არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტიანო ოჯახებო, „მზად იყავით“!

ქრისტიანო ოჯახებო, „მზად იყავით“!

ქრისტიანო ოჯახებო, „მზად იყავით“!

„მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკ. 12:40).

1, 2. რატომ უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს იესოს დარიგება, „მზად იყავით“?

რა სიტუაციაში აღმოჩნდებით თქვენ და თქვენი ოჯახი, „როცა მოვა კაცის ძე . . . თავისი დიდებით“ და „გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან“? (მათ. 25:31, 32). რადგან კაცის ძე მაშინ მოვა, როცა ამას ნაკლებად მოველით, ძალიან მნიშვნელოვანია გულთან ახლოს მივიტანოთ იესოს მითითება: „მზად იყავით“ (ლუკ. 12:40).

2 წინა სტატიაში განხილული იყო, რომ ოჯახის თითოეული წევრი სერიოზულად უნდა მოეკიდოს თავის ვალდებულებას და ამგვარად ხელი შეუწყოს მთელი ოჯახის სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებას. ახლა კი განვიხილავთ სხვა საშუალებებს, რომლებიც ოჯახების სულიერ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

შეინარჩუნეთ თვალი „სუფთად“

3, 4. ა) რას არ უნდა მისცენ ქრისტიანებმა საშუალება, ხელი შეუშალოს იეჰოვას თაყვანისცემაში? ბ) რას ნიშნავს, გვქონდეს „სუფთა თვალი“?

3 ოჯახები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან არ გადაუხვიონ და ქრისტეს მოსვლისთვის მზად იყვნენ. მათ უნდა იფხიზლონ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანმა საქმეებმა იეჰოვას თაყვანისცემაში ხელი არ შეუშალოს. მატერიალიზმის მახეში მრავალი ოჯახი გაება. ამიტომ განვიხილოთ, რა თქვა იესომ „სუფთა“ თვალის შესახებ (წაიკითხეთ მათეს 6:22, 23 ). როგორც ლამპარი გვინათებს გზას და დაუბრკოლებლად სიარულის საშუალებას გვაძლევს, ისე ფიგურალური „გულის თვალებით“ აღქმულმაც შეიძლება გაგვანათლოს და დაგვეხმაროს, რომ დაუბრკოლებლად ვიაროთ (ეფეს. 1:18).

4 ფიზიკური თვალი კარგად რომ ხედავდეს, ის ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს და ფოკუსირება შეეძლოს. იმავეს თქმა შეიძლება „გულის თვალებზეც“. გვქონდეს ფიგურალური „სუფთა თვალი“ ნიშნავს, რომ კონკრეტული მიზნისკენ ვისწრაფოდეთ. ნაცვლად იმისა, რომ მატერიალური პირველ ადგილზე დავაყენოთ და ოჯახის მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ვიზრუნოთ, საჭიროა თვალი სულიერზე გვქონდეს ფოკუსირებული (მათ. 6:33). ეს იმას ნიშნავს, რომ დავკმაყოფილდეთ აუცილებლით და ღვთის მსახურება პირველ ადგილზე დავაყენოთ (ებრ. 13:5).

5. როგორ ცხადყო ერთმა მოზარდმა გოგონამ, რომ მისი „თვალი“ ღვთის მსახურებაზე იყო ფოკუსირებული?

5 კარგია, როდესაც მშობლები შვილებს თვალის სუფთად შენარჩუნებას ასწავლიან. განვიხილოთ ერთი ეთიოპი მოზარდი გოგონას მაგალითი. ის სკოლაში ისე კარგად სწავლობდა, რომ უმაღლესი განათლების ანაზღაურება შესთავაზეს. მაგრამ მას თვალი იეჰოვას მსახურებაზე ჰქონდა ფოკუსირებული, რის გამოც შემოთავაზებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ მალევე შესთავაზეს სამუშაო, სადაც ხელფასი თვეში 3 000 ევრო ექნებოდა, რაც მისი ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამუშაო იყო. მაგრამ გოგონას „თვალი“ პიონერულ მსახურებაზე იყო ფოკუსირებული. ამ საკითხში მას მშობლების რჩევა არ დასჭირვებია. როგორი იყო ქალიშვილის არჩევანზე მშობლების რეაქცია? მათ გაუხარდათ, და შვილს უთხრეს, რომ ამაყობდნენ მისით!

6, 7. რა საშიშროებისგან უნდა დავიცვათ თავი?

