არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გონივრული რჩევა დაუქორწინებლებსა და დაქორწინებულებს

გონივრული რჩევა დაუქორწინებლებსა და დაქორწინებულებს

გონივრული რჩევა დაუქორწინებლებსა და დაქორწინებულებს

„ამას თქვენივე სასარგებლოდ გეუბნებით . . . რომ აღგძრათ, სათანადოდ მოიქცეთ და განუწყვეტლივ ემსახუროთ უფალს მოუცდენლად“ (1 კორ. 7:35).

1, 2. რატომ უნდა ეძებდეს ადამიანი ბიბლიურ რჩევას დაქორწინებულობასა თუ დაუქორწინებლობასთან დაკავშირებით?

ცხოვრებაში ცოტა რამ თუ იწვევს ისეთ ბედნიერებას, იმედგაცრუებასა და სევდას, როგორც საპირისპირო სქესთან ურთიერთობა. ამ გრძნობებთან გასამკლავებლად გვჭირდება ღვთის ხელმძღვანელობა; გარდა ამისა, ღვთის ხელმძღვანელობა სხვა მიზეზების გამოც გვჭირდება. დაუქორწინებელ ქრისტიანებს, რომლებიც კმაყოფილი არიან თავიანთი მდგომარეობით, შეიძლება ნათესავები ან მეგობრები გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ დაქორწინდნენ. სხვებს სურთ დაქორწინება, მაგრამ ჯერ ვერ შეხვდნენ ადამიანს, ვისთანაც ოჯახს შექმნიდნენ. ხოლო მათ, ვინც ერთმანეთს ხვდებიან, სჭირდებათ ხელმძღვანელობა, რომ მოემზადონ მომავალი მეუღლის მოვალეობების შესასრულებლად. ყველა ქრისტიანი, განურჩევლად იმისა, დაქორწინებულია თუ არა, დგას ზნეობრივ საკითხთან დაკავშირებული გამოცდის წინ.

2 აქ საქმე არა მხოლოდ პირად ბედნიერებას ეხება, არამედ იეჰოვა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას. კორინთელებისთვის მიწერილი პირველი წერილის მე-7 თავში პავლემ რჩევები მისცა დაქორწინებულებსაც და დაუქორწინებლებსაც. მისი მიზანი იყო, მკითხველები აღეძრა, „სათანადოდ მოქცეულიყვნენ და განუწყვეტლივ ემსახურათ უფლისთვის მოუცდენლად“ (1 კორ. 7:35). ამ მნიშვნელოვან საკითხებზე პავლეს რჩევის განხილვისას, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე — დაქორწინებული ხართ თუ არა — დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ უფრო მეტად ემსახუროთ იეჰოვას.

სერიოზული პირადი გადაწყვეტილება

3, 4. ა) რა შეიძლება მოჰყვეს, თუ დაუქორწინებელი ადამიანის მეგობრები ან ნათესავები მეტისმეტად წუხან მის მდგომარეობაზე? ბ) როგორ შეიძლება დაეხმაროს პავლეს რჩევა ადამიანს, გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდეს ქორწინებაზე?

3 როგორც პირველი საუკუნის ისრაელ ერში, ისე დღეს მრავალ კულტურაში ქორწინებას უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თუ ახალგაზრდა მამაკაცი ან ქალი გასცდება გარკვეულ ასაკს და ჯერ არ დაოჯახებულა, შეწუხებული მეგობრები ან ნათესავები თავს ვალდებულად თვლიან, რომ რჩევა მისცენ მათ. საუბრებში შეიძლება უთხრან, რომ დროა მეტად იაქტიურონ. შეიძლება გაკვრით მიანიშნონ, რომ ყურადღება მიაქციონ კონკრეტულ პიროვნებას ან ერთმანეთს შეახვედრონ ისინი. ასეთმა საქციელმა, შესაძლოა, უხერხული სიტუაციები და გულის ტკენა გამოიწვიოს, რასაც შეიძლება მეგობრობაც კი ემსხვერპლოს.

