არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა — „მშვიდობის მომცემი ღმერთი“

იეჰოვა — „მშვიდობის მომცემი ღმერთი“

იეჰოვა — „მშვიდობის მომცემი ღმერთი“

„მშვიდობის მომცემი ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან“ (რომ. 15:33).

1, 2. რა დაძაბული სიტუაციაა აღწერილი დაბადების 32-ე და 33-ე თავებში და როგორ დასრულდა ყველაფერი?

მოვლენები ვითარდება იაბოკის ხევის მახლობლად, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ფენუელთან ახლოს. ესავმა შეიტყო, რომ მისი ტყუპისცალი იაკობი შინ ბრუნდება. 20 წელია გასული მას შემდეგ, რაც ესავმა იაკობს პირმშოობა მიჰყიდა, მაგრამ მაინც ეშინია, რომ ძმამ არ მოკლას. 400 კაცთან ერთად ესავი დიდი ხნის უნახავ ძმასთან შესახვედრად მიდის. იაკობი ძმისგან მტრულ დახვედრას ელოდება, ამიტომ ერთიმეორეზე მიყოლებით საჩუქრად 550-ზე მეტ შინაურ ცხოველს უგზავნის. თითოეული ჯოგის გადაცემისას იაკობის მსახური ესავს ეუბნება, რომ ეს მისი ძმისგან გამოგზავნილი საჩუქარია.

2 დადგა შეხვედრის დროც. იაკობი გაბედულად გაემართა ესავისკენ და, სანამ მიუახლოვდებოდა, მდაბლად თაყვანი სცა; თან არა ერთხელ, არამედ შვიდჯერ. იაკობმა უკვე მიიღო ზომები იმისათვის, რომ ძმის გული მოეგო. მან იეჰოვას ლოცვაში სთხოვა, რომ ესავის ხელიდან ეხსნა. იეჰოვამაც უპასუხა მის ლოცვას. ბიბლიაში ნათქვამია: „გამოექანა ესავი შესაგებებლად, კისერზე მოეხვია, [და] აკოცა“ (დაბ. 32:11—20; 33:1—4).

3. რას ვსწავლობთ იაკობისა და ესავის შემთხვევიდან?

3 იაკობისა და ესავის შემთხვევა გვასწავლის, რომ, თუ ქრისტიანული კრების წევრებს შორის მშვიდობას საფრთხე ემუქრება, პრობლემის მოსაგვარებლად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ და პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ. იაკობი ესავთან მშვიდობას იმიტომ არ ეძებდა, რომ შეცდა თავის ძმასთან და მისთვის ბოდიში უნდა მოეხადა. ესავმა ხომ არაფრად ჩააგდო თავისი პირმშოობა და ერთ ულუფა შეჭამანდად მიჰყიდა იაკობს (დაბ. 25:31—34; ებრ. 12:16). მაგრამ ის, თუ როგორ შეხვდა იაკობი ესავს, გვიჩვენებს, რამდენად უნდა გვსურდეს ქრისტიან ძმასთან მშვიდობის შენარჩუნება. აგრეთვე ვიგებთ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი უპასუხებს ჩვენს ლოცვებს და აკურთხებს მშვიდობის აღსადგენად გამოვლენილ ძალისხმევას. ბიბლიაში მოცემულია სხვა მაგალითებიც, რომლებიც აღგვძრავს, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები.

უბადლო მაგალითი

4. რა გააკეთა იეჰოვამ ცოდვისა და სიკვდილისგან კაცობრიობის სახსნელად?

