არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაეხმარეთ ძმებს, ისწრაფონ პასუხისმგებლობებისკენ

დაეხმარეთ ძმებს, ისწრაფონ პასუხისმგებლობებისკენ

დაეხმარეთ ძმებს, ისწრაფონ პასუხისმგებლობებისკენ

„ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება“ (ლუკ. 6:40).

1. დედამიწაზე მსახურების დროს, როგორ ჩაუყარა იესომ საფუძველი კრებას?

მოციქულმა იოანემ თავისი სახარების დასკვნით ნაწილში დაწერა: „სხვაც ბევრი რამ გააკეთა იესომ. ყველაფერი დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ გრაგნილებს“ (იოან. 21:25). თავისი ხანმოკლე, მაგრამ აქტიური მსახურების განმავლობაში სხვა მრავალ საქმესთან ერთად იესომ მოამზადა და ორგანიზება გაუწია მამაკაცებს, რათა მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მათ გაეგრძელებინათ მის მიერ დაწყებული საქმე. ახ. წ. 33 წელს, იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ ჩამოყალიბდა პატარა ჯგუფი, რომელიც სულ მალე ათასობით მაუწყებლისგან შემდგარი ერთი დიდი კრება გახდა (საქ. 2:41, 42; 4:4; 6:7).

2, 3. ა) რატომ გვჭირდება უფრო და უფრო მეტი მონათლული მამაკაცი? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 დღეს მთელ მსოფლიოში 100 000-ზე მეტ კრებაში სამეფოს შვიდ მილიონზე მეტი აქტიური მაუწყებელია. ამიტომაც უფრო და უფრო მეტი მამაკაცია საჭირო, რომლებიც სულიერ საკითხებში ხელმძღვანელობას გაუწევენ მათ. მაგალითად, საჭიროა ბევრი ქრისტიანი უხუცესი. ნამდვილად შესაქები არიან ისინი, ვინც პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვიან, რადგან „კარგი საქმე ნდომებიათ“ (1 ტიმ. 3:1).

3 მაგრამ შეუძლებელია, რომ კრებაში მამაკაცები ამა თუ იმ პასუხისმგებლობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს ავტომატურად შეესაბამებოდნენ. მხოლოდ ქვეყნიური განათლება და ცხოვრებისეული გამოცდილება ვერ მოამზადებს მამაკაცს ასეთი საქმისთვის. მამაკაცი სულიერად მოწიფული უნდა იყოს, რომ კრებაში პასუხისმგებლობები შეასრულოს. მთავარია მას ჰქონდეს სულიერი თვისებები და არა რაიმე განსაკუთრებული უნარი თუ მიღწევები. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მამაკაცებს, რომ შეესაბამებოდნენ კრებაში პასუხისმგებლობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს? იესომ თქვა: „ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება“ (ლუკ. 6:40). ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე საშუალებას, როგორ დაეხმარა დიდებული მასწავლებელი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს, რომ დიდი პასუხისმგებლობისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისი ყოფილიყვნენ და გავიგებთ, რის სწავლა შეგვიძლია მისი მოქმედებიდან.

„მეგობრები გიწოდეთ“

4. როგორ ცხადყო იესომ, რომ თავისი მოწაფეების კარგი მეგობარი იყო?

4 იესო თავის მოწაფეებს ექცეოდა, როგორც მეგობრებს და ზემოდან არასდროს დაჰყურებდა. ის მათ დროს უთმობდა, ენდობოდა და რაც მამამისისგან მოუსმენია, ყველაფერს ამცნობდა (წაიკითხეთ იოანეს 15:15 ). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდნენ მოწაფეები, როდესაც იესო უპასუხებდა მათ კითხვას: „რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათ. 24:3, 4). იესო თავის მიმდევრებს საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებსაც უზიარებდა. მაგალითად, სიკვდილის წინა ღამეს იესომ პეტრე, იაკობი და იოანე გეთსემანეს ბაღში წაიყვანა, სადაც მხურვალედ ილოცა. შესაძლოა, ამ სამ მოციქულს არ ესმოდა იესოს ლოცვა, მაგრამ მათ შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ მისი განცდები (მარ. 14:33—38). დაფიქრდით აგრეთვე, როგორ იმოქმედებდა მათზე მანამდე მომხდარი იესოს გარდასახვის ხილვა (მარ. 9:2—8; 2 პეტ. 1:16—18). ახლო მეგობრული დამოკიდებულება, რომელიც იესოს თავის მოწაფეებთან ჰქონდა, დაეხმარებოდა მათ, მომავალში შეესრულებინათ მნიშვნელოვანი საქმეები.

