არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს, რომელ საათზე გააკრეს იესო ქრისტე ძელზე?

ამ კითხვას ბადებს იესოს სიკვდილთან დაკავშირებით მარკოზისა და მოციქულ იოანეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილ სახარებებში, ერთი შეხედვით, არსებული შეუსაბამობა. მარკოზმა დაწერა: „მესამე საათი იყო, როცა [ჯარისკაცებმა] ის ბოძზე გააკრეს“ (მარ. 15:25). იოანეს სახარების თანახმად კი, „მეექვსე საათი იქნებოდა“, როცა პილატემ იესო იუდეველებს ძელზე გასაკრავად გადასცა (იოან. 19:14—16). ბიბლიის კომენტატორები სხვადასხვანაირად განმარტავენ ამ, ერთი შეხედვით, არსებულ შეუსაბამობას. მაგრამ არ არსებობს საკმარისი ბიბლიური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა იმის ახსნა, თუ რატომ მოიხსენიეს მარკოზმა და იოანემ სხვადასხვა დრო. მიუხედავად ამისა, დამხმარე იქნებოდა იმის განხილვა, თუ როგორ საზღვრავდნენ დროს იმ პერიოდში.

ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში იუდეველები დღეს 12 საათად ყოფდნენ. დღის საათების ათვლა მზის ამოსვლით იწყებოდა (იოან. 11:9). „მესამე საათი“ დილის 8—9 საათი იყო, „მეექვსე საათი“ კი შუადღისთვის მთავრდებოდა. რა თქმა უნდა, წლის განმავლობაში მზის ამოსვლა და ჩასვლა სხვადასხვა დროს ხდებოდა. შესაბამისად, წელიწადის სხვადასხვა დროს დღის ხანგრძლივობა განსხვავებული იყო. გარდა ამისა, მზის მდებარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა, რომელი საათი იყო. ამიტომ მოხსენიებული დრო მიახლოებითი იყო. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოთხრობილია მოვლენები, რომლებიც მესამე, მეექვსე ან მეცხრე საათზე მოხდა და ხშირ შემთხვევაში ეს დროები მიახლოებითი იყო (მათ. 20:3, 5; საქ. 10:3, 9, 30). უფრო კონკრეტული მითითება, მაგალითად „მეშვიდე საათი“, გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ, როცა დროს კონკრეტულ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა (იოან. 4:52).

დროსთან დაკავშირებით სახარებები ურთიერთშეთანხმებულია, როცა საქმე დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღეს მომხდარი მოვლენების აღწერას ეხება. ოთხივე სახარებაში აღნიშნულია, რომ მღვდლები და უხუცესები განთიადისას შეიკრიბნენ, რის შემდეგაც იესო რომაელ მმართველ პონტიუს პილატეს გადასცეს (მათ. 27:1; მარ. 15:1; ლუკ. 22:66; იოან. 18:28). მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებების თანახმად, მეექვსე საათიდან, როცა იესო უკვე ძელზე იყო გაკრული, მიწაზე სიბნელე ჩამოწვა „მეცხრე საათამდე“ (მათ. 27:45, 46; მარ. 15:33, 34; ლუკ. 23:44).

იესოს ძელზე გაკვრის დროსთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — გაშოლტვა ძელზე გაკვრის პროცესის ნაწილი იყო. ზოგჯერ გაშოლტვა იმდენად საშინელი იყო, რომ ბრალდებული ვერ უძლებდა და კვდებოდა. გაშოლტვის გამო იესო ისე იყო დაუძლურებული, რომ არ შეეძლო თავისი წამების ბოძის ტარება, ამიტომ ამის გაკეთება სხვას აიძულეს (ლუკ. 23:26; იოან. 19:17). თუკი გაშოლტვა წამების ბოძზე გაკვრის საწყის ეტაპად ჩაითვლებოდა, მაშინ იესოს ძელზე გაკვრამდე ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდებოდა. სახარების თითოეულმა დამწერმა ძელზე გაკვრის სხვადასხვა დრო მოიხსენია, გამომდინარე იქიდან, თუ პირადად რა ეტაპიდან თვლიდა ძელზე გაკვრის პროცესის დაწყებას.

სხვა სახარებების დამწერებმა თავიანთი სახარებები ათწლეულებით ადრე დაწერეს, ვიდრე მოციქულმა იოანემ. ამიტომ იოანეს ხელი მიუწვდებოდა დანარჩენ სამ სახარებაზე. მართალია, მის მიერ მოხსენიებული დრო განსხვავდება მარკოზის მიერ მოხსენიებული დროისგან, მაგრამ ეს იმას ადასტურებს, რომ იოანეს თავისი სახარება მარკოზისგან არ გადაუწერია. ორივე, იოანეც და მარკოზიც, ღვთის შთაგონებით წერდნენ. თუმცა ბიბლია დაწვრილებით არ გვიხსნის, რატომ არის სახარებებში დროსთან დაკავშირებით ეს სხვაობა, ჩვენ მაინც შეგვიძლია ვენდოთ მას.