6 მათეს 6:22, 23-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებში ჩადებულია გაფრთხილება სიხარბის შესახებ. იესო აქ „სუფთა“ თვალს „უსუფთაო“ თვალთან კი არ აპირისპირებს, არამედ „ბოროტ“ თვალთან. „ბოროტი თვალი“ არის ცუდი და შურიანი, ანუ ხარბი და გაუმაძღარი (მათ. 6:23). როგორ უყურებს იეჰოვა სიხარბეს? „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის, როგორც წმინდებს შეეფერებათ“, — ნათქვამია ბიბლიაში (ეფეს. 5:3).

7 სიხარბეს ადვილად ვხედავთ სხვებში, მაგრამ საკუთარ თავში მისი შემჩნევა რთულია. ამიტომ გონივრულია ყურად ვიღოთ იესოს რჩევა: „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“ (ლუკ. 12:15). ამგვარად მოქმედებისთვის საჭიროა, გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, რათა დავინახოთ, რა ხდება ჩვენს გულში. ქრისტიანი ოჯახები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენ დროსა და თანხას ახმარენ გართობას, დასვენებასა და მატერიალური ნივთების შეძენას.

8. როგორ შეგიძლიათ იფხიზლოთ, როცა რაღაცის შეძენას აპირებთ?

8 იყიდით თუ არა ნივთს, მხოლოდ იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული გაქვთ თუ არა საყიდლად საჭირო თანხა. მხედველობაში უნდა მიიღოთ ისეთი ფაქტორები როგორიცაა: მექნება იმის დრო, რომ ეს ნივთი რეგულარულად გამოვიყენო და სათანადოდ მოვუარო მას? რამდენი ხანი დამჭირდება იმისათვის, რომ მისი გამოყენება ვისწავლო? ახალგაზრდებო, ნუ დაუჯერებთ რეკლამებს, რომლებიც ამა თუ იმ ფირმის ტანსაცმელსა თუ ნივთებს მეტისმეტად მიმზიდველად წარმოაჩენენ და ამგვარად ხელოვნურად ზრდიან ფასებს. გამოავლინეთ თავშეკავება. იმაზეც იფიქრეთ, როგორ იმოქმედებს ამა თუ იმ ნივთის შეძენა თქვენი ოჯახის მზადყოფნაზე „კაცის ძის“ მოსვლის დღისთვის. გჯეროდეთ იეჰოვას დანაპირების: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5).

ისწრაფეთ სულიერი მიზნებისკენ

9. რაში ეხმარება ქრისტიან ოჯახს ის, რომ სულიერი მიზნებისკენ ისწრაფვის?

9 კიდევ რით შეუძლიათ ოჯახის წევრებს საკუთარი რწმენის განმტკიცება და ოჯახის სულიერ კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანა? იმით, რომ დაისახონ სულიერი მიზნები და შემდეგ ისწრაფონ ამ მიზნებისკენ. ამგვარად მოქმედება მათ დაეხმარება, განსაზღვრონ, რამდენად კარგად ემსახურებიან იეჰოვას და რა უფრო მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში (წაიკითხეთ ფილიპელების 1:10 ).

10, 11. რომელი სულიერი მიზნებისკენ ისწრაფვის თქვენი ოჯახი და რა მიზნებს დაისახავდით?

10 კარგია პატარა რეალური მიზნების დასახვაც, რომელთა მიღწევა ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია. მაგალითად, ყოველდღიური მუხლის რეგულარული განხილვა. ოჯახის თავს შეუძლია ყოველდღიურ მუხლზე ოჯახის წევრების კომენტარებით განსაზღვროს მათი სულიერი მდგომარეობა. თუ ოჯახი ბიბლიას რეგულარულად კითხულობს ერთად, ეს ბავშვებს დაეხმარება, დაიხვეწონ კითხვაში და უკეთ ჩასწვდნენ წაკითხულს (ფსალმ. 1:1, 2). საჭიროა მიზნად დავისახოთ ლოცვების გაუმჯობესება. შესანიშნავი მიზანია სულის ნაყოფის უფრო მეტად განვითარებაც (გალ. 5:22, 23). კარგია, როდესაც ვცდილობთ, თანავუგრძნოთ მათ, ვისაც ვუქადაგებთ. თუ ამას მთელი ოჯახი ვაკეთებთ, მაშინ ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ თანაგრძნობა, და უფრო მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ ბავშვებს პიონერად ან მისიონერად მსახურების სურვილი გაუჩნდეთ.

11 დაფიქრდით მიზნებზე, რომელთა მიღწევაც რეალურია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. შეუძლია თქვენს ოჯახს მეტი დრო დაუთმოს ქადაგებას? შეგიძლიათ იმუშაოთ შიშის დაძლევაზე, როდესაც საქმე კარდაკარ, ტელეფონით, ქუჩაში ან საქმიან ტერიტორიაზე ქადაგებას ეხება? რას იტყოდით იქ მსახურებაზე, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა? შეუძლია ოჯახის რომელიმე წევრს, ისწავლოს უცხო ენა, რათა სასიხარულო ცნობა სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს გაუზიაროს?