5. როგორ შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს სხვების დახმარება?

5 იესოს მსგავსად ქრისტიანი უხუცესებიც მეგობრულად ეპყრობიან და ეხმარებიან სხვებს. ისინი თბილ, ახლო ურთიერთობას ავითარებენ თანამორწმუნეებთან, უთმობენ მათ დროს და ავლენენ პირად ინტერესს. უხუცესებს ესმით, რომ გარკვეული საკითხები არ უნდა გაახმაურონ, მაგრამ ისინი არც ზედმეტად კონფიდენციალურები უნდა იყვნენ. უხუცესები ენდობიან ძმებს და უზიარებენ ბიბლიურ ცოდნას. ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაჰყურებენ ზევიდან შედარებით ახალგაზრდა მომსახურეებს. ნაცვლად ამისა, უხუცესები ამ ახალგაზრდებში ხედავენ პოტენციალის მქონე სულიერ მამაკაცებს, რომელთაც შეუძლიათ კრებაში ძვირფასი მსახურების გაწევა.

„მაგალითი მოგეცით“

6, 7. ახსენით, რა მაგალითს აძლევდა იესო თავის მოწაფეებს და რა გავლენას ახდენდა ეს მათზე.

6 მიუხედავად იმისა, რომ მოციქულები აფასებდნენ სულიერ საკითხებს, მათ აზროვნებაზე გავლენას ახდენდა მათი წარმომავლობა და გარემო (მათ. 19:9, 10; ლუკ. 9:46—48; იოან. 4:27). იესო არასდროს აკრიტიკებდა და არ ურისხდებოდა თავის მოწაფეებს. ის ითვალისწინებდა მათ შესაძლებლობებს და მათგან მეტისმეტს არ მოითხოვდა. იესო არც იმის გაკეთებას ითხოვდა, რასაც თვითონ არ აკეთებდა. ნაცვლად ამისა, ის მათ თავისი პირადი მაგალითით ასწავლიდა (წაიკითხეთ იოანეს 13:15 ).

7 რა მაგალითი დაუტოვა იესომ თავის მოწაფეებს? (1 პეტ. 2:21). ის უბრალოდ ცხოვრობდა და ეს საშუალებას აძლევდა, თავისუფლად მომსახურებოდა სხვებს (ლუკ. 9:58). იესო თავმდაბალი იყო და ყოველთვის ღვთის სიტყვიდან ასწავლიდა (იოან. 5:19; 17:14, 17). ის უშუალო და კეთილი იყო. ყველაფერს, რასაც აკეთებდა, სიყვარულიდან გამომდინარე აკეთებდა (მათ. 19:13—15; იოან. 15:12). იესოს მაგალითი დადებით გავლენას ახდენდა მის მოციქულებზე. მაგალითად, იაკობი უშიშარი და სიკვდილამდე ღვთის ერთგული იყო (საქ. 12:1, 2). იოანე კი 60 წელზე მეტ ხანს გულმოდგინედ ემსახურებოდა ღმერთს (გამოცხ. 1:1, 2, 9).

8. რა მაგალითს აძლევენ უხუცესები ახალგაზრდა მამაკაცებს და სხვებს?

8 უხუცესები, რომლებიც თავმდაბლობას, თავგანწირულ სულისკვეთებასა და სიყვარულს ავლენენ, კარგ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდა მამაკაცებს (1 პეტ. 5:2, 3). უფრო მეტიც, უხუცესებს ახარებთ, როდესაც ხედავენ, ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც ჰბაძავენ მათ რწმენის გამოვლენაში, ქრისტიანულ ცხოვრებასა და სწავლებაში (ებრ. 13:7).

იესომ მითითებები მისცა და გაგზავნა ისინი

9. საიდან ვიცით, რომ იესო ამზადებდა თავის მოწაფეებს სამქადაგებლო საქმიანობისთვის?