4 პავლე არასდროს ახდენდა ზეწოლას ვინმეზე, დაქორწინებულიყო ან დაუქორწინებელი დარჩენილიყო (1 კორ. 7:7). ის სიამოვნებით ემსახურებოდა იეჰოვას უცოლოდ, მაგრამ პატივს სცემდა სხვების უფლებას, ჰყოლოდათ მეუღლე. დღესაც თითოეულ ქრისტიანს აქვს უფლება, პირადად გადაწყვიტოს დაქორწინდეს თუ — არა. არავინ არ უნდა დააძალოს სხვას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება.

საუკეთესოდ გამოიყენეთ დაუქორწინებლობა

5, 6. რატომ ანიჭებდა პავლე უპირატესობას დაუქორწინებლობას?

5 კორინთელებისთვის მიწერილი სიტყვებიდან ჩანს პავლეს დადებითი თვალსაზრისი დაუქორწინებლობაზე (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:8 ). მიუხედავად იმისა, რომ პავლე დაუქორწინებელი იყო, ის თავს დაქორწინებულებზე აღმატებულად არ თვლიდა, როგორც ეს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებაშია მიღებული. მაგრამ მოციქულმა ყურადღება გაამახვილა იმ უპირატესობაზე, რაც დაუქორწინებლობას ახლავს თან, როცა საქმე სასიხარულო ცნობის ქადაგებას ეხება. რა უპირატესობაზეა საუბარი?

6 დაუქორწინებელი ქრისტიანებისთვის ხშირად უფრო ადვილია იეჰოვას მსახურებაში ისეთი დავალებების მიღება, რაც დაქორწინებულებისთვის შეუძლებელია. პავლეს წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო „უცხოტომელთა მოციქული“ (რომ. 11:13). წაიკითხეთ საქმეების 13—20-ის ჩათვლით თავები. კითხვისას წარმოიდგინეთ, როგორ მიდიან პავლე და მისი თანამსახურები სხვადასხვა ტერიტორიებზე და როგორ აფუძნებენ იქ კრებებს. მსახურებაში პავლემ ისეთი სირთულეები გადაიტანა, რომლებსაც დღეს ცოტანი თუ შეხვდებიან (2 კორ. 11:23—27, 32, 33). მაგრამ სიხარული, რომელიც მისთვის მრავალი ადამიანის მოწაფედ მომზადებას მოჰქონდა, ღირდა ამ სირთულეების ატანად (1 თეს. 1:2—7, 9; 2:19). შეძლებდა ის ყოველივე ამის მიღწევას, ცოლი ან შვილები რომ ჰყოლოდა? ალბათ, ვერა.

7. მოიყვანეთ დაუქორწინებელი დების მაგალითი, რომლებმაც თავიანთი მდგომარეობა სამეფო საქმეში მეტი მონაწილეობის მისაღებად გამოიყენეს.

7 ბევრი დაუქორწინებელი ქრისტიანი თავის მდგომარეობას სამეფო საქმეში მეტი მონაწილეობის მისაღებად იყენებს. ორი ბოლივიელი დაუქორწინებელი პიონერი და, სარა და ლიმბანია, გადავიდნენ სოფელში, სადაც წლების განმავლობაში მოწმეებს არ უქადაგიათ. იყო მათთვის პრობლემა ის, რომ ელექტროენერგია არ ჰქონდათ? მათ თქვეს: „ხალხს არც რადიო და არც ტელევიზორი ჰქონდა. ასე რომ, თავისუფალ დროს კითხვაში ატარებდნენ“. სოფლის ზოგიერთმა მკვიდრმა პიონერებს აჩვენა იეჰოვას მოწმეების მიერ დიდი ხნის წინ გამოცემული პუბლიკაციები, რომელთაც ჯერ კიდევ კითხულობდნენ. თითქმის ყველა დაინტერესდა ბიბლიური ჭეშმარიტებით, ამიტომ დებს უჭირდათ ყველას მონახულება. ერთ-ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა მათ უთხრა: „როგორც ჩანს, აღსასრული ახლოსაა, რადგან იეჰოვას მოწმეებმა ჩვენამდეც მოაღწიეს“. იმ სოფელში ზოგმა მალე კრების შეხვედრებზე დაიწყო სიარული.

