არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის „ღვთის დასვენება“?

რა არის „ღვთის დასვენება“?

რა არის „ღვთის დასვენება“?

„ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს“ (ებრ. 4:9).

1, 2. რა დასკვნამდე მივდივართ დაბადების 2:3-ის საფუძველზე და რა კითხვები წამოიჭრება?

დაბადების პირველი თავიდან ვიგებთ, თუ როგორ მოამზადა ღმერთმა დედამიწა ადამიანების საცხოვრებლად ექვს სიმბოლურ დღეში. თითოეული ამ „დღის“ ბოლოს ღმერთმა თქვა: „დადგა საღამო და დადგა დილა“ (დაბ. 1:5, 8, 13, 19, 23, 31). მაგრამ მეშვიდე დღეზე ბიბლიაში ნათქვამია: „აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა, რადგან ამ დღეს ისვენებს მთელი თავისი შემოქმედებითი საქმიანობისგან“ (დაბ. 2:3).

2 ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ გამოყენებულია ზმნა „ისვენებს“. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ძვ. წ. 1513 წელს, როდესაც მოსემ წიგნი „დაბადება“ დაწერა, მეშვიდე დღე — ღვთის დასვენების დღე — დასრულებული არ იყო. დღესაც გრძელდება ღვთის დასვენების დღე? თუ დიახ, შეგვიძლია შევიდეთ მის დასვენებაში? ამ კითხვებზე პასუხები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღესაც „ისვენებს“ იეჰოვა?

3. როგორ ამტკიცებს იოანეს 5:16, 17 მუხლებში ჩაწერილი იესოს სიტყვები, რომ მეშვიდე დღე პირველ საუკუნეში არ იყო დასრულებული?

3 არსებობს ორი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეშვიდე დღე ახ. წ. პირველ საუკუნეში დასრულებული არ იყო. პირველ რიგში, განვიხილოთ იესოს სიტყვები, რომლებიც მან თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა. ისინი მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ შაბათს ავადმყოფი განკურნა; იესოს მოწინააღმდეგეები განკურნებას მუშაობად თვლიდნენ. უფალმა მათ უთხრა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოან. 5:16, 17). რის თქმა სურდა იესოს ამ სიტყვებით? მას ბრალს სდებდნენ შაბათს მუშაობაში. იესოს სიტყვები, „მამაჩემი აქამდე შრომობს“, მათ ბრალდებაზე პასუხი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესომ მათ უთხრა: „მე და მამაჩემი ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებთ. მამა შრომობს შაბათის განმავლობაში, რომელიც ათასობით წელია გრძელდება. ამიტომ ჩემთვისაც ნებადართულია, რომ შაბათს ვიშრომო“. ამგვარად, იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, დედამიწასთან მიმართებაში ღვთის დასვენების დიდი შაბათი, მეშვიდე დღე, მის დღეებში არ იყო დასრულებული. *

4. რა მტკიცებულება მოიყვანა პავლემ, რომ მეშვიდე დღე მის დროს არ იყო დამთავრებული?

4 მეორე მტკიცებულება მოციქულმა პავლემ მოიყვანა. როდესაც ღვთის დასვენებასთან დაკავშირებით დაბადების 2:2-დან ციტირებდა, მან ღვთის შთაგონებით დაწერა: „ჩვენ კი, ვისაც გვწამს, შევდივართ მის დასვენებაში“ (ებრ. 4:3, 4, 6, 9). ასე რომ, პავლეს დროს მეშვიდე დღე არ იყო დამთავრებული. რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ღვთის დასვენების დღე?

5. რა არის მეშვიდე დღის მიზანი და როდის შესრულდება ღვთის განზრახვა ბოლომდე?

