არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინტერნეტი გონივრულად გამოიყენეთ გლობალური ქსელი

ინტერნეტი გონივრულად გამოიყენეთ გლობალური ქსელი

ინტერნეტი გონივრულად გამოიყენეთ გლობალური ქსელი

ინტერნეტმა დღეს ისევე შეცვალა ადამიანთა შორის ურთიერთობა, როგორც საუკუნეების წინათ საბეჭდი დაზგის გამოგონებამ. ინტერნეტს სამართლიანად ეწოდა გლობალური საკომუნიკაციო საშუალება. ამ „საინფორმაციო სუპერმაგისტრალით“ მგზავრობისას შეგიძლიათ აიღოთ ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები თუ სხვადასხვა საკითხზე ათასგვარი შეხედულება.

ურთიერთობის უნარი შემოქმედისგან ბოძებული უნიკალური ძღვენია. შეგვიძლია ჩვენი აზრები და ცოდნა სხვებს გავუზიაროთ. იეჰოვა იყო პირველი, ვისაც ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა. მან ადამიანთა პირველ ოჯახს ნათელი, არაორაზროვანი ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, თუ როგორ ეცხოვრათ შინაარსიანად და ბედნიერად (დაბ. 1:28—30). მაგრამ კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე მომხდარმა შემთხვევამ ცხადყო, რომ ამ ძღვნის გამოყენება არასწორადაც შეიძლება. სატანამ ევას აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. ქალმა დაუჯერა ეშმაკს და მისი ნათქვამი ადამს გადასცა, რამაც მთელ კაცობრიობას უბედურება დაატეხა თავს (დაბ. 3:1—6; რომ. 5:12).

რის თქმა შეიძლება ინტერნეტის გამოყენებაზე? ერთის მხრივ, ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ საჭირო ინფორმაცია და დავზოგოთ დრო; მეორეს მხრივ, მან შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, წაგვართვას ძალიან დიდი დრო და ზნეობრივად გაგვრყვნას. მოდი განვიხილოთ, როგორ შეიძლება ამ გლობალური ქსელის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება.

ინფორმაცია — სწორი თუ არასწორი?

ნურასდროს დაასკვნით, რომ ინტერნეტში მოცემული ნებისმიერი ინფორმაცია კარგი და სასარგებლოა. ინტერნეტის საძიებო სისტემები შეიძლება შევადაროთ სოკოს მოსაკრეფად წასულ ჯგუფს, რომელიც დაუღალავად აგროვებს ყველა სახის სოკოს — როგორც საჭმელად ვარგისს, ისე შხამიანს. ისინი ყველა სოკოს ერთად ყრიან და გთავაზობენ. განა გულისყურით არ გამოარჩევდით საჭმელად ვარგის სოკოს? რა თქმა უნდა! საძიებო სისტემები ათასობით კომპიუტერს იყენებს, რომ მილიონობით ვებ-გვერდზე მოცემულ ინფორმაციას მოუყაროს თავი; და ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს, როგორც ძალიან კარგი, ისე ძალიან ცუდი. გამჭრიახობაა საჭირო იმისათვის, რომ ღირებული უვარგისისგან გავარჩიოთ, და გონება არასწორი ინფორმაციით არ მოვიწამლოთ.

1993 წელს ერთ პოპულარულ ჟურნალში ასეთი კარიკატურა დაიბეჭდა. ორი ძაღლი კომპიუტერის წინ ზის და ერთი ეუბნება მეორეს: „ინტერნეტში არავინ იცის, რომ ძაღლი ხარ“. დიდი ხნის წინათ გველს ამოფარებულმა სატანამ ევასთან დაიწყო საუბარი, ანუ როგორც დღეს ამბობენ „ჩეთაობა“, და უთხრა, რომ მას შეეძლო ღვთის მსგავსი ყოფილიყო. დღეს ყველას, ვინც ინტერნეტს იყენებს, შეუძლია გახდეს კომპიუტერების „პროფესორი“, და საკუთარი თავი კომპეტენტურ პიროვნებად წარმოადგინოს, ისე რომ თავისი ვინაობა არც კი გაამხილოს. არანაირი წესი და შეზღუდვა არ არსებობს იმის თაობაზე, ვინ განათავსებს ამა თუ იმ აზრს, ინფორმაციას, გამოსახულებასა და რჩევას.

