არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი ელოდნენ მესიას

ისინი ელოდნენ მესიას

ისინი ელოდნენ მესიას

„ხალხი მოლოდინში იყო და ყველა იოანეზე ფიქრობდა გულში, იქნებ ეს არისო ქრისტე“ (ლუკ. 3:15).

1. რა აცნობა ანგელოზმა მწყემსებს?

დაღამდა. მწყემსები გარეთ არიან და ცხვარს მწყემსავენ. მათ გაოცებას საზღვარი არ აქვს, როდესაც იეჰოვას ანგელოზი ეცხადებათ და ღვთის დიდება იქაურობას ანათებს. ყური დაუგდეთ! ანგელოზი მათ საოცარ ამბავს ატყობინებს: „ნუ გეშინიათ, რადგან გახარებთ, რომ ყველას დიდი სიხარული ელის: დღეს . . . დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“, ანუ ის, ვინც მესია გახდება. ანგელოზი მწყემსებს ეუბნება, რომ ბაგაში მწოლიარე ჩვილის ნახვა ახლომდებარე ქალაქში შეუძლიათ. უეცრად „დიდძალი ზეციერი ლაშქარი“ იეჰოვას განდიდებას იწყებს: „დიდება ზეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკ. 2:8—14).

2. რას ნიშნავს „მესია“ და როგორ შეიძლებოდა მისი ამოცნობა?

2 რასაკვირველია, იუდეველმა მწყემსებმა იცოდნენ, რომ „მესია“, ანუ „ქრისტე“, ღვთის ცხებულს ნიშნავდა (გამ. 29:5—7). მაგრამ, როგორ შეეძლოთ მწყემსებს გაეგოთ მეტი და სხვები დაერწმუნებინათ, რომ ანგელოზის მიერ მოხსენიებული ჩვილი იეჰოვას დანიშნული მესია იყო? მათ შეეძლოთ გამოეკვლიათ ებრაულ წერილებში მოცემული წინასწარმეტყველებები და შეედარებინათ ამ ბავშვის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან.

რატომ იყო ხალხი მოლოდინში?

3, 4. როგორ გვესმის დანიელის 9:24, 25?

3 წლების შემდეგ, როდესაც ასპარეზზე იოანე ნათლისმცემელი გამოჩნდა, მისი სიტყვებისა და საქმეების შემხედვარე ზოგი ფიქრობდა, მესია ხომ არ არისო (წაიკითხეთ ლუკას 3:15 ). შესაძლებელია, ზოგს სწორად ესმოდა წინასწარმეტყველებები მესიის, და მათ შორის „სამოცდაათი კვირის“, შესახებ. ამიტომ მათ შეეძლოთ დაედგინათ, როდის უნდა მოსულიყო მესია. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის შემდეგ მესიის, წინამძღოლის გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა გავა“ (დან. 9:24, 25). მრავალი მეცნიერის აზრით, აქ საუბარია წლებისგან შემდგარ კვირებზე. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ნათქვამია: „წლებისგან შემდგარი სამოცდაათი კვირა გავა“ (Revised Standard Version).

4 დღეს იეჰოვას მსახურებმა იციან, რომ დანიელის 9:25-ში მოხსენიებული 69 კვირა, ანუ 483 წელი, დაიწყო ძვ. წ. 455 წელს, როდესაც სპარსეთის მეფე არტაქსერქსემ ნება დართო ნეემიას, აღედგინა იერუსალიმი (ნეემ. 2:1—8). ეს კვირები დასრულდა 483 წლის შემდეგ, ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო ნაზარეთელი მოინათლა და წმინდა სულით ცხებული, მესია, გახდა (მათ. 3:13—17). *

5. რა წინასწარმეტყველებებს განვიხილავთ ახლა?

5 განვიხილოთ კიდევ რამდენიმე წინასწარმეტყველება მესიის შესახებ, რომლებიც იესოს დაბადების, ბავშვობისა და მსახურების დროს შესრულდა. ეს უეჭველად გაგვიძლიერებს ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვისადმი რწმენას და მოგვცემს იმის ნათელ მტკიცებას, რომ იესო იყო მესია, რომელსაც ასე დიდხანს ელოდნენ.

წინასწარმეტყველებები მისი დაბადებისა და ბავშვობის შესახებ

6. ახსენით, როგორ შესრულდა დაბადების 49:10.

