიერ მზრუნველობას არიან მოკლებულნი.
13. რატომ არის მნიშვნელოვანი, ცოლმა მხარი დაუჭიროს ქმარს, როცა ის აქტიურ მონაწილეობას იღებს თეოკრატიულ საქმეებში?
13 რას გრძნობს ქალი, რომელიც მხარში უდგას ქმარს, როდესაც ის კრების საქმეებში აქტიურ მონაწილეობას იღებს? მას ახარებს თავისი მეუღლის წარმატებები იქნება ის მომსახურე, უხუცესი, საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტის თუ რეგიონალური სამშენებლო კომიტეტის წევრი. სიტყვითა თუ საქმით ქმრისთვის აქტიური მხარდაჭერა ცოლის მხრიდან მსხვერპლის გაღებას ნიშნავს, მაგრამ მას ესმის, რომ თეოკრატიულ საქმეებში ქმრის მონაწილეობა, ოჯახს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.
14. ა) რა შეიძლება გაუჭირდეს ცოლს და როგორ შეუძლია ამ სირთულის დაძლევა? ბ) როგორ უწყობს ცოლი ხელს მთელი ოჯახის კეთილდღეობას?
14 ცოლისთვის რთულია იყოს სამაგალითო, როდესაც მხარი უნდა დაუჭიროს ქმრის ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად არ ეთანხმება. ამ შემთხვევაშიც კი ის „სიმშვიდესა და რბილ ხასიათს“ ავლენს და მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაში ეხმარება ქმარს (1 პეტ. 3:4). კარგი ცოლი ცდილობს მიბაძოს ისეთ ღვთისმოშიშ ქალებს, როგორიცაა სარა, რუთი, აბიგაილი და იესოს დედა, მარიამი (1 პეტ. 3:5, 6). ის ჰბაძავს თანამედროვე ხანში შესულ ღვთისმოშიშ ქალებსაც (ტიტ. 2:3, 4). ქმრისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენით სამაგალითო ცოლი ხელს უწყობს კარგ ცოლ-ქმრულ ურთიერთობასა და მთელი ოჯახის კეთილდღეობას. მის სახლში მშვიდობა და მყუდროება სუფევს. ასეთი დამხმარე ფასდაუდებელი საჩუქარია მამაკაცისთვის, რომელსაც მთელი გულით უყვარს იეჰოვა და გულმოდგინედ ემსახურება მას! (იგავ. 18:22).
ახალგაზრდებო, უყურეთ უხილავს
15. როგორ შეუძლიათ შვილებს, მხარში ამოუდგნენ მშობლებს და ოჯახს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში დაეხმარონ?
15 ოჯახმა რომ სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნოს, საჭიროა შვილებიც მხარში ამოუდგნენ მშობლებს. ახალგაზრდებო, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? იფიქრეთ ჯილდოზე, რომელსაც იეჰოვა გპირდებათ. შეიძლება მშობლები პატარაობისას გიჩვენებდნენ სამოთხის სურათებს. ცოტა რომ წამოიზარდეთ, ალბათ, ისინი ბიბლიასა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს იყენებდნენ, რათა წარმოგედგინათ, როგორი იქნება მარადიული ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში. ახალგაზრდებო, სულიერ სიფხიზლეს შეინარჩუნებთ, თუ გულისყური იეჰოვას მსახურებისკენ გექნებათ მიპყრობილი და ცხოვრებასაც შესაბამისად დაგეგმავთ.
16, 17. რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა, რომ ცხოვრების სარბიელი წარმატებით გაირბინონ?
16 სერიოზულად მოეკიდეთ მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომლებიც 1 კორინთელების 9:24-შია ჩაწერილი (წაიკითხეთ). ცხოვრების გზაზე რბოლისას მთელი ძალით ისწრაფეთ გამარჯვებისკენ. აირჩიეთ კურსი, რომელიც ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ. ბევრი მატერიალიზმმა იმდენად გაიტაცა, რომ მხედველობიდან გამორჩა მომავალი ჯილდო. ეს მართლაც დიდი უგუნურებაა! სიმდიდრის მოხვეჭას არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება. ის, რის ყიდვაც ფულით შეიძლება, დროებითია. თქვენ კი უყურეთ უხილავს, რადგან „უხილავი — მარადიულია“ (2 კორ. 4:18).
