არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ის თქვენთვის სამაგალითოა თუ გამაფრთხილებელი?

ის თქვენთვის სამაგალითოა თუ გამაფრთხილებელი?

ის თქვენთვის სამაგალითოა თუ გამაფრთხილებელი?

„ავიდეთ იეჰოვას მთაზე, იაკობის ღვთის სახლში! ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ (ეს. 2:3).

1, 2. რა მხრივ არის სასარგებლო ბიბლიური მაგალითები?

განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ბიბლია ჩვენ სასარგებლოდ დაიწერა? მასში მოცემულია ერთგული მამაკაცებისა და ქალების მაგალითები, რომელთა საქციელისა თუ თვისებების მიბაძვას ნამდვილად ვისურვებდით (ებრ. 11:32—34). ამავე დროს, მოცემულია მათი მაგალითებიც, რომელთა მოქმედებისა თუ აზროვნების მიბაძვა ნამდვილად არ იქნებოდა სასურველი. ეს მაგალითები ჩვენს გასაფრთხილებლად დაიწერა.

2 მაგრამ ზოგი ბიბლიური პერსონაჟი გვაძლევს როგორც მისაბაძ მაგალითს, ასევე გამაფრთხილებელ მაგალითსაც, რომელსაც უნდა ვერიდოთ. გავიხსენოთ დავითი. ის თავიდან უბრალო მწყემსი იყო, შემდეგ კი ძლევამოსილი მეფე გახდა. მას უყვარდა ჭეშმარიტება და ენდობოდა იეჰოვას, რითაც კარგი მაგალითი დაგვიტოვა. მაგრამ დავითმა სერიოზული ცოდვებიც ჩაიდინა, მაგალითად, ბათ-შებასთან იმრუშა, ურია მოაკვლევინა; აგრეთვე არაგონივრულად მოიქცა და ისრაელი აღრიცხა. ახლა კი დავფიქრდეთ დავითის ვაჟის, სოლომონის მაგალითზე, რომელიც მეფე იყო და ბიბლიის რამდენიმე წიგნიც დაწერა. ჯერ განვიხილოთ ორი მხარე, რომელშიც მან კარგი მაგალითი დაგვიტოვა.

„სოლომონის სიბრძნე“

3. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოლომონმა კარგი მაგალითი დაგვიტოვა?

3 დიდი სოლომონი, იესო ქრისტე, დადებითად საუბრობდა მეფე სოლომონზე, და ამგვარად გვიჩვენა, რომ ის ჩვენთვის კარგი მაგალითია. იესომ ზოგ იუდეველს უთხრა: „სამხრეთის დედოფალი ამ თაობასთან ერთად აღდგება სასამართლოზე და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, მაგრამ აი, აქ არის სოლომონზე დიდი“ (მათ. 12:42). სოლომონი მართლაც ცნობილი იყო თავისი სიბრძნით და ის ჩვენც მოგვიწოდებს სიბრძნის შეძენისკენ.

4, 5. საიდან ჰქონდა სოლომონს სიბრძნე და, მისგან განსხვავებით, ჩვენ როგორ შეგვიძლია სიბრძნის მიღება?

4 გამეფების შემდეგ სოლომონს მალევე ღმერთი ეჩვენა სიზმარში და უთხრა, ეთხოვა, რაც უნდოდა. სოლომონმა იცოდა, რომ გამოუცდელი იყო, ამიტომ ღმერთს სიბრძნე სთხოვა (წაიკითხეთ 1 მეფეების 3:5—9 ). ღმერთს მოეწონა, რომ მეფემ სიმდიდრე და დიდება კი არ ითხოვა, არამედ სიბრძნე. ამიტომ იეჰოვამ სოლომონს „ბრძენ და გაგებულ გულთან“ ერთად სიმდიდრეც უბოძა (1 მეფ. 3:10—14). როგორც იესომ აღნიშნა, სოლომონი სიბრძნით იმდენად გამოირჩეოდა, რომ საბას დედოფალმა დიდი მანძილი გაიარა მისი სიბრძნის მოსასმენად (1 მეფ. 10:1, 4—9).

