მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რის გაგება შეგვიძლია სამქადაგებლო მსახურების წლიურ ანგარიშში მოცემული მონაცემებიდან?
ყოველ წელს სულმოუთქმელად ველით „წელიწდეულში“ გამოქვეყნებულ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს. გულს სიხარულით გვივსებს იმის დანახვა, თუ როგორ მიიწევს წინ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე მთელ მსოფლიოში. ამ მონაცემებიდან სარგებლობა რომ მივიღოთ, სწორად უნდა გვესმოდეს მათი მნიშვნელობა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
სამსახურებრივი წელი. მოიცავს სექტემბრიდან აგვისტოს ჩათვლით თვეებს. „წელიწდეულში“ მოცემულია გასული სამსახურებრივი წლის ანგარიში. მაგალითად, 2011 წლის „წელიწდეულში“ მოცემულია 2010 სამსახურებრივი წლის ანგარიში, ანუ 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
მაუწყებელთა საშუალო და უმაღლესი რიცხვი. „მაუწყებლებში“ შედიან როგორც მონათლული მოწმეები, ისე მოუნათლავი მქადაგებლები, რომლებიც შეესაბამებიან სამეფოს შესახებ მქადაგებელთა მოთხოვნებს. „მაუწყებელთა უმაღლესი რიცხვი“ არის სამსახურებრივი წლის განმავლობაში იმ თვის მონაცემი, როდესაც მაუწყებელთა მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა. ამაში შეიძლება შედიოდეს მათი ანგარიშებიც, რომლებმაც გასულ თვეებში არ ჩააბარეს ანგარიში. ვინაიდან ამ დროს ზოგი ორი თვის ანგარიშს აბარებს, ის სათვალავში შედის როგორც ორი მაუწყებელი. მაუწყებელთა უმაღლეს რიცხვში არ შედიან ისინი, ვინც მსახურობდნენ, მაგრამ ანგარიშის ჩაბარება დაავიწყდათ. აქედან ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მაუწყებლებმა ყოველთვიურად დროულად ჩააბარონ ანგარიშები. „მაუწყებელთა საშუალო რიცხვი“ არის წლის განმავლობაში ჩაბარებული ანგარიშების საერთო რაოდენობის 12-ზე განაყოფი.
საათების ჯამი. 2011 წლის „წელიწდეულის“ თანახმად, იეჰოვას მოწმეებმა მსახურებას 1,6 მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს. ამ მაჩვენებელში არ შედის ღვთის თაყვანისცემისთვის გამოყოფილი დრო, რომელსაც ვუთმობთ სამწყემსო მონახულებებს, კრებებზე დასწრებას, პირად შესწავლასა და ნასწავლზე ფიქრს.
დახარჯული თანხა. 2010 სამსახურებრივი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა სპეციალურ პიონერებზე, მისიონერებსა და მიმომსვლელ ზედამხედველებზე 155 მილიონზე მეტი დოლარი დახარჯეს. ამაში არ შედის არც ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების გამოცემისთვის და არც მსოფლიოში არსებულ ფილიალებში მომსახურე 20 000-ზე მეტ მოხალისეზე დახარჯული თანხა.
სიმბოლოები მიიღო. ეს არის იმ მონათლულ ქრისტიანთა რაოდენობა, რომლებმაც მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ გახსენების საღამოზე სიმბოლოები მიიღეს. გამოხატავს ეს რიცხვი დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულთა რაოდენობას? არა. უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი — ადამიანის რელიგიური მრწამსი, ვიდრე იეჰოვას მოწმე გახდებოდა ან ფსიქიკური თუ ემოციური მოშლილობა; ამან შეიძლება ქრისტიანს შეცდომით აფიქრებინოს, რომ მას ზეციერი მოწოდება აქვს. ამიტომ, ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენი ცხებულია დარჩენილი დედამიწაზე, და ამის ცოდნა არც არის საჭირო. ხელმძღვანელ საბჭოს არ აქვს მათი სია, ვინც სიმბოლოები მიიღო. *
დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გამანადგურებელი „ოთხი ქარის“ გაშვებისას, ცხებულებიდან, „ჩვენი ღვთის მონებიდან“, ზოგი ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნება (გამოცხ. 7:1—3). მანამდე კი, ცხებულები ხელმძღვანელობენ მთელ მსოფლიოში ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების განუმეორებელ საქმეს, რაც მსახურების წლიურ ანგარიშში აისახება.
[სქოლიო]
^ აბზ. 8 იხილეთ 2009 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 24, სტატია: „ერთგული მმართველი და ხელმძღვანელი საბჭო“.