არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა!

ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა!

ხანგრძლივი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა!

ეს ბრძოლა 1995 წელს დაიწყო და 15 წელი გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რელიგიის თავისუფლების მოწინააღმდეგეებმა არაერთხელ მიიტანეს იერიში რუსეთში მცხოვრებ ჭეშმარიტ ქრისტიანებზე. მათი მიზანი მოსკოვსა და მთელ რუსეთში იეჰოვას მოწმეების რელიგიის უკანონოდ გამოცხადება იყო. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ რუსეთში მცხოვრები ჩვენი ძვირფასი და-ძმების ერთგულება იურიდიული გამარჯვებით დააჯილდოვა. როგორ განვითარდა ეს მოვლენები?

ნანატრი თავისუფლება

90-იანი წლების დასაწყისში რუსეთში მცხოვრებმა ჩვენმა ძმებმა 1917 წელს დაკარგული რელიგიის თავისუფლება დაიბრუნეს. 1991 წელს საბჭოთა კავშირის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია რეგისტრაციაში გაატარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იეჰოვას მოწმეების რელიგია რეგისტრაციაში რუსეთის ფედერაციამ გაატარა. უფრო მეტიც, ის მოწმეები, რომლებიც ათეულობით წლის წინ იდევნებოდნენ, სახელმწიფომ ოფიციალურად პოლიტიკური დევნის მსხვერპლად აღიარა. 1993 წელს მოსკოვის იუსტიციის სამინისტრომ ამ ქალაქში იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანება რეგისტრაციაში გაატარა და კანონიერად სცნო. იმავე წელს ძალაში შევიდა რუსეთის ახალი კონსტიტუცია, რომელიც რელიგიის თავისუფლების უფლებას იძლეოდა. „ასეთ თავისუფლებაზე ვერც კი ვიოცნებებდით, — იხსენებს ერთი ძმა, — თავისუფლებას 50 წელი ველოდით“.

რუსეთში მცხოვრებმა და-ძმებმა ეს „კარგი დრო“ იმისათვის გამოიყენეს, რომ აქტიურად ექადაგათ, რასაც მრავალი გამოეხმაურა (2 ტიმ. 4:2). „ხალხს რელიგია ძალიან აინტერესებდა“, — აღნიშნა ერთმა ქალბატონმა. მალე გაიზარდა მაუწყებლების, პიონერებისა და კრებების რიცხვი. თუ მოწმეთა რიცხვი მოსკოვში 1990 წელს დაახლოებით 300 იყო, 1995 წლისთვის მათმა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა. მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ რელიგიის თავისუფლების მოწინააღმდეგეები საგონებელში ჩააგდო. 90-იანი წლების შუა პერიოდში მათ მოწმეების წინააღმდეგ იურიდიული ომი წამოიწყეს. ამ ბრძოლამ, სანამ ის საბოლოოდ გადაწყდებოდა, ოთხი სტადია გაიარა.

ბრალდებების წაყენება და მოულოდნელი შედეგი

ბრძოლის პირველი ეტაპი 1995 წლის ივნისში დაიწყო. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აშკარა მხარდაჭერით მოსკოვში ერთმა ორგანიზაციამ ჩვენს ძმებს ბრალი დასდო კრიმინალურ ქმედებებში და სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ისინი გამოდიოდნენ იმ ადამიანთა მხარდასაჭერად, რომლებიც წუხდნენ, რომ მათი მეუღლეები ან შვილები იეჰოვას მოწმეები გახდნენ. 1996 წლის ივნისში დაიწყო მტკიცებულებების მოძიება, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. და მაინც, ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ ჩვენი ძმების წინააღმდეგ საჩივარი იმავე ბრალდებით მეორედ შეიტანა. კვლავ ჩატარდა გამოძიება, რის შედეგადაც ყველა ბრალდება ისევ მოიხსნა. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგეებმა იმავე ბრალდებით მესამედ შეიტანეს სარჩელი. და ისევ, მოსკოვში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ხელახლა გამოიძიეს, მაგრამ პროკურატურა იმავე დასკვნამდე მივიდა — არ არსებობდა იმის არავითარი საფუძველი, რომ მოწმეები კრიმინალურ ქმედებებში დაედანაშაულებინათ. მაშინ მოწინააღმდეგეებმა იგივე სარჩელი მეოთხედაც შეიტანეს; პროკურატურამ ვერც ამჯერად იპოვა ვერავითარი მტკიცებულება. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იმავე ჯგუფმა კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმის ხელახალი გამოძიება. ბოლოს, 1998 წლის 13 აპრილს, ხელახალი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა.