8, 9. ა) რას გულისხმობდა პავლე, როდესაც დაუქორწინებლობაზე დადებითად საუბრობდა? ბ) რა უპირატესობებით სარგებლობენ დაუქორწინებელი ქრისტიანები?

8 რა თქმა უნდა, დაქორწინებული ქრისტიანებიც აღწევენ ბრწყინვალე შედეგებს რთულ ტერიტორიებზე სასიხარულო ცნობის ქადაგებისას. მაგრამ დაქორწინებული ან ბავშვიანი ქრისტიანისთვის რთული იქნებოდა ზოგიერთი იმ დანიშნულების მიღება, რომელსაც დაუქორწინებელი პიონერები შეძლებდნენ. პავლე ხედავდა, რომ ადგილობრივ კრებებში მაუწყებლებს სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად ჯერ კიდევ ბევრი უნდა ეშრომათ. მას უნდოდა, ყველას განეცადა სიხარული, რასაც თვითონ განიცდიდა. სწორედ ამიტომ საუბრობდა პავლე დადებითად იეჰოვასთვის დაუქორწინებლად მსახურებაზე.

9 შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა დაუქორწინებელმა პიონერმა დამ დაწერა: „ზოგი თვლის, რომ ბედნიერება დაუქორწინებელთათვის არ არსებობს. მაგრამ მე დავრწმუნდი, რომ ბედნიერება იეჰოვასთან მეგობრობაზეა დამოკიდებული. თუმცა დაუქორწინებლობა მსხვერპლია, მაგრამ ის საოცარი ძღვენიცაა, თუ მას სწორად გამოიყენებ“. შემდეგ მან დასძინა: „ბედნიერებისთვის დაუქორწინებლობა დაბრკოლება კი არ არის, არამედ პირიქით, ხელს უწყობს მას. ვიცი, რომ იეჰოვას ყველა უყვარს მიუხედავად იმისა, დაქორწინებულია თუ — არა“. ის სიხარულით მსახურობს იქ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. თუ დაუქორწინებელი ხართ, შეგიძლიათ ეს თავისუფლება გამოიყენოთ იმისათვის, რომ სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებას უფრო მეტი დრო დაუთმოთ? დაუქორწინებლობა თქვენთვისაც შეიძლება იეჰოვასგან ბოძებული ფასდაუდებელი ძღვენი გახდეს.

მარტოხელები, რომელთაც დაქორწინება სურთ

10, 11. როგორ დაეხმარება იეჰოვა ქრისტიანებს, რომლებსაც დაქორწინება სურთ, მაგრამ ჯერ ვერ შეხვდნენ მას, ვისთანაც ოჯახს შექმნიდნენ?

10 გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვას მრავალი დაუქორწინებელი ერთგული მსახური იღებს გადაწყვეტილებას, დაქორწინდეს. მათ ესმით, რომ სჭირდებათ ხელმძღვანელობა შესაფერისი მეუღლის პოვნაში და იეჰოვას სთხოვენ დახმარებას (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:36 ).

11 თუ გსურთ დაქორწინდეთ მასზე, ვინც მთელი გულით ემსახურება იეჰოვას, არ შეწყვიტოთ ლოცვა ამის შესახებ (ფილ. 4:6, 7). რამდენ ხანსაც არ უნდა მოგიწიოთ ლოდინი, გული არ გაიტეხოთ. მიენდეთ მოსიყვარულე ღმერთს და ის აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ გაუმკლავდეთ თქვენს მდგომარეობას (ებრ. 13:6).

