ისტორიული შეხვედრა
ისტორიული შეხვედრა
„ამ შეხვედრის დამთავრებისას ალბათ იტყვით: ეს ყოველწლიური შეხვედრა ნამდვილად ისტორიული იყო!“ იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, სტივენ ლეტის, ამ სიტყვებმა მრავალრიცხოვან აუდიტორიას მოლოდინის გრძნობა გაუღვივა. ეს იყო პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების 126-ე ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც 2010 წლის 2 ოქტომბერს ჯერზი-სიტის (ნიუ-ჯერზი, აშშ) იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზში ჩატარდა. განვიხილოთ ამ ისტორიული შეხვედრიდან ზოგიერთი მნიშვნელოვანი მომენტი.
შეხვედრა გახსნა ძმა ლეტმა. მან ბიბლიის წიგნ „ეზეკიელში“ აღწერილ იეჰოვას ზეციერ ეტლზე ისაუბრა. ეს უზარმაზარი, დიდებული ეტლი წარმოადგენს ღვთის ორგანიზაციას, რომელსაც იეჰოვა აბსოლუტურად აკონტროლებს. მისი ზეციერი ნაწილი, რომელიც სულიერი ქმნილებებისგან შედგება, საოცარი სისწრაფით მოძრაობს. ძმა ლეტის სიტყვების თანახმად, ეს სისწრაფე იეჰოვას აზრების სისწრაფის ტოლია. იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილიც არ არის გაჩერებული. ძმა ლეტმა მოიხსენია ის საოცარი ცვლილებები, რომლებიც გასულ წლებში იეჰოვას ორგანიზაციის ხილულ ნაწილში მოხდა.
მაგალითად, ზოგი ფილიალი შემცირდა ან გაერთიანდა სხვა ფილიალთან, რამაც მრავალ ყოფილ ბეთელელს საშუალება მისცა, ძირითადი დრო სამქადაგებლო საქმიანობისთვის დაეთმო. ძმა ლეტმა აუდიტორიას მოუწოდა, რომ გამუდმებით ელოცათ ხელმძღვანელი საბჭოსთვის, როგორც მონის კლასის წარმომადგენლისთვის, რომ კვლავაც ყოფილიყვნენ არა მხოლოდ ერთგულები, არამედ გონიერებიც (მათ. 24:45—47).
გამამხნევებელი ანგარიშები და ინტერვიუები
ტაბ ჰონსბერგერმა, რომელიც ჰაიტის ფილიალის კომიტეტში მსახურობს, ამაღელვებელი, გულის ამაჩუყებელი ანგარიში წარადგინა. 2010 წლის 12 იანვარს ჰაიტიზე მომხდარმა მიწისძვრამ დაახლოებით 300 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც მან აღნიშნა, სასულიერო პირები ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ღმერთმა დასაჯა ურწმუნოები, ხოლო კარგი ადამიანები დაიცვა. მაგრამ მიწისძვრის შედეგად ციხის კედლები ჩამოინგრა და ათასობით ბოროტმოქმედი გათავისუფლდა. მრავალი გულწრფელი ჰაიტელისთვის მანუგეშებელი აღმოჩნდა ჭეშმარიტების გაგება იმის თაობაზე, თუ რატომ ხდება ჩვენ დროს ამდენი უბედურება. ძმა ჰონსბერგერმა მოიყვანა ერთგული ჰაიტელი ძმის სიტყვები, რომელსაც მეუღლე მიწისძვრის დროს დაეღუპა. მან თქვა: „დღემდე ცრემლებს ვერ ვიკავებ. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ჩემი გლოვა, მაგრამ მახარებს ის სიყვარული, რომელსაც იეჰოვას ორგანიზაციაში ვხედავ. მაქვს იმედი და მინდა, რომ ეს იმედი სხვებსაც გავუზიარო“.