„მაგრამ მაშინ, უცნაური რამ მოხდა“, — თქვა ერთმა ადვოკატმა. თუმცა მეხუთეჯერ აღძრული საქმის გამომძიებელმა აღიარა, რომ არ არსებობდა იეჰოვას მოწმეთა კრიმინალური ქმედების არავითარი მტკიცებულებები, პროკურორს მაინც ურჩია, სამოქალაქო საქმე აღეძრა ჩვენი ძმების წინააღმდეგ. პროკურატურის წარმომადგენლის მტკიცებით, მოსკოველი იეჰოვას მოწმეების რელიგიური გაერთიანება არღვევდა ეროვნულ და საერთაშორისო კანონებს. შედეგად, მოსკოვის ჩრდილოეთ ოლქის პროკურორმა მოწმეების წინააღმდეგ სამოქალაქო საქმე აღძრა. * 1998 წლის 29 სექტემბერს მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო ამ საქმის მოსმენა. ეს იყო იურიდიული ომის მეორე ეტაპის დასაწყისი.

ბიბლია სასამართლოზე

ჩრდილოეთ მოსკოვის ხალხით გადაჭედილ სასამართლო დარბაზში პროკურორი ტატიანა კონდრატიევა შეტევაზე გადავიდა. მან გამოიყენა 1997 წელს ხელმოწერილი ფედერალური კანონი, რომლის თანახმადაც ტრადიციული რელიგიებია: მართლმადიდებელი ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი და ბუდიზმი. * ამ კანონის საფუძველზე ბევრ სხვა რელიგიას გაუჭირდა კანონიერი აღიარების მიღება. ეს კანონი სასამართლოს იმის უფლებასაც აძლევდა, რომ აეკრძალა რელიგიები, რომლებიც შუღლს აღვივებდა. პროკურორმა იეჰოვას მოწმეებს ამ კანონის საფუძველზე წაუყენა ბრალდებები, რომ ისინი აღვივებენ რელიგიურ შუღლს და ანგრევენ ოჯახებს; ამიტომ მისი მტკიცებით იეჰოვას მოწმეთა გაერთიანება უნდა აკრძალულიყო.

იეჰოვას მოწმეთა ადვოკატმა დასვა კითხვა: „შეგიძლიათ დაასახელოთ მოსკოვის კრებიდან ვინმე, ვინც კანონი დაარღვია?“ პროკურორმა ვერავინ დაასახელა, მაგრამ თქვა, რომ იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურა რელიგიურ შუღლს აღვივებს. თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მან მოიყვანა ციტატები ჟურნალებიდან „საგუშაგო კოშკი“, „გამოიღვიძეთ!“ და სხვა პუბლიკაციებიდან (იხილეთ ზემოთ მოცემული სურათი). როდესაც დაუსვეს კითხვა, თუ როგორ იწვევდა ეს პუბლიკაციები შუღლს, მან თქვა: „იეჰოვას მოწმეები ასწავლიან, რომ მათი რელიგიაა ჭეშმარიტი“.