12. რატომ უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი სერიოზულად, როდესაც ვინმე ოჯახის შექმნას სთავაზობს?

12 დაქორწინების მსურველ დას ან ძმას შეიძლება ოჯახის შექმნა შესთავაზოს სულიერად სუსტმა ქრისტიანმა ან, სულაც, არა იეჰოვას მოწმემ. თუ თქვენ შემთხვევაშიც ასე მოხდება, გახსოვდეთ, რომ არასწორი არჩევნით გამოწვეული ტკივილი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მარტოობის დამთრგუნველი გრძნობა. ქორწინების საკითხში ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება, კარგი იქნება თუ ცუდი, მთელ თქვენს ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას (1 კორ. 7:27). სასოწარკვეთილების ნიადაგზე ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოგვიანებით ინანებთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:39 ).

რეალური თვალსაზრისი ოჯახზე

1315. რა მოსალოდნელი პრობლემების შესახებ უნდა ისაუბროს წყვილმა ქორწინებამდე?

13 პავლე უპირატესობას ანიჭებდა იეჰოვასთვის დაუქორწინებლად მსახურებას, მაგრამ ის ზემოდან არ დაჰყურებდა მათ, ვინც დაქორწინებას გადაწყვეტდა. მან ღვთის შთაგონებით რჩევაც კი მისცა წყვილებს იმის თაობაზე, რომ რეალური თვალსაზრისი ჰქონოდათ ოჯახზე და ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა ეს კავშირი მარადიულად შეენარჩუნებინათ.

14 ზოგიერთ წყვილს არარეალური წარმოდგენა აქვს, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი, ამიტომ მათ თვალსაზრისი უნდა შეიცვალონ. ტრფობის პერიოდში, წყვილს ჰგონია, რომ მათი სიყვარული განსაკუთრებულია და მსგავსად არასდროს არავის ჰყვარებიათ ერთმანეთი. ისინი ფიქრობენ, რომ მათ იდეალური ცოლ-ქმრობა ექნებათ. ქორწინებისას ისინი ყველაფერს ლამაზ ფერებში ხედავენ და სჯერათ, რომ მათ ბედნიერებას ხელს ვერაფერი შეუშლის. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ასე არ ხდება. რომანტიკული გრძნობები ქორწინებას ალამაზებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რომ წყვილი მზად იყოს იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ნებისმიერ ქორწინებას სდევს თან (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:28 ). *

15 მრავალი ახალდაქორწინებული იმედგაცრუებული რჩება, როცა აღმოაჩენს, რომ მნიშვნელოვან საკითხებში ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. შეიძლება უთანხმოების მიზეზი იყოს ის, თუ როგორ დახარჯონ ფული, როგორ დაისვენონ, სად იცხოვრონ და რამდენად ხშირად მოინახულონ მშობლები. თითოეულს აქვს პიროვნული ნაკლოვანებები, რომლებიც შესაძლოა, მეუღლეს აღიზიანებდეს. თუ ქორწინებამდე წყვილი ასეთ საკითხებს დიდ ყურადღებას არ აქცევს, ქორწინების შემდეგ ისინი შეიძლება სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს. კარგია, როცა წყვილი მსგავს საკითხებზე ქორწინებამდე მსჯელობს.

16. რატომ უნდა შეთანხმდეს ცოლ-ქმარი, როგორ მოაგვარონ ოჯახური პრობლემები?

16 ოჯახი წარმატებული და ბედნიერი რომ იყოს, ცოლ-ქმარმა სირთულეები ერთად უნდა გადალახონ. ისინი უნდა შეთანხმდნენ, როგორ აღზარდონ შვილები და როგორ იზრუნონ ასაკოვან მშობლებზე. ოჯახურმა პრობლემებმა ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ უნდა დააშოროს. ბიბლიური რჩევის გათვალისწინება წყვილს დაეხმარება, მოაგვაროს მრავალი პრობლემა, აიტანოს გადაუჭრელი პრობლემები და იცხოვროს ბედნიერად (1 კორ. 7:10, 11).