4 მშვიდობისმყოფელობის უბადლო მაგალითს გვაძლევს იეჰოვა, „მშვიდობის მომცემი ღმერთი“ (რომ. 15:33). დაფიქრდით, რა დიდი ნაბიჯი გადმოდგა იეჰოვამ იმისათვის, რომ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონოდა. როგორც ადამ და ევას ცოდვილი შთამომავლები, „[ამ] ცოდვის საზღაურს“ ვიმსახურებთ (რომ. 6:23). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ უდიდესი სიყვარული გამოავლინა და ჩვენ სახსნელად ზეციდან თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა, რომელიც დედამიწაზე სრულყოფილ ადამიანად უნდა დაბადებულიყო. ძემაც მზადყოფნით შეასრულა მამის ნება და საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო (იოან. 10:17, 18). ჭეშმარიტმა ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა თავისი საყვარელი ძე, რის შემდეგაც იესომ მამას თავისი დაღვრილი სისხლის ფასი წარუდგინა. ამგვარად მან გადაიხადა გამოსასყიდი, რომელიც მომნანიე შემცოდველებს მარადიული სიკვდილისგან იხსნიდა (წაიკითხეთ ებრაელების 9:14, 24 ).

5, 6. რა გავლენას ახდენს იესოს მიერ დაღვრილი სისხლი ღმერთსა და ცოდვილ კაცობრიობას შორის გაფუჭებულ ურთიერთობაზე?

5 როგორ იმოქმედა ღვთის ძის მიერ გაღებულმა გამოსასყიდმა ღმერთსა და ცოდვილ კაცობრიობას შორის გაფუჭებულ ურთიერთობაზე? ესაიას 53:5-ში ნათქვამია: „დაისაჯა, ჩვენ რომ მშვიდობა გვქონოდა, და მისმა ჭრილობებმა განგვკურნა“. მორჩილი ადამიანები უკვე ღვთის მტრებად კი არ ითვლებიან, არამედ ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობა აქვთ. „მისი [იესოს] მეშვეობით, მისივე სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი, დიახ, გვეპატია შეცოდებები“ (ეფეს. 1:7).

6 ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთმა მოისურვა, რომ მასში [ქრისტეში] დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე“. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის განზრახვის შესრულებაში მთავარი როლი ქრისტეს აკისრია. რა არის იეჰოვას განზრახვა? „შეირიგოს თავისთან ყოველივე . . . იმით, რომ მშვიდობას დაამყარებს მის [იესო ქრისტეს] მიერ . . . დაღვრილი სისხლით“. „ყოველივეში“, რაც ღმერთმა თავისთან შეირიგა, შედის ის, რაც „დედამიწაზე თუ ზეცაშია“. რა იგულისხმება ზეცაში და რა — დედამიწაში? (წაიკითხეთ კოლოსელების 1:19, 20 ).

7. რა იგულისხმება „ზეცასა და დედამიწაში“, რომლებიც ღმერთმა თავისთან შეირიგა?

7 მართლებად, ღვთის ძეებად, გამოცხადებულ ცხებულ ქრისტიანებს გამოსასყიდი საშუალებას აძლევს, „მშვიდობა შეინარჩუნონ ღმერთთან“ (წაიკითხეთ რომაელების 5:1 ). ისინი არიან, რაც „ზეცაშია“, რადგან მათ ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ; ისინი დედამიწის მეფეები და მმართველები იქნებიან და ღვთის მღვდლებად იმსახურებენ (გამოცხ. 5:10). ის კი, რაც „დედამიწაზეა“, მიუთითებს მომნანიე ადამიანებზე, რომლებიც მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (ფსალმ. 37:29).

8. რა გავლენას ახდენს პირადად თქვენზე იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვამ შესაძლებელი გახადა ადამიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობა?

8 პავლე გამოსასყიდისთვის იეჰოვასადმი მადლიერებას გამოხატავს წერილში, რომელიც მან ეფესოელ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: „გულმოწყალებით მდიდარმა ღმერთმა . . . ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა, როცა მკვდრები ვიყავით შეცოდებებში (წყალობით ხართ გადარჩენილნი)“ (ეფეს. 2:4, 5). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, დიდად ვემადლიერებით ღმერთს გამოვლენილი წყალობისა და სიკეთისთვის. გული მადლიერებით გვევსება, როდესაც ვფიქრობთ ყველაფერზე, რაც იეჰოვამ ადამიანებთან მშვიდობის აღსადგენად გააკეთა. როცა კრების ერთიანობას საფრთხე ემუქრება, კარგია, თუ დავფიქრდებით ღვთის ამ მაგალითზე და მშვიდობისმყოფელები ვიქნებით.