5 ჩვენ არ ველით, რომ სიბრძნეს სასწაულებრივად მივიღებთ. მართალია, სოლომონმა თქვა: „იეჰოვა თავად იძლევა სიბრძნეს“, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ ამ ღვთისმოსაწონი თვისების განსავითარებლად. მან მოგვიწოდა, ყური მივაპყროთ სიბრძნეს, რომ გული გამჭრიახობისკენ მივმართოთ. სიბრძნესთან დაკავშირებით სოლომონმა აგრეთვე გამოიყენა სიტყვები „ითხოვ“, „მოძებნი“ და „მოიძიებ“ (იგავ. 2:1—6). ცხადია, ჩვენ შეგვიძლია სიბრძნის შეძენა.

6. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვბაძავთ სოლომონის კარგ მაგალითს?

6 კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვა: „სოლომონივით მიყვარს ღვთისგან მომდინარე სიბრძნე?“ ეკონომიკური არასტაბილურობის გამო მრავალს მთელი ყურადღება სამუშაოსა და ფულის შოვნაზე გადააქვს. ასეთი მდგომარეობა განათლებასთან დაკავშირებით ბევრის გადაწყვეტილებაზეც მოქმედებს. რის თქმა შეიძლება თქვენზე და თქვენს ოჯახზე? მეტყველებს თქვენი არჩევანი იმაზე, რომ აფასებთ და ეძებთ ღვთიურ სიბრძნეს? ცვლით პრიორიტეტებსა და მიზნებს ისე, რომ მეტი სიბრძნის შეძენის შესაძლებლობა გქონდეთ? სიბრძნის შეძენასა და მის თანახმად მოქმედებას, მარადიული სარგებლობა მოაქვს. სოლომონმა დაწერა: „მაშინ გაიგებ, რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია“ (იგავ. 2:9).

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის პირველ ადგილზე დაყენებამ ერს მშვიდობა მოუტანა

7. როგორ აშენდა ღვთის დიდებული ტაძარი?

7 გამეფების შემდეგ სოლომონმა მალევე დაიწყო დიდებული ტაძრის მშენებლობა. ამ ტაძარმა შეცვალა კარავი, რომელსაც მოსეს დროიდან იყენებდნენ (1 მეფ. 6:1). მას შეიძლება სოლომონის ტაძარი ვუწოდოთ, თუმცა მისი აშენება სოლომონის იდეა არ იყო. ეს მას არც საკუთარი თავის განსადიდებლად და არც მდიდარი ქველმოქმედის სახელის მოსახვეჭად გაუკეთებია. ტაძრის აგების იდეა პირველად დავითს გაუჩნდა. მას ღმერთმა ტაძრის დეტალური გეგმა მისცა და დაწვრილებით აუხსნა, როგორ უნდა მოეწყო ის. დავითმა ამ საქმისთვის დიდი შესაწირავი გაიღო (2 სამ. 7:2, 12, 13; 1 მატ. 22:14—16). მიუხედავად ამისა, სოლომონს უნდა ეზრუნა მშენებლობაზე, რომელიც შვიდ წელიწად-ნახევარი გაგრძელდა (1 მეფ. 6:37, 38; 7:51).

8, 9. ა) კარგი საქმეების დაუღალავად კეთების რა მაგალითი დაგვიტოვა სოლომონმა? ბ) რა შედეგები მოჰყვა იმას, რომ სოლომონმა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე დააყენა?

8 სოლომონმა კარგი საქმეების დაუღალავად კეთებისა და პრიორიტეტების სწორად განაწილების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. როდესაც მშენებლობა დასრულდა, აღთქმის კიდობანი ტაძარში გადაიტანეს, რის შემდეგაც სოლომონმა საჯაროდ ილოცა. მან იეჰოვას სთხოვა: „დღედაღამ თვალი გეჭიროს ამ სახლზე, იმ ადგილზე, რომელზეც თქვი, ჩემს სახელს დავავანებო, და ისმინე ლოცვა, რომლითაც შენი მსახური მოგმართავს ამ ადგილისკენ მობრუნებული!“ (1 მეფ. 8:6, 29). ისრაელებსა თუ უცხოტომელებს შეეძლოთ ელოცათ და ამ დროს ისინი მიბრუნებული უნდა ყოფილიყვნენ ტაძრისკენ, რომელშიც ღვთის სახელს მოუხმობდნენ (1 მეფ. 8:30, 41—43, 60).

