როგორ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა?
როგორ შეგიძლიათ წარმატების მიღწევა?
„წარმატება“, — ამ სიტყვის გაგონებაც კი უკვე დადებით ემოციებს იწვევს ადამიანში. ზოგმა მაღალ თანამდებობას მიაღწია, დიდი ქონება დააგროვა და სახელი გაითქვა. სხვები კი წარმატებაზე ოცნებობდნენ, მაგრამ მათი ოცნებები ქილა ერბოსავით დაიმსხვრა.
მნიშვნელოვანწილად წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ანიჭებთ ცხოვრებაში უპირატესობას. არის სხვა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორიც — როგორ იყენებთ თქვენს დროსა და ენერგიას, და ავლენთ თუ არა ინიციატივას.
მრავალმა ქრისტიანმა პირადი გამოცდილებიდან იცის, რომ მსახურებაში სრულ მონაწილეობას დიდი კმაყოფილება მოაქვს. სრული დროით მსახურების მიზნად დასახვა, ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს დაეხმარა, ყოფილიყვნენ წარმატებული. მაგრამ ზოგისთვის მსახურება მოსაწყენი გახდა. ამიტომ ისინი სხვა მიზნებისკენ ილტვიან და მსახურებას მეორე ადგილზე აყენებენ. რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს? რის გაკეთება შეგიძლიათ, რომ მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია? როგორ შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას, ანუ ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, როგორ „წარგემართებათ გზა“? (იეს. 1:8).
სხვადასხვა წრე და ჰობი
ქრისტიან ახალგაზრდებს გაწონასწორებული თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ჭეშმარიტი ღვთისადმი მსახურებასა და სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე. თუ ისინი ამგვარად იქცევიან, შექებას იმსახურებენ და მომავალში წარმატებული იქნებიან.
მაგრამ ზოგი ახალგაზრდა ქრისტიანი სკოლის შემდეგ მთელ თავის დროს სხვადასხვა საქმიანობას უთმობს. ეს საქმეები თავისთავად ცუდი არ არის. მაგრამ ახალგაზრდა ქრისტიანებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: რამდენი დრო მიაქვს ამ საქმეებს? როგორ საზოგადოებასთან მაქვს ამ დროს ურთიერთობა? როგორ სულს მივითარებს ამ საქმეებში მონაწილეობა? რა შეიძლება გახდეს უმთავრესი ჩემს ცხოვრებაში? თქვენ, ალბათ, გესმით, რომ ადამიანი შეიძლება ისე ჩაეფლოს ამ საქმეებში, რომ ცოტა დრო და ენერგია დარჩეს ღმერთთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ამ ყველაფრის გაანალიზება დაგანახვებთ, რატომ არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების დადგენა (ეფეს. 5:15—17).
განვიხილოთ ვიქტორის შემთხვევა. * ის ამბობს: „12 წლის ვიყავი, როცა ფრენბურთზე დავიწყე სიარული. დროთა განმავლობაში ბევრი პრიზი და ჯილდო მოვიპოვე. შემეძლო ცნობილი ფრენბურთელი გავმხდარიყავი“. მაგრამ ვიქტორი შეაწუხა იმ ფაქტმა, რომ სპორტული კარიერა მის სულიერობაზე ცუდ გავლენას ახდენდა. ერთხელაც მას ბიბლიის კითხვისას ჩაეძინა. აგრეთვე ვიქტორმა დაინახა, რომ მსახურებაში მონაწილეობა სიხარულს აღარ ანიჭებდა. „სპორტი ენერგიას მართმევდა და მალევე მივხვდი, რომ ის მსახურებაში გულმოდგინებასაც მიკარგავდა. ვიცოდი, რომ ღვთისადმი მსახურებაში ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად არ ვიყენებდი“.
საჭიროა უმაღლესი განათლება?
ქრისტიანს აკისრია ბიბლიური ვალდებულება, იზრუნოს თავის ოჯახზე, რაშიც ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვაც შედის (1 ტიმ. 5:8). მაგრამ, საჭიროა ამისათვის უმაღლესი განათლება?