ვისწავლოთ აბრაამისა და ისაკის მაგალითებიდან

9, 10. ლოტისა და აბრაამის მწყემსებს შორის უთანხმოების წამოჭრისას, როგორ ცხადყო აბრაამმა, რომ მშვიდობისმყოფელი იყო?

9 პატრიარქ აბრაამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: «„აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“, და იეჰოვას მეგობარი ეწოდა» (იაკ. 2:23). აბრაამი მშვიდობისმოყვარე იყო, რითაც ცხადი გახდა თავისი რწმენა. მაგალითად, აბრაამის ფარები და ჯოგები ისე გამრავლდა, რომ მის მწყემსებსა და მისი ძმისშვილის, ლოტის, მწყემსებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა (დაბ. 12:5; 13:7). ამ მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუ ისინი სხვადასხვა მხარეს წავიდოდნენ. როგორ მოიქცა აბრაამი ასეთ რთულ სიტუაციაში? მას არ უფიქრია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღო, რადგან ის ასაკით უფროსი იყო და იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ნაცვლად ამისა, თავისი მოქმედებით აჩვენა, რომ ნამდვილი მშვიდობისმყოფელი იყო.

10 აბრაამმა თავის ძმისშვილს უთხრა: „მოდი, ნუ ვიდავებთ, ნურც ჩვენ და ნურც ჩვენი მწყემსები, რადგან ძმები ვართ“; შემდეგ კი დასძინა: „შენ წინაშეა მთელი მიწა. გამეყარე. თუ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; და თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ“. ლოტმა უფრო ნოყიერი მიწა აირჩია, მაგრამ აბრაამს ამის გამო უკმაყოფილება არ გამოუხატავს (დაბ. 13:8—11). მოგვიანებით, როცა ლოტი ტყვედ წაიყვანეს, აბრაამი დაუყოვნებლივ გაეშურა მის სახსნელად (დაბ. 14:14—16).

11. როგორ ისწრაფოდა აბრაამი, რომ შეენარჩუნებინა მშვიდობა ფილისტიმელებთან?

11 დავფიქრდეთ აგრეთვე, თუ როგორ ისწრაფოდა აბრაამი, რომ მშვიდობა შეენარჩუნებინა ქანაანის მიწაზე მცხოვრებ ფილისტიმელებთან. მათ „ძალით ჩაიგდეს ხელში“ ბეერ-შებაში აბრაამის მსახურების მიერ ამოთხრილი ჭა. როგორ მოიქცეოდა კაცი, რომელიც ოთხ მეფეს შეებრძოლა, რომ თავისი ძმისშვილი ტყვეობიდან დაეხსნა? ნაცვლად იმისა, რომ შებრძოლებოდა და დაპატრონებოდა თავის ჭას, ამ შემთხვევაში აბრაამმა გაჩუმება არჩია. მოგვიანებით ფილისტიმელთა მეფე მივიდა აბრაამთან მშვიდობის შეთანხმების დასადებად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფილისტიმელთა მეფეს შეჰფიცა, რომ მის შთამომავლობას კეთილად მოექცეოდა, აბრაამმა წამოჭრა წართმეული ჭის საკითხი. ამის მოსმენით გაოგნებულმა მეფემ აბრაამს ჭა დაუბრუნა და აბრაამი კვლავ მშვიდობიანად ცხოვრობდა ფილისტიმელთა მიწაზე (დაბ. 21:22—31, 34).

12, 13. ა) როგორ ჰბაძავდა ისაკი მამამისს? ბ) როგორ აკურთხა იეჰოვამ ისაკი მშვიდობისმოყვარეობისთვის?