ადვოკატმა, რომელიც ჩვენი ძმაა, ბიბლიის ეგზემპლარები მიაწოდა მოსამართლესა და პროკურორს და ეფესოელების 4:5 წაიკითხა: „ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლობა“. მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმა ბიბლიით ხელში დაიწყეს მსჯელობა ისეთ ბიბლიურ მუხლებზე, როგორიცაა იოანეს 17:18 და იაკობის 1:27. დაისვა კითხვა: „აღვივებს ეს ბიბლიური მუხლები რელიგიურ შუღლს?“ პროკურორმა უპასუხა, რომ ის არ იყო კომპეტენტური, კომენტარი გაეკეთებინა ბიბლიაზე. მაშინ ადვოკატმა მას წარუდგინა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გამოცემული პუბლიკაციები, სადაც იეჰოვას მოწმეები მკაცრად იყვნენ გაკრიტიკებული და დაუსვა კითხვა: „არის ეს კანონის დარღვევა?“ პროკურორმა უპასუხა: „მე არა ვარ კომპეტენტური, რამე ვთქვა ეკლესიის განაცხადთან დაკავშირებით“.

პროკურორი ჩიხში მოექცა

პროკურორმა იეჰოვას მოწმეებს ბრალი დასდო ოჯახების ნგრევაში. ამ ბრალდების მხარდასაჭერად მან განაცხადა, რომ ისინი არ აღნიშნავენ დღესასწაულებს, მაგალითად, შობას. მაგრამ, მოგვიანებით თავადვე აღიარა, რომ რუსეთის კანონი თავისი მოქალაქეებისგან არ მოითხოვს შობის აღნიშვნას. რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის რუს იეჰოვას მოწმეებს, აქვთ არჩევნის გაკეთების უფლება. პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ჩვენი ორგანიზაცია ბავშვებს ნორმალური დასვენებისა და გახარების საშუალებას არ აძლევს. მაგრამ, როდესაც კითხვები დაუსვეს, მან აღიარა, რომ არასდროს უსაუბრია იეჰოვას მოწმეთა ოჯახში აღზრდილ ბავშვებთან. როდესაც ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა, ოდესმე ყოფილა თუ არა იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე, მან უპასუხა: „ეს საჭიროდ არ ჩამითვლია“.

პროკურორმა მოწმედ ფსიქიატრიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გამოიყვანა. ის ამტკიცებდა, რომ ჩვენი ლიტერატურის კითხვა ფსიქიკას აზიანებს. როდესაც ადვოკატმა აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში პროფესორმა იგივე სიტყვები ჩაწერა, რაც მოსკოვის პატრიარქმა, მან აღიარა, რომ ზოგიერთი ნაწილი მართლაც სიტყვასიტყვით ემთხვეოდა. „ჩვენ ერთი და იგივე დისკეტა გამოვიყენეთ“, — თქვა პროფესორმა. შემდგომ კითხვებზე მისი პასუხებიდან გამოჩნდა, რომ მას არასდროს ჰქონია ურთიერთობა იეჰოვას მოწმეებთან. სასამართლოზე მოწმედ გამოვიდა სხვა ფსიქიატრი, პროფესორი, რომელმაც ზემოხსენებული პროფესორისგან განსხვავებით, 100-ზე მეტი მოსკოველი იეჰოვას მოწმე გამოიკვლია. მან დაასკვნა, რომ მათ ნორმალური ფსიქიკა ჰქონდათ. აგრეთვე დასძინა, რომ ამ ჯგუფის წევრები სხვა რელიგიების მიმართ უფრო შემწყნარებლები მას შემდეგ გახდნენ, რაც იეჰოვას მოწმეების სწავლებებს გაეცნენ.

გამარჯვება, მაგრამ არა საბოლოო

1999 წლის 12 მარტს სასამართლომ იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების შესასწავლად ხუთი ექსპერტი დანიშნა და პროცესი გადაიდო. მოსკოვის ამ სასამართლოსგან დამოუკიდებლად რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს უკვე ჰქონდა ბრძანება გაცემული, რომ ექსპერტებს გამოეკვლიათ ჩვენი ლიტერატურა. სამინისტროს მიერ დანიშნულმა ჯგუფმა 1999 წლის 15 აპრილს თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ჩვენი პუბლიკაციები საზოგადოებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ასე რომ, 1999 წლის 29 აპრილს იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეები ხელახლა გაატარა რეგისტრაციაში. ასეთი დადებითი დასკვნის მიუხედავად, მოსკოვის სასამართლომ დაჟინებით მოითხოვა ჩვენი პუბლიკაციების ხელახალი გამოკვლევა. შეიქმნა უცნაური სიტუაცია; ერთის მხრივ, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეების რელიგია კანონიერად აღიარა; მეორეს მხრივ კი, მოსკოვის იუსტიციის სამინისტრო იკვლევდა იეჰოვას მოწმეთა საქმეს, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდნენ ისინი.

