„დროებითი მცხოვრებნი“ ბოროტ ქვეყნიერებაში
„დროებითი მცხოვრებნი“ ბოროტ ქვეყნიერებაში
„ესენი ყველანი . . . სახალხოდ აღიარებდნენ, რომ უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში“ (ებრ. 11:13).
1. რა თქვა იესომ თავისი მიმდევრების ამ ქვეყნიერებისადმი დამოკიდებულებაზე?
იესომ თავის მოწაფეებზე თქვა, რომ ისინი ქვეყნიერებაში იყვნენ. მაგრამ შემდეგ განმარტა: „[ისინი] არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:11, 14). იესომ გასაგებად თქვა, თუ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ მის ჭეშმარიტ მიმდევრებს ქვეყნიერებისადმი, რომლის ღმერთიც სატანაა (2 კორ. 4:4). მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობენ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში, ისინი არ არიან მისი ნაწილი. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანები ამ ქვეყნიერებაში „ხიზნები და დროებით მცხოვრებლები“ არიან (1 პეტ. 2:11).
ისინი ცხოვრობდნენ, როგორც „დროებით მცხოვრებნი“
2, 3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ენოქი, ნოე, აბრაამი და სარა ცხოვრობდნენ, როგორც „უცხონი და დროებით მცხოვრებნი“?
2 უძველესი დროიდან იეჰოვას ერთგული მსახურები განსხვავდებოდნენ მათგან, ვინც უღვთო ქვეყნიერებაში ცხოვრობდნენ. წარღვნამდე ენოქი და ნოე „დადიოდნენ ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“ (დაბ. 5:22—24; 6:9). ორივე მათგანი გაბედულად აცხადებდა სატანის ბოროტი ქვეყნიერებისადმი იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:5; იუდას 14, 15 ). მიუხედავად იმისა, რომ ისინი უღვთო ქვეყნიერებაში ცხოვრობდნენ, ენოქმა „ღმერთს ასიამოვნა“, ნოე კი „მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო“ იყო (ებრ. 11:5; დაბ. 6:9).
3 აბრაამი და სარა დაემორჩილნენ ღმერთს, დატოვეს კეთილმოწყობილი ცხოვრება ქალდეველთა ურში და მძიმე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ უცხო ქვეყანაში (დაბ. 11:27, 28; 12:1). მოციქულმა პავლემ დაწერა: „რწმენით აბრაამი დაემორჩილა მოწოდებას, წასულიყო ადგილას, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო, და წავიდა, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა. რწმენით ის ხიზნად ცხოვრობდა დაპირებულ ქვეყანაში, ისე როგორც უცხო ქვეყანაში. კარვებში ცხოვრობდა ისაკსა და იაკობთან — იმავე დანაპირების თანამემკვიდრეებთან“ (ებრ. 11:8, 9). ღვთის ასეთ ერთგულ მსახურებზე პავლემ თქვა: „ესენი ყველანი რწმენაში დაიხოცნენ და, თუმცა არ მიუღიათ დანაპირები, შორიდან ხედავდნენ მას, ხარობდნენ და სახალხოდ აღიარებდნენ, რომ უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში“ (ებრ. 11:13).
გაფრთხილება ისრაელებისთვის
4. აღთქმული მიწის დამკვიდრებამდე რა გაფრთხილება მისცა იეჰოვამ ისრაელებს?
4 აბრაამის შთამომავლებისგან ჩამოყალიბდა ისრაელი ერი, რომელსაც ღმერთმა მისცა კანონთა კრებული და მიწა სამკვიდროდ (დაბ. 48:4; კან. 6:1). ისრაელებს არ უნდა დავიწყებოდათ, რომ მათი მიწის ნამდვილი მფლობელი იეჰოვა იყო (ლევ. 25:23). როგორც მდგმურები, ისინი ვალდებული იყვნენ, დამორჩილებოდნენ მეპატრონეს. მათ ისიც უნდა ხსომებოდათ, რომ „კაცი მხოლოდ პურით . . . არ ცოცხლობს“, ანუ მატერიალური კეთილდღეობა არ უნდა გამხდარიყო იეჰოვას დავიწყების მიზეზი (კან. 8:1—3). აღთქმული მიწის დამკვიდრებამდე იეჰოვამ ისრაელები გააფრთხილა: „როცა შეგიყვანს იეჰოვა, შენი ღმერთი მიწაზე, რაც შენს მამა-პაპას — აბრაამს, ისაკსა და იაკობს — დაუფიცა, რომ მოგცემდა დიდსა და კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია, დოვლათით სავსე სახლებს, რომლებიც შენ არ აგივსია, ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებსა და ზეთისხილის ხეებს, რომლებიც შენ არ ჩაგიყრია, შეჭამ და გაძღები, ფრთხილად იყავი, რომ არ დაივიწყო იეჰოვა“ (კან. 6:10—12).