12 აბრაამის შვილი ისაკი მშვიდობისმოყვარეობაში მამას ჰბაძავდა. ეს გამოჩნდა ფილისტიმელებისადმი მის დამოკიდებულებაში. შიმშილობის გამო ისაკმა თავისი ოჯახი ბეერ-ლახაი-როის ჩრდილოეთით მდებარე ნეგების ხრიოკი ადგილიდან უფრო ნაყოფიერ ფილისტიმელთა გერარში გადაიყვანა. აქ იეჰოვამ ისაკი უხვი მოსავლითა და მრავალი საქონლით აკურთხა. ფილისტიმელებს შეშურდათ მისი. მათ არ სურდათ, რომ ისიც ისეთივე წარმატებული ყოფილიყო, როგორც მამამისი. ამიტომ იმ მიდამოებში აბრაამის მსახურების მიერ ამოთხრილი ჭები მიწით ამოავსეს. ბოლოს, ფილისტიმელთა მეფემ უთხრა: „წადი ჩვენი მიწიდან“. მშვიდობისმყოფელი ისაკი მეფის სიტყვისამებრ მოიქცა (დაბ. 24:62; 26:1, 12—17).

13 ისაკი მოშორებით დაბანაკდა. მისმა მწყემსებმა სხვა ჭა ამოთხარეს. ფილისტიმელი მწყემსები ირწმუნებოდნენ, რომ წყალი მათი იყო. მამამისის, აბრაამის, მსგავსად, ისაკს დავა არ დაუწყია ჭის გამო. ამის ნაცვლად, მისმა მსახურებმა ახალი ჭა ამოთხარეს. ფილისტიმელებმა ეს ჭაც მიისაკუთრეს. მშვიდობის შესანარჩუნებლად ისაკი თავის დიდ ოჯახთან ერთად სხვაგან დაბანაკდა. მისმა მსახურებმა აქაც ამოთხარეს ჭა, რომელსაც ისაკმა რეხობოთი დაარქვა. მოგვიანებით ის ბეერ-შებას უფრო ნოყიერ მხარეს გადავიდა, სადაც იეჰოვამ აკურთხა და უთხრა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავალს ჩემი მსახურის, აბრაამის გამო“ (დაბ. 26:17—25).

14. როგორ ცხადყო ისაკმა ფილისტიმელთა მეფესთან მშვიდობის შეთანხმების დადებისას, რომ მშვიდობისმყოფელი იყო?

14 რასაკვირველია, ისაკს შეეძლო თავისი მსახურების მიერ ამოთხრილი ჭების გამოყენების უფლებისთვის ებრძოლა. მაგრამ, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, ის მზად იყო, კიდევ ერთხელ გადასულიყო სხვაგან საცხოვრებლად. მოგვიანებით, ფილისტიმელთა მეფე და მისი თანმხლები პირები მშვიდობის შეთანხმების დასადებად ისაკთან ბეერ-შებაში მივიდნენ და უთხრეს: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ იეჰოვა შენთან ყოფილა“. და კვლავ, ისაკი მოიქცა, როგორც ნამდვილი მშვიდობისმყოფელი: „გაუმართა მათ ნადიმი და მათაც ჭამეს და სვეს. დილით ადრე ადგნენ და ერთმანეთს შეჰფიცეს. გაუშვა ისინი ისაკმა . . . მშვიდობით“ (დაბ. 26:26—31).

ვისწავლოთ იაკობის უსაყვარლესი ვაჟის მაგალითიდან

15. რატომ ვერ ელაპარაკებოდნენ მშვიდად იოსებს თავისი ძმები?

15 ისაკის ვაჟი იაკობი უმწიკვლო ადამიანი იყო (დაბ. 25:27). როგორც სტატიის დასაწყისში განვიხილეთ, იაკობი თავის ძმა ესავთან მშვიდობის აღდგენისკენ ისწრაფოდა. ცხადია, იაკობმა ბევრი ისწავლა მამამისის ისაკის მაგალითიდან. რა შეიძლება ითქვას იაკობის შვილებზე? თავისი 12 ვაჟიდან იაკობს ყველაზე მეტად იოსები უყვარდა, ვინაიდან ის მორჩილი იყო, პატივის სცემდა მას და გულმოდგინედ ასრულებდა მამის დავალებებს (დაბ. 37:2, 14). მაგრამ ძმებს შურდათ მისი და „მშვიდად ვეღარ ელაპარაკებოდნენ“ იოსებს. მათ იმდენად სძულდათ ის, რომ მონად გაყიდეს, იაკობი კი მოატყუეს, რომ იოსები ნადირმა დაგლიჯაო (დაბ. 37:4, 28, 31—33).