5 ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საჭიროა გავიხსენოთ მეშვიდე დღის მიზანი. დაბადების 2:3-ში ნათქვამია: „აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა“. იეჰოვამ ეს დღე წმინდად გამოაცხადა — განწმინდა, ანუ განსაკუთრებული დანიშნულებისთვის გამოყო, რათა თავისი განზრახვა შეესრულებინა. ეს განზრახვა იმაში მდგომარეობს, რომ მორჩილმა ადამიანებმა იცხოვრონ დედამიწაზე, იზრუნონ მასზე და ყველა ცოცხალ არსებაზე (დაბ. 1:28). ამ განზრახვის განსახორციელებლად იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე, „შაბათის უფალი“, აქამდე შრომობენ (მათ. 12:8). ღვთის დასვენების დღე გაგრძელდება მანამ, სანამ ღვთის განზრახვა ბოლომდე არ შესრულდება; ეს კი ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დასასრულს მოხდება.

არ მიჰბაძოთ მათი „ურჩობის მაგალითს“

6. რა მაგალითებია გამაფრთხილებელი ჩვენთვის და რის სწავლა შეგვიძლია ამ მაგალითებიდან?

6 ადამმა და ევამ კარგად იცოდნენ ღვთის განზრახვა, მაგრამ მის შესაბამისად არ მოიქცნენ. ისინი პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებიც დაუმორჩილებლობის გზას დაადგნენ. მას შემდეგ მათ კვალს მილიონობით ადამიანი მიჰყვა. ღვთის რჩეულმა ერმა, ისრაელმაც კი მიჰბაძა მათი ურჩობის მაგალითს. აღსანიშნავია ისიც, რომ პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანები გააფრთხილა, რომ ზოგი მათგანი შეიძლებოდა იმავე მახეში გაბმულიყო, რაშიც ძველ დროს მცხოვრები ისრაელები. მან დაწერა: „მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს“ (ებრ. 4:11). ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლეს სიტყვების თანახმად, ურჩები ღვთის დასვენებაში ვერ შევლენ. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუ ჩვენ ამა თუ იმ სახით ღვთის განზრახვის წინააღმდეგ წავალთ, დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ღვთის დასვენებაში ჩვენი შესვლის საკითხი? ამ კითხვაზე პასუხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავთ. მაგრამ ჯერ განვიხილოთ ისრაელის ცუდი მაგალითი და მეტი გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ღვთის დასვენებაში შესვლა.

„ვერ შემოვლენ ისინი ჩემს დასვენებაში“

7. რა მიზანი ჰქონდა იეჰოვას, როცა ისრაელს ეგვიპტიდან ათავისუფლებდა და რას მოელოდა მათგან?

7 ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ ისრაელ ერთან დაკავშირებული განზრახვა თავის მსახურ მოსეს განუცხადა: „ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან, გამოვიყვანო იმ მიწიდან [ეგვიპტიდან] და წავიყვანო კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება“ (გამ. 3:8). როგორც მათ წინაპარ აბრაამს დაჰპირდა, იეჰოვას მიერ „ეგვიპტელთა ხელიდან“ ისრაელების დახსნის მიზანი ის იყო, რომ ისინი თავის ხალხად ექცია (დაბ. 22:17). იეჰოვამ ისრაელებს კანონთა კრებული მისცა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდათ (ეს. 48:17, 18). ღმერთმა უთხრა მათ: „თუ გულისყურით მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას [კანონებს], ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის, რადგან ჩემია მთელი დედამიწა“ (გამ. 19:5, 6). ამგვარად, ექნებოდათ თუ არა ისრაელებს ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა, დამოკიდებული იყო იმაზე, მოუსმენდნენ თუ არა ისინი იეჰოვას ხმას.

8. როგორ იცხოვრებდნენ ისრაელები ღმერთს რომ დამორჩილებოდნენ?

8 წარმოიდგინეთ, როგორ იცხოვრებდნენ ისრაელები იეჰოვას ხმისთვის რომ მოესმინათ. იეჰოვა აკურთხებდა მათ ყანებს, ვენახებს, ფარასა თუ ნახირს. მათ მტერი ვერაფერს დააკლებდა (წაიკითხეთ 1 მეფეების 10:23—27 ). მესიის მოსვლისას ისრაელი დამოუკიდებელი ერი იქნებოდა და არა რომის უღელქვეშ მყოფი ქვეყანა. ისრაელი მაგალითი იქნებოდა მეზობელი ერებისთვის და ყველას დაუმტკიცებდა, რომ ჭეშმარიტი ღვთისადმი მორჩილებას სულიერი და მატერიალური კურთხევები მოჰყვება.