17 „უხილავში“ შედის ღვთის სამეფოს კურთხევები. ამიტომ იცხოვრეთ ისე, რომ მიიღოთ კურთხევები. ნამდვილი ბედნიერება იეჰოვასადმი მსახურებას მოაქვს. ჭეშმარიტი ღვთის მსახურებაში შეგიძლიათ დაისახოთ მიზნები, რომელთაგან ზოგს შედარებით ადრე მიაღწევთ, ზოგს კი — მოგვიანებით. * რეალური სულიერი მიზნების დასახვა დაგეხმარებათ, ყურადღება ღვთის მსახურებაზე გქონდეთ გადატანილი და ყოველთვის გახსოვდეთ ჯილდო — მარადიული სიცოცხლე (1 იოან. 2:17).
18, 19. როგორ შეუძლია ახალგაზრდას განსაზღვროს, აქვს თუ არა ღმერთთან ახლო ურთიერთობა?
18 ახალგაზრდებო, მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი იეჰოვასთან პირადი, ახლო ურთიერთობის განვითარებაა. უკვე გადადგით ეს ნაბიჯი? ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ნამდვილად სულიერი ადამიანი ვარ, თუ იეჰოვას მშობლების ხათრით ვემსახურები? ვავითარებ ღვთისმოსაწონ თვისებებს? ვცდილობ ყოველთვის მივიღო მონაწილეობა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ საქმეებში, როგორიცაა ლოცვა, შესწავლა, შეხვედრებზე დასწრება თუ ქადაგება? ვავითარებ ღმერთთან პირად, ახლო ურთიერთობას იაკ. 4:8).
და ამგვარად ვუახლოვდები მას?“ (19 დაფიქრდით მოსეს მაგალითზე. ეგვიპტური კულტურის გავლენის მიუხედავად, მოსემ უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო და იეჰოვას თაყვანისმცემლად ყოფნა არჩია (წაიკითხეთ ებრაელების 11:24—27 ). ქრისტიანო ახალგაზრდებო, თქვენც ასეთივე სიმტკიცე უნდა გამოავლინოთ და იეჰოვას ერთგულად ემსახუროთ. ამგვარად, მიაღწევთ ნამდვილ ბედნიერებას, საუკეთესოდ იცხოვრებთ დღეს და მომავლისთვის „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ იმედი გექნებათ (1 ტიმ. 6:19).
20. ვინ მიიღებს ჯილდოს სიცოცხლისთვის რბოლაში?
20 ძველ დროში რბოლაში გამარჯვებული მხოლოდ ერთი იყო. სიცოცხლისთვის რბოლაში კი ეს ასე არ არის. ღვთის ნებაა, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). ბევრმა ეს სარბიელი უკვე განვლო, ბევრი კი ახლა, თქვენთან ერთად გარბის (ებრ. 12:1, 2). ჯილდოს კი მიიღებს ყველა, ვინც ფარ-ხმალს არ დაყრის. ასე რომ, მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი გამარჯვება.
21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
21 „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე“ გარდაუვალია (მალ. 4:5). ქრისტიან ოჯახებს ეს დღე მოულოდნელად არ უნდა დაატყდეთ თავს. მნიშვნელოვანია, ოჯახის თითოეულმა წევრმა თავისი ბიბლიური ვალდებულება შეასრულოს. კიდევ რის გაკეთება შეგიძლიათ სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად და ღმერთთან ურთიერთობის განსამტკიცებლად? მომდევნო სტატიაში განხილული იქნება სამი ფაქტორი, რომლებიც მთელი ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას.
[სქოლიო]
^ აბზ. 17 იხილეთ 2010 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 12—16; 2004 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21—23.
რა ისწავლეთ?
• რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანი ოჯახებისთვის სიფხიზლის შენარჩუნება?
• როგორ შეუძლია ქმარს, მიჰბაძოს კარგ მწყემსს?
• რის გაკეთება შეუძლია ქმრის მხარდასაჭერად სამაგალითო ცოლს?
• როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს, ხელი შეუწყონ ოჯახში სიფხიზლის შენარჩუნებას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 9 გვერდზე]
ქრისტიანი მამაკაცისთვის ძვირფასია ცოლი, რომელიც მხარში უდგას მას