5. რატომ უარყო იეჰოვამ ისრაელი და რომელი ახალი ერი აირჩია?
5 ეს გაფრთხილება უსაფუძვლო არ იყო. ნეემიას დღეებში ზოგიერთი ლევიანი სირცხვილით მოიხსენიებდა აღთქმულ მიწაზე ისრაელების საქციელს. ისინი დაეპატრონენ კომფორტულ სახლებს, უხვად ჰქონდათ საკვები და ღვინო, „ჭამდნენ, ძღებოდნენ და სუქდებოდნენ“. ისრაელები განუდგნენ ღმერთს, და მათ გასაფრთხილებლად გაგზავნილი წინასწარმეტყველებიც კი დახოცეს. ამიტომ იეჰოვამ ისინი მტრებს ჩაუგდო ხელში (წაიკითხეთ ნეემიას 9:25—27; ოს. 13:6—9). მოგვიანებით, რომაელთა უღელქვეშ ქვეშ მყოფი ორგული იუდეველები იმდენად გაკადნიერდნენ, რომ აღთქმული მესია მოკლეს. იეჰოვამ უარყო ისინი და აირჩია ახალი ერი, სულიერი ისრაელი (მათ. 21:43; საქ. 7:51, 52; გალ. 6:16).
არა ამ ქვეყნიერების ნაწილი
6, 7. ა) რას ნიშნავს იესოს სიტყვები ამ ქვეყნიერებისადმი თავისი მიმდევრების დამოკიდებულების შესახებ? ბ) რატომ არ უნდა გამხდარიყვნენ ქრისტიანები სატანის ქვეყნიერების ნაწილი?
6 როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ქრისტიანული კრების თავმა იესო ქრისტემ გარკვევით თქვა, რომ მისი მიმდევრები გამოყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ სატანის ამ ბოროტი ქვეყნიერებიდან. სიკვდილამდე ცოტა ხნით იოან. 15:19).
ადრე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (7 დროთა განმავლობაში ქრისტიანობა მთელ რომის იმპერიაში გავრცელდა. უნდა წასულიყვნენ თუ არა ქრისტიანები კომპრომისზე ამ ქვეყნიერებასთან, გადმოეღოთ მათი ჩვეულებები და გამხდარიყვნენ მისი ნაწილი? არა. სადაც არ უნდა ეცხოვრათ, ქრისტიანები განსხვავებული უნდა ყოფილიყვნენ ქვეყნიერებისგან. ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოციქულმა პეტრემ რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა: „საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და დროებით მცხოვრებლებს: ერიდეთ ხორციელ სურვილებს, რომლებიც სულს ებრძვიან. კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში“ (1 პეტ. 1:1; 2:11, 12).
8. როგორ აღწერა ერთმა ისტორიკოსმა პირველი ქრისტიანების დამოკიდებულება ქვეყნიერებისადმი?
8 ისტორიკოსი კენეტ სკოტ ლატურეტი ადასტურებს, რომ პირველი ქრისტიანები რომის იმპერიაში ცხოვრობდნენ, როგორც „ხიზნები და დროებით მცხოვრებლები“. მან დაწერა: „საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ . . . ბრალდებები სხვადასხვაგვარი იყო. იმის გამო, რომ ქრისტიანები მონაწილეობას არ იღებდნენ წარმართულ ცერემონიებში, მათ ათეისტებს უწოდებდნენ. უზნეობის, წარმართული დასაბამისა და ჩვეულებების გამო ისინი უარს ამბობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების უმეტეს ღონისძიებებში — წარმართულ დღეობებსა თუ სახალხო დღესასწაულებში — მონაწილეობაზე. ამიტომ მათ კაცთმოძულეებად მოიხსენიებდნენ“.
ქვეყნიერებით არასრულად მოსარგებლენი
9. როგორ ვამტკიცებთ ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომ არ ვართ კაცთმოძულეები?
9 რა მდგომარეობაა დღეს? პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც იგივე დამოკიდებულება გვაქვს „ახლანდელი ბოროტი ქვეყნიერების“ მიმართ (გალ. 1:4). ამის გამო ბევრს არ ესმის ჩვენი და ზოგს ვძულვართ კიდეც. მაგრამ ჩვენ არ ვართ კაცთმოძულეები. ადამიანებისადმი სიყვარულის გამო დავდივართ კარდაკარ და ყველანაირად ვცდილობთ, რომ „სასიხარულო ცნობა [ღვთის] სამეფოს შესახებ“ ყველას გავაგებინოთ (მათ. 22:39; 24:14). ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დარწმუნებული ვართ, ქრისტეს ხელმძღვანელობით იეჰოვას სამეფო, მალე ბოლოს მოუღებს არასრულყოფილი ადამიანების მმართველობას და მას სამართლიანი ახალი ქვეყნიერებით შეცვლის (დან. 2:44; 2 პეტ. 3:13).