დაახლოებით ორი წლის შემდეგ პროცესი განახლდა და 2001 წლის 23 თებერვალს მოსამართლე ელენა პროხორიჩევამ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული დასკვნის სასამართლოსთვის წარდგენის შემდეგ, მან თქვა: „არ არსებობს მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების ლიკვიდაციის ან მათი საქმიანობის აკრძალვის არანაირი საფუძველი“. საბოლოოდ კანონიერად დადასტურდა, რომ ჩვენს ძმებს ბრალი არ მიუძღოდათ მათთვის წაყენებულ არც ერთ ბრალდებაში. მაგრამ პროკურორმა ეს გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სამი თვის შემდეგ, 2001 წლის 30 მაისს, საქალაქო სასამართლომ გააუქმა მოსამართლე პროხორიჩევას გადაწყვეტილება. დაინიშნა ხელახალი მოსმენა, სადაც პროკურორი იგივე დარჩებოდა, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარედ სხვა მოსამართლე დაინიშნა. დაიწყო ბრძოლის მესამე ეტაპი.

დამარცხება, მაგრამ არა საბოლოო

2001 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლე ვერა დუბინსკაიამ დაიწყო საქმის მოსმენა. * პროკურორმა კონდრატიევამ კვლავ მოიხსენია ბრალდება, რომ იეჰოვას მოწმეები შუღლს აღვივებენ, შემდეგ კი დასძინა, რომ იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების კანონიერად აკრძალვა, თავად მოსკოველი მოწმეების უფლებების დაცვა იქნებოდა. ამ საღ აზრს მოკლებულ განაცხადზე საპასუხოდ, ყველა, 10 000-მა მოსკოველმა იეჰოვას მოწმემ დაუყოვნებლივ მოაწერა ხელი პეტიციას, რომელშიც სასამართლოს სთხოვდნენ, დაეცვათ ისინი პროკურორის ასეთი „დაცვისგან“.

პროკურორმა განაცხადა, რომ არ იყო საჭირო მოწმეების დამნაშავეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოყვანა. მისი თქმით, სასამართლო პროცესი ეხებოდა იეჰოვას მოწმეების ლიტერატურასა და მრწამსს, და არა მათ საქმიანობას. მან მოითხოვა დაეკითხათ ექსპერტი-მოწმე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ამან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეკლესიას ლომის წილი მიუძღვოდა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვის მცდელობაში. 2003 წლის 22 მაისს მოსამართლემ ბრძანა, რომ სხვა ექსპერტთა ჯგუფს ისევ გამოეკვლია იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციები.

2004 წლის 17 თებერვალს განახლდა სასამართლო პროცესი, რომელზეც ექსპერტთა გამოკვლევის შედეგებს განიხილავდნენ. ექსპერტთა დასკვნით, ჩვენი ლიტერატურა მკითხველს მოუწოდებს „ოჯახებისა და ქორწინების შენარჩუნებისკენ“. აგრეთვე, მათ უსაფუძვლოდ მიიჩნიეს განაცხადი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ლიტერატურა შუღლს აღვივებს. ამ დასკვნას სხვა ექსპერტებიც დაეთანხმნენ. რელიგიის ისტორიის ერთმა პროფესორმა დასვა კითხვა: „რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები?“. შემდეგ კი თავად გასცა პასუხი: „ქადაგება ქრისტიანის მოვალეობაა. ზუსტად ამაზე საუბრობს სახარება და სწორედ ამის გაკეთება დაავალა ქრისტემ თავის მოწაფეებს, რომ წასულიყვნენ და ყველასთვის ექადაგათ“. მიუხედავად ამისა, 2004 წლის 26 მარტს მოსამართლემ მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალა. 2004 წლის 16 ივნისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. * ერთმა დიდი ხნის იეჰოვას მოწმემ ამ დასკვნაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „საბჭოთა კავშირის დროს რუსები ათეისტები უნდა ყოფილიყვნენ. ახლა კი ყველას მართლმადიდებლობა მოეთხოვება“.