კარგი იქნებოდა, ქრისტიანი დაფიქრებულიყო, რა გავლენას მოახდენდა უმაღლესი განათლების მიღებისკენ სწრაფვა იეჰოვასთან მის
ურთიერთობაზე. ამის დანახვაში დაგვეხმარება ბიბლიური მაგალითის განხილვა.ბარუქი წინასწარმეტყველ იერემიას მწერალი იყო. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება იმ პასუხისმგებლობებზე გაემახვილებინა, რომლებიც იეჰოვამ მიანდო, ერთხელ ბარუქი ამბიციამ შეიპყრო. იეჰოვას ეს მხედველობიდან არ გამორჩენია და იერემიას პირით გააფრთხილა: „შენ კი დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ“ (იერ. 45:5).
რა იყო „დიდი რამე“, რასაც ბარუქი ეძებდა? მას, შესაძლოა, იმდროინდელ იუდეველთა სისტემაში სახელის მოხვეჭა სურდა. ან, შესაძლოა, „დიდი რამე“ მატერიალური კეთილდღეობა ყოფილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ის პირველ ადგილზე არ აყენებდა იმას, რაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა (ფილ. 1:10). მაგრამ, როგორც ჩანს, ბარუქმა იერემიას მეშვეობით იეჰოვას მიერ მიცემული გაფრთხილება გაითვალისწინა და, შედეგად, იერუსალიმის განადგურებისას გადარჩა (იერ. 43:6).
რის სწავლა შეგვიძლია ამ ბიბლიური მონაკვეთიდან? ბარუქისთვის მიცემული რჩევიდან ჩანს, რომ ის არასწორად აზროვნებდა. ის თავისთვის „დიდ რამეს“ ეძებდა. თუ თავის რჩენა შეგიძლიათ, აუცილებელია, რომ დრო, ფული და ძალისხმევა მოახმაროთ დამატებითი განათლების მიღებას მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლების ან ნათესავების სურვილი დააკმაყოფილოთ, ან პირადი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინოთ?
განვიხილოთ პროგრამისტის, გჟეგოშის შემთხვევა. თანამშრომლებმა ის დაარწმუნეს, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაძლიერებული კურსები უნდა გაევლო. მალე მას სულიერი საქმეებისთვის დრო აღარ რჩებოდა. ის იხსენებს: „გამუდმებით დაძაბული ვიყავი. სინდისი მაწუხებდა, რადგან დასახულ სულიერ მიზნებს ვერ ვაღწევდი“.
სამსახური
ღვთის სიტყვა ჭეშმარიტ ქრისტიანებს მოუწოდებს, იყვნენ გამრჯეები და პასუხისმგებლობის მქონე მუშები თუ დამსაქმებლები. მოციქულმა პავლემ დაწერა: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის“ (კოლ. 3:22, 23). გულმოდგინედ მუშაობისთვის ადამიანი ქებას იმსახურებს, მაგრამ მეტია საჭირო — აუცილებელია, ჩვენს შემოქმედთან კარგი ურთიერთობა (ეკლ. 12:13). თუ ქრისტიანი მთლიანად ეფლობა თავის სამუშაოში, სულიერმა მიზნებმა შეიძლება ადვილად გადაინაცვლოს მეორე ადგილზე.
სამუშაოსთვის დიდი დროის დათმობა ქრისტიანს სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად და თავისი ოჯახის დასახმარებლად საჭირო ენერგიას ართმევს. მეფე სოლომონმა აღნიშნა, რომ „ორ მუჭა გარჯას“ ხშირად თან ახლავს „ქარის დევნა“. თუ ქრისტიანისთვის სამუშაო ძალიან ბევრს ნიშნავს, მას ხანგრძლივი და დიდი ეკლ. 3:12, 13; 4:6). და რაც უფრო მნიშვნელოვანია, დარჩება მას საკმარისი ფიზიკური თუ ემოციური ძალები, რათა შეასრულოს თავისი ოჯახური ვალდებულებები და მონაწილეობა მიიღოს სულიერ საქმეებში?