10, 11. ა) როგორ ვისარგებლოთ ქვეყნიერებით არასრულად? ბ) რა და რა სახით ცხადყოფენ ქრისტიანები, რომ ქვეყნიერებით სრულად არ სარგებლობენ?
10 ამ ქვეყნიერების აღსასრული სწრაფად ახლოვდება. ამიტომ იეჰოვას მსახურებს გვესმის, რომ ახლა არ არის ამ წარმავალ ქვეყნიერებაში დამკვიდრების დრო. ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: „გეტყვით, ძმებო, რომ დრო ცოტაღა დარჩა. ამიტომ . . . მყიდველნი [იყვნენ] როგორც არამქონენი, ქვეყნიერებით მოსარგებლენი — როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი, რადგან ცვალებადია ეს ქვეყნიერება“ (1 კორ. 7:29—31). მაგრამ დღეს როგორ სარგებლობენ ქრისტიანები ქვეყნიერებით? ისინი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საკომუნიკაციო საშუალებებს იყენებენ, რათა მთელ მსოფლიოში ბიბლიური შემეცნება ასობით ენაზე გავრცელდეს. ქრისტიანები ქვეყნიერებით გარკვეულწილად თავის სარჩენადაც სარგებლობენ. ისინი მხოლოდ საჭირო ნივთებს ყიდულობენ და სხვადასხვა ხელმისაწვდომ მომსახურებას მიმართავენ. მაგრამ უარს ამბობენ ქვეყნიერებით სრულად სარგებლობაზე იმ გაგებით, რომ მათთვის ცხოვრებაში ქონებასა და მდგომარეობას უმთავრესი ადგილი არ უჭირავს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:9, 10 ).
11 ქრისტიანები, რომლებიც ფხიზლობენ, ქვეყნიერებით სრულად არ სარგებლობენ, როცა საქმე უმაღლესი განათლების მიღებას ეხება. ბევრის აზრით, ქვეყნიერებაში უმაღლესი განათლება ბედნიერი ცხოვრების საწინდარია. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანები, დროებით მცხოვრებლები ვართ და განსხვავებული მიზნები გვაქვს. ამიტომ „დიდ რამეს არ ვეძებთ“ ჩვენთვის (იერ. 45:5; რომ. 12:16). როგორც ქრისტეს მიმდევრებმა ყურად უნდა ვიღოთ მისი გაფრთხილება: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკ. 12:15). ასე რომ, ახალგაზრდა ქრისტიანებმა უნდა დაისახონ სულიერი მიზნები, მიიღონ იმდენი განათლება, რამდენიც ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო, რათა საშუალება ჰქონდეთ, ემსახურონ იეჰოვას მთელი გულით, სულით, ძალითა და გონებით (ლუკ. 10:27). ასე მოქცევით ისინი ღვთის თვალში იქნებიან მდიდრები (ლუკ. 12:21; წაიკითხეთ მათეს 6:19—21 ).
არ დაგამძიმოთ ცხოვრებისეულმა საზრუნავმა
12, 13. მათეს 6:31—33-ში მოცემული იესოს რჩევის მიყოლა, როგორ განგვასხვავებს სხვებისგან?
12 იეჰოვას მსახურების დამოკიდებულება მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებით განსხვავდება სხვებისგან. იესომ თავის მიმდევრებს ურჩია: «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს. ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ» (მათ. 6:31—33). მრავალი ჩვენი თანამორწმუნე პირადად დარწმუნდა, რომ ჩვენი ზეციერი მამა ყოველთვის უზრუნველგვყოფს აუცილებლით.
13 „დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა, კმაყოფილებასთან ერთად“ (1 ტიმ. 6:6, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). დღეს ქვეყნიერებაში სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებაა გაბატონებული. მაგალითად, როდესაც ახალგაზრდები ქორწინდებიან, უნდათ, რომ დაუყოვნებლივ ჰქონდეთ ყველაფერი — საუკეთესო ავეჯით მოწყობილი სახლი ან ბინა, ახალი მანქანა და უახლესი ელექტრონული მოწყობილობები. მაგრამ ქრისტიანები, როგორც დროებით მცხოვრებნი, არ ჰყვებიან საკუთარ სურვილებს და არ სცდებიან გონივრულ და შესაძლებლობის ფარგლებს. ბევრი ქრისტიანი ქებას იმსახურებს, ვინაიდან უარს ამბობს კომფორტულ ცხოვრებაზე, რათა მეტი დრო და ენერგია დაუთმოს იეჰოვას მსახურებასა და სამეფოს შესახებ გულმოდგინედ ქადაგებას. სხვები მსახურობენ პიონერებად, ბეთელში, მიმომსვლელ ზედამხედველებად ან მისიონერებად. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ძვირფას თანამსახურებს, რომლებიც მთელი გულით ირჯებიან იეჰოვას საქმეში!
