არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის ყვავილების მიტანა გასვენებაზე ან სასაფლაოზე?

ზოგიერთ ქვეყანაში ეს სავსებით მისაღებია. მაგრამ ერთ დროს გასვენებისას ყვავილების გამოყენებას რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ არის სხვა ჩვეულებებიც, რომლებიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ცრუ რელიგიასთან. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია:

„ყვავილები იმ გაგებით არის დაკავშირებული სულიერ სამყაროსთან, რომ მათ აიგივებენ ღმერთებთან ან ქალღმერთებთან. ფლორა, გაზაფხულისა და ყვავილების რომაელთა ქალღმერთი, სილამაზითა და სურნელებით ამკობს ყვავილებს . . . ღვთაებების თაყვანისცემა და დამშვიდება შესაძლებელია . . . ყვავილებისა და საკვების მირთმევით.

მთელ მსოფლიოში დაკრძალვის რიტუალები ყვავილებთან არის დაკავშირებული. ბერძნები და რომაელები ყვავილებით ფარავდნენ, როგორც მკვდრებს, ისე საფლავებს. იაპონიაში, გარდაცვალების შემდეგ ბუდისტების სულები ლოტოსის ყვავილებით მიფრინავენ ზეცისკენ და, შესაძლოა, საფლავის ქვები ლოტოსის ფორმის ქვაზეა დადგმული . . . ტაიტელები პაპირუსში გახვეულ თაიგულებს მკვდარს შემოუწყობენ და აპკურებენ მცენარეებისგან დამზადებულ სუნამოს, რათა გარდაცვლილს საიქიოში გადასვლა გაუადვილონ . . . ყვავილებს აგრეთვე იყენებენ რელიგიური ცერემონიალების დროს საკმევლის ან სუნამოს სახით“ (The Encyclopedia of Religion, 1987).

ვინაიდან ყვავილების გამოყენება დაკავშირებულია ცრუ რელიგიასთან, ზოგიერთი ქრისტიანი თვლის, რომ დაკრძალვაზე ყვავილები არ უნდა მიიტანოს. მათი ასეთი განწყობიდან ჩანს, რომ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნიურ წეს-ჩვეულებებში, რადგან იესოს მიმდევრები არ არიან „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 15:19). მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ როგორც ის, თუ რას ამბობს ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ადგილობრივი შეხედულებები.

ყვავილები ღვთისგან ბოძებული სიამოვნების მომგვრელი ძღვენია (საქ. 14:15—17; იაკ. 1:17). მის მიერ შექმნილი ლამაზი ყვავილები წმინდა თაყვანისმცემლობაშიც გამოიყენებოდა. კარვის სალამპრე მოჭედილი იყო ნუშის კვირტებითა და ყვავილებით (გამ. 25:31—34). ტაძარი მოჩუქურთმებული იყო ყვავილის გვირგვინებითა და პალმებით (1 მეფ. 6:18, 29, 32). ცხადია, ის რომ ყვავილებსა და გვირგვინებს წარმართები იყენებდნენ, არ ნიშნავდა იმას, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ყოველთვის უნდა მორიდებოდნენ მათ გამოყენებას (საქ. 14:13).

მაგრამ რა შეიძლება ითქვას დაკრძალვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების დაცვაზე? ბიბლიაში მოხსენიებულია მრავალი ჩვეულება, რომელთაგან ზოგი მიუღებელი იყო ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის, ზოგი კი — მისაღები. პირველი მეფეების 18:28-ში მოხსენიებული ბაალის თაყვანისმცემლების ჩვეულება — მთელი ხმით ყვირილი და სხეულის დასერვა — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის მიუღებელი იყო. მეორეს მხრივ, რუთის 4:7-დან ჩანს, რომ ისრაელებისთვის მიუღებელი არ იყო „ჩვეულება . . . გამოსყიდვის უფლებისა და გაცვლის დასადასტურებლად“.

ღვთისთვის მისაღები ჩვეულებები შეიძლება რელიგიურ საკითხებშიც კი დანერგილიყო. როდესაც ღმერთმა დააწესა პასექის დღესასწაული, ღვინის დალევა საერთოდ არ მოუხსენიებია, მაგრამ პირველ საუკუნეში სასმისით ღვინის დალევა ჩვეულება იყო. იესომ და მისმა მოციქულებმა არ უარყვეს ეს რელიგიური ჩვეულება. ისინი ამას მისაღებად თვლიდნენ და მიჰყვებოდნენ მას (გამ. 12:6—18; ლუკ. 22:15—18; 1 კორ. 11:25).

იმავეს თქმა შეიძლება დაკრძალვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ჩვეულებაზე. ეგვიპტელები, ჩვეულებისამებრ, მკვდარს ბალზამირებას უკეთებდნენ. ერთგულ პატრიარქ იოსებს ავტომატურად არ უარყვია ეს და არ უთქვამს, რომ ეს ჩვეულება წარმართული იყო და ებრაელებისთვის მიუღებელი. ნაცვლად ამისა, „უბრძანა იოსებმა თავის მსახურებსა და მკურნალებს, რომ დაებალზამებინათ მამამისი“, როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ იაკობი აღთქმულ მიწაზე დაემარხათ (დაბ. 49:29—50:3). მოგვიანებით ებრაელებმა დაკრძალვასთან დაკავშირებული სხვა ჩვეულებები შემოიღეს, მაგალითად, მკვდრის დაბანა და სიკვდილის დღესვე დამარხვა. პირველი ქრისტიანებისთვის ეს ჩვეულებები მისაღები იყო (საქ. 9:37).

