არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგიძლიათ რთულ მდგომარეობაში ფინხასივით მოიქცეთ?

შეგიძლიათ რთულ მდგომარეობაში ფინხასივით მოიქცეთ?

შეგიძლიათ რთულ მდგომარეობაში ფინხასივით მოიქცეთ?

კრების უხუცესად მსახურება მართლაც დიდი პატივია. თუმცა, როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, უხუცესებს რთულ სიტუაციებთან უწევთ გამკლავება. დროდადრო მათ უნდა განიხილონ შემცოდველთა საქმეები და ამ დროს ისინი „იეჰოვასთვის . . . ასამართლებენ“ (2 მატ. 19:6). ან ახალი დანიშნულების მიღებისას ზედამხედველი შეიძლება თავს მოუმზადებლად თვლიდეს, როგორც მოსე, რომელმაც თავის დავალებასთან დაკავშირებით თავმდაბლად თქვა: „მე ვინა ვარ, რომ ფარაონთან წავიდე“ (გამ. 3:11).

ბიბლია, რომელიც იმავე სულით დაიწერა, რომელი სულითაც უხუცესები ინიშნებიან, გვაძლევს იმის ცოცხალ მაგალითებს, როგორ შეუძლიათ ზედამხედველებს წარმატებით გაუმკლავდნენ განსაცდელებს. ელეაზარის ვაჟი და აარონის შვილიშვილი ფინხასი მღვდელმთავრის შთამომავალი იყო. მისი ცხოვრებიდან სამი შემთხვევა უხუცესებს უჩვენებს, რომ რთულ მდგომარეობაში მათ გამბედაობა, წვდომის უნარი და იეჰოვაზე მინდობა სჭირდებათ.

„ფინხასი მაშინვე წამოდგა“

ფინხასი ახალგაზრდა იყო, როდესაც ისრაელები მოაბის ველზე იყვნენ დაბანაკებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაიწყო ხალხმა გარყვნილების ჩადენა მოაბის ასულებთან . . . ხალხიც ჭამდა და თაყვანს სცემდა მათ ღმერთებს“ (რიცხ. 25:1, 2). იეჰოვამ შემცოდველებს უბედურება დაატეხა თავს, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ იმოქმედებდა ფინხასზე ჩადენილი ცოდვისა და, შედეგად, შემცოდველების შემუსვრის შესახებ ინფორმაცია?

ბიბლია გვეუბნება: „აი, მოვიდა ერთი ისრაელის ძე და მოიყვანა მიდიანელი ქალი თავის ძმებთან, მოსესა და ისრაელის ძეთა მთელი კრებულის თვალწინ, როცა ისინი შეხვედრის კარვის შესასვლელთან ტიროდნენ“ (რიცხ. 25:6). როგორ მოიქცეოდა მღვდელი ფინხასი? ის შედარებით ახალგაზრდა იყო, შემცოდველი კი — მთავარი, რომელიც ღვთის თაყვანისცემაში ხელმძღვანელობას უწევდა თავის საგვარეულოს (რიცხ. 25:14).

მაგრამ ფინხასს იეჰოვასი ეშინოდა და არა — ადამიანის. როგორც კი მან შემცოდველებს თვალი მოჰკრა, მაშინვე შუბს დაავლო ხელი, გაეკიდა ისრაელ კაცს, შეჰყვა კარავში და ორივეს, კაცსაც და ქალსაც, მუცელში გაუყარა შუბი. როგორ უყურებდა იეჰოვა ფინხასის გამბედაობასა და შეუპოვრობას? იეჰოვამ მაშინვე შეწყვიტა მუსვრა და ფინხასს მღვდლობის შეთანხმება დაუდო სამარადისოდ (რიცხ. 25:7—13).

მართალია, დღეს ქრისტიანი უხუცესები ძალადობას არ მიმართავენ, მაგრამ ფინხასის მსგავსად, ისინიც გამბედავები და შეუპოვრები უნდა იყვნენ. მაგალითად, გილიერმე უხუცესად სულ რამდენიმე თვე მსახურობდა, როცა სამართლებრივ კომიტეტში მიიწვიეს. უნდა განეხილათ იმ უხუცესის საქმე, რომელმაც მას ახალგაზრდობისას დახმარების ხელი გაუწოდა. ის ამბობს: „უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ღამე ძილი არ მეკარებოდა. გონებაში არაერთხელ წარმოვიდგინე, როგორ გადავჭრიდი ამ საკითხს ისე, რომ ემოციებს ჩემი სულიერი ხედვა არ დაებინდა. რამდენიმე დღე ვლოცულობდი და ბიბლიურ პუბლიკაციებს ვიკვლევდი“. სწორედ ეს დაეხმარა მას ასეთ რთულ სიტუაციაში გამბედაობის მოკრებასა და შემცოდველი ძმისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენაში (1 ტიმ. 4:11, 12).