სტრესი გარანტირებული აქვს. ასეთი ადამიანი თავისი სამუშაოს მონაც კი შეიძლება გახდეს და, საბოლოო ჯამში, გამოიფიტოს. შეიძლება ასეთ შემთხვევაში მან ნამდვილად „გაიხაროს . . . და სიამე ნახოს თავის გარჯაში“? (დასავლეთ ევროპაში მცხოვრები იანუში თავისმა ბიზნესმა გაიტაცა. ის იხსენებს: „ქვეყნიური ხალხი ჩემით აღფრთოვანებული იყო, რადგან მე ნოვატორული იდეებით გამოვირჩეოდი და ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა შემეძლო. მაგრამ ეს ჩემს სულიერობაზე უარყოფითად აისახა და ქადაგება შევწყვიტე. მალე კრების შეხვედრებზეც აღარ დავდიოდი. იმდენად გავამაყდი, რომ უხუცესების რჩევა არ მივიღე და კრებას ჩამოვშორდი“.
თქვენ შეგიძლიათ იყოთ წარმატებული
ჩვენ განვიხილეთ, რომ სკოლის, უმაღლესი განათლებისა და სამსახურისთვის მეტისმეტი ყურადღების მიპყრობა ქრისტიანს შეიძლება სულიერობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. რომელიმე მათგანი თქვენთვისაც ხომ არ არის პრობლემა? თუ დიახ, ქვემოთ მოყვანილი კითხვები, ბიბლიური მუხლები და კომენტარები დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, დგახართ თუ არა წარმატების გზაზე.
სხვადასხვა წრე და ჰობი: რამდენ დროს უთმობთ ასეთ საქმეებს? არის ეს ის დრო, რომელსაც ადრე სულიერ საქმეებს უთმობდით? ნაკლებად მიმზიდველად გეჩვენებათ თანამორწმუნეებთან ურთიერთობა? თუ ასეა, მიჰბაძეთ მეფე დავითს, რომელიც იეჰოვას ევედრებოდა: „გამაგებინე, რომელი გზით ვიარო“ (ფსალმ. 143:8).
ზემოხსენებულ ვიქტორს მიმომსვლელი ზედამხედველი დაეხმარა. მან ვიქტორს უთხრა: „შენ აღფრთოვანებით ლაპარაკობ ფრენბურთზე“. „ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა, — ამბობს ვიქტორი, — მივხვდი, რომ ღრმად მქონდა შეტოპილი. მალე გავწყვიტე ქვეყნიურ მეგობრებთან ურთიერთობა და მეგობრები კრებაში შევიძინე“. დღეს ვიქტორი იეჰოვას გულმოდგინედ ემსახურება. ის ამბობს: „ჰკითხეთ მეგობრებს, მშობლებს ან კრების უხუცესებს, რას ფიქრობენ, სკოლის საქმეები გაახლოებთ იეჰოვასთან, თუ პირიქით“.
უთხარით თქვენი კრების უხუცესებს, რომ იეჰოვას მსახურებაში მეტის გაკეთება გსურთ. შეგიძლიათ მარტოხელა ხანდაზმულები მოინახულოთ და დახმარების ხელი გაუწოდოთ; მაგალითად, საყიდლებზე გაეგზავნოთ ან საოჯახო საქმეებში მიეხმაროთ. ასაკის მიუხედავად, ყველას შეგიძლიათ სრული დროით მსახურება და სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება.
უმაღლესი განათლება: იესომ გაგვაფრთხილა, რომ არ ვეძებოთ „საკუთარი დიდება“ (იოან. 7:18). როგორი განათლების მიღებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ყოველთვის დარწმუნდით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილ. 1:9, 10).
პროგრამისტმა გჟეგოშმა თავის ცხოვრებაში ცვლილებები მოახდინა. მან თქვა: „უხუცესების რჩევას სერიოზულად მოვეკიდე და ცხოვრება გავიმარტივე. მივხვდი, რომ დამატებითი განათლების მიღება არ მჭირდებოდა. ის მხოლოდ დროსა და ენერგიას წამართმევდა“. გჟეგოში უფრო აქტიურად ჩაება კრების საქმეებში. გარკვეული დროის შემდეგ მან დაამთავრა სკოლა, რომელსაც დღეს ეწოდება „ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის“. მან ღვთიური განათლების მისაღებად დრო გამოისყიდა (ეფეს. 5:16).
სამსახური: სამსახურით იმდენად ხომ არ ხართ დაკავებული, რომ თქვენს ცხოვრებაში ღვთის მსახურება უკანა პლანზე გადადის? გაქვთ საკმარისი დრო ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის? უკეთესად ასრულებთ კრებაში დაკისრებულ დავალებებს? ამხნევებთ სხვებს თქვენი საუბრებით? „ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეთ და მისი მცნებები დაიცავით“, შედეგად კი, ღმერთი უხვად გაკურთხებთ და ნასიამოვნები დარჩებით თქვენი გარჯით (ეკლ. 2:24; 12:13).
