არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლა ჰყავდა აბრაამს აქლემები?

მართლა ჰყავდა აბრაამს აქლემები?

მართლა ჰყავდა აბრაამს აქლემები?

ბიბლიის თანახმად, ფარაონმა აბრაამს სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად აქლემებიც აჩუქა (დაბ. 12:16). როდესაც აბრაამის მსახური შუამდინარეთის გრძელ გზას დაადგა, თან წაიყვანა „თავისი ბატონის ათი აქლემი“. ასე რომ, ბიბლიაში ნათლად არის ნათქვამი, რომ აბრაამს აქლემები ჰყავდა დაახლოებით ძვ. წ. 2000 წლის დასაწყისში (დაბ. 24:10).

ზოგი ამ აზრს არ ეთანხმება. ბიბლიური პერიოდის არქეოლოგიასთან დაკავშირებით დაწერილ ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „მეცნიერები დავობენ აქლემების შესახებ ამ ცნობის ისტორიულ სიზუსტეზე, ვინაიდან უმრავლესობის აზრით ამ ცხოველის მოშინაურება დაახლოებით ძვ. წ. 1200 წლამდე ფართოდ არ იყო გავრცელებული. აბრაამი კი ბევრად ადრე ცხოვრობდა“ (New International Version Archaeological Study Bible). ამიტომ ნებისმიერი ბიბლიური ცნობა აქლემების შესახებ ანაქრონიზმად, ანუ ქრონოლოგიურ შეცდომად, ითვლებოდა.

მაგრამ სხვა მეცნიერების აზრით, ის რომ აქლემების მოშინაურებას ხელი მიჰყვეს დაახლოებით ძვ. წ. 2000 წლის მიწურულს, იმას არ ნიშნავს, რომ მათ უფრო ადრე არ იყენებდნენ. ძველი ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციის შესახებ ერთ-ერთ ნაშრომში, ნათქვამია: „უახლესმა გამოკვლევებმა დაგვანახვა, რომ აქლემების მოშინაურება დაიწყეს სამხრეთ-აღმოსავლეთ არაბეთში დაახლოებით [ძვ. წ.] 3000 წელს. თავიდან, ალბათ, აქლემი მოიშინაურეს იმისათვის, რომ მისგან რძე, ბეწვი, ტყავი და ხორცი მიეღოთ. მაგრამ ცოტა ხანში ამ ცხოველის ტვირთის გადამზიდად გამოყენებაც დაიწყეს“ (Civilizations of the Ancient Near East). ამ თარიღს ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ძვლები და სხვა ნაშთები.

არსებობს წერილობითი მტკიცებულებებიც. იმავე ნაშრომში ნათქვამია: „შუამდინარეთში ნაპოვნ ლურსმნულ ხელნაწერებში მოხსენიებულია ეს ქმნილება [აქლემი]. ის აღბეჭდილია რამდენიმე ბეჭედზეც. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ცხოველს შუამდინარეთში უკვე იყენებდნენ მეორე ათასწლეულის დასაწყისისთვის“, რაც აბრაამის ცხოვრების პერიოდს ემთხვევა.

ზოგი მეცნიერის აზრით, სამხრეთ არაბეთში მცხოვრები საკმევლით მოვაჭრეები ტვირთის გადასაზიდად აქლემებს იყენებდნენ. ისინი სავაჭროდ უდაბნოს გავლით ეგვიპტესა და სირიაში მიდიოდნენ. ასე რომ, ამ ტერიტორიებისთვის აქლემები უცხო არ იყო. როგორც ჩანს, საკმევლით ვაჭრობა ფართოდ იყო გავრცელებული ძვ. წ. 2000 წელს. საინტერესოა, რომ დაბადების 37:25—28-ში მოხსენიებულია ისმაელ ვაჭართა ქარავანი, რომლებსაც აქლემებით საკმეველი ეგვიპტეში მიჰქონდათ. ეს კი აბრაამის ცხოვრებიდან დაახლოებით ასი წლის შემდეგ იყო.

ძველ ახლო აღმოსავლეთში ძვ. წ. 2000 წლის დასაწყისში, შესაძლოა, აქლემებს ფართოდ არ იყენებდნენ, მაგრამ ფაქტები ადასტურებს, რომ ხალხისთვის ეს ცხოველი სრულიად უცხო არ იყო. ამიტომ ერთ-ერთ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „პატრიარქალური პერიოდის შესახებ ცნობებში აქლემების მოხსენიება აღარ უნდა ჩაითვალოს ანაქრონიზმად, ვინაიდან არსებობს იმის უამრავი დამადასტურებელი ფაქტი, რომ ეს ცხოველი პატრიარქების პერიოდამდე მოიშინაურეს“ (The International Standard Bible Encyclopedia).