არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„უძლური ვარ დღეს, მაგრამ არა სამუდამოდ“

„უძლური ვარ დღეს, მაგრამ არა სამუდამოდ“

„უძლური ვარ დღეს, მაგრამ არა სამუდამოდ“

მოგვითხრო სარა ვან დერ მონდმა

ხშირად მეუბნებიან: „სარა, ძალიან საყვარელი ღიმილი გაქვს. როგორ ხარ ყოველთვის ასეთი ბედნიერი?“ მე კი ვეუბნები, რომ განსაკუთრებული იმედი მაქვს. ჩემს იმედს ასე გამოვხატავ: „უძლური ვარ დღეს, მაგრამ არა სამუდამოდ“.

დავიბადე პარიზში (საფრანგეთი) 1974 წელს. დედაჩემს რთული მშობიარობა ჰქონდა. მოგვიანებით ცერებრული დამბლის დიაგნოზი დამისვეს. კიდურებს ძლივს ვამოძრავებდი და ლაპარაკი მიჭირდა. ამ ყველაფერს ეპილეფსიაც დაემატა. ჩემი ორგანიზმი ინფექციებსაც ვერ უწევდა წინააღმდეგობას.

ორი წლის რომ ვიყავი, ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად მელბურნში (ავსტრალია) გადავიდა. გადასვლიდან ორი წლის შემდეგ კი მამამ მიგვატოვა. მაშინ პირველად განსაკუთრებით დამჭირდა ღმერთთან ახლოს ყოფნა. დედა იეჰოვას მოწმე იყო და მას ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დავყავდი. იქ გავიგე, რომ ღმერთს ვუყვარდი და ის ზრუნავდა ჩემზე. ამის ცოდნა, დედის სიყვარულსა და მხარდაჭერასთან ერთად, დამეხმარა, ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილების მიუხედავად, თავი უსაფრთხოდ მეგრძნო.

დედამ მასწავლა, როგორ მიმემართა ლოცვით იეჰოვასთვის. ლოცვა ბევრად უფრო მიადვილდებოდა, ვიდრე ლაპარაკი. ლოცვისას სიტყვების წარმოსათქმელად ძალისხმევა არ მჭირდებოდა, მაგრამ გარკვევით „მესმოდა“ გონებაში ფორმირებული სიტყვები. მართალია, ჩემი საუბრის გაგება არც ისე ადვილია, მაგრამ ძალებს მმატებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ესმის ყველაფერი და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს უსიტყვოდ მივმართავ მას თუ ბორძიკით (ფსალმ. 65:2).

სირთულეებთან გამკლავება

ხუთი წლის ასაკში ავადმყოფობა იმდენად გამირთულდა, რომ სახსრიანი არტაშნის გარეშე ვერ დავდიოდი და გადაადგილება არტაშნითაც კი ძალიან მიჭირდა. 11 წლის ასაკში სიარული საერთოდ აღარ შემეძლო. მოგვიანებით ელექტროამწის გარეშე საწოლიდან დამოუკიდებლად ვეღარ ვდგებოდი. ახლა ამ მოწყობილობის საშუალებით ვჯდები მოტორიზებულ ინვალიდის ეტლში, რომელსაც ხელით ვმართავ.

სიმართლე რომ ვთქვა, დროდადრო ჩემი მდგომარეობა მთრგუნავს. მაგრამ ასეთ დროს ვიხსენებ ჩვენი ოჯახის დევიზს: „ნუ ინერვიულებ იმაზე, რის გაკეთებაც არ შეგიძლია. უბრალოდ, აკეთე ის, რის კეთებაც შეგიძლია“. ეს დამეხმარა, წარმატებით შემძლებოდა ცხენით, ნავით თუ კანოეთი სეირნობა, ბუნებაში ღამის თევით გასვლა და არც ისე გადატვირთულ ქუჩებში მანქანის ტარებაც კი. მიყვარს ხელოვნება, ამიტომ ვხატავ, ვკერავ, ვქარგავ და თიხის ნაკეთობებსაც ვაკეთებ.

ჩემი მდგომარეობის გამო, ზოგს ეჭვი ეპარებოდა იმაში, გააზრებული მქონდა თუ არა, რას ნიშნავს ღვთის მსახურება. ერთხელ, 18 წლის ასაკში, სკოლის მასწავლებელმა მირჩია, სახლიდან წავსულიყავი, რათა დედაჩემის რელიგიისთვის „დამეღწია“ თავი. მან ისიც კი მითხრა, რომ საცხოვრებლის პოვნაში დამეხმარებოდა. მაგრამ მე ვუთხარი, რომ არასდროს დავთმობდი რწმენას და სახლიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდი, როცა დამოუკიდებლად ცხოვრებას შევძლებდი.

ამ შემთხვევიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ორი წლის შემდეგ საცხოვრებლად პატარა ბინაში გადავედი. ბედნიერი ვარ, რადგან საჭირო დახმარებასაც ვიღებ და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობაც მაქვს.

მოულოდნელი წინადადება

წლების განმავლობაში რწმენის არაერთ გამოცდას შევხვედრივარ. ერთხელ უსაზღვროდ გამაოცა ჩემსავით უნარშეზღუდული თანაჯგუფელის წინადადებამ. მან ცოლობა მთხოვა. თავიდან ცოტა არ იყოს მესიამოვნა. როგორც ახალგაზრდა ქალების უმრავლესობას, მეც მინდოდა ცხოვრების თანამგზავრი მყოლოდა. მაგრამ ერთნაირი მდგომარეობა სულაც არ იყო იმის გარანტია, რომ ბედნიერი ოჯახი გვექნებოდა. გარდა ამისა, ვინც ცოლობა მთხოვა, ჩემს რწმენას არ იზიარებდა. ჩვენ სავსებით განსხვავებული რწმენა, საქმიანობა და მიზნები გვქონდა. ამიტომაც ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო. გადაწყვეტილი მქონდა, მივყოლოდი ღვთის მითითებას და დავქორწინებულიყავი მხოლოდ თანამორწმუნეზე (1 კორ. 7:39). ამიტომ ამ ახალგაზრდა მამაკაცს თავაზიანად ვუთხარი, რომ მის წინადადებას ვერ მივიღებდი.

დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეჭვიც არ მეპარება, რომ ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში ბედნიერი ვიქნები (ფსალმ. 145:16; 2 პეტ. 3:13). მანამდე კი გადაწყვეტილი მაქვს, იეჰოვასადმი ერთგულება შევინარჩუნო და დავკმაყოფილდე ჩემი დღევანდელი მდგომარეობით.

მოუთმენლად ველი დღეს, როცა შევძლებ ინვალიდის სავარძლიდან წამოდგომას და სირბილს. შემდეგ სიხარულით შევძახებ: „ერთ დროს უძლური ვიყავი, მაგრამ ახლა სამუდამოდ გამოვჯანმრთელდი“.