მაგრამ, რა შეიძლება ითქვას, თუ დაკრძალვასთან დაკავშირებული ჩვეულება მცდარ რელიგიურ შეხედულებაზე, მაგალითად, სულის უკვდავებაზეა დაფუძნებული? როგორც ზემოხსენებულ ენციკლოპედიაში იყო აღნიშნული, ზოგიერთები „პაპირუსში გახვეულ თაიგულებს მკვდარს შემოუწყობენ და აპკურებენ მცენარეებისგან დამზადებულ სუნამოს, რათა გარდაცვლილს საიქიოში გადასვლა გაუადვილონ“. ის, რომ ასეთი ჩვეულება არსებობს, სულაც არ ნიშნავს, რომ ღვთის მსახურებმა თავი უნდა აარიდონ ყოველივე ამისმაგვარს. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელებს საიქიო ცხოვრების არ სწამდათ, ბიბლიის თანახმად, მათ „იესოს ცხედარი გაახვიეს და სახვევებში სურნელოვანი მცენარეები ჩაატანეს დასაკრძალავად მომზადების ჩვეულების თანახმად, რომელიც იუდეველებს აქვთ“ (იოან. 12:2—8; 19:40).

ქრისტიანები უნდა ერიდონ ჩვეულებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ბიბლიურ ჭეშმარიტებას (2 კორ. 6:14—18). და მაინც, ათასგვარი საგანი, სიმბოლო თუ რიტუალი სადღაც, ოდესღაც დაკავშირებული იყო ცრუ, არაბიბლიურ სწავლებებთან. მაგალითად, თაყვანს სცემდნენ ხეებს, გულის გამოსახულებას წმინდად მიიჩნევდნენ და წარმართულ რიტუალებში სურნელოვან ნივთიერებებს იყენებდნენ. ნიშნავს ეს, რომ ამის გამო ქრისტიანმა არ უნდა გამოიყენოს სურნელოვანი ნივთიერებები, არ დარგოს ხეები და უარი თქვას გულის ფორმის სამკაულებზე? * ასეთი დასკვნა ნამდვილად უსაფუძვლო იქნებოდა.

ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს: გარკვეული ჩვეულების მიყოლა იმის მაჩვენებელი ხომ არ არის, რომ ვეთანხმები არაბიბლიურ სწავლებებსა თუ ჩვეულებებს? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვცხოვრობთ და რა პერიოდში. შეიძლება ჩვეულებას (ან სიმბოლოს) ათასობით წლის წინ ცრუ რელიგიური დატვირთვა ჰქონდა ან შეიძლება დღესაც აქვს მსგავსი დატვირთვა, მაგრამ არა იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. გამოკვლევებში დიდი დროის დახარჯვის ნაცვლად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა შეხედულებაა გავრცელებული იქ, სადაც ვცხოვრობ?“ (შეადარეთ 1 კორინთელების 10:25—29).

თუ იცით, რომ ამა თუ იმ ჩვეულებას (ან სიმბოლოს, მაგალითად ჯვარს) ცრუ რელიგიური დატვირთვა აქვს, მოერიდეთ მას. ქრისტიანი დაკრძალვაზე არ მიიტანს ჯვრის ან წითელი გულის ფორმის გვირგვინს, თუ მას რელიგიური მნიშვნელობა აქვს. ან, შესაძლოა, რელიგიური დატვირთვა აქვს იმას, თუ როგორ იყენებენ ყვავილებს დაკრძალვის დროს. ქრისტიანი ამასაც უნდა ერიდოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაკრძალვაზე უბრალოდ თაიგულის მიტანა ან მეგობრისთვის ყვავილების საავადმყოფოში მირთმევა, რელიგიას უკავშირდება. *

ამის საპირისპიროდ, მრავალ ქვეყანაში ყვავილების მირთმევა ფართოდ არის გავრცელებული და პატივისცემის გამოვლენად მიიჩნევენ. ყვავილებმა შეიძლება მძიმე მდგომარეობა ცოტათი მაინც შეამსუბუქოს. ყვავილების მიტანა შეიძლება თანაგრძნობის ან ყურადღების გამოვლინებაც იყოს. სხვაგან იმავე გრძნობების გამოხატვა შეიძლება ავადმყოფისთვის ან ჭირისუფლისთვის საჭმლის მომზადებით (გაიხსენეთ, როგორ უყვარდათ ქურციკი იმისათვის, რომ ის სხვებზე ზრუნავდა [საქ. 9:36—39]). ამგვარად, თუ აშკარაა, რომ ეს არ არის დაკავშირებული ცრუ რწმენასთან, ზოგ იეჰოვას მოწმეს მიაქვს ყვავილები მეგობართან საავადმყოფოში ან დაკრძალვაზე. თითოეულ მათგანს პრაქტიკული სახითაც შეუძლია გამოავლინოს ყურადღება და თანაგრძნობა (იაკ. 1:27; 2:14—17).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 ძველ დროს წარმართები რიტუალებში იყენებდნენ მცენარეებისგან დამზადებულ საკმეველს, მაგრამ ამას ღვთის ხალხისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საკმეველი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გამოეყენებინათ (გამ. 30:1, 7, 8; 37:29; გამოცხ. 5:8). იხილეთ 1976 წლის, 22 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 12—15 (ინგლ.).

^ აბზ. 14 გასათვალისწინებელია ჭირისუფლის სურვილი, რადგან ზოგ მათგანს ურჩევნია, ყვავილების საყიდლად დასახარჯი თანხა შესაწირავის ყუთში ჩაყარონ.