9, 10. ა) რატომ იყო არასწორი ისრაელების სურვილი, დაბრუნებულიყვნენ ეგვიპტეში? ბ) როგორ იმოქმედებდა ეგვიპტეში დაბრუნება ისრაელების ღვთისადმი თაყვანისცემაზე?

9 რა დიდი პატივი ხვდათ წილად ისრაელებს! მათ შეეძლოთ ღვთის განზრახვის შესრულებაში მიეღოთ მონაწილეობა და კურთხევა მოეტანათ არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის (დაბ. 22:18). მაგრამ, მთლიანობაში, ურჩმა მოდგმამ არ გამოავლინა ინტერესი, რომ თეოკრატიული მმართველობის ქვშევერდომობით შეექმნათ სამეფო, რომელიც მაგალითი იქნებოდა სხვა ერებისთვის. ისინი ეგვიპტეში დაბრუნებასაც კი ითხოვდნენ (წაიკითხეთ რიცხვების 14:2—4 ). თუ ისრაელი ეგვიპტეში დაბრუნდებოდა, განა ეს ხელს შეუწყობდა ღვთის განზრახვის შესრულებას, რომ ისრაელის სამეფო სამაგალითო ყოფილიყო? რა თქმა უნდა, არა! თუ ისრაელები კვლავ წარმართ ეგვიპტელებს დაემონებოდნენ, ისინი ვერასდროს დაიცავდნენ მოსეს კანონს და ვერასდროს მიიღებდნენ იეჰოვასგან ცოდვების პატიებას. რამდენად ხორციელები და წინდაუხედავები იყვნენ ისინი! აი, რა უთხრა იეჰოვამ ამ ურჩ ხალხს: „ამიტომაც შევიჯავრე ეს თაობა და ვთქვი, გულით ყოველთვის გზააბნეულნი არიან და არ შეუცვნიათ-მეთქი ჩემი გზები. დავიფიცე ჩემი რისხვისას, ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში“ (ებრ. 3:10, 11; ფსალმ. 95:10, 11).

10 ეგვიპტეში დაბრუნების სურვილის გამოთქმით ამ თავნება ერმა ცხადყო, რომ ეგვიპტურ პრასს, ხახვსა და ნიორს უფრო აფასებდა, ვიდრე სულიერ კურთხევებს (რიცხ. 11:5). უმადური ესავის მსგავსად, ურჩი ისრაელები მზად იყვნენ, გემრიელ კერძში გაეცვალათ თავიანთი სულიერი მემკვიდრეობა (დაბ. 25:30—32; ებრ. 12:16).

11. რა გავლენა მოახდინა ისრაელის ორგულობამ ღვთის განზრახვაზე მოსეს დროს?

11 მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტიდან გამოსულმა ისრაელებმა ორგულობა გამოავლინეს, იეჰოვა მოთმინებით „შრომობდა“ თავისი განზრახვის შესასრულებლად, ოღონდ ამჯერად ყურადღება ისრაელის შემდგომ თაობაზე გადაიტანა. ეს ახალი თაობა უფრო მორჩილი იყო, ვიდრე მათი მამები. იეჰოვას მითითების თანახმად, ისინი შევიდნენ აღთქმულ მიწაზე და მის დაპყრობას შეუდგნენ. იესო ნავეს ძის 24:31-ში ნათქვამია: „ემსახურებოდა ისრაელი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და უხუცესების დროსაც იესო ნავეს ძის შემდეგ, რომლებმაც იცოდნენ, რა საქმეებიც მოიმოქმედა იეჰოვამ ისრაელისთვის“.

12. საიდან ვიცით, რომ ღვთის დასვენებაში შესვლა დღესაც შესაძლებელია?

