არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკვდილის მეშინოდა, ახლა კი „უხვ სიცოცხლეს“ ველოდები

სიკვდილის მეშინოდა, ახლა კი „უხვ სიცოცხლეს“ ველოდები

სიკვდილის მეშინოდა, ახლა კი „უხვ სიცოცხლეს“ ველოდები

მოგვითხრო პიერო გატიმ

გრუხუნი თანდათანობით გაძლიერდა. შემდეგ გაისმა სირენის გამკივანი ხმა და ხალხმაც თავშესაფარს მიაშურა. ციდან ბომბების წვიმა წამოვიდა. აფეთქების გამაყრუებელი ხმა ყველას შიშის ზარს სცემდა.

იდგა 1943—1944 წლები. ამ დროს მილანში (იტალია) ჯარში ვმსახურობდი. როგორც ახალგაზრდა ჯარისკაცს, ხშირად საჰაერო თავდასხმების შემდეგ ნანგრევებიდან გვამების გამოტანას მიბრძანებდნენ. ეს გვამები იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ მათ ვერავინ ამოიცნობდა. მე მხოლოდ სხვების სიკვდილის მოწმე როდი გავმხდარვარ. რამდენჯერმე სიკვდილს თავადაც ჩავხედე თვალებში. ასეთ შემთხვევებში ვლოცულობდი და ღმერთს ვპირდებოდი, რომ თუ ამ სასაკლაოს გადავურჩებოდი, მის ნებას შევასრულებდი.

სიკვდილის შიშს ვძლიე

გავიზარდე შვეიცარიის საზღვართან ახლოს მდებარე ერთ პატარა სოფელში, რომელიც კომოდან (იტალია) დაახლოებით 10 კილომეტრით იყო დაშორებული. ბავშვობიდანვე მწუხარება ჩემთვის უცხო არ იყო და სიკვდილის შიშიც იმ დროიდან მომყვება. ორი და ესპანური გრიპით დამეღუპა. 1930 წელს კი, როცა ექვსი წლის ვიყავი დედაჩემი, ლუიჯა, მოკვდა. რადგან კათოლიკე ოჯახში გავიზარდე, რელიგიურ წეს-ჩვეულებებს ვიცავდი და ყოველ კვირას ეკლესიაში დავდიოდი. მაგრამ წლების შემდეგ შიშის გრძნობას ვძლიე. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს მოხდა საპარიკმახეროში და არა ეკლესიაში.

1944 წელს მეორე მსოფლიო ომმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მე იმ ათიათასობით იტალიელ ჯარისკაცს შორის ვიყავი, რომლებიც ნეიტრალურ ზონაში, შვეიცარიაში, გაიქცნენ. იქ ლტოლვილთა ბანაკებში გაგვანაწილეს. მე ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შტაინახის მახლობლად გამგზავნეს. იქ გარკვეული თავისუფლება გვქონდა. შტაინახში ერთ პარიკმახერს დროებით დამხმარე სჭირდებოდა. მასთან მხოლოდ ერთი თვე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მიმეღო ცოდნა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.

საპარიკმახეროს ერთი კლიენტი შვეიცარიაში მცხოვრები იტალიელი იეჰოვას მოწმე, ადოლფო ტელინი, იყო. ადრე მოწმეების შესახებ არაფერი მსმენია და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან იმ დროს მთელ იტალიაში იეჰოვას მოწმეთა რიცხვი 150-ს არ აღემატებოდა. ადოლფო მესაუბრა ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე, მშვიდობის შესახებ ღვთის დანაპირებსა და „უხვ სიცოცხლეზე“ (იოან. 10:10; გამოცხ. 21:3, 4). ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა ცნობამ იმის შესახებ, რომ აღარ იქნებოდა ომები და სიკვდილი. ლტოლვილთა ბანაკში ეს იმედი ერთ ახალგაზრდა იტალიელს, ჯუზეპე ტუბინს, გავუზიარე. ცნობამ მასზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ადოლფო და სხვა მოწმეები დროდადრო ბანაკში გვაკითხავდნენ.

