არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის კითხვა მთელი ცხოვრება მაძლიერებს

ბიბლიის კითხვა მთელი ცხოვრება მაძლიერებს

ბიბლიის კითხვა მთელი ცხოვრება მაძლიერებს

მოგვითხრო მარსო ლერუამ

„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“, — მალულად დავიწყე კითხვა ჩემს ოთახში. რატომ მალულად? მამაჩემი თავგამოდებული ათეისტი იყო და ცხადია, არ მოეწონებოდა ბიბლიით ხელში რომ დავენახე.

მანამდე ბიბლია არასდროს წამიკითხავს. ამიტომ „დაბადებაში“ ჩაწერილმა ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გულში გავიფიქრე: „აქ ხომ ყველაფერი შეესაბამება ფიზიკის კანონებს, რომლებსაც მე ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავარ!“ კითხვამ იმდენად გამიტაცა, რომ საღამოს რვა საათიდან დილის ოთხ საათამდე წიგნს ვერ მოვწყდი. ასე ჩაეყარა საფუძველი ბიბლიის კითხვის ჩვევას, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვა. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ როგორ მაძლიერებს ბიბლიის კითხვა მთელი ცხოვრება.

„ყოველდღე უნდა იკითხო ის“

დავიბადე 1926 წელს ვერმელში, ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე მეშახტეთა სოფელში. მეორე მსოფლიო ომის დროს ქვანახშირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წიაღისეული იყო. ამიტომ მე, როგორც მეშახტე, სამხედრო სამსახურიდან გამათავისუფლეს. მაგრამ მაინც მსურდა, რომ უკეთესად მეცხოვრა და ამიტომ რადიოელექტრონიკისა და ელექტრონიკის სწავლა დავიწყე. ამ დროს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფიზიკური კანონების ჰარმონიულობამ. როცა 21 წლის ვიყავი, თანაკლასელმა მომცა ბიბლია და მითხრა: „ამ წიგნის წაკითხვა ღირს“. წავიკითხე თუ არა, მაშინვე დავრწმუნდი, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, ხსნა კაცობრიობისთვის.

ვფიქრობდი ჩემს მეზობლებსაც მოეწონებოდათ ბიბლია, ამიტომ ბიბლიის რვა ეგზემპლარი ავიღე. ჩემდა გასაკვირად, დაცინვასა და წინააღმდეგობას შევხვდი. ცრუმორწმუნე ნათესავებმა გამაფრთხილეს: „თუ ერთხელ დაიწყებ ბიბლიის კითხვას, ყოველდღე უნდა იკითხო ის“. ასეც მოხდა და მე ეს არასდროს მინანია. ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ჩვევად მექცა და მთელი ცხოვრება გამყვა.

როცა მეზობლებმა ბიბლიისადმი ჩემი ინტერესის შესახებ გაიგეს, იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციები გადმომცეს, რომლებიც ერთ დროს მოწმეებს მათთვის მიეტანათ. ბროშურაში „ერთი მსოფლიო, ერთი ხელისუფლება“ * (სურათზე ნაჩვენებია ფრანგული ეგზემპლარი) ახსნილი იყო, რატომ მოიხსენიებს ბიბლია ღვთის სამეფოს კაცობრიობის ერთადერთ იმედად (მათ. 6:10). ამ იმედის სხვებისთვის გაზიარება ისე მინდოდა, როგორც არასდროს.

პირველად ბიბლია ჩემგან ბავშვობის მეგობარმა ნოუელმა აიღო. ის კათოლიკე იყო და მან შეგვახვედრა კაცს, რომელიც მღვდლობას აპირებდა. თავიდან ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ წაკითხულიდან ვიცოდი, რომ ფსალმუნის 115:4—8-სა და მათეს 23:9, 10-ის თანახმად, ღმერთი არ იწონებდა თაყვანისცემაში გამოსახულებების გამოყენებასა და მღვდლისთვის რელიგიური ტიტულებით მიმართვას. ამან ძალა შემმატა, რომ ჩემი ახლადშეძენილი რწმენის დამცველად გამოვსულიყავი. შედეგად ნოუელმა მიიღო ჭეშმარიტება და დღემდე იეჰოვას ერთგული მოწმეა.