12 მაგრამ, თანდათანობით ეს მორჩილი თაობა გადავიდა და მათ შემდეგ წამოვიდა ახალი თაობა, რომლებიც „არც იეჰოვას იცნობდნენ და არც ის საქმეები იცოდნენ, რაც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა“. შედეგად, „ისრაელის ძეები ბოროტ საქმეებს სჩადიოდნენ იეჰოვას თვალში და ბაალებს ემსახურებოდნენ“ (მსაჯ. 2:10, 11). აღთქმული მიწა მათთვის აღარ იყო დასვენების ადგილი. ურჩობის გამო მათ დაკარგეს ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა. მოციქულმა პავლემ ამ ისრაელებზე დაწერა: „იესო ნავეს ძეს რომ შეეყვანა ისინი [ისრაელები] დასვენებაში, ღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა სხვა დღეზე. ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს“ (ებრ. 4:8, 9). „ღვთის ხალხში“ პავლე ქრისტიანებს გულისხმობდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანებს შეეძლოთ ღვთის დასვენებაში შესვლა? რასაკვირველია, ღვთის დასვენებაში შესვლა შეეძლოთ, როგორც ებრაელ, ისე არაებრაელ ქრისტიანებს!

ზოგი ვერ შევიდა ღვთის დასვენებაში

13, 14. რა კავშირი იყო მოსეს კანონის დაცვასა და ღვთის დასვენებაში შესვლას შორის ა) მოსეს დღეებში? ბ) პირველ საუკუნეში?

13 პავლემ ებრაელ ქრისტიანებს იმიტომ მისწერა წერილი, რომ ზოგი მათგანი ღვთის განზრახვის შესაბამისად არ მოქმედებდა (წაიკითხეთ ებრაელების 4:1 ). რა გაგებით? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისინი ჯერ კიდევ ცდილობდნენ მოსეს კანონიდან ზოგიერთის დაცვას. დაახლოებით 1 500 წლის განმავლობაში ნებისმიერ ისრაელს, რომელსაც სურდა ღვთის განზრახვის თანახმად ცხოვრება, მოსეს კანონი უნდა დაეცვა. მაგრამ იესოს სიკვდილის შემდეგ მოსეს კანონის დაცვა აუცილებელი აღარ იყო. თუმცა იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც არ აღიარებდნენ ამას და დაჟინებით მოითხოვდნენ მოსეს კანონიდან ზოგის დაცვას. *

14 პავლემ იმ ქრისტიანებს, რომლებიც მოსეს კანონის დაცვის მომხრენი იყვნენ, აუხსნა, რომ მღვდელმთავარი იესო, ახალი შეთანხმება და სულიერი ტაძარი ბევრად აღმატებული იყო, ვიდრე ის, რასაც ისრაელის მღვდელმთავარი, ისრაელთან დადებული შეთანხმება და ფიზიკური ტაძარი განასახიერებდა (ებრ. 7:26—28; 8:7—10; 9:11, 12). პავლემ მოსეს კანონში მოცემული შაბათის დღის შესახებ კანონის საფუძველზე ახსნა, თუ როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს შევიდნენ იეჰოვას დასვენების დღეში: „ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს. ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან“ (ებრ. 4:8—10). იმ ებრაელ ქრისტიანებს აღარ უნდა ეფიქრათ, რომ იეჰოვას მოწონების დამსახურება მოსეს კანონის დაცვით შეეძლოთ. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ღმერთმა თავისი კეთილგანწყობა გულმოწყალედ გადმოაფრქვია მათზე, ვინც იესო ქრისტესადმი რწმენას ავლენდა.

15. რატომ არის მორჩილება მნიშვნელოვანი, თუ ღვთის დასვენებაში შესვლას ვაპირებთ?

15 მოსეს დღეებში რამ შეუშალა ხელი ისრაელებს, შესულიყვნენ აღთქმულ მიწაზე? ურჩობამ. პავლეს დღეებში რამ შეუშალა ხელი ზოგ ქრისტიანს შესულიყო ღვთის დასვენებაში? ისევ ურჩობამ. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ მოსეს კანონმა თავის მიზანს მიაღწია და ახლა იეჰოვას თავისი ხალხი სხვა მიმართულებით მიჰყავდა.