ნუ გახდებით „ინტერნეტ-ევა“. ნებისმიერ ინფორმაციას კრიტიკისა და ეჭვის თვალით უყურეთ. სანამ რაიმე ინფორმაციას სანდოდ მიიჩნევდეთ, დაინტერესდით: 1) ვინ განათავსა ეს მასალა? რამდენად კომპეტენტურია ავტორი? 2) რა მიზნით გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია? რა მოტივი ჰქონდა ავტორს? რამდენად ობიექტურია ინფორმაცია? 3) რომელი წყაროდან აიღო ავტორმა ეს მასალა? შეიძლება ამ წყაროს გადამოწმება? 4) მოძველებული ხომ არ არის ეს ინფორმაცია? პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ტიმოთეს მისცა რჩევა, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს ძალა. მან დაწერა: „დაიცავი მონდობილი და ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში“ (1 ტიმ. 6:20).

დროის დამზოგველი თუ გამფლანგველი?

ინტერნეტს მართლა შეუძლია დროის, ენერგიისა და სახსრების დაზოგვა, თუ მას გონივრულად გამოვიყენებთ. სახლიდან გაუსვლელად მარტივად შეიძლება ამა თუ იმ ნივთის შეძენა. ფასების ერთმანეთთან შედარებით შესაძლებელია თანხის დაზოგვაც. საბანკო ოპერაციების ინტერნეტით განხორციელებამ მრავალს გაუმარტივა ცხოვრება. ნებისმიერი ფინანსური საკითხი შეიძლება მოგვარდეს ნებისმიერ დროს, სახლში ყოფნისას. ინტერნეტი აგრეთვე იძლევა შესაძლებლობას, შეარჩიოთ და დაჯავშნოთ თქვენთვის მოსახერხებელი და შედარებით იაფი ბილეთი, როდესაც მოგზაურობას აპირებთ. ადვილად შეიძლება ტელეფონის ნომრებისა თუ მისამართების პოვნა და საუკეთესო მარშრუტის შერჩევა. მსოფლიო მასშტაბით, იეჰოვას მოწმეთა ფილიალები იყენებენ ინტერნეტის ამ საშუალებებს, რათა დაზოგონ დრო და სახსრები.

მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ინტერნეტმა შეიძლება საკმაოდ დიდი დრო წაგვართვას. ზოგიერთისთვის ინტერნეტი ნაცვლად იმისა, რომ დამხმარე საშუალება იყოს, მომაჯადოებელი სათამაშო გახდა. ისინი უაზროდ დიდ დროს ხარჯავენ თამაშსა თუ ყიდვაში, საუბრებსა თუ წერილების წერაში, ინფორმაციის ძიებასა თუ დღეში ათეულობით და ასეულობით გვერდის თვალიერებაში. საბოლოოდ, მათ შეიძლება უგულებელყონ ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია — ოჯახი, მეგობრები და კრება. ზოგი ამ გლობალურ ქსელში თავიდან ფეხებამდე გაება. მაგალითად, 2010 წელს კორეაში გამოქვეყნებული ერთი გამოკვლევის თანახმად, ახალგაზრდების 18,4 პროცენტი ინტერნეტ-დამოკიდებული იყო. გერმანელი მკვლევარების სიტყვების თანახმად, „უფრო და უფრო მეტი ქალი წუხს, რომ მათი მეუღლეები ინტერნეტ-დამოკიდებულები გახდნენ“. ერთმა ქალმა დაიჩივლა, რომ ინტერნეტმა მისი ქმარი რადიკალურად შეცვალა, რაც მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა.

იეჰოვას მოწმეთა ერთმა ფილიალმა მიიღო წერილი, რომელშიც ავტორი თავის თავს „კიბერ-ნარკომანს“ უწოდებდა. ზოგჯერ ის დღეში ათ საათზე მეტხანს იყო ინტერნეტში. თავიდან ის ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა, მაგრამ შემდეგ დასძინა: „დროთა განმავლობაში კრებების გაცდენა დავიწყე და აღარ ვლოცულობდი“. ის კრების შეხვედრებზე მოუმზადებელი დადიოდა და სულ იმაზე ფიქრობდა, კვლავ როდის შევიდოდა ინტერნეტში. საბედნიეროდ, ის მიხვდა, თუ რამდენად სერიოზული იყო მისი პრობლემა და მდგომარეობის გამოსასწორებლად ზომებს მიმართა. დაე, არასოდეს მივიდეთ იმ დონემდე, რომ ინტერნეტ-დამოკიდებული გავხდეთ.

ინფორმაცია — სასარგებლო თუ საზიანო?