ერთხელ ჩემს დას ვესტუმრე. მის მეუღლეს სპირიტული წიგნები ჰქონდა და დემონები აწუხებდნენ. მართალია, თავიდან თავს უმწეოდ ვგრძნობდი, მაგრამ ებრაელების 1:14-მა დამარწმუნა, რომ იეჰოვას ანგელოზები მხარში მიდგანან და მეხმარებიან. როდესაც ჩემმა სიძემ გაითვალისწინა ბიბლიური პრინციპები და მოიშორა ყველაფერი, რაც ოკულტიზმს უკავშირდებოდა, დემონების ზეგავლენისგან გათავისუფლდა. ჩემი და და მისი მეუღლე გულმოდგინე მოწმეები გახდნენ.

1947 წელს ერთმა ამერიკელმა მოწმემ, არტურ ემიოტმა, სახლში დამირეკა. მისმა ზარმა ძალიან გამახარა და ვკითხე, სად შეიძლებოდა მოწმეების ნახვა. მან მითხრა, რომ 10 კილომეტრის მოშორებით, ლიევენში, მოწმეთა ჯგუფი იკრიბებოდა. იმ დროისთვის რთული იყო ველოსიპედის შეძენაც კი, ამიტომ რამდენიმე თვე შეხვედრებზე ფეხით დავდიოდი. იეჰოვას მოწმეების საქმიანობა საფრანგეთში რვა წლის განმავლობაში აკრძალული იყო. მთელ ქვეყანაში მხოლოდ 2 380 მოწმე იყო, მათგან ბევრი პოლონეთიდან ემიგრირებული და-ძმები იყვნენ. მაგრამ 1947 წლის 1 სექტემბერს, ჩვენი საქმიანობა საფრანგეთში ისევ კანონიერად აღიარეს. პარიზში, გვიბერტის ვილაში, ფილიალი კვლავ ამოქმედდა. რადგანაც საფრანგეთში ერთი პიონერიც კი არ იყო, „ინფორმატორის“ (ახლა „ჩვენი სამეფო მსახურება“) 1947 წლის დეკემბრის გამოცემაში იყო მოწოდება, რომ დაეწყოთ პიონერად მსახურება და თვეში 150 საათი ექადაგათ. 1949 წელს საათების რაოდენობა 100-მდე შემცირდა. ვინაიდან სრულად ვეთანხმებოდი იოანეს 17:17-ში ჩაწერილ სიტყვებს, „[ღვთის] სიტყვა ჭეშმარიტებაა“, 1948 წელს მოვინათლე. 1949 წლის დეკემბერში კი პიონერად დავიწყე მსახურება.

ციხიდან ისევ დიუნკერკში

პირველი დანიშნულება ქალაქ აჟენში (სამხრეთ საფრანგეთი) მივიღე, მაგრამ იქ ყოფნა დიდხანს არ მომიწია. რადგან მაღაროში აღარ ვმუშაობდი, ჯარში გამიწვიეს. მე უარი ვთქვი, ამიტომ ციხეში ჩამსვეს. იქ ბიბლია არ შემატანინეს, მაგრამ ის მაინც მოვახერხე, რომ „ფსალმუნების“ რამდენიმე გვერდი მეშოვა. მისი კითხვა ძალებს მმატებდა. ციხიდან რომ გამათავისუფლეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო — შემეწყვიტა თუ არა სრული დროით მსახურება იმისათვის, რომ საცხოვრებელი მეშოვა და თავი მერჩინა. ამაშიც, ისევ ბიბლია დამეხმარა. დავფიქრდი პავლეს სიტყვებზე, რომლებიც ფილიპელების 4:11—13-შია ჩაწერილი: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“. ამან გადამაწყვეტინა პიონერად მსახურების გაგრძელება. 1950 წელს დამნიშნეს ქალაქ დიუნკერკში, სადაც მანამდე ვქადაგებდი.

იქ ჩასვლისას არაფერი მებადა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი თითქმის დანგრეული იყო და საცხოვრებელი ადგილის პოვნა ჭირდა. ადრე იქ ერთ ოჯახში დავდიოდი საქადაგოდ და გადავწყვიტე მათთან მივსულიყავი. სახლიდან გამოვიდა ქალი, რომელმაც სიხარულით წამოიძახა: „ბატონო ლერუა, უკვე გაგათავისუფლეს?! ჩემი ქმრის აზრით, ყველა თქვენნაირი რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა“. მათ პატარა სასტუმრო ჰქონდათ და შემომთავაზეს, ტურისტული სეზონის დაწყებამდე მათთან მეცხოვრა. იმავე დღეს არტურ ემიოტის ძმამ, ევანსმა, სამუშაო შემომთავაზა. * ის პორტში მთარგმნელად მუშაობდა და გემისთვის ღამის დარაჯს ეძებდა. მან ჩემი თავი გემის კაპიტნის უფროს თანაშემწეს წარუდგინა. ციხეში ჯდომის გამო იმ დროს ჩხირივით გამხდარი ვიყავი. როცა ევანსმა კაპიტნის თანაშემწეს აუხსნა, თუ რატომ ვიყავი ასე გამხდარი, მან მითხრა, რომ მაცივრიდან საჭმელი გამომეტანა და მეჭამა. საოცარია, ერთ დღეს ვიშოვე საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო და საკვები! ამ შემთხვევამ კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა იესოს სიტყვებისადმი, რომლებიც მათეს 6:25—33-შია ჩაწერილი.