9 დედამიწაზე ორი წლის განმავლობაში გულმოდგინედ ქადაგების შემდეგ იესომ საქადაგოდ 12 მოციქული გაგზავნა. მაგრამ სანამ გაგზავნიდა მათ მითითებები მისცა (მათ. 10:5—14). როდესაც ათასობით ადამიანი სასწაულებრივად დააპურა, იესომ თავის მოწაფეებს ურჩია, როგორ გაეწიათ ხალხისთვის ორგანიზება და გაენაწილებინათ საკვები (ლუკ. 9:12—17). იესო თავის მოწაფეებს ყოველთვის ნათელ, კონკრეტულ მითითებებს აძლევდა და ასეთი სახით ამზადებდა მათ. მოგვიანებით, ასეთი ბრწყინვალე დასწავლებისა და წმინდა სულის მეშვეობით, მოციქულებმა ორგანიზება გაუწიეს ფართო მასშტაბიან სამქადაგებლო საქმიანობას, რომელიც ახ. წ. 33 წელს დაიწყო.

10, 11. როგორ ეხმარებიან უხუცესები ახალბედა ძმებს ამა თუ იმ დავალების შესრულებაში?

10 დღეს ადამიანი სულიერი მითითებების მიღებას იწყებს მაშინ, როცა ბიბლიის შესწავლაზე თანხმდება. შეიძლება საჭირო იყოს, დავეხმაროთ მათ კითხვის უნარის განვითარებაში. ბიბლიის შესწავლის დროს შეგვიძლია სხვა მხრივაც დავეხმაროთ. თუ ის რეგულარულად დაესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს, გაიგებს, რა არის საჭირო თეოკრატიული მსახურების სკოლაში მონაწილეობისთვის და როგორ გახდეს მოუნათლავი მაუწყებელი. მონათვლის შემდეგ ის შეიძლება სხვა მხრივაც განისწავლოს, მაგალითად როგორ მოუაროს სამეფო დარბაზს. უხუცესებს აგრეთვე შეუძლიათ დაეხმარონ მას იმის გაგებაში, თუ როგორ უნდა აკმაყოფილებდეს მომსახურედ მსახურებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

11 როდესაც უხუცესი მონათლულ ძმას გარკვეულ პასუხისმგებლობებს აკისრებს, ის სიამოვნებით უხსნის მას, როგორ გაართვას თავი ამ დავალებას და აძლევს საჭირო მითითებებს. ახალბედა ძმას უნდა ესმოდეს, რას მოელიან მისგან. თუ მისთვის რთულია დავალების შესრულება, მოსიყვარულე უხუცესი მაშინვე არ დაასკვნის, რომ ის ამ საქმისთვის არ გამოდგება. ნაცვლად ამისა, უხუცესი რბილად მიუდგება, ხელახლა აუხსნის, რა უნდა გააკეთოს და როგორ. უხუცესებმა იციან, რომ სხვების მომსახურებას ბედნიერება მოაქვს. ამიტომ უხარიათ, როდესაც ძმები დადებითად ეხმაურებიან მათ ძალისხმევას (საქ. 20:35).

„რჩევის მომსმენი . . . ბრძენია“

12. რატომ იყო იესოს რჩევები პრაქტიკული?

12 იესო თავის მოწაფეებს საჭირო დროს საჭირო რჩევას აძლევდა. მაგალითად, მან გაკიცხა იაკობი და იოანე, რადგან როცა ზოგიერთმა სამარიელმა არ მიიღო ქრისტე, მათ მოისურვეს, ზეციდან ცეცხლი ჩამოსულიყო და ისინი გაენადგურებინა (ლუკ. 9:52—55). სხვა დროს კი, როცა იაკობისა და იოანეს დედამ სთხოვა იესოს, რომ მის შვილებს ღვთის სამეფოში სხვებზე მაღალი მდგომარეობა ჰქონოდათ, იესომ ამ ძმებს პირდაპირ უთხრა: „ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისაც ჩემმა ზეციერმა მამამ მოუმზადა“ (მათ. 20:20—23). იესოს რჩევები ყოველთვის ნათელი, პრაქტიკული და ღვთის პრინციპებზე დაფუძნებული იყო. ის თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ამ პრინციპებით ეხელმძღვანელათ (მათ. 17:24—27). იესო ითვალისწინებდა თავისი მიმდევრების შეზღუდულ შესაძლებლობებს და მათგან სრულყოფილებას არ მოელოდა. ის მათ რჩევებს იმიტომ აძლევდა, რომ ძალიან უყვარდა ისინი (იოან. 13:1).

13, 14. ა) ვის სჭირდება რჩევა? ბ) რა რჩევები შეიძლება მისცეს უხუცესმა მას, ვინც სულიერად წინ არ მიიწევს?