14. რას ვსწავლობთ მთესველის შესახებ იესოს იგავიდან?
14 მთესველის შესახებ იგავში იესომ თქვა: „ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ აშთობს ღვთის სიტყვას ჩვენს გულებში და შეიძლება, მოგვადუნოს (მათ. 13:22). თუ კმაყოფილი ვიქნებით ჩვენი ცხოვრებით, როგორც დროებით მცხოვრებლების, ეს დაგვეხმარება არ გავებათ ამ მახეში. აგრეთვე, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, სუფთად შევინაჩუნოთ თვალი ანუ ღვთის სამეფო და მისი ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ (მათ. 6:22).
ამ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა
15. იოანეს სიტყვების თანახმად, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ამ ქვეყნიერების მიმართ?
15 ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყნიერების დღეები დათვლილია. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვთვლით თავს „ხიზნებად და დროებით მცხოვრებლებად“ (1 პეტ. 2:11; 2 პეტ. 3:7). ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავს, თუ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ცხოვრებაში და როგორი სურვილები და მისწრაფებები გვექნება. მოციქულმა იოანემ მოუწოდა თანამორწმუნეებს, არ ჰყვარებოდათ ქვეყნიერება და ის რაც ქვეყნიერებაშია, ვინაიდან „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოან. 2:15—17).
16. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ განვსხვავდებით ამ ქვეყნიერებისგან?
16 იეჰოვამ ისრაელებს უთხრა, რომ თუ მას დაემორჩილებოდნენ, მისთვის „ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება“ იქნებოდნენ (გამ. 19:5). როდესაც ისრაელები ემორჩილებოდნენ ღმერთს, მათი თაყვანისმცემლობა და ცხოვრება სხვა ერებისგან განსხვავდებოდა. დღესაც, იეჰოვამ თავისთვის გამოარჩია ხალხი, რომელიც აშკარად განსხვავდება სატანის ქვეყნიერებისგან. პავლემ თქვა: „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები . . . სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ, ვიდრე ველით მშვენიერ იმედს და დიადი ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებით გამოცხადებას. მან თავი დადო ჩვენთვის, რათა გავეთავისუფლებინეთ ყოველგვარი უკანონობისგან და თავის საკუთრებად განეწმინდა ერი, კარგი საქმეების მოშურნე“ (ტიტ. 2:11—14). ამ ხალხში შედიან ცხებული ქრისტიანები და მათი მხარდამჭერი იესოს მილიონობით „სხვა ცხვარი“ (იოან. 10:16).
17. რატომ არ ინანებენ ცხებულები და „სხვა ცხვრები“, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში „დროებით მცხოვრებნი“ იყვნენ?
17 „მშვენიერი იმედი“ ცხებული ქრისტიანებისთვის ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობაა (გამოცხ. 5:10). „სხვა ცხვრებს“ კი დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. როდესაც ეს იმედი შესრულდება, ისინი მეტად აღარ იქნებიან „დროებით მცხოვრებნი“ ბოროტ ქვეყნიერებაში. მათ ექნებათ მშვენიერი სახლები და უხვი საკვები თუ სასმელი (ფსალმ. 37:10, 11; ეს. 25:6; 65:21, 22). ისრაელებისგან განსხვავებით, ისინი არასდროს დაივიწყებენ, რომ ყოველივე ეს იეჰოვასგან, „მთელი დედამიწის ღმერთისგან“, არის (ეს. 54:5). არც ცხებულები და არც „სხვა ცხვარი“ არასდროს ინანებენ, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში „დროებით მცხოვრებნი“ იყვნენ.
როგორ უპასუხებთ?
• რა გაგებით ცხოვრობდნენ ძველ დროში ერთგული მამაკაცები, როგორც „დროებით მცხოვრებნი“?
• როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს ქვეყნიერებისადმი?
• რა გაგებით არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ქვეყნიერებით არასრულად მოსარგებლენი?
• რატომ არ ვინანებთ, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში „დროებით მცხოვრებნი“ ვიყავით?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
პირველი ქრისტიანები უარს ამბობდნენ ძალადობრივ და უზნეო გართობაზე