რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიფხიზლოთ?
რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიფხიზლოთ?
„რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:3). ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას იესომ ყურადღება გაამახვილა ნიშანზე, რომელიც იქნებოდა ნათელი, დეტალური, ადვილად ამოსაცნობი და შეუცდომელი, როგორც ეს მათეს 24-ე, მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებშია ჩაწერილი. იესომ დასძინა: „იფხიზლეთ“ (მათ. 24:42).
თუ ნიშანი, თავისთავად, ასეთი ცხადია, რა საჭირო იყო დამატებითი გაფრთხილება? დავფიქრდეთ ორ მხარეზე. პირველი, ყურადღების სხვა რამეზე გადატანამ შეიძლება ამ ნიშნის უგულებელყოფა გამოიწვიოს, რასაც შედეგად სულიერობისა და სიფხიზლის დაკარგვა მოჰყვება. მეორე, ქრისტიანი შეიძლება ხედავდეს ნიშნის გარკვეულ დეტალებს, მაგრამ ვინაიდან ნიშანი უშუალოდ იქ არ ხდება, სადაც ცხოვრობს, ეს გავლენას არ ახდენს მასზე. შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ იესოს წინასწარმეტყველების კულმინაცია, „დიდი გასაჭირი“, ჯერ კიდევ შორს არის, ამიტომ არ არის აუცილებელი სიფხიზლე (მათ. 24:21).
„არაფერი ანაღვლებდათ“
იესომ თავის მიმდევრებს ნოეს თანამედროვეები გაახსენა. ნოეს ქადაგება, უზარმაზარი კიდობნის აგება და იმ დროისთვის გაბატონებული ბოროტება შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მიუხედავად ამისა, უმეტესობას „არაფერი ანაღვლებდა“ (მათ. 24:37—39). მსგავსი დამოკიდებულებაა გაფრთხილებების მიმართ დღესაც. მაგალითად, სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშანი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ბევრი მძღოლი უგულებელყოფს მას. მათ, ვინც პასუხისმგებელია უსაფრთხო მოძრაობაზე, უწევთ ქუჩებში „მწოლიარე პოლიციელების“ დამონტაჟება, რომ მძღოლებს იძულებით შეანელებინონ სვლა. მსგავსადვე, შეიძლება ქრისტიანი ამჩნევდეს ბოლო დღეების ნიშანს, მაგრამ არ თვლიდეს, რომ ეს პირადად მას ეხება. დასავლეთ აფრიკაში მცხოვრებ ერთ მოზარდს, არიელს, ზუსტად ეს შეემთხვა.
არიელს უყვარდა ქალების ხელბურთის ყურება ტელევიზორში. ერთხელ, ხელბურთის გუნდი მის სკოლაში ჩამოყალიბდა. ამ გოგონას იმდენად სურდა თამაში, რომ უგულებელყო შესაძლო საფრთხე, რომელიც მის სულიერობას ემუქრებოდა. ის მეკარედ დააყენეს. რა მოჰყვა ამას? არიელი ყვება: «ჩემი თანაგუნდელების შეყვარებულები ეწეოდნენ და ნარკოტიკებს იღებდნენ. ისინი დამცინოდნენ, რადგან მათგან განვსხვავდებოდი, მაგრამ ვფიქრობდი, გავუმკლავდებოდი ამას. ჩემდა გასაკვირად, ჩემს სულიერობაზე უარყოფითად თვითონ თამაშმა იმოქმედა. ჩემი გონება და გული მთლიანად ხელბურთმა დაიკავა. კრების დროსაც კი ჩემი ფიქრები ფრენბურთის მოედანზე დაფრინავდა. ამან ჩემს ქრისტიანულ თვისებებზეც იმოქმედა. ახლა უკვე თამაში კი არა, გამარჯვება იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ვარჯიშს ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ახლადშეძენილი მეტოქეობის სული დამეკმაყოფილებინა. ძალიან დაძაბული გავხდი და ხელბურთს მეგობრობაც კი შევწირე.