როგორ იმოქმედა აკრძალვამ ძმებზე? ისევე, როგორც წინააღმდეგობამ ძველ დროს ნეემიაზე. მაშინ ღვთის ხალხის მტრები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ნეემიასთვის იერუსალიმის კედლის აღდგენაში, მაგრამ ნეემია და მისი ხალხი წინააღმდეგობამ ვერ შეაშინა. პირიქით, ისინი „კვლავ აშენებდნენ“ და „გული კვლავ სამუშაოდ ეწეოდათ“ (ნეემ. 4:1—6). მსგავსადვე, ჩვენი მოსკოველი ძმებიც ვერ შეაშინა წინააღმდეგობამ და ისინი განაგრძობენ მათთვის დაკისრებულ საქმეს — სასიხარულო ცნობის ქადაგებას (1 პეტ. 4:12, 16). ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა იზრუნებდა მათზე და მზად იყვნენ ხანგრძლივი იურიდიული ომის მეოთხე ეტაპის დასაწყებად.

მტრული დამოკიდებულება ძლიერდება

2004 წლის 25 აგვისტოს ჩვენმა ძმებმა კრემლს გადასცეს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი მიმართული პეტიცია. ამ 76 ტომიან პეტიციაში, რომელსაც 315 000 ადამიანი აწერდა ხელს, გამოხატული იყო შეშფოთება აკრძალვასთან დაკავშირებით. ამასობაში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ მაქსიმალურად ვეწინააღმდეგებით იეჰოვას მოწმეების საქმიანობას“. მუსლიმანების წინამძღოლმა თქვა, რომ აკრძალვის შესახებ ამ კანონის მიღება იყო „უმნიშვნელოვანესი და პოზიტიური გადაწყვეტილება“.

გასაკვირი არ არის, რომ შეცდომაში შეყვანილი რუსეთის საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღძრული იყო, რომ თავს დასხმოდა იეჰოვას მოწმეებს. მოსკოვში ზოგ მოწმეს ქადაგებისას მოწინააღმდეგეები მუშტებითა და ფეხებით სცემდნენ. ერთხელ, ერთმა გაბრაზებულმა მამაკაცმა ჩვენი და შენობიდან გამოაგდო და ზურგში ფეხი ისე ჩაარტყა, რომ და წაიქცა და თავი დაარტყა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მილიციამ თავდამსხმელის წინააღმდეგ არავითარ ზომებს არ მიმართა. სხვა შემთხვევებში ზოგიერთი მოწმე დააპატიმრეს, თითის ანაბეჭდები აუღეს, სურათი გადაუღეს და მთელი ღამე მილიციის განყოფილებაში გააჩერეს. მოსკოვში დარბაზების მფლობელებს სამსახურიდან მოხსნით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მოწმეებს დარბაზს მიაქირავებდნენ. ამის გამო, მალევე მრავალი კრება დარბაზების გარეშე დარჩა. ორმოცი კრება იკრიბებოდა სამეფო დარბაზების ერთ კომპლექსში, რომელსაც ოთხი დარბაზი ჰქონდა. ერთ-ერთი კრება, რომელიც ამ შენობაში ტარდებოდა, საჯარო შეხვედრას დილის რვის ნახევარზე ატარებდა. „შეხვედრას რომ დასწრებოდნენ, მაუწყებლებს დილის ხუთ საათზე უწევდათ ადგომა, — თქვა ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა, — მაგრამ ისინი ამას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაუზარებლად აკეთებდნენ“.