როცა ტურისტული სეზონი დაიწყო, მე და ძმა სიმონ აპოლინარსკის, რომელიც ჩემთან ერთად პიონერად მსახურობდა, საცხოვრებელი ადგილი უნდა გვეპოვა. ორივეს მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი იქ დარჩენა. საცხოვრებელი ერთ ძველ საჯინიბოში შემოგვთავაზეს. იქ ჩალის მატრასებზე გვეძინა. მთელ დღეებს მსახურებაში ვატარებდით. ჩვენ საჯინიბოს მეპატრონესაც ვუქადაგეთ და, სხვა მრავალთან ერთად, მანაც მიიღო ჭეშმარიტება. ცოტა ხანში, ადგილობრივ პრესაში დაიბეჭდა სტატია, რომელიც დიუნკერკის მოსახლეობას „იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის გააქტივების“ შესახებ აფრთხილებდა. მაგრამ დიუნკრეკში იმ დროს ჩემ და სიმონის გარდა, სულ რამდენიმე მოწმე იყო. სირთულეების დროს მოგვიწოდებდნენ, გვეფიქრა ქრისტიანულ იმედსა და იმაზე, თუ როგორ ზრუნავდა იეჰოვა ჩვენზე. 1952 წელს, როდესაც სხვაგან დამნიშნეს, დიუნკრეკში დაახლოებით 30 რეგულარული მაუწყებელი იყო.

ახალი პასუხისმგებლობისთვის გაძლიერებული

ქალაქ ამიენში ცოტა ხნის მსახურების შემდეგ, სპეციალურ პიონერად ბულონ-ბიიანკურში, პარიზის გარეუბანში, დამნიშნეს. ბიბლიის ბევრი შესწავლა მქონდა. ზოგიერთმა მათგანმა მოგვიანებით სრული დროით მსახურება დაიწყო, და ზოგიც მისიონერი გახდა. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, გი მებილე, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი, ჯერ სარაიონო ზედამხედველი, შემდეგ კი საოლქო ზედამხედველი გახდა. მოგვიანებით ის ლუვიეს (პარიზის მახლობლად) ბეთელში დღეს არსებული სტამბის მშენებლობას ზედამხედველობდა. მსახურებაში ხშირმა ბიბლიურმა საუბრებმა გონებაში უფრო მყარად ჩამიბეჭდა ღვთის სიტყვა, რაც სიხარულს მანიჭებდა და უფრო დახელოვნებულ მასწავლებლადაც მხდიდა.

შემდეგ, მოულოდნელად, 1953 წელს სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს ელზას-ლოთარინგიაში, რომლის ანექსიაც გერმანიამ 1871—1945 წლებში ორჯერ მოახდინა. ამიტომ გერმანული ენა უნდა მესწავლა. როდესაც იქ სარაიონო ზედამხედველად მსახურება დავიწყე, სულ რამდენიმე ადამიანს ჰყავდა ავტომობილი. არცთუ ისე ბევრს ჰქონდა ტელევიზორი და საბეჭდი მანქანა, და არავის ჰქონდა ტრანზისტორული რადიო თუ პირადი კომპიუტერი. მიუხედავად ამისა, ჩემი ცხოვრება არც მოსაწყენი იყო და, არც ასკეტური. პირიქით, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო პერიოდი იყო. თვალის სუფთად შენახვის შესახებ ბიბლიური რჩევის თანახმად, დღევანდელობისგან განსხვავებით, იმ დროს ბევრად ნაკლები რამ იყო ისეთი, რაც ღვთის მსახურებიდან ყურადღებას სხვა რამეზე გადაგვატანინებდა (მათ. 6:19—22).