9 რა მოჰყვა შედეგად იმას, რომ სოლომონმა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე დააყენა? ტაძრის მიძღვნის შემდეგ ხალხი გახარებული და გულმხიარული იყო „იმ ყოველივე კარგის გამო, რაც იეჰოვამ გაუკეთა დავითს, თავის მსახურს, და ისრაელს“ (1 მეფ. 8:65, 66). სოლომონის 40 წლიანი მეფობა მშვიდობითა და მატერიალური აღმავლობით გამოირჩეოდა (წაიკითხეთ 1 მეფეების 4:20, 21, 25 ). ამას კარგად აღწერს 72-ე ფსალმუნი, რომელიც გვეხმარება იმის დანახვაშიც, თუ რა კურთხევებს მოგვიტანს დიდი სოლომონის, იესო ქრისტეს, მმართველობა (ფსალმ. 72:6—8, 16).

სოლომონის გამაფრთხილებელი მაგალითი

10. სოლომონის რომელი შეცდომა შეიძლება გაგვახსენდეს პირველ რიგში?

10 რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ სოლომონმა გამაფრთხილებელი მაგალითიც დაგვიტოვა? პირველ რიგში შეიძლება გაგახსენდეთ, რომ მას უცხოელი ცოლები და ხარჭები ჰყავდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სოლომონის სიბერეში მისი გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს მისმა ცოლებმა . . . [და] იგი მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან“ (1 მეფ. 11:1—6). რა თქმა უნდა, არასდროს ვისურვებდით, მიგვებაძა მისი ამ არაგონივრული საქციელისთვის. მაგრამ მხოლოდ ეს არის გამაფრთხილებელი სოლომონის ცხოვრებიდან? განვიხილოთ მისი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი, რომლებიც არც ისე ადვილად შესამჩნევია, და დავფიქრდეთ, რის სწავლა შეგვიძლია აქედან.

11. რა შეგვიძლია ვისწავლოთ სოლომონის პირველი ქორწინებიდან?

11 სოლომონი 40 წელი მეფობდა (2 მატ. 9:30). რა შეიძლება დაასკვნათ 1 მეფეების 14:21-დან? (წაიკითხეთ). ამ მუხლის თანახმად, სოლომონის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი რობოამი გამეფდა 41 წლის ასაკში. დედამისი „ამონელი ნაამა იყო“. ეს იმას ნიშნავს, რომ სოლომონი გამეფებამდე დაქორწინდა უცხოტომელ ქალზე, რომელიც ისრაელისადმი მტრულად განწყობილი, კერპთაყვანისმცემელი ერიდან იყო (მსაჯ. 10:6; 2 სამ. 10:6). ეთაყვანებოდა ეს ქალი კერპებს? ერთ დროს ასეც რომ ყოფილიყო, შესაძლოა, მან შეწყვიტა კერპთაყვანისმცემლობა და, რახაბისა და რუთის მსგავსად, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი გახდა (რუთ. 1:16; 4:13—17; მათ. 1:5, 6). მაგრამ სოლომონი დაუმოყვრდა ამონელებს, ადამიანებს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ იეჰოვას.

12, 13. რა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო სოლომონმა თავისი მმართველობის დასაწყისში და, შესაძლოა, რით ამართლებდა ის ამას?

12 გამეფების შემდეგ სოლომონმა თავი უარეს მდგომარეობაში ჩაიგდო. ის „დაუმოყვრდა . . . ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, შეირთო ფარაონის ასული და დავითის ქალაქში მიიყვანა“ (1 მეფ. 3:1). მიჰბაძა ამ ეგვიპტელმა ქალმა რუთს და გახდა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი? ბიბლიიდან ეს არ ჩანს. ის კი წერია, რომ დროთა განმავლობაში სოლომონმა დავითის ქალაქის გარეთ სახლი აუშენა მას (და, შესაძლოა, მის ეგვიპტელ მოახლეებს). რატომ? წმინდა წერილების თანახმად, ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ კანონით ცრუ ღმერთის თაყვანისმცემელს შეთანხმების კიდობნის სამყოფლის მახლობლად არ უნდა ეცხოვრა (2 მატ. 8:11).

13 სოლომონი შეიძლება ფიქრობდა, რომ ეგვიპტის ფარაონის ასულზე დაქორწინება პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი იყო, მაგრამ ამართლებდა ეს მის მოქმედებას? დიდი ხნის წინათ, ღმერთმა თავის ხალხს აუკრძალა, წარმართ ქანაანელებზე დაქორწინება და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ზოგიერთი ერიც კი მოიხსენია (გამ. 34:11—16). ხომ არ ფიქრობდა სოლომონი, რომ ეგვიპტე არ იყო მოხსენიებული ამ ჩამონათვალში? ასეც რომ ეფიქრა, იქნებოდა ეს ღვთისთვის მოსაწონი? ამგვარად მოქმედება იმ საფრთხის აშკარა უგულებელყოფა იქნებოდა, რომელიც იეჰოვამ მოიხსენია. ეს ისრაელს ჭეშმარიტ ღმერთს ჩამოაშორებდა და ცრუ ღმერთების თაყვანისცემას დააწყებინებდა (წაიკითხეთ კანონის 7:1—4 ).