6 მესია იუდას ტომში უნდა დაბადებულიყო. სიკვდილის წინ, როდესაც თავის ვაჟებს აკურთხებდა, პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა: „არ მოსცილდება სამეფო კვერთხი იუდას და არც მთავრის კვერთხი მოსცილდება ფეხთა შუიდან, სანამ არ მოვა შილო; მას დაემორჩილებიან ხალხები“ (დაბ. 49:10). ძველი დროის მრავალი იუდეველი სწავლული ამ სიტყვებს მესიას უკავშირებდა. იუდაელი მეფე დავითის მმართველობიდან მოყოლებული სამეფო კვერთხი (სამეფო ძალაუფლება) და მთავრის კვერთხი (ძალაუფლების ნიშანი) იუდას ტომს ჰქონდა. „შილო“ განიმარტება როგორც „მისი მფლობელი; ის, ვისიც არის“. იუდას სამეფო ხაზი მიდიოდა შილომდე, ანუ მემკვიდრემდე, რომელიც მარადიულად იმეფებდა. მის შესახებ ღმერთმა იუდეის უკანასკნელ მეფე ციდკიას უთხრა, რომ ეს მმართველობა კანონით უფლებამოსილს გადაეცემოდა (ეზეკ. 21:26, 27). ციდკიას შემდეგ იესო იყო დავითის ერთადერთი მემკვიდრე, რომელსაც ღმერთმა ეს მეფობა აღუთქვა. იესოს დაბადებამდე ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს უთხრა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკ. 1:32, 33). შილო უნდა ყოფილიყო იესო ქრისტე, რომელიც იუდასა და დავითის საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა (მათ. 1:1—3, 6; ლუკ. 3:23, 31—34).

7. სად დაიბადა იესო და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

7 მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო. წინასწარმეტყველმა მიქამ დაწერა: „შენ კი, ეფრათას ბეთლემო, ძალიან პატარა ხარ საიმისოდ, რომ იუდას ათასთა შორის იყო, მაგრამ შენგან გამომივა მმართველი ისრაელში; ძველი დროიდანაა მისი წარმოშობა, უხსოვარი დროიდან“ (მიქ. 5:2). მესია უნდა დაბადებულიყო იუდეის ქალაქ ბეთლემში, რომელსაც, როგორც ჩანს, ერთ დროს ეფრათა ერქვა. იესოს დედა მარიამი და მამობილი იოსები ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ აღწერის შესახებ რომაელების ბრძანების გამო, მათ ბეთლემში მოუწიათ წასვლა, სადაც ძვ. წ. 2 წელს დაიბადა იესო (მათ. 2:1, 5, 6). წინასწარმეტყველების რა საოცარი შესრულებაა!

8, 9. რა იყო ნაწინასწარმეტყველები მესიის დაბადებასა და იმ მოვლენებზე, რომლებიც მის დაბადებას მოჰყვა?

8 მესია ქალწულისგან უნდა დაბადებულიყო (წაიკითხეთ ესაიას 7:14 ). ამ მუხლში ნათქვამია, რომ ქალწული გააჩენდა ვაჟს. ებრაულში არის ორი სიტყვა „ბეთულა“ და „ალმა“, რომლებიც „ქალწულად“ ითარგმნება. ეს სიტყვა (ალმა) არის გამოყენებული რებეკასთან მიმართებაში, სანამ ის გათხოვდებოდა (დაბ. 24:16, 43). ღვთის შთაგონებით მათემ დაწერა, რომ ესაიას 7:14 შესრულდა მაშინ, როცა იესო დაიბადა. ამ მუხლში ის იყენებს ბერძნულ სიტყვას „პართენოსს“, რომელიც ქალწულად ითარგმნება. სახარების ორივე დამწერი, მათეც და ლუკაც, აღნიშნავს, რომ ქალწული მარიამი დაორსულდა ღვთის წმინდა სულის მეშვეობით (მათ. 1:18—25; ლუკ. 1:26—35).

9 მესიის დაბადების შემდეგ ბავშვებს დახოცავდნენ. მსგავსი რამ მოხდა საუკუნეების წინ, როცა ეგვიპტის ფარაონმა ბრძანა, ყველა ახალშობილი ებრაელი ბიჭი მდინარე ნილოსში გადაეგდოთ (გამ. 1:22). მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია იერემიას 31:15, 16-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ რახელი დაიტირებდა თავის ვაჟებს, რომლებსაც „მტრის ქვეყანაში“ წაიყვანდნენ. მის გოდებას ისრაელის ჩრდილოეთით ბენიამინის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ რამაშიც კი გაიგებდნენ. მათეს სახარებიდან ჩანს, რომ იერემიას სიტყვები შესრულდა მაშინ, როცა მეფე ჰეროდემ ბეთლემსა და მის შემოგარენში პატარა ბიჭების დახოცვა ბრძანა (წაიკითხეთ მათეს 2:16—18 ). წარმოიდგინეთ, ტირილისა და მოთქმის ხმა, რომელიც იმ ოჯახებიდან გამოდიოდა!