12. რის გაკეთება შეუძლია ოჯახის თავს, რომ ხელი შეუწყოს ოჯახის სულიერ წინსვლას?

12 როგორც ოჯახის თავმა, განსაზღვრეთ, სულიერად რაში შეუძლია თქვენს ოჯახს დახვეწა. შემდეგ დაისახეთ კონკრეტული მიზნები და ეცადეთ, განახორციელოთ ისინი. ეს მიზნები უნდა იყოს რეალური, რომელთა მიღწევის საშუალებასაც მდგომარეობა და უნარი გაძლევთ (იგავ. 13:12). რა თქმა უნდა, ღირებული მიზნის მიღწევას დრო სჭირდება. ამიტომ ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს და ამგვარად გამოსყიდული დრო სულიერი მიზნების მიღწევას მოახმარეთ (ეფეს. 5:15, 16). ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ იმისათვის, რომ თქვენმა ოჯახმა დასახული მიზნები განახორციელოს (გალ. 6:9). ოჯახი, რომელიც სულიერი მიზნებისკენ ისწრაფვის, თავის წარმატებას „ყველასთვის ცხადს“ გახდის (1 ტიმ. 4:15).

რეგულარულად ჩაატარეთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო

13. რა ცვლილება მოხდა კრების შეხვედრების გეგმაში და რა კითხვებზე უნდა დავფიქრდეთ?

13 ორიათას ცხრა წლის 1 იანვარს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რაც ოჯახებს საშუალებას აძლევს, მზად იყვნენ კაცის ძის მოსვლისთვის. შეხვედრა, რომელიც კვირის ერთ-ერთ დღეს ცალკე წიგნის შესწავლის სახით ტარდებოდა, შეუერთდა თეოკრატიული მსახურების სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრას. ამან ქრისტიან ოჯახებს საშუალება მისცა, ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის კვირაში ერთი საღამო გამოეყოთ, და ამგვარად თავიანთი სულიერობა განემტკიცებინათ. ახლა, მას შემდეგ, რაც გარკვეული დრო გავიდა, საკუთარ თავს შეგვიძლია ვკითხოთ: ვიყენებ ამ დროს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოსთვის ან პირადი შესწავლისთვის? ჩემს შემთხვევაში, აღწევს ეს ღონისძიება თავის მიზანს?

14. ა) რა არის ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს რეგულარულად ჩატარებისა და პირადი შესწავლის მთავარი მიზანი? ბ) რატომ არის შესწავლისთვის საღამოს გამოყოფა მნიშვნელოვანი?

14 ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს რეგულარულად ჩატარების ან პირადი შესწავლის მთავარი მიზანი ღმერთთან უფრო მეტად დაახლოებაა (იაკ. 4:8). ბიბლიის რეგულარული შესწავლა და ჩვენი შემოქმედის შესახებ ცოდნის გაღრმავება, ღმერთთან ურთიერთობას განგვიმტკიცებს. რაც უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას, მით უფრო ვიქნებით აღძრული, გვიყვარდეს ის „მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30). სიამოვნებით დავემორჩილებით ღმერთს და მივბაძავთ მას (ეფეს. 5:1). ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს რეგულარულად ჩატარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ნაწინასწარმეტყველები „დიდი გასაჭირის“ მოლოდინში ოჯახის თითოეული წევრი სულიერად „მზად იყოს“ (მათ. 24:21). ეს მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის.

15. რა გავლენას ახდენს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო ოჯახის წევრების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე?

15 ოჯახთან ერთად თაყვანისცემის კიდევ ერთი მიზანი, ოჯახის წევრების ერთმანეთთან უფრო დაახლოებაა. ყოველკვირა სულიერი თემების ერთად განხილვა დიდ გავლენას ახდენს ოჯახის წევრების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე. ცოლ-ქმარს უფრო აახლოებს ერთმანეთთან, როდესაც ბიბლიის საგანძურში ერთად პოულობენ სულიერ მარგალიტებს (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:12 ). მშობლებსა და შვილებს კი უძლიერდებათ სიყვარული, რაც „გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:14).

16. მოყევით, რა სარგებლობა მოუტანა ბიბლიის შესწავლისთვის საღამოს გამოყოფამ სამ სულიერ დას.