მარკ სანდერსონმა, რომელიც ფილიპინების ფილიალის კომიტეტის წევრი იყო, ახლა კი ბრუკლინის *
ბეთელში მსახურობს, წარმოადგინა ანგარიში ფილიპინების შესახებ. მან ენთუზიაზმით აღნიშნა, რომ ზედიზედ 32-ჯერ იქნა მიღწეული სამეფოს მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი და ისიც აღნიშნა, რომ ბიბლიის შესწავლების რიცხვი ბევრად აღემატებოდა მაუწყებელთა რაოდენობას. მარკ სანდერსონი მოყვა ძმა მიგელის შემთხვევას, რომლის შვილიშვილიც მოკლეს. მიგელმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ მკვლელი გაესამართლებინათ და ციხეში ჩაესვათ. მოგვიანებით, ციხეში ქადაგებისას მიგელი შეხვდა ამ მკვლელს. ის ძალიან ღელავდა, მაგრამ თავისი შვილიშვილის მკვლელს მაინც რბილად და თბილად მიმართა. ბოლოს მიგელმა ამ კაცთან შესწავლა დაიწყო. მკვლელმა სულიერად წინ წაიწია და იეჰოვა შეუყვარდა. დღეს ის მონათლული ძმაა. მიგელი მისი ახლო მეგობარი გახდა და ახლა ცდილობს თავისი ახლადშეძენილი ძმა დროზე ადრე გამოიყვანოს ციხიდან.პროგრამის შემდეგი ნაწილი წარმოადგინა თეოკრატიული სკოლების განყოფილების ინსტრუქტორმა, მარკ ნიუმარმა. მან ინტერვიუ აიღო სამი წყვილისგან: ალექს და სარა რაინმიულერებისგან, დეივიდ და კრისტა შეფერებისგან და რობერტ და კეტრა სირანკოებისგან. ალექს რაინმიულერმა, რომელიც საგამომცემლო კომიტეტს უწევს დახმარებას, აღნიშნა, როგორ გაითავისა ჭეშმარიტება, როცა 15 წლის ასაკში კანადაში პიონერად მსახურობდა, და ხშირად მარტოს უწევდა ქადაგება. როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ მოახდინა ბეთელში მასზე ყველაზე დიდი გავლენა, მან სამი ერთგული ძმა დაასახელა და აღნიშნა, როგორ დაეხმარა თითოეული მათგანი სულიერ ზრდაში. მისმა მეუღლე სარამ გაიხსენა ერთი და, თავისი მეგობარი, რომელიც რწმენის გამო ჩინეთში ათეულობით წელი იჯდა ციხეში. ბოლოს სარამ აღნიშნა, რომ პირადი ლოცვების მეშვეობით იეჰოვაზე მინდობა ისწავლა.
დეივიდ შეფერმა, რომელიც სასწავლო კომიტეტს უწევს დახმარებას, ისაუბრა დედამისის მტკიცე რწმენასა და იმ ძმებზე, რომლებიც ხის მჭრელებად მუშაობდნენ და ახალგაზრდობაში დამხმარე პიონერად მსახურებისას მხარში ედგნენ. კრისტამ დიდი სითბოთი აღნიშნა, თუ რა დადებითი გავლენა იქონიეს მასზე ბეთელის ოჯახის ხანდაზმულმა წევრებმა, რომლებიც იესოს რჩევისამებრ, „მცირედშიც ერთგულნი“ იყვნენ (ლუკ. 16:10).
რობერტ სირანკომ, რომელიც სამწერლო კომიტეტს ეხმარება, გაიხსენა თავისი პაპა-ბებიები, რომლებიც უნგრეთიდან ემიგრირებული ცხებული ქრისტიანები იყვნენ. როგორც თვითონ მოყვა, პატარაობისას მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 50-იან წლებში ჩატარებულმა დიდმა კონგრესებმა, სადაც გაიგო, რომ იეჰოვას ორგანიზაცია მის კრებაზე ბევრად დიდი ყოფილა. მისმა მეუღლე კეტრამ აღნიშნა, როგორ ისწავლა ერთგულება პიონერად მსახურებისას კრებაში, რომელშიც
განდგომილება და სხვა პრობლემები იყო. მაგრამ მან გაუძლო ამ მდგომარეობას. მოგვიანებით ის სხვა კრებაში სპეციალურ პიონერად დანიშნეს. ამ კრებაში გამეფებული ერთიანობის სული მას უდიდეს სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებდა.ეთიოპიის შესახებ ანგარიში მანფრედ ტონაკმა წარადგინა. ბიბლიაში მოხსენიებული ეს ქვეყანა დღეს სასიხარულო ცნობის 9 000-ზე მეტი მაუწყებლით არის კურთხეული. ამ მაუწყებელთა უმრავლესობა დედაქალაქ ადის-აბებასა და მის შემოგარენში ცხოვრობს. ამიტომ დაშორებულ ტერიტორიებზე მქადაგებელთა დიდი მოთხოვნილებაა. ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მოიწვიეს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ეთიოპი იეჰოვას მოწმეები, რომ ამ ტერიტორიებზე ექადაგათ. იქ ჩასულმა მქადაგებლებმა არა მარტო ადგილობრივი მოწმეები გაამხნევეს, არამედ მრავალი მომსმენი ყურიც იპოვეს.