ერთხელ ადოლფომ არბონში წამიყვანა, რომელიც შტაინახიდან დაახლოებით 10 კილომეტრით იყო დაშორებული. არბონში იეჰოვას მოწმეთა პატარა ჯგუფს შეხვედრები იტალიურ ენაზე უტარდებოდა. იქ მოსმენილმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ მომდევნო კვირას არბონში ფეხით ჩავედი. მოგვიანებით იეჰოვას მოწმეების კონგრესს დავესწარი ციურიხის საკონგრესო დარბაზში. შემძრა სასიკვდილო ბანაკების შესახებ სლაიდების ყურებამ, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ ეყარა უამრავი გვამი. გავიგე, რომ მრავალი გერმანელი მოწმე რწმენის გამო დახოცეს. ამ კონგრესზე შევხვდი მარია პიზატოს, რომელსაც იტალიის ფაშისტურმა ხელისუფლებამ 11 წელი მიუსაჯა იმის გამო, რომ მოწმე იყო.

ომის დამთავრების შემდეგ იტალიაში დავბრუნდი და კომოს პატარა კრებაში დავიწყე სიარული. საკმაო ბიბლიური ცოდნა მქონდა მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია რეგულარულად არასდროს მისწავლია. მარია პიზატოც იმ კრების წევრი იყო. მარიამ მითხრა, რომ საჭირო იყო მოვნათლულიყავი და გამგზავნა მარჩელო მარტინელისთან, რომელიც სონდრიოს პროვინციაში ქალაქ კასტონე-ანდევენოში ცხოვრობდა. მარჩელო ერთგული ცხებული ძმა იყო, რომელსაც დიქტატორული რეჟიმის დროს 11 წელი საპატიმროში ჰქონდა გატარებული. მასთან მისასვლელად ველოსიპედით 80 კილომეტრი უნდა გამევლო.

მარჩელომ ამიხსნა ნათლობისთვის აუცილებელი ბიბლიური მოთხოვნები, შემდეგ ილოცა და მდინარე ადაში მომნათლა. ეს იყო 1946 წლის სექტემბერში. ეს მართლაც განსაკუთრებული დღე იყო! იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით, მემსახურა იეჰოვასთვის, და მომავლის იმდენად საფუძვლიანი იმედი მომეცა, რომ ვერც კი მივხვდი, იმ დღეს როგორ გავიარე ველოსიპედით 160 კილომეტრი!

ომის შემდგომ იტალიაში პირველი კონგრესი 1947 წლის მაისში მილანში ჩატარდა. ამ კონგრესს 700-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის ისინიც, ვინც ფაშისტური რეჟიმი გადაიტანა. ამ კონგრესზე ერთი საკმაოდ უჩვეულო რამ მოხდა. ჯუზეპე ტუბინიმ, ვისაც მე ლტოლვილთა ბანაკში ვუქადაგე, ნათლობის თემა წაიკითხა, რის შემდეგაც თვითონვე მოინათლა.

ეს კონგრესი ჩემთვის განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ შევხვდი ძმა ნეითან ნორს, ბრუკლინის ბეთელიდან. მან მე და ჯუზეპეს მოგვიწოდა, რომ მთელი ცხოვრება ღვთისთვის გვემსახურა. გადავწყვიტე, მომდევნო თვეს სრული დროით მსახურება დამეწყო. სახლში დაბრუნებულმა ოჯახის წევრებს ვუთხარი ამის შესახებ, ისინი კი ჩემ გადარწმუნებას შეეცადნენ. მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება უცვლელი იყო. ასე რომ, ერთ თვეში მილანის ბეთელში მსახურება დავიწყე. იქ მსახურობდა ოთხი მისიონერი: ჯუზეპე (ჯოსეფ) და ანჯელინა რომანოები; კარლო და კონსტანცია ბენანტები. ოჯახის მეხუთე წევრი ახალმოსული ჯუზეპე ტუბინი იყო, მე კი მეექვსე ვიყავი.

ბეთელში მსახურებიდან ერთი თვის შემდეგ სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს. იტალიაში პირველი ადგილობრივი მიმომსვლელი ზედამხედველი ვიყავი. ძმა ჯორჯ ფრედიანელი, შეერთებული შტატებიდან იტალიაში 1946 წელს ჩასული პირველი მისიონერი, უკვე მსახურობდა მიმომსვლელ ზედამხედველად. სანამ კრებების დამოუკიდებლად მონახულებას დავიწყებდი, ჯორჯი რამდენიმე კვირის განმავლობაში მასწავლიდა, თუ როგორ გამეკეთებინა ეს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩემი პირველი მონახულება ფაენცაში. წარმოიდგინეთ, აქამდე კრების წინაშე ჯერ ერთი მოხსენებაც არ მქონდა წარმოთქმული. მიუხედავად ამისა, ჩემმა მოხსენებამ აუდიტორიაში მყოფნი, მათ შორის მრავალი ახალგაზრდა, სრული დროით მსახურებისკენ აღძრა. მოგვიანებით ამ ახალგაზრდებიდან ზოგს იტალიაში სერიოზული თეოკრატიული პასუხისმგებლობები დაეკისრა.

მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურებამ მართლა დიდი სიხარული მომანიჭა. ჩემი ცხოვრება აღსავსე იყო სიურპრიზებით, ცვლილებებით, სირთულეებითა და სიხარულით. ამ დროს დებისა და ძმებისაგან უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი.

რელიგიური ატმოსფერო ომის შემდგომ იტალიაში

ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ, როგორი რელიგიური ატმოსფერო სუფევდა მაშინდელ იტალიაში. იმ დროს კათოლიკური ეკლესია შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობდა. თუმცა ახალი კონსტიტუცია ძალაში 1948 წელს შევიდა, 1956 წლამდე მოქმედებდა ფაშისტური კანონები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს თავისუფლად ქადაგების უფლებას არ აძლევდა. სამღვდელოება ხშირად ყოფილა სარაიონო კონგრესების ჩაშლის მიზეზი. მაგრამ ზოგჯერ მათი მცდელობა სრული კრახით მთავრდებოდა. ასე მოხდა ცენტრალური იტალიის ერთ პატარა ქალაქ სულმონაში, 1948 წელს.

კონგრესი თეატრში ჩატარდა. კვირას დილის პროგრამის თავმჯდომარე ვიყავი. საჯარო მოხსენებით ჯუზეპე რომანო გამოდიოდა. დარბაზში უჩვეულოდ ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი. ამ დროისთვის მთელ იტალიაში 500-მდე მაუწყებელი თუ იქნებოდა, კონგრესს კი 2 000 კაცი ესწრებოდა. დამსწრეთა შორის იყვნენ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ორი მღვდელი ახლდა თან. მოხსენების ბოლოსთვის ხელის შეშლის მიზნით ეს ახალგაზრდა სცენაზე ახტა და მთელი ხმით ყვირილი მორთო. მე მაშინვე ვუთხარი მას: „რამის თქმა თუ გინდა, იქირავე დარბაზი და ილაპარაკე, რაც გინდა“. აუდიტორიას არ მოეწონა სცენაზე მისი გამოსვლა და თავისი უკმაყოფილება ხმაურით გამოხატა. ახალგაზრდა ჩამოხტა სცენიდან და დარბაზი დატოვა.

იმ პერიოდში მოგზაურობა საკმაოდ რთული იყო. კრებიდან კრებაში ზოგჯერ ფეხით, ველოსიპედით, დანჯღრეული გადაჭედილი ავტობუსით ან მატარებლით მივდიოდი. ხანდახან ღამის თევა თავლაში ან საკუჭნაოში მიწევდა. ომი ახალი დამთავრებული იყო და იტალიელთა უმეტესობას მატერიალურად ძალიან უჭირდა. ძმები ცოტანი იყვნენ და ისინიც გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მსახურება დიდ სიხარულს მანიჭებდა.

სკოლა „გალაადში“

1950 წელს მე და ჯუზეპე ტუბინი მისიონერული სკოლა „გალაადის“ მე-16 კლასში მიგვიწვიეს. თავიდანვე ვიცოდი, რომ ინგლისური ენის სწავლა გამიჭირდებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვაღწევდი. მთელი ბიბლია ინგლისურად უნდა წაგვეკითხა. ამისთვის ზოგჯერ სადილზეც კი არ მივდიოდი და ბიბლიის ხმამაღლა კითხვაში ვვარჯიშობდი. ბოლოს და ბოლოს დადგა ჩემი დროც, რომ მოხსენება წამეკითხა. გუშინდელ დღესავით მახსოვს ჩვენი ინსტრუქტორის სიტყვები: „შენი ჟესტიკულაცია და ენთუზიაზმი მართლაც ბრწყინვალეა, მაგრამ შენი ინგლისური — აბსოლუტურად გაუგებარი“. მიუხედავად ამისა, სკოლა „გალაადი“ წარმატებით დავამთავრე. ამის შემდეგ მე და ჯუზეპე კვლავ იტალიაში დაგვნიშნეს. ასეთი დამატებითი სწავლების შემდეგ ჩვენ უკეთ შეგვეძლო მოვმსახურებოდით ძმებს.