17. რა „ქვეყნიური საქმეები“ უნდა აფიქრებდეს ცოლ-ქმარს?

17 პავლემ 1 კორინთელების 7:32—34-ში ოჯახთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეალობა მოიხსენია (წაიკითხეთ). ცოლ-ქმარს აფიქრებს ისეთი „ქვეყნიური საქმეები“, როგორიცაა: საკვები, ჩასაცმელი, თავშესაფარი და სხვა ყოფითი საკითხები. რატომ? დაუქორწინებელი ძმა მთელ დროსა და ენერგიას შეიძლება მსახურებას ახმარს. მაგრამ ქმარი ვალდებულია ამ დროისა და ენერგიის გარკვეული ნაწილი ცოლზე ზრუნვას დაუთმოს და მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროს. იმავეს თქმა შეიძლება ცოლზეც ქმართან მიმართებაში. ბრძენ ღმერთ იეჰოვას ესმის, რომ მათ ეს სჭირდებათ. მან იცის, რომ წარმატებული ქორწინებისთვის როგორც ქმრისგან, ისე ცოლისგან მოითხოვება დრო და ენერგია, რომელსაც ისინი დაქორწინებამდე მისადმი მსახურებას ახმარდნენ.

18. მეგობრებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, რა ცვლილებები უნდა მოახდინოს წყვილმა დაქორწინების შემდეგ?

18 თუ ცოლ-ქმარი ღვთის მსახურებისთვის განკუთვნილი დროისა და ენერგიის ნაწილს ერთმანეთს უნდა უთმობდნენ, განა ეს იმ დროსაც არ ეხება, რომელსაც ისინი ქორწინებამდე მეგობრებთან დასვენებასა და დროის გატარებას ახმარდნენ? როგორ იმოქმედებდა ცოლზე, თუ ქმარი ძველებურად გააგრძელებდა თავის მეგობრებთან დროის გატარებას? ან როგორ იგრძნობდა თავს ქმარი, თუ ცოლი დროის დიდ ნაწილს დაქალებთან ურთიერთობაში დახარჯავდა? ყურადღებას მოკლებული ცოლი ან ქმარი შეიძლება მარტოდ და უბედურად გრძნობდეს თავს ან ფიქრობდეს, რომ მეუღლეს არ უყვარს. ამ ყოველივეს თავიდან არიდება შეიძლება, თუ ორივენი ცდილობენ ცოლ-ქმრული კავშირის განმტკიცებას (ეფეს. 5:31).

იეჰოვა ზნეობრივ სიწმინდეს მოითხოვს

19, 20. ა) რატომ არ არიან დაქორწინებულები უზნეობის ჩადენისგან დაზღვეულნი? ბ) რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ოჯახს, თუ ცოლ-ქმარი დიდი ხნით შორდება ერთმანეთს?

19 იეჰოვას მსახურებმა ზნეობრივი სისუფთავე უნდა შეინარჩუნონ. ზოგიერთი სწორედ ამ მიზეზით ქორწინდება. თუმცა ქორწინება ავტომატურად არ ხსნის სექსუალური უზნეობის ჩადენის საფრთხეს. ბიბლიურ დროს ადამიანი მხოლოდ მაშინ იყო დაცული, თუ გალავნიან ქალაქში იმყოფებოდა. თუ ის ქალაქიდან გავიდოდა, შეიძლებოდა ყაჩაღების ან მოთარეშეების მსხვერპლი გამხდარიყო და სიცოცხლეც კი დაეკარგა. მსგავსადვე, დაოჯახებულები მაშინ არიან დაცულნი ზნეობრივ საკითხებში, როცა იმ საზღვრებს არ სცდებიან, რომლებიც ქორწინების დამფუძნებელმა დაუდგინა მათ.