13 ყველა მამაკაცს, ვისაც სურს კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობა მიიღოს, დროდადრო სჭირდება მითითება თუ ბიბლიური რჩევა. იგავების 12:15-ში ვკითხულობთ: „უგუნურს თავისი გზა სწორი ჰგონია, რჩევის მომსმენი კი ბრძენია“. ერთმა ახალგაზრდა ძმამ თქვა: „ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა საკუთარი არასრულყოფილება იყო. მაგრამ ერთი უხუცესის რჩევა დამეხმარა, სწორი თვალსაზრისი მქონოდა ამ საკითხზე“.

14 თუ უხუცესები ამჩნევენ, რომ ზოგიერთი საქციელი ძმას სულიერ წინსვლაში უშლის ხელს, ისინი თავმდაბლობის სულში შეეცდებიან მის გამოსწორებას (გალ. 6:1). ზოგჯერ რჩევა შეიძლება კონკრეტულ თვისებებს ეხებოდეს. მაგალითად, ძმა თავდაუზოგავად არ მსახურობს. უხუცესმა მას შეიძლება ყურადღება გაუმახვილოს იესოზე; შეახსენოს, რომ ის სამეფოს გულმოდგინე მქადაგებელი იყო და თავის მიმდევრებსაც მოწაფეების მომზადება დაავალა (მათ. 28:19, 20; ლუკ. 8:1). თუ ძმა ამბიციურია, უხუცესს შეუძლია დაანახვოს, როგორ დაეხმარა იესო თავის მოწაფეებს იმის გაგებაში, რამდენად საშიშია დიდებისკენ სწრაფვა (ლუკ. 22:24—27). რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ ძმას უჭირს პატიება? ალბათ, დამხმარე იქნება მონის მაგალითი, რომელმაც არ აპატია თავის მევალეს მცირე რაოდენობის თანხა, მაშინ როცა, თავად მას ბევრად მეტი ეპატია (მათ. 18:21—35). როცა საჭიროა რჩევის მიცემა, კარგი იქნება, თუ უხუცესი ამას მომავლისთვის არ გადადებს და რაც შეიძლება მალე გააკეთებს (წაიკითხეთ იგავების 27:9 ).

„გაიწაფე“

15. როგორ შეუძლიათ ოჯახის წევრებს, დაეხმარონ ძმას, თავი გაართვას პასუხისმგებლობებს?

15 მართალია, მამაკაცების სულიერ წინსვლაში უხუცესებს დიდი წვლილი მიუძღვით, მაგრამ დახმარება სხვებსაც შეუძლიათ. მაგალითად, მამაკაცის ოჯახის წევრებს შეუძლიათ და უნდა დაეხმარონ კიდეც მას. თუ ის უკვე უხუცესია, მოსიყვარულე მეუღლისა და შვილების დახმარება მართლაც ფასდაუდებელია. იმისათვის, რომ მამაკაცმა წარმატებით გაართვას თავი კრებაში პასუხისმგებლობებს, ოჯახის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრების ასეთ თავგანწირვის სულისკვეთებას აფასებენ, როგორც თავად უხუცესები, ასევე სხვები (იგავ. 15:20; 31:10, 23).

16. ა) პირველ რიგში, ვის უნდა ჰქონდეს სხვების მომსახურების სურვილი? ბ) როგორ შეუძლია, მამაკაცს ისწრაფოს კრებაში პასუხისმგებლობებისკენ?

16 სხვებს შეუძლიათ დახმარება და მხარდაჭერა, მაგრამ, პირველ რიგში, მამაკაცს თავად უნდა სურდეს, მოემსახუროს სხვებს (წაიკითხეთ გალატელების 6:5 ). აუცილებელი არ არის მამაკაცი მომსახურე ან უხუცესი იყოს იმისათვის, რომ სხვებს დაეხმაროს და მსახურებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. კრებაში პასუხისმგებლობების მიღებისკენ სწრაფვა ნიშნავს, რომ ის ცდილობს შეესაბამებოდეს ღვთის სიტყვაში მოცემულ მოთხოვნებს (1 ტიმ. 3:1—13; ტიტ. 1:5—9; 1 პეტ. 5:1—3). თუ მამაკაცს სურს, იმსახუროს მომსახურედ ან უხუცესად, ყურადღება უნდა მიაქციოს იმ სულიერ მხარეებს, რომლებშიც საჭიროებს გაუმჯობესებას. ეს შეიძლება იყოს ბიბლიის რეგულარული კითხვა, კარგი პირადი შესწავლა, შესწავლილზე ღრმად დაფიქრება, გულითადი ლოცვა და ქრისტიანულ მსახურებაში გულმოდგინედ მონაწილეობა. ასეთი სახით ის გაითვალისწინებს პავლეს რჩევას, რომელიც მან ტიმოთეს მისწერა: „ღვთისადმი ერთგულებისკენ ისწრაფე და მასში გაიწაფე“ (1 ტიმ. 4:7).