„დასამოწმებლად“

იმის დასამტკიცებლად, რომ მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების აკრძალვა უკანონო იყო, 2004 წლის დეკემბერში, ჩვენმა ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართეს (იხილეთ ჩარჩო „რატომ განიხილეს რუსეთის ვერდიქტი საფრანგეთში“, მე-6 გვერდზე). ექვსი წლის შემდეგ, 2010 წლის 10 ივნისს, სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ იეჰოვას მოწმეები სრულიად გაემართლებინათ. * სასამართლომ განიხილა ჩვენ წინააღმდეგ აღძრული ყველა ბრალდება და აღნიშნა, რომ ისინი ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყო. სასამართლო გადაწყვეტილებაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ რუსეთს დაეკისრა ვალდებულება „აღმოეფხვრა სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები და შეძლებისდაგვარად გამოესწორებინა შედეგები“ (იხილეთ ჩარჩო „სასამართლოს გადაწყვეტილება“, მე-8 გვერდზე).

სასამართლომ ნათლად ჩამოაყალიბა გადაწყვეტილება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციამ უნდა დაიცვას იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა. ამ გადაწყვეტილების დაცვა სავალდებულოა არა მარტო რუსეთისთვის, არამედ ევროპის საბჭოში შემავალი სხვა 46 ქვეყნისთვისაც. უფრო მეტიც, ვინაიდან კანონები და ფაქტები საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული, ამ გადაწყვეტილების წაკითხვა საინტერესო იქნებოდა მთელი მსოფლიოს იურისტებისთვის, მოსამართლეებისთვის, კანონმდებლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტებისთვის. რატომ? ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო, სასამართლომ გაითვალისწინა, არა მარტო წინა რვა საქმე, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ გადაწყდა, არამედ, სხვა ცხრა საქმეც, რომლებიც არგენტინისა და კანადის, იაპონიისა და რუსეთის, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთის, დიდ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოებში იეჰოვას მოწმეების გამარჯვებით დასრულდა. ეს ინფორმაცია და სასამართლოს მიერ კატეგორიულად უარყოფილი მოსკოვის პროკურატურის ბრალდებები, მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებისთვის მძლავრი დამხმარე საშუალებაა, რათა დაიცვან თავიანთი მრწამსი და საქმიანობა.

იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, მათთვის და უცხოტომელებისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 10:18). ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მიმდინარე იურიდიულმა ბრძოლამ ჩვენს ძმებს საშუალება მისცა, იეჰოვას სახელი ცნობილი გაეხადათ არა მარტო მოსკოვში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ექსპერტთა მიერ იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურის გამოკვლევა, სასამართლო პროცესები და საერთაშორისო დონის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მართლაც რომ კარგი დამოწმება იყო, და ეს ყველაფერი „სასიხარულო ცნობის წინსვლას მოემსახურა“ (ფილ. 1:12). როდესაც დღეს მოსკოვში იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, მრავალი ეკითხება მათ: „განა თქვენი რელიგია აკრძალული არ არის?“. მსგავსი კითხვები ძმებს ხშირად აძლევს საშუალებას, ჩვენი მრწამსის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მობინადრეებს. ცხადია, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს სამეფოს შესახებ ქადაგების საქმიანობას. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც აკურთხოს და მხარი დაუჭიროს ჩვენს საყვარელ და გაბედულ და-ძმებს რუსეთში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 სასამართლოში საჩივარი შეიტანეს 1998 წლის 20 აპრილს. ორი კვირის შემდეგ კი, 5 მაისს, რუსეთში ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია.

^ აბზ. 10 „ეს კანონი მიიღეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი ზეწოლის შედეგად. ეკლესია ცდილობს, მტკიცედ დაიცვას საკუთარი პოზიცია რუსეთში და დიდი სურვილი აქვს, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგია აიკრძალოს“ (Associated Press, 1999 წლის 25 ივნისი).

^ აბზ. 20 პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ დღეს შესრულდა ათი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთმა იეჰოვას მოწმეები საბჭოთა მთავრობის მიერ რელიგიური დევნის მსხვერპლად გამოაცხადა.