20 პავლე ამ საზღვრების, ანუ შეზღუდვების, შესახებ 1 კორინთელების 7:2—5-ში საუბრობს. სექსუალური ურთიერთობა ცოლ-ქმარს მხოლოდ ერთმანეთთან უნდა ჰქონდეთ. თითოეული ვალდებულია, შეასრულოს ცოლ-ქმრული მოვალეობა, ანუ დააკმაყოფილოს მეუღლის სექსუალური მოთხოვნილება, რის უფლებაც ორივეს აქვს. მაგრამ ზოგი ცოლ-ქმარი დიდი ხნით შორდება ერთმანეთს, მაგალითად სამუშაოს გამო, ან ცალ-ცალკე მიდიან შვებულებაში, რის გამოც ვერ ასრულებენ ერთმანეთის წინაშე „თავიანთ მოვალეობას“. წარმოიდგინეთ, რამხელა ტრაგედია დატრიალდება, თუ „თავდაუჭერლობის გამო“ ადამიანი მოექცევა სატანის გავლენის ქვეშ და იმრუშებს. იეჰოვა აკურთხებს ოჯახის თავებს, რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფენ თავიანთ ოჯახებს ისე, რომ ქორწინებას საფრთხე არ შეექმნას (ფსალმ. 37:25).

რა სარგებლობა მოაქვს ბიბლიური რჩევის გათვალისწინებას?

21. ა) რატომ არის რთული გადასაწყვეტი დაქორწინება-არდაქორწინების საკითხი? ბ) რატომ არის პრაქტიკული 1 კორინთელების მე-7 თავში მოცემული რჩევა?

21 დაქორწინდეს თუ დაუქორწინებელი დარჩეს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანი იღებს. ადამიანთა არასრულყოფილება ხშირად ხდება ურთიერთობებში პრობლემების მიზეზი. ასე რომ, ისინიც კი, ვინც იეჰოვას მოწონებითა და კურთხევებით სარგებლობენ, ბოლომდე ვერ გაექცევიან გულგატეხილობას, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულები არიან თუ არა. ყველას, ვინც ითვალისწინებს 1 კორინთელების მე-7 თავში ჩაწერილ რჩევას, შეუძლია ასეთი პრობლემები მინიმუმამდე დაიყვანოს და იეჰოვას თვალში კარგად მოიქცეს, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულია თუ დაუქორწინებელი (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:37, 38 ). ღვთის მოწონების მიღება საუკეთესო მიზანია. სწორედ ამის წყალობით შეძლებთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას. იქ მამაკაცებსა და ქალებს აღარ ექნებათ პრობლემები, რომლებიც დღეს ასე ფართოდ არის გავრცელებული.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 იხილეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, თავი 2, აბზაცები 16—19.

შეგიძლიათ უპასუხოთ?

• რატომ არ უნდა ერეოდნენ სხვები მეგობრის თუ ნათესავის დაქორწინება-არდაქორწინების საკითხში?

• როგორ შეგიძლიათ საუკეთესოდ გამოიყენოთ დრო, როგორც იეჰოვას დაუქორწინებელმა მსახურმა?

• როგორ შეუძლია წყვილს, რომელიც დაქორწინებას აპირებს, მოემზადოს მომავალი სირთულეების გადასალახავად?

• რატომ არ იცავს ავტომატურად ადამიანს ქორწინება სექსუალური უზნეობისგან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 14 გვერდზე]

დაუქორწინებელი ქრისტიანები, რომლებიც მსახურებას მეტ დროს უთმობენ, დიდ სიხარულს განიცდიან

[სურათი 16 გვერდზე]

რა ცვლილებები უნდა მოახდინონ ზოგიერთებმა დაქორწინების შემდეგ?