1955 წელს დავქორწინდი ლიდიაზე, რომლის ნათლობაზეც თემა შვიდი წლის წინ მე წავიკითხე. მამამისი დომენიკო ძვირფასი ძმა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტური რეჟიმის დროს სამი წელი გადასახლებაში გაატარა, ის თავის შვიდივე შვილს დაეხმარა, რწმენაში დამდგარიყვნენ. ლიდიაც მტკიცედ იდგა რწმენაში. ის სამჯერ წარდგა სასამართლოს წინაშე კარდაკარ ქადაგებისთვის, ვიდრე ჩვენი საქმიანობა კანონიერად არ ცნეს. ჩვენი ქორწინებიდან ექვსი წლის შემდეგ პირველი ვაჟი, ბენიამინო, შეგვეძინა. 1972 წელს კი მეორე შვილი, მარკო, გაგვიჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ ორივე, თავიანთ ოჯახებთან ერთად, ერთგულად ემსახურება იეჰოვას.

იეჰოვას მსახურებაში კვლავაც აქტიური

მსახურების მთელი ამ ხნის მანძილზე არაერთი დაუვიწყარი შემთხვევა მქონია. მაგალითად, 80-იანი წლების დასაწყისში, ჩემმა სიმამრმა წერილი მისწერა იტალიის პრეზიდენტ სანდრო პერტინის. ფაშისტური რეჟიმის დროს ორივენი გადასახლებული იყვნენ კუნძულ ვენტოტენეზე, სადაც ფაშისტები თავიანთ მტრებს ასახლებდნენ. ჩემმა სიმამრმა პრეზიდენტთან აუდიენცია ითხოვა იმ მიზნით, რომ მისთვის ექადაგა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ მეც წავყევი პრეზიდენტთან შესახვედრად. მან ისე თბილად მიგვიღო, რომ ამას ნამდვილად არ ველოდით. პრეზიდენტი ჩემს სიმამრს გულთბილად გადაეხვია. შემდეგ ჩვენს რწმენაზე ვისაუბრეთ და ლიტერატურაც დავუტოვეთ.

მიმომსვლელ ზედამხედველად 44 წელი ვიმსახურე და ამ დროის განმავლობაში იტალიაში მრავალი კრება მოვინახულე. 1991 წელს მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურება შევწყვიტე. მომდევნო ოთხი წელი საკონგრესო დარბაზის ზედამხედველად ვმსახურობდი მანამ, სანამ სერიოზული ავადმყოფობის გამო არ მომიწია მისი შეწყვეტა. მაგრამ იეჰოვას წყალობით დღემდე სრული დროით ვმსახურობ. ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რათა სხვებს სასიხარულო ცნობა ვუქადაგო და ვასწავლო. დღეს რამდენიმე ბიბლიის შესწავლა მაქვს. ძმები დღესაც მეუბნებიან, რომ ჩემი მოხსენებები დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევა. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ მიუხედავად ჩემი ასაკისა, ენთუზიაზმი არ დამიკარგავს.

ბავშვობისას სიკვდილის მეშინოდა, მაგრამ ზუსტი ბიბლიური ცოდნის მიღების შემდეგ მარადიული სიცოცხლის, ანუ იესოს სიტყვებით რომ ვთქვათ, „უხვი სიცოცხლის“ იმედი მომეცა (იოან. 10:10). ველოდები დროს, როდესაც დედამიწაზე მშვიდობა, უსაფრთხოება და ბედნიერება დაისადგურებს და იეჰოვა უხვად გადმოგვაფრქვევს თავის კურთხევებს. დიდება ჩვენს მოსიყვარულე შემოქმედს, რომლის სახელის ტარების პატივი გვხვდა წილად! (ფსალმ. 83:18).

[რუკა 22, 23 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

შვეიცარია

ბერნი

ციურიხი

არბონი

შტაინახი

იტალია

რომი

კომო

მილანი

მდინარე ადა

კასტონე-ანდევენო

ფაენცა

სულმონა

ვენტოტენე

[სურათი 22 გვერდზე]

მივდივართ „გალაადში“

[სურათი 22 გვერდზე]

ჯუზეპესთან ერთად „გალაადში“

[სურათი 23 გვერდზე]

ჩვენი ქორწინების დღეს

[სურათი 23 გვერდზე]

ჩემი ძვირფასი მეუღლე 55 წელზე მეტია ერთგულად მიდგას მხარში