არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა უნდა გავაკეთო, როდესაც ბიბლიური კითხვა მიჩნდება ან პირადი პრობლემის მოსაგვარებლად რჩევა მჭირდება?

იგავების 2:1—5 თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს, განძივით ვეძებოთ გამჭრიახობა და გაგების უნარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ბიბლიურ კითხვებზე პასუხებისა და ჩვენი პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ინფორმაციის მოსაძებნად. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

წიგნ „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“, 33—38-ე გვერდებზე ახსნილია, „როგორ უნდა გამოიკვლიო“ ესა თუ ის საკითხი ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული საშუალებებით (მათ. 24:45). ამ წიგნის 36-ე გვერდზე ახსნილია, როგორ გამოვიყენოთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“, რომელიც ორი ნაწილისგან, საგნობრივი და ბიბლიური მუხლების საძიებლისგან, შედგება. ეს შესაძლებელს ხდის ძირითადი სიტყვების ან ბიბლიური მუხლების საშუალებით იმ მასალის პოვნას, რომელიც გაინტერესებთ. გამოავლინეთ მოთმინება, როდესაც კონკრეტულ პასუხს ან მითითებას ეძებთ. გახსოვდეთ, თქვენ ეძებთ „დამალულ განძს“, რომლის პოვნასაც დრო და ძალისხმევა სჭირდება.

რა თქმა უნდა, არის საკითხები ან ბიბლიური მუხლები, რომელთა პირდაპირ ახსნას პუბლიკაციებში ვერ იპოვით. მაშინაც კი, როდესაც ესა თუ ის ბიბლიური მუხლი იხსნება, შეიძლება იმ კონკრეტულ მხარეზე არ იყოს ყურადღება გამახვილებული, რომელიც გაინტერესებთ. აგრეთვე, ზოგიერთი ბიბლიური მონაკვეთიც გარკვეულ კითხვებს ბადებს, ვინაიდან წერილებში ყველა დეტალი არ არის მოხსენიებული. ამგვარად, შეუძლებელია, ყველა წამოჭრილ კითხვაზე დაუყოვნებლივ პასუხის მიღება. ასეთ დროს არ უნდა დავიწყოთ ვარაუდები ისეთ კითხვებზე, რომლებზეც პასუხებს ვერ მივიღებთ, რათა არ ვიკამათოთ „გამოსაკვლევ კითხვებზე . . . იმის ნაცვლად, რომ მოვემსახუროთ იმ ყოველივეს გავრცელებას, რაც ღვთისგან მომდინარეობს“ (1 ტიმ. 1:4; 2 ტიმ. 2:23; ტიტ. 3:9). ვერც ფილიალიდან და ვერც მსოფლიოს მთავარი სამმართველოდან ვერ მივიღებთ პასუხებს ისეთ კითხვებზე, რომლებიც ჩვენს ლიტერატურაში არ არის განხილული. კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმით, რომ ბიბლია გვაწვდის არა მარტო სათანადო ინფორმაციას და ცხოვრებაში გვხელმძღვანელობს, არამედ იმითაც, რომ მასში გარკვეული საკითხები დეტალურად არ არის განხილული, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ბიბლიის ავტორისადმი მტკიცე რწმენა გამოვავლინოთ (იხილეთ წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“, გვერდები 185—187).

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც გამოიკვლიეთ ყველაფერი, რაც თქვენს პრობლემას ეხებოდა, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენთვის საჭირო მითითება ან გამოსავალი? არ მოგერიდოთ მიმართოთ მოწიფულ თანაქრისტიანს, მაგალითად, თქვენი კრების ერთ-ერთ უხუცესს. მათ საკმაოდ კარგად იციან ბიბლია და ქრისტიანული ცხოვრების გამოცდილებაც აქვთ. თუ პირად პრობლემასთან ან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რჩევა გჭირდებათ, მათ შეუძლიათ გაწონასწორებული დახმარების აღმოჩენა, ვინაიდან კარგად გიცნობენ პირადად თქვენ, ახლოს არიან თქვენთან და იციან თქვენი მდგომარეობა. არასოდეს დაგავიწყდეთ, ლოცვაში გაანდოთ იეჰოვას თქვენი საწუხარი და სთხოვოთ, რომ თქვენი ფიქრები მართოს წმინდა სულმა, „ვინაიდან იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს . . . [და] გამჭრიახობას“ (იგავ. 2:6; ლუკ. 11:13).