კულმინაცია დადგა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდს ჩვენს კარში პენალტი უნდა დაერტყა. ბურთის მოსაგერიებლად გავემზადე. გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, ისე ვთხოვე იეჰოვას, რომ
დამხმარებოდა, ეს გოლი არ გამეშვა. ამ შემთხვევამ დამანახა, თუ რამდენად ცუდ მდგომარეობაში იყო ჩემი სულიერობა. რა დამეხმარა სულიერი ძალების აღდგენაში?ნანახი მქონდა DVD-ფილმი „რა გზა ავირჩიო ცხოვრებაში?“ *, მაგრამ გადავწყვიტე ისევ მეყურებინა და სერიოზულად დავფიქრებულიყავი. მეც ხომ ამ ფილმის მთავარი მოქმედი გმირის, ანდრეს, მსგავს მდგომარეობაში ვიყავი. განსაკუთრებით გულთან ახლოს მივიტანე ის, რაც ერთმა უხუცესმა ანდრეს ურჩია, ფილიპელების 3:8-ის წაკითხვა და ამ მუხლზე დაფიქრება. ამან გაჭრა, და მე გუნდი დავტოვე.
ამან დიდი ცვლილებები გამოიწვია. მეტოქეობის სული და სტრესი, რომელსაც გამუდმებით განვიცდიდი, თვალსა და ხელს შუა გაქრა. თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ქრისტიან მეგობრებსაც დავუახლოვდი. სულიერი საქმეები ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა. კრების შეხვედრებზე ყურადღებით ვიყავი და მოსმენილი სიამოვნებას მანიჭებდა. მსახურებაშიც უფრო აქტიური გავხდი და ახლა რეგულარულად ვმსახურობ დამხმარე პიონერად».
თუ ყურადღების სხვა რამეზე გადატანის გამო იესოს მიერ მოცემული ნიშანი უგულებელყავით, არიელის მსგავსად, მოახდინეთ სერიოზული ცვლილებები. აი, რის გაკეთება შეგიძლიათ. გამოიყენეთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“. ის შედარებულია რუკასთან, რომლითაც დამალული განძის პოვნაა შესაძლებელი. იქ იპოვით გონივრულ რჩევებს და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ სძლიეს სხვებმა განსაცდელებს. კარგად მოემზადეთ და გააკეთეთ ჩანაწერები, რათა ქრისტიანულმა შეხვედრებმა მეტი სარგებლობა მოგიტანოთ. ზოგს დიდ დახმარებას უწევს წინა რიგებში ჯდომა. როცა კრების მსვლელობისას აუდიტორიას კომენტარებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა, შეეცადეთ განხილვის დაწყებისთანავე გააკეთოთ კომენტარი. გარდა ამისა, მიმდინარე მოვლენები დაუკავშირეთ ნიშანსა და „ბოლო დღეებისთვის“ დამახასიათებელ სხვა თავისებურებებს, და ამგვარად შეინარჩუნეთ სულიერი სიფხიზლე (2 ტიმ. 3:1—5; 2 პეტ. 3:3, 4; გამოცხ. 6:1—8).
„მზად იყავით“
ბოლო დღეების ნიშანი „მთელ მსოფლიოში“ აშკარად ჩანს (მათ. 24:7, 14). მრავალი ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც მძვინვარებს ეპიდემიები, ხალხი განიცდის საკვების უკმარისობას, ხშირად ხდება მიწისძვრები და სხვა ნაწინასწარმეტყველები მოვლენები. ამის საპირისპიროდ, ბევრი შედარებით მშვიდობიან და წყნარ გარემოში ცხოვრობს. უნდა დაასკვნათ, რომ დიდი გასაჭირი ჯერ კიდევ შორს არის, თუ პირადად თქვენზე არ უმოქმედია ამ ნიშნის რომელიმე ნაწილს? ეს ნამდვილად არ იქნებოდა გონივრული.