ამა თუ იმ სიტუაციაში გამბედაობისა და შეუპოვრობის გამოვლენით უხუცესები რწმენისა და ერთგულების მაგალითს აძლევენ სხვებს. რა თქმა უნდა, სხვა ქრისტიანებსაც მართებთ გამბედაობის გამოვლენა, როდესაც საქმე სერიოზული ცოდვის გამხელას ეხება. აგრეთვე ერთგულების გამოვლენაა საჭირო, რომ გარიცხულ მეგობართან ან ნათესავთან ურთიერთობა შევწყვიტოთ (1 კორ. 5:11—13).

წვდომის უნარმა არასასურველი შედეგებისგან დაიცვა

ფინხასის გაბედულება მხოლოდ ახალგაზრდული იმპულსურობით არ იყო გამოწვეული. განვიხილოთ, როგორ გამოავლინა მან წვდომის უნარი და გონივრულად და წინდახედულად იმოქმედა, როდესაც ერთი ამბავი შეიტყო. მდინარე იორდანესთან რეუბენის, გადისა და მენაშეს ტომის ნახევარმა სამსხვერპლო ააგეს. სხვა ისრაელებმა დაასკვნეს, რომ ეს ცრუთაყვანისმცემლობა იყო და მათთან საომრად გაემზადნენ (იეს. 22:11, 12).

როგორ მოიქცა ფინხასი? ის ისრაელ თავკაცებთან ერთად ესაუბრა მათ, ვინც ეს სამსხვერპლო ააგო. მათ კი ყველაფერს ნათელი მოჰფინეს და აუხსნეს, რომ სამსხვერპლო „იეჰოვას მსახურებისთვის“ ააგეს. ამგვარად, სისხლისღვრა თავიდან იქნა არიდებული (იეს. 22:13—34).

რა გონივრული იქნებოდა, ქრისტიანს მიებაძა ფინხასისთვის, როდესაც თანაქრისტიანის მიმართ ბრალდებას ან უარყოფით ინფორმაციას ისმენს! წვდომის უნარი დაგვეხმარება, არ გავღიზიანდეთ ან უარყოფითად არ ვილაპარაკოთ ძმებზე (იგავ. 19:11).

როგორ შეიძლება წვდომის უნარი დაეხმაროს უხუცესებს, ფინხასივით მოიქცნენ? ჰაიმე, რომელიც ათ წელზე მეტია უხუცესად მსახურობს, აღნიშნავს: „როდესაც ვინმე მოდის და მეუბნება, რომ თანაქრისტიანთან უთანხმოება აქვს, მაშინვე იეჰოვას მივმართავ დახმარებისთვის, რომ რომელიმე მხარე არ დავიჭირო და ბიბლიური რჩევა მივცე. ერთხელ ერთმა დამ მითხრა, რომ მას სხვა კრების პასუხისმგებელმა ძმამ აწყენინა. ეს ძმა ჩემი მეგობარი იყო, ამიტომ მასთან საუბარი არ გამიჭირდებოდა, მაგრამ მე და ამ დამ რამდენიმე ბიბლიური პრინციპი განვიხილეთ. ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პირველ რიგში თავად უნდა დალაპარაკებოდა ძმას (მათ. 5:23, 24). მათ შორის მშვიდობა მაშინვე არ აღმდგარა. ამიტომ ამ დას ვუთხარი, დაფიქრებულიყო სხვა ბიბლიურ პრინციპებზე. მან გადაწყვიტა კვლავ ელოცა შექმნილ მდგომარეობაზე და იმ ძმისთვის ეპატიებინა“.

რა შედეგი გამოიღო ამან? ჰაიმე იხსენებს: „რამდენიმე თვის შემდეგ ეს და მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ძმამ ინანა თავისი სიტყვები. მან გადაწყვიტა დასთან ერთად წასულიყო მსახურებაში და მისთვის მადლობა ეთქვა. პრობლემა მოგვარდა. განა უკეთეს შედეგს მივაღწევდი, თუ ამ საქმეში ჩავერეოდი და შეიძლება სხვის თვალში მიკერძოებული გამოვჩენილიყავი?“ ბიბლია გვირჩევს: „ნაჩქარევად ნუ წარმართავ სასამართლო საქმეს“ (იგავ. 25:8). წვდომის უნარის მქონე უხუცესები გონივრულად ურჩევენ თანაქრისტიანებს, რომლებსაც სხვებთან უთანხმოება აქვთ, გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები და მშვიდობის მისაღწევად ძალ-ღონე არ დაიშურონ.