14. რა სარგებლობას მოგვიტანს სოლომონის გამაფრთხილებელი მაგალითის გათვალისწინება?

14 არის სოლომონის ეს საქციელი ჩვენთვის გამაფრთხილებელი? ქრისტიანი და შეიძლება ცდილობდეს, გაამართლოს მხოლოდ უფალში დაქორწინების შესახებ ღვთის ნათელი მითითების უგულებელყოფა და რომანტიკული ურთიერთობა განავითაროს არა იეჰოვას მოწმესთან (1 კორ. 7:39). სხვა შემთხვევაშიც შეიძლება ქრისტიანმა მსგავსად იმართლოს თავი; მაგალითად, როცა სკოლაში რომელიმე სპორტულ გუნდში ეწერება, გადასახადის არიდების მიზნით რეალური შემოსავალს მალავს ან მაშინ, როცა უხერხული მდგომარეობის თავიდან ასარიდებლად ტყუილს ამბობს.

15. როგორ გამოავლინა იეჰოვამ სოლომონისადმი გულმოწყალება, მაგრამ რა უნდა გვახსოვდეს?

15 საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც მოხსენიებულია სოლომონის დაქორწინება უცხოტომელ მეფის ასულებზე, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა შეისმინა სოლომონის თხოვნა და მისცა მას სიბრძნე და სიმდიდრე (1 მეფ. 3:10—13). მან უგულებელყო ღვთის მითითებები, მაგრამ ბიბლიიდან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვამ მაშინვე უარყო სოლომონი, როგორც მეფე, ან მკაცრად დასაჯა იგი. ეს შეესაბამება იმ ფაქტს, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი არასრულყოფილება და ის, რომ მტვრისგან ვართ შექმნილი (ფსალმ. 103:10, 13, 14). მაგრამ გვახსოვდეს — რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით ან დღეს, ან მომავალში.

მრავალი ცოლი

16. რა უგულებელყო სოლომონმა მრავალი ცოლის მოყვანით?

16 ქებათა ქებაში მეფე სოლომონი აღფრთოვანებით ლაპარაკობს ერთ ქალწულზე. მეფე აღნიშნავს, რომ ის 60 დედოფალსა და 80 ხარჭაზე მშვენიერია (ქებ. 6:1, 8—10). ამ სიტყვების დაწერისას სოლომონს შეიძლება სწორედ ამდენი დედოფალი და ხარჭა ჰყავდა. ამ ქალების უმრავლესობა, ან ყველა, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი რომც ყოფილიყო, სოლომონმა მაინც უგულებელყო მოსეს მეშვეობით ნათქვამი ღვთის მითითება, რომ ისრაელის მეფეს არ უნდა ჰყოლოდა ბევრი ცოლი, რათა არ ცდუნებულიყო მისი გული (კან. 17:17). და კვლავ, იეჰოვას სოლომონისთვის ზურგი არ შეუქცევია. ღმერთმა აკურთხა იგი და მას დააწერინა ბიბლიის წიგნი „ქებათა ქება“.

17. რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან?

17 ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სოლომონს შეეძლო, ან ჩვენ შეგვიძლია, ღვთის მითითებების უგულებელყოფა ისე, რომ ამას სასჯელი არ მოჰყვეს? არა. ბიბლიის ეს მონაკვეთი გვიჩვენებს, რომ ღმერთმა შეიძლება არასწორი საქციელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოითმინოს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ღვთის მითითებების უგულებელმყოფელი ხალხი მაშინვე არ იმკის სავალალო შედეგებს, იმას არ ნიშნავს, რომ ეს სულ ასე იქნება. გაიხსენეთ სოლომონის სიტყვები: „სწრაფადვე რომ არ სრულდება განაჩენი ბოროტი საქმისთვის, ამიტომ არის ადამიანის გული მთლიანად ბოროტების ჩადენისკენ მიმართული“. შემდეგ მან დასძინა: „ისიც ვიცი, რომ ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებს ხელი მოემართებათ, რადგან მისი შიში აქვთ“ (ეკლ. 8:11, 12).