17, 18. რა დაეხმარება მონათლულ ძმას, დაძლიოს შიში, არასრულფასოვნების გრძნობა ან მსახურების სურვილის ნაკლებობა?

17 მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი, თუ არ ისწრაფვის პასუხისმგებლობებისკენ შიშის ან არასრულფასოვნების გრძნობის გამო? კარგი იქნება, თუ ის დაფიქრდება, რამდენ რამეს აკეთებენ ჩვენთვის იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე. სინამდვილეში, იეჰოვა „ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს“ (ფსალმ. 68:19). ასე რომ, ჩვენი ზეციერი მამა ეხმარება ძმებს კრებაში პასუხისმგებლობების შესრულებაში. აგრეთვე კარგი იქნება, თუ ძმა, რომელიც არ მსახურობს მომსახურედ ან უხუცესად, იფიქრებს, რომ ღვთის ორგანიზაციაში სულ უფრო და უფრო მეტი მოწიფული მამაკაცია საჭირო. ასეთ საკითხებზე დაფიქრება აღძრავს ძმას, დასძლიოს უარყოფითი გრძნობები. მას შეუძლია სთხოვოს ღმერთს წმინდა სული, რომ განივითაროს ამ სულისთვის დამახასიათებელი თვისებები, მშვიდობა და თავშეკავება; ეს თვისებები კი დაეხმარება შიშისა და არასრულფასოვნების გრძნობის დაძლევაში (ლუკ. 11:13; გალ. 5:22, 23). ასე რომ, ძმებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, იეჰოვა აკურთხებს სწორი მოტივებით გაწეულ ძალისხმევას.

18 მაგრამ შეიძლება, რომ მონათლულ მამაკაცს არ ჰქონდეს მსახურების სურვილი? რა დაეხმარება ასეთ ძმებს? მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღმერთი თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“ (ფილ. 2:13). მსახურების სურვილი ღვთისგან მოდის და იეჰოვას სული განამტკიცებს ძმებს, რომ შეასრულონ წმინდა მსახურება (ფილ. 4:13). გარდა ამისა, ქრისტიანს შეუძლია ლოცვაში სთხოვოს ღმერთს, დაეხმაროს იმის კეთებაში, რაც სწორია (ფსალმ. 25:4, 5).

19. რაში გვარწმუნებს ბიბლიაში მოხსენიებული „შვიდი მწყემსი და რვა მთავარი“?

19 იეჰოვა აკურთხებს სხვების დახმარებისთვის გაწეულ უხუცესების ძალისხმევას. მის კურთხევებს ისინიც იღებენ, რომლებიც კრებაში პასუხისმგებლობებისკენ ისწრაფვიან. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღვთის ხალხს ეყოლებოდა „შვიდი მწყემსი, რვა მთავარი“, ანუ უნარიანი მამაკაცები, რომლებიც იეჰოვას ორგანიზაციაში ხელმძღვანელობას გასწევდნენ (მიქ. 5:5). მართლაც კურთხევაა, რომ უამრავი ქრისტიანი მამაკაცი სწავლობს, როგორ იზრუნოს კრებაზე და თავმდაბლურად ასრულებს პასუხისმგებლობებს იეჰოვას განსადიდებლად!

როგორ უპასუხებთ?

• როგორ დაეხმარა იესო მოციქულებს, რომ ესწრაფათ პასუხისმგებლობებისკენ?

• როგორ შეუძლიათ უხუცესებს მიჰბაძონ იესოს და დაეხმარონ ძმებს, რომ მიიღონ პასუხისმგებლობები კრებაში?

• როგორ ეხმარებიან მამაკაცებს ოჯახის წევრები სულიერ წინსვლაში?

• თავად რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, რომ მიიღოს პასუხისმგებლობები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 31 გვერდზე]

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს, თუ ის ცდილობს სულიერად წინ წაიწიოს?

[სურათი 32 გვერდზე]

როგორ ცხადყოფს ძმა, რომ ისწრაფვის პასუხისმგებლობებისკენ?