გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
• ვინ იყო ოლივეტანი და რატომ უნდა გვაინტერესებდეს მისი ნაშრომი?
ამ სახელით იყო ცნობილი ფრანგი პიერ რობერტი. მე-16 საუკუნეში რეფორმაციის დროს მან ბიბლია ფრანგულ ენაზე თარგმნა. ოლივეტანმა თავის თარგმანში „ეპისკოპოსის“ ნაცვლად, „ზედამხედველი“ გამოიყენა, „ეკლესიის“ ნაცვლად კი — „კრება“. ზოგ ადგილას მან ღვთის სახელი იეჰოვა გამოიყენა (9/1, გვერდები 18—20).
• რა იგულისხმა ღმერთმა, როცა ლევიანებს უთხრა: „მე ვარ შენი წილი“?
ლევიანების გარდა, ისრაელის ყველა ტომმა მიიღო სამკვიდრო. ლევიანებისთვის იეჰოვა იყო მათი „წილი“ (რიცხ. 18:20). მათ არ მიუღიათ სამკვიდრო, მაგრამ ღვთის მსახურებაში განსაკუთრებული პატივი ხვდათ წილად. ლევიანების მატერიალურ უზრუნველყოფაზე იეჰოვა ზრუნავდა. დღეს მათ, ვინც სამეფო ინტერესების წინ წაწევას ემსახურება, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აუცილებელი არ მოაკლდებათ (9/15, გვერდები 7, 8, 13).
• საიდან ვიცით, როდის გაანადგურეს ბაბილონელებმა ძველი იერუსალიმი?
ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი დეტალებია მოცემული ბაბილონის მეფეებისა და მათი მმართველობის თაობაზე. მაგრამ მეცნიერები ერთსულოვნად ამბობენ, რომ ძვ. წ. 539 წელს კიროს II-ის მიერ ბაბილონის დაპყრობის თარიღი ძირითადი თარიღია. ებრაელები გათავისუფლდნენ და სამშობლოში ძვ. წ. 537 წლისთვის დაბრუნდნენ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისინი ტყვეობაში 70 წელი იყვნენ. აქედან გამომდინარე, იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს უნდა დაეპყროთ (2 მატ. 36:21, 22; იერ. 29:10; დან. 9:1, 2). (10/1, გვერდები 26—31).
• რა დაეხმარება ქრისტიანს იმის განსაზღვრაში, არის თუ არა გართობის ესა თუ ის სახეობა მისაღები?
იმის განსასაზღვრავად, სარგებლობის მომტანი და ღვთისთვის მისაღებია თუ არა გართობის ესა თუ ის სახეობა, კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის გვეკითხა: რა შედის ქრისტიანისთვის შესაფერის დასვენებაში? რამდენი დრო დავუთმოთ გართობას? ვისთან ერთად დავისვენოთ? (10/15, გვერდები 9—12).
• რატომ არის არასწორი აბორტის გაკეთება?
ღვთის თვალში სიცოცხლე წმინდაა. მისთვის ემბრიონი უკვე ცოცხალი არსებაა (ფსალმ. 139:16). ჯერარდაბადებული ბავშვისთვის სიცოცხლის მოსწრაფება მკვლელობაა, როგორც ეს ნაჩვენებია ღვთის კანონში, რომლის თანახმადაც, თუ ვინმე ჯერარდაბადებულს ზიანს მიაყენებდა, ამისათვის პასუხი უნდა ეგო (გამ. 21:22, 23). (11/1, გვერდი 6).
• როგორ გვეხმარება იგავების 7:6—23-ში ჩაწერილი შემთხვევა, რომ არ ვუყუროთ პორნოგრაფიას?
ბიბლიის ეს მონაკვეთი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც გაემართა ქუჩისკენ, სადაც იცოდა, რომ მეძავი ცხოვრობდა. მეძავმა აცდუნა ის. დღეს უნდა მოვერიდოთ იმ ვებ-გვერდებზე შესვლას, სადაც მაცდური სურათებია. აგრეთვე მნიშვნელოვანია, იეჰოვას ხელმძღვანელობა მანამ ვთხოვოთ, სანამ ინტერნეტში უზნეობის ამსახველ ვებ-გვერდებზე შევალთ (11/15, გვერდები 9, 10).
• საიდან ვიცით, გადარჩება თუ არა დედამიწა 2012 წელს?
უძველესი მაიას ტომის კალენდრის საფუძველზე ზოგს სჯერა, რომ დედამიწა 2012 წლის მიწურულს განადგურდება. მაგრამ ეს არ მოხდება, ვინაიდან ღმერთმა დედამიწა დასასახლებლად შექმნა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დედამიწა მარადიულად იარსებებს (ეკლ. 1:4; ეს. 45:18). (12/1, გვერდი 10).
• ბიბლიის რომელი დამწერები ესწრებოდნენ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს ახ. წ. 33 წელს?
როგორც ჩანს, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებიდან ექვსი ესწრებოდა ამ შეხვედრას. სამი მათგანი იყო მოციქულები მათე, იოანე და პეტრე. ორი მათგანი იესოს ნახევარძმები იაკობი და იუდა იყვნენ. და, როგორც ჩანს, იქ იყო ახალგაზრდა მარკოზიც (12/1, გვერდი 22).