მაგალითად, იფიქრეთ იესოს წინასწარმეტყველებაზე „ეპიდემიებისა და საკვების უკმარისობის“ შესახებ (ლუკ. 21:11). ჯერ ერთი, იესოს არ უთქვამს, რომ ეს მოვლენები ერთდროულად ან ერთი და იმავე ინტენსივობით მოხდებოდა ყველგან. პირიქით, მან თქვა, რომ ეს „ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ მოხდებოდა. ასე რომ, არც უნდა მოველოდეთ, რომ ერთი და იგივე მოვლენები ერთდროულად ყველგან მოხდება. მეორე, საკვების უკმარისობის მოხსენიების შემდეგ, იესომ აღნიშნა, რომ თავისი მიმდევრებიდან ზოგი ფხიზლად უნდა ყოფილიყო, რათა გადამეტებულ ჭამა-სმას არ გადაჰყოლოდნენ და დაკვირვებოდნენ საკუთარ თავს, რომ გული არ დამძიმებოდათ (ლუკ. 21:34). ამგვარად, ყველა ქრისტიანზე არ იმოქმედებდა ნიშნის ყველა ნაწილი. პირიქით, იესომ თქვა: „როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო“ (ლუკ. 21:31). თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით შეგვიძლია დავინახოთ ნიშნის ყველა ნაწილი, მიუხედავად იმისა, პირადად ჩვენზე მოქმედებს ის თუ — არა.
ისიც გახსოვდეთ, რომ იეჰოვას უკვე დანიშნული აქვს დიდი გასაჭირის დაწყების „დღე და საათი“ (მათ. 24:36). როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები დედამიწაზე, ეს თარიღი არ შეიცვლება.
იესომ ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ქრისტიანებს მოუწოდა: „მზად იყავით“ (მათ. 24:44). ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით ყოველდღე მთელი დღით თეოკრატიული საქმეებით დაკავებული. გარდა ამისა, არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, თუ რა საქმის კეთებისას მოგვისწრებს დიდი გასაჭირი. იმ დროს ზოგი შეიძლება მინდორში მუშაობდეს ან საოჯახო საქმეებით იყოს დაკავებული (მათ. 24:40, 41). რის გაკეთება შეგვიძლია, რომ მზად ვიყოთ?
ემანუელ ვიქტორინი და მისი ექვსი ქალიშვილი აფრიკის ისეთ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც ყველა ნაწინასწარმეტყველები მოვლენა არ სრულდება. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ყოველდღე განეხილათ ბიბლიური თემები, რაც მათ დაეხმარებოდა, მზად ყოფილიყვნენ. ემანუელი ამბობს: „რთული იყო ყველასთვის ხელსაყრელი დროის გამონახვა. ბოლოს შევთანხმდით, რომ დილით ექვსიდან შვიდის ნახევრამდე განგვეხილა ბიბლიური თემები. ყოველდღიური მუხლის განხილვის შემდეგ ვამზადებდით კვირის განმავლობაში კრებაზე განსახილველი რომელიმე პუბლიკაციიდან რამდენიმე აბზაცს“. დაეხმარა ეს ამ ოჯახს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნებაში? რა თქმა უნდა. ემანუელი კრების უხუცესთა საბჭოს კოორდინატორია. ის ხშირად მსახურობს დამხმარე პიონერად და მრავალს დაეხმარა ჭეშმარიტების მიღებაში. მისი ქალიშვილებიც სულიერად წინ მიიწევენ.
იესო მოგვიწოდებს: „ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ“ (მარ. 13:33). ყურადღების სხვა რამეზე გადატანას არ მისცეთ იმის საშუალება, რომ სულიერი სიფხიზლე დაგაკარგვინოთ. ნაცვლად ამისა, არიელივით გაითვალისწინეთ ჩვენს პუბლიკაციებსა და კრების შეხვედრებზე მოცემული რჩევები. ემანუელის ოჯახივით ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ მზად იყოთ და იფხიზლოთ.
[სქოლიო]
^ აბზ. 8 ეს არის თანამედროვე დრამა იმის შესახებ, თუ რა დიდი ბრძოლა სჭირდებათ ახალგაზრდებს, აკეთონ ის, რაც იეჰოვას თვალში სწორია.
[სურათი 4 გვერდზე]
ემანუელსა და მის ოჯახს ბიბლიური საკითხების ყოველდღე განხილვა ეხმარება, მზად იყვნენ