ღვთის დასვენებაში შესვლა დღეს

16, 17. ა) რას ნიშნავს ღვთის დასვენებაში შესვლა დღეს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

16 დღეს ქრისტიანებიდან არავინ ფიქრობს, რომ გადარჩენისთვის მოსეს კანონიდან ზოგის დაცვაა საჭირო. ეფესოელებისთვის ღვთის შთაგონებით მიწერილი პავლეს სიტყვები აბსოლუტურად ნათელია: „ამ წყალობით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით და ეს თქვენი დამსახურება კი არ არის, არამედ ღვთის ძღვენია. არა, ეს საქმეების გამო არ მომხდარა, რომ კვეხნის მიზეზი არავის ჰქონდეს“ (ეფეს. 2:8, 9). მაშ, რას ნიშნავს ქრისტიანებისთვის ღვთის დასვენებაში შესვლა? იეჰოვამ მეშვიდე დღე, დასვენების დღე, იმისთვის გამოყო, რომ სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით. თუ მორჩილებას გამოვავლენთ და ღვთის განზრახვის შესაბამისად მოვიქცევით, რომელსაც ღვთის ორგანიზაცია გვიმჟღავნებს, შევძლებთ იეჰოვას დასვენებაში შესვლას.

17 მეორე მხრივ, თუ გავაუფასურებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს, რომლებსაც ერთგული და გონიერი მონა გვაძლევს, და თვითნებურად ვიმოქმედებთ, ღვთის განზრახვის წინააღმდეგ წავალთ. ეს საფრთხეს შეუქმნის ღმერთთან ჩვენს მშვიდობიან ურთიერთობას. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე სიტუაციას, რომლებმაც შეიძლება ღვთის ხალხზე გავლენა მოახდინოს. ასევე განვიხილავთ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ვიყოთ მორჩილი თუ ვიმოქმედოთ თვითნებურად, ცხადყოფს ნამდვილად ვართ თუ არა შესული ღვთის დასვენებაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 მღვდლები და ლევიანები, რომლებიც შაბათ დღეს ტაძარში მსახურობდნენ, „უდანაშაულოები რჩებოდნენ“. ამგვარად, სრულიად გამართლებული იყო ის, რომ იესოს, როგორც ღვთის დიდებული სულიერი ტაძრის მღვდელმთავარს, შაბათს იეჰოვას მიერ დაკისრებული დავალება შეესრულებინა (მათ. 12:5, 6).

^ აბზ. 13 ცნობილი არ არის, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ რომელიმე ებრაელი ქრისტიანი ცდილობდა თუ არა გამოსყიდვის დღის აღნიშვნას. ამგვარად მოქმედება ნამდვილად იქნებოდა იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი უპატივცემლობა. მაგრამ ზოგი ებრაელი ქრისტიანი ბოლომდე ებღაუჭებოდა კანონთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტრადიციას (გალ. 4:9—11).

კითხვები დასაფიქრებლად

• რა მიზანი ჰქონდა ღვთის დასვენების დღეს?

• საიდან ვიცით, რომ მეშვიდე დღე ჯერ არ დამთავრებულა?

• რამ შეუშალა ხელი მოსეს დღეებში მცხოვრებ ისრაელებსა და პირველ საუკუნეში მცხოვრებ ზოგ ქრისტიანს, შესულიყვნენ ღვთის დასვენებაში?

• რას ნიშნავს ღვთის დასვენებაში შესვლა დღეს?

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 27 გვერდზე]

თუ მორჩილებას გამოვავლენთ და ღვთის განზრახვის შესაბამისად მოვიქცევით, რომელსაც ღვთის ორგანიზაცია გვიმჟღავნებს, შევძლებთ იეჰოვას დასვენებაში შესვლას

[სურათები 26, 27 გვერდებზე]

რა არის აუცილებელი ღვთის ხალხისთვის მის დასვენებაში შესასვლელად?