^ აბზ. 22 აკრძალვის შედეგად მოხდა იმ იურიდიული პირების ლიკვიდაცია, რომლებითაც მოსკოვში კრებები სარგებლობდნენ. მოწინააღმდეგეები იმედოვნებდნენ, რომ ასეთი სახით ძმებს მსახურებაში შეუშლიდნენ ხელს.

^ აბზ. 28 2010 წლის 22 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დიდი პალატის ხუთმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა, საქმე განსახილველად გადაეცათ სასამართლოს დიდი პალატისთვის. ასე რომ, 2010 წლის 10 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იყო და მისი შესრულება — სავალდებულო.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

რატომ განიხილეს რუსეთის ვერდიქტი საფრანგეთში

1996 წლის 28 თებერვალს რუსეთმა ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციას (ამ კონვენციის რატიფიკაცია რუსეთის მთავრობამ 1998 წლის 5 მაისს მოახდინა). ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით, რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მის მოქალაქეებს აქვთ უფლება:

„რელიგიის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის გაცვლის თავისუფლებას . . . საჯაროდ თუ კერძოდ“ (მუხლი 9)

„ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია“ (მუხლი 10)

„ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრებისა“ (მუხლი 11)

ცალკეულ პიროვნებებს ან ორგანიზაციებს, რომელთა მიმართებაშიც დაირღვა ეს უფლებები და თავიანთ ქვეყანაში ყველა ინსტანციას მიმართეს, შეუძლიათ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, რომელიც მდებარეობს სტრასბურგში, საფრანგეთი (სურათი ზემოთ). სასამართლო შედგება 47 მოსამართლისგან. მოსამართლეთა რაოდენობა ზუსტად იმდენია, რამდენმა ქვეყანამაც მოაწერა ხელი ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციას. სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. ქვეყნებმა, რომლებმაც მოაწერეს ხელი ამ გადაწყვეტილებას, უნდა დაიცვან ის.

[ჩარჩო 8 გვერდზე]

სასამართლოს გადაწყვეტილება

ქვემოთ მოცემულია სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სამი მოკლე ციტატა.

ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, იეჰოვას მოწმეები ოჯახებს ანგრევენ. სასამართლომ კი სულ სხვა რამ დაადგინა. მის გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

„კონფლიქტს იწვევენ ისინი, ვინც არ იზიარებენ თავიანთი ოჯახის წევრების რელიგიურ შეხედულებებს, არ სურთ ამის მიღება და არ სცემენ პატივს მორწმუნე ოჯახის წევრის თავისუფლებას, გამოხატოს თავისი მრწამსი და მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ საქმიანობაში“ (პუნქტი 111).

სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო ბრალდება, რომ მოწმეები „იდეოლოგიურ ზეწოლას“ ახდენენ:

„ევროპის სასამართლო გაოცებული დარჩა, რომ [რუსეთის] სასამართლოებს არც ერთი კონკრეტული პირი არ დაუსახელებიათ, რომელთა სინდისის თავისუფლება შეილახა იმით, რომ მათ მიმართ მსგავსი მეთოდები გამოიყენეს“ (პუნქტი 129).

იეჰოვას მოწმეებს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს. თითქოს ისინი თანამორწმუნეებს აიძულებდნენ, უარი ეთქვათ სისხლის გადასხმაზე და ამით მათ ჯანმრთელობას ზიანს აყენებდნენ. სასამართლომ საპირისპირო რამ დაასკვნა:

„კონკრეტული მკურნალობის მეთოდზე თანხმობის თუ უარის თქმა ან მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის არჩევის უფლება მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისა და პირადი ავტონომიისთვის. საღ აზრზე მყოფ ზრდასრულ პაციენტს უფლება აქვს, გადაწყვიტოს, გაიკეთოს ქირურგიული ოპერაცია თუ არა, დათანხმდეს მკურნალობის გარკვეულ მეთოდზე თუ არა; იგივე პრინციპი მოქმედებს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებითაც“ (პუნქტი 136).