1955 წელს პარიზში ჩატარებული კონგრესი „გამარჯვებული სამეფო“ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს ირენ კოლანსკის, რომელმაც სრული დროით მსახურება ჩემზე ერთი წლით ადრე დაიწყო. მისი პოლონელი მშობლები დიდი ხნის გულმოდგინე მოწმეები იყვნენ. საფრანგეთში მათ ადოლფ ვებერმა უქადაგა. ძმა ვებერი რასელის მებაღე იყო და ევროპაში სასიხარულო ცნობის საქადაგებლად ჩავიდა. მე და ირენი 1956 წელს დავქორწინდით და სარაიონო მსახურება ერთად განვაგრძეთ. წლების განმავლობაში ის მხარში მედგა და შესანიშნავ დახმარებას მიწევდა.

ორი წლის შემდეგ კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა — საოლქო ზედამხედველად დამნიშნეს. მაგრამ, რადგან გამოცდილი ძმები საკმარისად არ იყვნენ, მე განვაგრძობდი ზოგიერთი კრების მონახულებას, როგორც სარაიონო ზედამხედველი. ის პერიოდი მართლაც გადატვირთული იყო. გარდა იმისა, რომ თვეში 100 საათს ვქადაგებდი, ყოველკვირა მოხსენებებით გამოვდიოდი, სამ წიგნის შესწავლას ვინახულებდი, ვამოწმებდი კრების დოკუმენტებს და ანგარიშებს ვამზადებდი. როგორ უნდა გამომესყიდა დრო ღვთის სიტყვის წასაკითხად? ერთადერთი გამოსავალი ვიპოვე — ძველი ბიბლიიდან გვერდებს ვჭრიდი და ზოგიერთი მათგანი თან მიმქონდა. როდესაც მსახურებისას პარტნიორს ველოდებოდი, ამ ფურცლებს ვკითხულობდი. ეს სულიერად გამომაცოცხლებელი წუთები მაძლიერებდა და მსახურების გაგრძელების ძალას მაძლევდა.

1967 წელს მე და ირენი ბულონ-ბიიანკურში საფრანგეთის ბეთელის მუდმივ წევრებად მიგვიწვიეს. მე სამსახურებრივ განყოფილებაში დამნიშნეს, სადაც 40-ზე მეტი წელია ვმსახურობ. ჩემი საქმიანობის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი ბიბლიურ კითხვებზე პასუხების გაცემაა. დიდ კმაყოფილებას მანიჭებს ღვთის სიღრმეებში წვდომა და „სასიხარულო ცნობის დაცვა“ (ფილ. 1:7). დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს საუზმემდე დილის თაყვანისცემის დროს ბიბლიის მიმოხილვა. 1976 წელს საფრანგეთის ფილიალის კომიტეტის წევრად დამნიშნეს.

ცხოვრების საუკეთესო გზა

ცხოვრებაში სირთულეები არაერთხელ გვქონია, მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი ახლა გვაქვს, ვინაიდან ასაკისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო მე და ირენი იმდენს ვერ ვაკეთებთ, რამდენიც გვინდა. თუმცა, ბიბლიის ერთად კითხვა და შესწავლა მომავლის იმედს გვინარჩუნებს. ჩვენი კრების ტერიტორიამდე ავტობუსით მივდივართ, რომ ეს იმედი სხვებსაც გავუზიაროთ. სრული დროით მსახურებაში ერთად 120 წელზე მეტი გავატარეთ, რაც აღგვძრავს, მთელი გულით ვურჩიოთ ყველას, იმსახურონ სრული დროით, რათა ამაღელვებელი, სასიხარულო და აზრით აღსავსე ცხოვრება ჰქონდეთ. როდესაც მეფე დავითმა ფსალმუნის 37:25 დაწერა, ისიც ჩემსავით მოხუცი იყო და მის მსგავსად მეც „არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული“.

მთელი ცხოვრება იეჰოვა თავისი სიტყვით მაძლიერებდა. ჩემმა ნათესავებმა 60-ზე მეტი წლის წინ მიწინასწარმეტყველეს, რომ ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ჩვევად მექცეოდა, და ისინი მართლები იყვნენ. არასდროს მინანია, რომ ასეთი ჩვევა განვივითარე!

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 გამოცემულია 1944 წელს. ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 14 ევანს ემიოტზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 1999 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 22, 23.

[სურათი 5 გვერდზე]

მე და სიმონი

[სურათი 5 გვერდზე]

საოლქო ზედამხედველად მსახურებისას

[სურათი 5 გვერდზე]

მსგავსი ბიბლია მქონდა პირველად

[სურათი 6 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღეს

[სურათი 6 გვერდზე]

მე და ირენი ერთად ვკითხულობთ და ვსწავლობთ ღვთის სიტყვას