18. როგორ ცხადყოფს სოლომონის ცხოვრება გალატელების 6:7-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებას?

18 რა კარგი იქნებოდა, რომ სოლომონს ეს გაეთვალისწინებინა! მას ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია და ღვთისგან მრავალი კურთხევაც მიუღია. მაგრამ დროთა განმავლობაში მან ერთიმეორეზე მიყოლებით არასწორი ნაბიჯები გადადგა და ღვთის მითითებების უგულებელყოფა ჩვევად ექცა. მართლაც ჭეშმარიტია ღვთის შთაგონებით პავლეს მიერ დაწერილი სიტყვები: „ნუ შეცდებით, ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალ. 6:7). გარკვეული დროის შემდეგ სოლომონმა ღვთის მითითებების უგულებელყოფის სავალალო შედეგები მოიმკა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „უყვარდა მეფე სოლომონს უცხოელი ცოლები, მათ შორის ფარაონის ასული, მოაბელი, ამონელი, ედომელი, სიდონელი და ხეთელი ქალები“ (1 მეფ. 11:1). ამ ცოლებიდან მრავალი, ალბათ, ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელი დარჩა და მათი გავლენისგან არც სოლომონი იყო დაზღვეული. მან სწორი გზიდან გადაუხვია და მომთმენი ღვთის კეთილგანწყობა დაკარგა (წაიკითხეთ 1 მეფეების 11:4—8 ).

ისწავლეთ სოლომონის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მაგალითებიდან

19. რომელი კარგი მაგალითებია ბიბლიაში ჩაწერილი?

19 იეჰოვას შთაგონებით პავლემ დაწერა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). ყველაფერში, რაც დაიწერა, შედის გამორჩეული რწმენის მქონე მამაკაცებისა და ქალების მრავალი კარგი მაგალითი. პავლეს შეეძლო ეთქვა: „კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე გედეონის, ბარაკის, სამსონის, იფთახის, დავითის, სამუელისა და სხვა წინასწარმეტყველთა შესახებ, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, სიმართლეს იქმოდნენ, დანაპირებს იღებდნენ . . . უძლურები ძლიერდებოდნენ“ (ებრ. 11:32—34). ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვისარგებლოთ კიდეც ბიბლიაში ჩაწერილი კარგი მაგალითებით, რის გაკეთებაც ამ სამაგალითო ადამიანების მიბაძვით შეგვიძლია.

20, 21. რატომ გვსურს, გავითვალისწინოთ ღვთის სიტყვაში მოცემული გამაფრთხილებელი მაგალითები?

20 მაგრამ ზოგი ბიბლიური მონაკვეთი გამაფრთხილებელ მაგალითებს შეიცავს. იყვნენ მამაკაცები და ქალები, რომლებიც ერთ დროს ემსახურებოდნენ იეჰოვას და მისი მოწონებით სარგებლობდნენ. ბიბლიის კითხვისას ვიგებთ, რა ვითარებაში და როგორ გადაუხვია ღვთის ზოგმა მსახურმა სწორი გზიდან, რაც ჩვენთვის გამაფრთხილებელი მაგალითია. ვხედავთ, რომ ზოგმა თანდათანობით განივითარა ცუდი აზროვნება და მიდრეკილებები, რამაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგამდე მიიყვანა. მათი მაგალითები რომ გავითვალისწინოთ, საჭიროა საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები: „რამ მიიყვანა ისინი აქამდე? შეიძლება მსგავსი რამ მეც მომივიდეს? როგორ დამეხმარება მათი მაგალითების გათვალისწინება, რომ მსგავსი შეცდომა მეც არ დავუშვა?“

21 ჩვენ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამ მაგალითებზე, რადგან მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (1 კორ. 10:11).

რა ისწავლეთ?

• რატომ არის ბიბლიაში მოცემული როგორც კარგი, ისე გამაფრთხილებელი მაგალითები?

• რატომ ჩადიოდა სოლომონი შეცდომებს კვლავ და კვლავ?

• რის სწავლა შეგიძლიათ სოლომონის გამაფრთხილებელი მაგალითებიდან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

სოლომონი იყენებდა ღვთის მიერ ბოძებულ სიბრძნეს

[სურათები 12 გვერდზე]

ითვალისწინებთ სოლომონის მიერ დაშვებულ შეცდომებს?