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მოხსენებათა სერია რუსეთში იეჰოვას მოწმეთა და მათი იურიდიული ბრძოლების შესახებ. რუსეთის ფილიალის კომიტეტის წევრი აულის ბერიდალი მოყვა რუსეთში, კერძოდ კი, მოსკოვში იეჰოვას მოწმეთა დევნის ისტორიას. შეერთებული შტატების ფილიალის იურიდიულ განყოფილებაში მომსახურე ფილიპ ბრამლეი მოყვა გასულ თვეებში მოვლენათა საინტერესო განვითარების შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში მოისმინეს ცხრა საქმე, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ იყო აღძრული. სასამართლომ ერთსულოვნად დაასკვნა, რომ ცხრავე შემთხვევაში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო. რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ დეტალურადაც კი განმარტა, თუ რატომ იყო მოყვანილი არგუმენტები არასწორი. ძმა ბრამლეიმ აღნიშნა: „არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედი გვაქვს, ის გავლენას იქონიებს სხვა ქვეყნებში მიმდინარე სასამართლო პროცესებზეც“.
ამ აღმაფრთოვანებელი ინფორმაციის შემდეგ ძმა ლეტმა გამოაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, განეხილა საფრანგეთის მთავრობის მიერ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ წამოწყებული გადასახადებთან დაკავშირებული საქმე, რომელიც წლებია გრძელდება. ეს უმაღლესი დონის სასამართლო შეტანილი საქმეებიდან ცოტას თუ განიხილავს. დღემდე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით სულ 39 საქმე განიხილა, რომელთაგან 37 ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდა. ძმა ლეტმა ღვთის ყველა მსახურს მოუწოდა, ეთხოვათ იეჰოვასთვის, რომ უხელმძღვანელოს ამ სასამართლო პროცესებს.
ბოლო ანგარიში წარადგინა უხუცესების სკოლის ინსტრუქტორმა რიჩარდ მორლანმა. მან ენთუზიაზმით ილაპარაკა ამ სკოლის შესახებ. ასევე აღნიშნა, რამდენად მადლიერები იყვნენ უხუცესები, რომლებმაც ეს სკოლა გაიარეს.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრების მიერ წარმოთქმული მოხსენებები
ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა გაი პირსმა წარმოთქვა გულში ჩამწვდომი მოხსენება, რომელშიც ყურადღება გაამახვილა 2011 წლის წლიურ მუხლზე: „იეჰოვას სახელს შეაფარეთ თავი“ (სოფ. 3:12). მან აღნიშნა, რომ ეს დრო იეჰოვას ხალხისთვის მრავალმხრივ არის ბედნიერების მომტანი. მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი დროც, როდესაც განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს. იეჰოვას დიადი დღე ახლოსაა; მიუხედავად ამისა, ადამიანები კვლავ ეძებენ თავშესაფარს ცრუ რელიგიაში, პოლიტიკასა და მატერიალურ სიმდიდრეში. ნამდვილი თავშესაფრის საპოვნელად საჭიროა, იეჰოვას სახელს მოვუხმოთ. ამაში შედის ვიცნობდეთ, ღრმა პატივს ვცემდეთ, ვენდობოდეთ და მთელი არსებით გვიყვარდეს ის, ვინც ამ სახელს ატარებს.
მომდევნო დამაფიქრებელი თემით გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი დეივიდ სპლეინი. თემის სათაური იყო: „შეხვედით ღვთის დასვენებაში?“ მან აღნიშნა, რომ „ღვთის დასვენება“ უმოქმედობას არ ნიშნავს, ვინაიდან იეჰოვა და მისი ძე შრომობენ ფიგურალური მნიშვნელობით დასვენების დღეს, რათა დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა სისრულეში მოიყვანონ (იოან. 5:17). როგორ შეგვიძლია ღვთის დასვენებაში შესვლა? იმით, რომ თავს შევიკავებთ ცოდვის ჩადენისგან და თავის მართლებისგან. საჭიროა რწმენა გამოვავლინოთ, ყოველთვის გვახსოვდეს ღვთის განზრახვა და მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი მის შესრულებას. ზოგჯერ ეს არც ისე ადვილია, ამიტომ საჭიროა, მივიღოთ იეჰოვას ორგანიზაციისგან რჩევა და მივყვეთ მის ხელმძღვანელობას. ძმა სპლეინმა აუდიტორიას გულთბილად მოუწოდა, ძალ-ღონე არ დაეშურათ ღვთის დასვენებაში შესასვლელად.