16, 17. თავის ძმებთან ურთიერთობისას, როგორ დაამტკიცა იოსებმა, რომ მშვიდობისმოყვარე იყო?

16 იეჰოვა იოსებთან იყო. გარკვეული დროის შემდეგ იოსები მეორე კაცი გახდა ეგვიპტეში და ძალაუფლებით მხოლოდ ფარაონი აღემატებოდა. როდესაც ქანაანის მიწაზე შიმშილობა ჩამოვარდა, ეგვიპტეში ჩასულმა ძმებმა ეგვიპტის სამოსელში გამოწყობილი საკუთარი ძმა ვერც კი იცნეს (დაბ. 42:5—7). იოსებისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, სამაგიერო მიეზღო ძმებისთვის იმ ბოროტების გამო, რაც მათ მას და მამამისს გაუკეთეს. მაგრამ ის ასე არ მოქცეულა, იოსები მშვიდობის აღდგენას ცდილობდა. როდესაც დაინახა, რომ ძმებმა მოინანიეს, იოსებმა მათ თავისი ვინაობა გაუმხილა და უთხრა: „ნუ დამწუხრდებით და ნუ განრისხდებით საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ, რადგან ღმერთმა სიცოცხლის გადასარჩენად გამომგზავნა თქვენზე წინ“. შემდეგ აკოცა თავის ძმებს და ატირდა (დაბ. 45:1, 5, 15).

17 იაკობის, თავიანთი მამის, სიკვდილის შემდეგ ძმები ფიქრობდნენ, რომ იოსები მათზე შურს იძიებდა. როგორც კი ამის შესახებ გაიგო, „ატირდა იოსები“ და ძმებს უთხრა: „ნუ გეშინიათ. მე მოგამარაგებთ საკვებით თქვენც და თქვენს ბავშვებსაც“. მშვიდობისმოყვარე იოსებმა „ანუგეშა ისინი და დაამშვიდა“ (დაბ. 50:15—21).

„ჩვენს სასწავლებლად დაიწერა“

18, 19. ა) როგორ დაგეხმარებათ ამ სტატიაში მოხსენიებულ მშვიდობისმყოფელთა მაგალითებზე დაფიქრება? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

18 პავლემ თქვა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). როგორ დაგვეხმარება არა მხოლოდ იეჰოვას უბადლო მაგალითზე, არამედ აბრაამის, ისაკის, იაკობისა და იოსების მაგალითებზე დაფიქრება?

19 ნუთუ არ აღგვძრავს იმაზე დაფიქრება, თუ რა გააკეთა ღმერთმა ცოდვილ კაცობრიობასთან გაფუჭებული ურთიერთობის აღსადგენად, მაქსიმალურად ვისწრაფოთ სხვებთან მშვიდობისკენ? აბრაამის, ისაკის, იაკობისა და იოსების მაგალითები გვიჩვენებს, რომ მშობლებს შეუძლიათ დადებითი გავლენა იქონიონ შვილებზე. გარდა ამისა, ამ შემთხვევებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა აკურთხებს მათ ძალისხმევას, ვინც ცდილობს, იყოს მშვიდობისმყოფელი. გასაკვირი არ არის, რომ პავლემ იეჰოვას „მშვიდობის მომცემი ღმერთი“ უწოდა (წაიკითხეთ რომაელების 15:33; 16:20 ). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, რატომ გაამახვილა პავლემ ყურადღება იმაზე, რომ აუცილებელია, ვისწრაფოთ მშვიდობისკენ და, როგორ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდობისმყოფელები.

რა ისწავლეთ?

• როგორ ცდილობდა იაკობი ესავთან მშვიდობის აღდგენას?

• როგორ მოქმედებს თქვენზე ის, თუ რა გააკეთა იეჰოვამ კაცობრიობასთან მშვიდობის აღსადგენად?

• რა ისწავლეთ მშვიდობისმყოფელი აბრაამის, ისაკის, იაკობისა და იოსების მაგალითებიდან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 23 გვერდზე]

რა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა იაკობმა ესავთან მშვიდობის აღსადგენად?