10. ახსენით, როგორ შესრულდა ოსიას 11:1 იესოზე.

10 ისრაელების მსგავსად, ღმერთი მესიას ეგვიპტიდან გამოიხმობდა (ოს. 11:1). სანამ ჰეროდე ბიჭების დახოცვის შესახებ ბრძანებას გასცემდა, ანგელოზმა უთხრა იოსებსა და მარიამს, რომ იესო ეგვიპტეში წაეყვანათ. ისინი იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ, «რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის [ოსიას] პირით იეჰოვას მიერ ნათქვამი: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“» (მათ. 2:13—15). რა თქმა უნდა, იესო ვერ შეძლებდა გავლენა მოეხდინა მოვლენებზე, რომლებიც მის დაბადებასა და ბავშვობასთან იყო დაკავშირებული.

მესია მოქმედებას იწყებს

11. როგორ მომზადდა გზა იეჰოვას ცხებულისთვის?

11 ღვთის ცხებულისთვის გზა უნდა მომზადებულიყო. მალაქიამ იწინასწარმეტყველა, რომ „ელია წინასწარმეტყველი“ მოამზადებდა ადამიანთა გულებს მესიის მისაღებად (წაიკითხეთ მალაქიას 4:5, 6 ). იესომ იოანე ნათლისმცემელზე თქვა: „ის არის ელია“ (მათ. 11:12—14). მარკოზმაც აღნიშნა, რომ იოანეს მსახურებით ესაიას წინასწარმეტყველება შესრულდა (ეს. 40:3; მარ. 1:1—4). იესოს არ დაუვალებია იოანესთვის, რომ ელიას როლი შეესრულებინა და მისთვის გზა მოემზადებინა. ნაწინასწარმეტყველები „ელიას“ მოქმედება შეესაბამებოდა ღვთის ნებას და ასეთი სახით შესაძლებელი გახდა მესიის ამოცნობა.

12. ღვთის მიერ დაკისრებული რა დავალების შესრულებით იყო შესაძლებელი მესიის ამოცნობა?

12 მესიას ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესრულებით ამოიცნობდნენ. ერთხელ იესო ჩავიდა ნაზარეთში, ქალაქში, სადაც ის გაიზარდა, სინაგოგაში შევიდა, ესაიას გრაგნილი გაშალა და წაკითხული წინასწარმეტყველება თავის თავს დაუკავშირა: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“. იესოს შეეძლო ეთქვა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“, რადგან ის ნამდვილად მესია იყო (ლუკ. 4:16—21).

13. როგორ იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ იესო გალილეაში იქადაგებდა?

13 ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია გალილეაში იქადაგებდა. უცხოტომელთა გალილეის მხარეში მდებარე ზებულონისა და ნაფთალის მიწის შესახებ ესაიამ დაწერა: „ბნელში მოსიარულე ხალხმა დიდი სინათლე იხილა და უკუნეთის ქვეყანაში მცხოვრებლებს სინათლემ გაუნათა“ (ეს. 9:1, 2). იესომ მსახურება დაიწყო გალილეის ქალაქ კაპერნაუმში, სადაც ზებულონისა და ნაფთალის მკვიდრებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ მესიის მიერ მოტანილი სინათლე (მათ. 4:12—16). სწორედ გალილეაში წარმოთქვა იესომ გულში ჩამწვდომი მთაზე ქადაგება, აირჩია მოციქულები, მოახდინა პირველი სასწაული და, როგორც ჩანს, იქ ეჩვენა 500-ზე მეტ მოწაფეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ (მათ. 5:1—7:27; 28:16—20; მარ. 3:13, 14; იოან. 2:8—11; 1 კორ. 15:6). ამგვარად, „ზებულონის . . . და ნაფთალის მიწაზე“ ქადაგებით შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება. რა თქმა უნდა, იესომ სამეფოს შესახებ ცნობა ისრაელის სხვა მხარეებშიც იქადაგა.

მესიაზე შესრულებული სხვა წინასწარმეტყველებები

14. როგორ შესრულდა ფსალმუნის 78:2 იესოზე?