ის იეჰოვას დაეკითხა

ფინხასს წილად ხვდა პატივი, ღვთის რჩეული ხალხის მღვდელი ყოფილიყო. როგორც აღინიშნა, ახალგაზრდობიდანვე ის უჩვეულო გამბედაობასა და წვდომის უნარს ავლენდა. მაგრამ მისი წარმატება იეჰოვაზე მინდობამ განაპირობა.

ბენიამინის ტომელი გიბელების მიერ ლევიანის ხარჭის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ, ისრაელის სხვა ტომები მათ წინააღმდეგ ამხედრდნენ (მსაჯ. 20:1—11). ბრძოლის დაწყებამდე მათ ლოცვით მიმართეს იეჰოვას, მაგრამ ორჯერ სასტიკად დამარცხდნენ (მსაჯ. 20:14—25). დაასკვნეს მათ რომ, მათი ლოცვები ამაო იყო? სულ ერთი იყო იეჰოვასთვის, თუ რა რეაქცია ექნებოდათ ისრაელებს გიბელების არასწორ საქციელზე?

ფინხასმა, რომელიც ახლა უკვე ისრაელის მღვდელმთავარი იყო, ამჯერადაც იეჰოვასადმი ურყევი ნდობა გამოავლინა. მან ილოცა და იეჰოვას ჰკითხა: „კიდევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საბრძოლველად თუ აღარ გავიდე?“ იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას და ხელში ჩაუგდო ბენიამინელები, გიბა კი ცეცხლს მისცეს (მსაჯ. 20:27—48).

რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? კრებაში ზოგი პრობლემა შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუგვარებელი დარჩეს, მიუხედავად უხუცესების ძალისხმევისა და ამ საკითხზე არაერთი ლოცვისა. თუ ასე ხდება, კარგია, უხუცესებმა გაიხსენონ იესოს სიტყვები: „ითხოვეთ [ანუ ილოცეთ] და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (ლუკ. 11:9). მაშინაც კი, როდესაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს იეჰოვა აყოვნებს ლოცვებზე პასუხს, ზედამხედველებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ღმერთი თავის დროზე უპასუხებს მათ.

მაგალითად, ირლანდიაში ერთ კრებას სჭირდებოდა სამეფო დარბაზი, მაგრამ ადგილობრივი არქიტექტურის დეპარტამენტის თანამშრომელი მათ მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი. ძმები სამეფო დარბაზის ასაშენებლად სხვადასხვა ადგილს ითხოვდნენ, მაგრამ ის ყოველთვის უარით ისტუმრებდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მხოლოდ არქიტექტურის მთავარი დეპარტამენტის უფროსს შეეძლო შველა. დაეხმარებოდა მათაც ლოცვა, ისევე როგორც ფინხასს დაეხმარა?

ერთი ადგილობრივი უხუცესი იხსენებს: „ბევრი ლოცვისა და ვედრების შემდეგ არქიტექტურის მთავარ დეპარტამენტში მივედით. იქ გვითხრეს, რომ უფროსი ჩვენ მიღებას, ალბათ, რამდენიმე კვირაში თუ შეძლებდა. მაგრამ ვთხოვეთ და მან ხუთი წუთით მიგვიღო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე პროექტს გადახედა, სწრაფადვე მოგვცა მშენებლობის ნებართვა. ამის შემდეგ ადგილობრივი არქიტექტურის დეპარტამენტის თანამშრომელიც ყველანაირად ცდილობდა, დაგვხმარებოდა. ამ შემთხვევამ კარგად დაგვანახვა ლოცვის ძალა“. დიახ, იეჰოვა ყოველთვის პასუხობს იმ უხუცესთა გულწრფელ ლოცვებს, რომლებიც მასზე არიან მინდობილი.

ძველ ისრაელში ფინხასს სერიოზული პასუხისმგებლობები ეკისრა, მაგრამ გამბედაობის, წვდომის უნარისა და იეჰოვაზე მინდობის წყალობით, წარმატებით უმკლავდებოდა სირთულეებს. იეჰოვას მოსწონდა, რომ ფინხასი მთელი გულით ზრუნავდა ღვთის კრებაზე. დაახლოებით 1000 წლის შემდეგ ეზრამ დაწერა: „წარსულში მათი წინამძღოლი ელეაზარის ვაჟი ფინხასი იყო. იეჰოვა იყო მასთან“ (1 მატ. 9:20). დაე, ეს სიტყვები გამართლდეს არა მხოლოდ მათზე, ვინც დღეს ღვთის ხალხს ხელმძღვანელობს, არამედ ყველაზე, ვინც ღმერთს ერთგულად ემსახურება!