1 თესალონიკელების 5:21, 22-ში ვკითხულობთ: „ყველაფერში დარწმუნდით; კარგს ჩაეჭიდეთ; მოერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას“. ამიტომ საჭიროა განვსაზღვროთ, არის თუ არა ღვთისთვის მოსაწონი და შეესაბამება თუ არა მის მაღალზნეობრივ ნორმებს ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტში ვნახულობთ. ის ქრისტიანისთვის მისაღები და შესაფერისი უნდა იყოს. დღეს განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ინტერნეტ-პორნოგრაფია და, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შეიძლება ადვილად გავებათ მის მახეში.

გონივრული იქნებოდა, საკუთარი თავისთვის გვეკითხა: „თუ ოთახში შემოვიდოდა მეუღლე, მშობელი ან თანაქრისტიანი დავმალავდი იმას, რასაც ვუყურებ?“ დადებითი პასუხის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, ინტერნეტი მხოლოდ სხვების თანდასწრებით გამოგვეყენებინა. ინტერნეტმა მართლაც შეცვალა ურთიერთობისა და ყიდვა-გაყიდვის ფორმა. გარდა ამისა, ინტერნეტი ადამიანებს გულში მრუშობის ჩადენის სრულიად ახალ საშუალებას აძლევს (მათ. 5:27, 28).

გადავუგზავნო თუ არ გადავუგზავნო?

ინტერნეტის გამოყენებაში როგორც ინფორმაციის მიღება, ისე მისი გაგზავნაც შედის. მართალია, შეგვიძლია ინფორმაციის მიღება და გადაცემა, მაგრამ იმის პასუხისმგებლობაც გვაკისრია, დავრწმუნდეთ, რამდენად სწორი და ზნეობრივად სუფთაა ეს ინფორმაცია. შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენ მიერ გადაგზავნილი ინფორმაციის სისწორეზე? გვაქვს ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელების უფლება? * არის ეს ინფორმაცია ღირებული და გამამხნევებელი? რატომ ვავრცელებთ ამ ინფორმაციას? უბრალოდ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა ხომ არ გვინდა?

ელ-ფოსტის გონივრულად გამოყენებას ბევრი სარგებლობა მოაქვს. მაგრამ მას აგრეთვე შეუძლია ინფორმაციით წაგვლეკოს. ზედმეტად ხომ არ ვტვირთავთ სხვებს უახლესი ამბებით ან უწყვეტ ნაკადად ხომ არ ვუგზავნით სხვადასხვა შემთხვევებს, რითაც მათ ძვირფას დროს ვართმევთ? სანამ გაგზავნის ღილაკზე დავაწკაპუნებთ, იქნებ ღირს, გამოვიკვლიოთ საკუთარი მოტივები? რას გვინდა სინამდვილეში მივაღწიოთ? ადამიანები, ჩვეულებრივ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს წერილებს იმიტომ სწერენ, რომ მოუყვნენ, თუ რა ხდება მათ ცხოვრებაში. განა ელ-ფოსტის გამოყენების მიზანიც იგივე არ უნდა იყოს? რატომ უნდა გადავუგზავნოთ სხვებს შეუმოწმებელი ინფორმაცია?

აქედან გამომდინარე, რის თქმა შეიძლება ინტერნეტზე? საერთოდ ავიკრძალოთ მისი გამოყენება? ზოგ შემთხვევაში შეიძლება ასეც იყოს საჭირო. ზემოთ მოხსენიებული „კიბერ-ნარკომანი“ ასე მოიქცა და დაძლია ინტერნეტ-დამოკიდებულების პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა. მეორეს მხრივ, ინტერნეტის გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ გავითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას: „ჭკუა დაგიცავს და გამჭრიახობა დაგიფარავს“ (იგავ. 2:10, 11).

[სქოლიო]

^ აბზ. 17 იმავეს თქმა შეიძლება ფოტოებზეც. რა თქმა უნდა, შეგვიძლია გადავიღოთ სურათები, მაგრამ მათი გავრცელების უფლება არ გვაქვს. მით უმეტეს არ გვაქვს ამ სურათებზე აღბეჭდილი ადამიანების სახელებისა და მისამართების მითითების უფლება.

[სურათი 4 გვერდზე]

როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ ცრუ ინფორმაციისგან?

[სურათი 5 გვერდზე]

რაზე უნდა დაფიქრდეთ გაგზავნის ღილაკზე დაწკაპუნებამდე?