14 მესია იგავებით, ანუ თვალსაჩინო მაგალითებით, ასწავლიდა. ფსალმუნმომღერალი ასაფი წერდა: „იგავით გავხსნი ბაგეს“ (ფსალმ. 78:2). რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიტყვები წინასწარმეტყველურად იესოს ეხება? მათე გვაძლევს ამის საფუძველს. მან ჩაწერა იესოს მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითები, რომლებშიც ღვთის სამეფო მდოგვის მარცვალსა და საფუარს შეადარა, და დასძინა: «მაგალითის გარეშე [იესო] არაფერს ეუბნებოდა მათ, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მაგალითებით გავხსნი ბაგეს, გამოვაცხადებ ქვეყნიერების შექმნიდან დაფარულს“» (მათ. 13:31—35). იესო იგავებს, ანუ თვალსაჩინო მაგალითებს, სწავლებისას ეფექტურად იყენებდა.

15. აღნიშნეთ, როგორ შესრულდა ესაიას 53:4.

15 მესია იტვირთებდა ჩვენს უძლურებებს. ესაიამ იწინასწარმეტყველა: „თვითონ ატარა ჩვენი სნეულებები, იტვირთა ჩვენი ტკივილები“ (ეს. 53:4). მათემ აღნიშნა, რომ პეტრეს სიდედრის განკურნების შემდეგ იესომ სხვებიც განკურნა, «რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: „მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და ატარებდა ჩვენს სნეულებებს“» (მათ. 8:14—17). და ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალი შემთხვევიდან, როდესაც იესომ ავადმყოფები განკურნა.

16. როგორ ცხადყო იოანემ, რომ ესაიას 53:1 იესოზე შესრულდა?

16 მესიის კარგი საქმეების მიუხედავად, ბევრი არ ირწმუნებდა მას (წაიკითხეთ ესაიას 53:1 ). მოციქულმა იოანემ გვიჩვენა, რომ ეს წინასწარმეტყველება შესრულდა. მან დაწერა: «მიუხედავად იმისა, რომ [იესომ] ამდენი ნიშანი მოახდინა მათ წინაშე, არ სწამდათ ის, რითაც შესრულდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი? ვის ეჩვენა იეჰოვას მკლავი?“» (იოან. 12:37, 38). მოციქული პავლეს მსახურების დროსაც არც თუ ისე ბევრმა გამოავლინა რწმენა იესოს, ანუ მესიის, შესახებ სასიხარულო ცნობისადმი (რომ. 10:16, 17).

17. როგორ შესრულდა ფსალმუნის 69:4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

17 მესიას უმიზეზოდ შეიძულებდნენ (ფსალმ. 69:4). მოციქულმა იოანემ იესოს სიტყვები მოიყვანა: «მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ, ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც, მაგრამ ეს იმისთვის მოხდა, რომ შესრულდეს მათ კანონში ჩაწერილი სიტყვა: „უმიზეზოდ შემიძულეს“» (იოან. 15:24, 25). „კანონში“ ხშირად მთელი ბიბლია იგულისხმება (იოან. 10:34; 12:34). სახარებები გვამცნობს, რომ იესო ნამდვილად სძულდათ, განსაკუთრებით იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს. გარდა ამისა, ქრისტემ თქვა: „ქვეყნიერებას მიზეზი არა აქვს, რომ თქვენ სძულდეთ, მე კი ვძულვარ, რადგან ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია“ (იოან. 7:7).

18. რაზე ფიქრი განგვიმტკიცებს რწმენას, რომ იესო მესიაა?

18 იესოს პირველი საუკუნის მიმდევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის მესია იყო, რადგან მესიის შესახებ ებრაულ წერილებში მოცემული ყველა წინასწარმეტყველება მასზე შესრულდა (მათ. 16:16). როგორც დავინახეთ, ზოგი მათგანი შესრულდა მისი დაბადებისას, ბავშვობისას და ნაზარეთში მსახურებისას. მესიის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ. ამ წინასწარმეტყველებებზე ფიქრი, განგვიმტკიცებს რწმენას, რომ იესო ქრისტე ნამდვილად არის ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, მიერ დანიშნული მესია.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 „სამოცდაათი კვირის“ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნში „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი 11.

როგორ უპასუხებთ?

• რა წინასწარმეტყველებები შესრულდა იესოს დაბადებასთან დაკავშირებით?

• როგორ მომზადდა გზა მესიისთვის?

ესაიას 53-ე თავში ჩაწერილი, რომელი წინასწარმეტყველებები შესრულდა იესოზე?

[სასწავლო კითხვები]