ზემოთ მოხსენიებულმა იანუშმა თავის ბიზნესში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, პირიქით მან კრახი განიცადა. იანუში შემოსავლის გარეშე დარჩა და ვალებში ჩაეფლო, რის შემდეგაც იეჰოვას დაუბრუნდა. მან თავისი საქმეები მოაწესრიგა და ახლა კრებაში პიონერად და უხუცესად მსახურობს. ის ამბობს: „როდესაც აუცილებლით ვკმაყოფილდები და ჩემს დროსა თუ ენერგიას ღვთის მსახურებას ვახმარ, შინაგან სიმშვიდეს ვგრძნობ“ (ფილ. 4:6, 7).
დრო გამოუყავით იმას, რომ გულწრფელად შეაფასოთ თქვენი მოტივები და პრიორიტეტები. იეჰოვას მსახურებას ყოველთვის მოაქვს წარმატება. ამიტომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენეთ იგი.
შეიტანეთ გარკვეული ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში და მოიშორეთ ზედმეტი საზრუნავი, რათა დარწმუნდეთ, „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომ. 12:2). თქვენ შეძლებთ იყოთ წარმატებული, თუ იეჰოვას მთელი სულით ემსახურებით.
[სქოლიო]
^ აბზ. 8 ზოგი სახელი შეცვლილია.
[ჩარჩო⁄სურათი 31 გვერდზე]
რა მოგიტანთ წარმატებას?
დღეს, როდესაც ადამიანის ყურადღებას ასე ბევრი რამ იპყრობს, როგორ შეგიძლიათ კონცენტრირებულნი იყოთ იმაზე, რაც ნამდვილად ღირებულია? გამოყავით დრო, რათა ქვემოთ მოყვანილი კითხვების საფუძველზე დაფიქრდეთ, რა მოტივები გამოძრავებთ და რას ანიჭებთ უპირატესობას:
სხვადასხვა წრე და ჰობი
▪ როგორი აზროვნება შეიძლება განგივითარდეთ, როცა ამ საქმეებით ხართ დაკავებული?
▪ რამდენი დრო მიაქვს მათ?
▪ პირველ ადგილს ხომ არ იკავებს თქვენს ცხოვრებაში?
▪ ხომ არ გართმევთ ეს საქმეები იმ დროს, რომელსაც ადრე ღვთის მსახურებას უთმობდით?
▪ ვისთან გაქვთ ამ დროს ურთიერთობა?
▪ მათთან შედარებით ნაკლებად მიმზიდველად ხომ არ გეჩვენებათ თანამორწმუნეებთან ურთიერთობა?
უმაღლესი განათლება
▪ თუ თავის რჩენა შეგიძლიათ, აუცილებელია, რომ დრო, ფული და ძალისხმევა მოახმაროთ დამატებითი განათლების მიღებას?
▪ საკუთარი თავის სარჩენად ნამდვილად საჭიროა უმაღლესი განათლება?
▪ შეძლებთ კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებას?
▪ დარწმუნდით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“?
▪ ეჭვი ხომ არ გეპარებათ იმაში, რომ იეჰოვა იზრუნებს თქვენს მატერიალურ მოთხოვნილებებზე?
სამსახური
▪ გაძლევთ თქვენი არჩევანი საშუალებას, რომ „სიამე ნახოთ თქვენს გარჯაში“?
▪ დაგრჩებათ საკმარისი ფიზიკური თუ ემოციური ძალები, რათა შეასრულოთ ოჯახური ვალდებულებები და მონაწილეობა მიიღოთ სულიერ საქმეებში?
▪ გაქვთ საკმარისი დრო ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის?
▪ სამსახურით იმდენად ხომ არ ხართ დაკავებული, რომ ღვთის მსახურება უკანა პლანზე გადადის?
▪ რა გავლენას ახდენს სამსახური კრებაში მიღებული დავალებების შესრულებაზე?
[სურათი 30 გვერდზე]
იეჰოვამ გააფრთხილა ბარუქი, რომ „დიდი რამე“ არ ეძებნა