16 ვნახოთ, რა სარგებლობა მოუტანა სამ სულიერ დას ბიბლიის შესწავლისთვის საღამოს გამოყოფამ. ეს დები ქვრივები იყვნენ, ერთსა და იმავე ქალაქში ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან წლების მეგობრობა აკავშირებდათ. მათ სიამოვნებდათ ერთად ყოფნა და ამავე დროს, უნდოდათ, რომ ერთად ყოფნისას სულიერადაც გამდიდრებულიყვნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, კვირაში ერთ საღამოს შეკრებილიყვნენ და ბიბლია ესწავლათ. ამ მიზნით მათ დაიწყეს წიგნის „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“ შესწავლა. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „იმდენად გვსიამოვნებს შესწავლა, რომ, ჩვეულებრივ, მას ერთ საათზე მეტს ვანდომებთ. ვცდილობთ, წარმოვიდგინოთ, რა სიტუაციაში იყვნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ძმები და ვმსჯელობთ, იმაზე, ჩვენ როგორ მოვიქცეოდით მსგავს სიტუაციაში. შემდეგ ნასწავლს მსახურებაში ვიყენებთ. შედეგად, სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება უფრო სასიამოვნო და ნაყოფიერი გახდა“. შესწავლა მათ არა მარტო სულიერად გაძლიერებაში დაეხმარა, არამედ კარგი მეგობრები ერთმანეთთან კიდევ უფრო დააახლოვა. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ თაყვანისცემის ამ საღამოს“, — ამბობენ ისინი.

17. რა ფაქტორები უწყობს ხელს ოჯახური თაყვანისცემის საღამოს წარმატებას?

17 რა შეიძლება ითქვას თქვენზე? რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის ოჯახური თაყვანისცემისთვის თუ პირადი შესწავლისთვის დროის გამოყოფას? თუ შესწავლა არარეგულარულად გექნებათ, ის სასურველ შედეგებს ვერ მოგიტანთ. ოჯახის თითოეული წევრი დანიშნულ დროს მზად უნდა იყოს შესწავლისთვის. უმნიშვნელო საქმეებმა ხელი არ უნდა შეგიშალოთ. გარდა ამისა, შესასწავლად შერჩეული მასალა პრაქტიკული უნდა იყოს თქვენი ოჯახისთვის. რის გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ შესწავლა სასიამოვნო გახდეს? სასწავლებლად გამოიყენეთ ეფექტური მეთოდები. შესწავლისას გამოავლინეთ ერთმანეთისადმი პატივისცემა და შეინარჩუნეთ მშვიდი ატმოსფერო (იაკ. 3:18). *

იფხიზლეთ და „იყავით მზად“!

18, 19. როგორ უნდა იმოქმედოს პირადად თქვენზე და თქვენს ოჯახზე იმის ცოდნამ, რომ კაცის ძე მოვა?

18 მსოფლიო მდგომარეობის გაუარესება იმაზე მეტყველებს, რომ 1914 წლიდან სატანის ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებია. არმაგედონის მომასწავებელი ღრუბლები გვიახლოვდება. მალე დადგება დრო, როცა კაცის ძე უღვთო ქვეყნიერებისთვის იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენს სისრულეში მოიყვანს (ფსალმ. 37:10; იგავ. 2:21, 22). განა ამის ცოდნამ არ უნდა იმოქმედოს პირადად თქვენზე და თქვენს ოჯახზე?

19 ითვალისწინებთ იესოს რჩევას თვალის სუფთად შენარჩუნებასთან დაკავშირებით? დღეს, როცა ეს ქვეყნიერება სიმდიდრის, სახელისა თუ ძალაუფლების მოხვეჭისკენ ილტვის, ისწრაფვის თქვენი ოჯახი სულიერი მიზნებისკენ? გაქვთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო თუ პირადი შესწავლა? თქვენს შემთხვევაში, აღწევს ეს ღონისძიება თავის მიზანს? წინა სტატიის შესაბამისად, ასრულებთ თუ არა თქვენს ბიბლიურ ვალდებულებას როგორც ქმარი, ცოლი ან შვილი, და ამგვარად ხელს უწყობთ თუ არა ოჯახს სიფხიზლის შენარჩუნებაში? (1 თეს. 5:6). თუ დიახ, მაშინ მზად იქნებით კაცის ძის მოსვლისთვის.

[სქოლიო]

^ აბზ. 17 დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რის სწავლა შეიძლება ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე, და როგორ შეიძლება ის პრაქტიკული და სასიამოვნო იყოს, შეგიძლიათ იხილოთ 2009 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29—31.

რა ისწავლეთ?

• ახსენით, როგორ შეუძლიათ ქრისტიან ოჯახებს, „იყვნენ მზად“ იმით, რომ . . .

ჰქონდეთ სუფთა თვალი.

დაისახონ და ისწრაფონ სულიერი მიზნებისკენ.

რეგულარულად ჩაატარონ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო.

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 13 გვერდზე]

თუ სუფთა თვალი გვექნება, ქვეყნიერება სწორი გზიდან ვერ გადაგვიყვანს