დასკვნითი მოხსენებით, „რას ველით?“, გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ანტონი მორისი. მან მამობრივი სითბოთი შეახსენა აუდიტორიას ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა. ეს არის მოვლენები, რომლებსაც ღვთის ყველა ერთგული მსახური მთელი გულით ელოდება. მან მოიხსენია წინასწარმეტყველებები „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ გამოცხადებისა და ცრუ რელიგიების განადგურების შესახებ (1 თეს. 5:2, 3; გამოცხ. 17:15—17). ძმა მორისმა გააფრთხილა აუდიტორია, რომ იმ მოვლენებზე დაკვირვებით, რომლებითაც თითქოსდა ეს წინასწარმეტყველებები სრულდება, ნაჩქარევად არ დაესკვნათ, რომ ეს არმაგედონის დაწყებას ნიშნავს. მან დამსწრეებს ურჩია, არ დაეკარგათ სიხარული და მოთმინებით დალოდებოდნენ ღმერთს, როგორც ეს მიქას 7:7-შია ჩაწერილი. ამავე დროს მან მსმენელებს მოუწოდა, ახლოს ყოფილიყვნენ ხელმძღვანელ საბჭოსთან და ერთმანეთთან, როგორც ჯარისკაცები არიან ბრძოლის ველზე. „გული გაიმაგრეთ ყველამ, — თქვა მან, — ვინც იეჰოვას ელით!“ (ფსალმ. 31:24).
ბოლოს გაკეთდა რამდენიმე ისტორიული განცხადება. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი ჯექსონმა გამოაცხადა, რომ დაგეგმილი იყო „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემის გამარტივებულ ინგლისურ ენაზე გამოშვება. შემდეგ სტივენ ლეტმა გამოაცხადა, რომ ხელმძღვანელმა საბჭომ დაგეგმა სამწყემსო მონახულებები საოლქო ზედამხედველებსა და მათ ცოლებთან შეერთებულ შტატებში. მომდევნო განცხადება ეხებოდა მსახურებაში დახელოვნების სკოლას. მისი სახელი შეიცვალა და „ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის“ ეწოდა. ასევე გამოცხადდა, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალ სკოლას, რომელსაც „ბიბლიური სკოლა ქრისტიანი წყვილებისთვის“ დაერქვა. ამ სკოლაში წყვილებს ასწავლიან, როგორ იყვნენ უფრო გამოსადეგნი იეჰოვას ორგანიზაციისთვის. ძმა ლეტმა გამოაცხადა, რომ პატერსონში სკოლა მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი ცოლებისთვის, ასევე სკოლა ფილიალის კომიტეტის წევრებისა და მათი ცოლებისთვის ახლა უკვე წელიწადში ორჯერ ჩატარდება, რაც საშუალებას მისცემს მათ, ვინც ერთხელ დაესწრო, მეორედაც გაიაროს ეს სკოლა.
პროგრამის ბოლოს გულისამაჩუყებელი ლოცვა წარმოთქვა ხელმძღვანელი საბჭოს ყველაზე დიდი ხნის წევრმა, 97 წლის ჯონ ბარმა. მის ლოცვაში თავმდაბლობა და გულწრფელობა იგრძნობოდა. * ყველანი იმ შთაბეჭდილებით წავიდნენ, რომ ეს მართლაც ისტორიული დღე იყო.
[სქოლიოები]
^ აბზ. 7 იხილეთ 2011 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვერდები 62, 63.
^ აბზ. 20 ძმა ბარმა მიწიერი ცხოვრება 2010 წლის 4 დეკემბერს დაასრულა.
[ჩანართი 19 გვერდზე]
ინტერვიუებს ყველა სიამოვნებით უსმენდა
[ჩანართი 20 გვერდზე]
იეჰოვამ აკურთხა სამქადაგებლო საქმიანობა ეთიოპიაში