ნუ დაუშვებთ, რომ ავადმყოფობამ სიხარული დაგაკარგვინოთ
ნუ დაუშვებთ, რომ ავადმყოფობამ სიხარული დაგაკარგვინოთ
წარმოიდგინეთ, რომ ჯერ არ გათენებულა და უკვე დღის დამთავრებას ნატრობთ. ყოველ ახალ დღეს გიწევთ ფიზიკურ თუ ემოციურ ტკივილთან ბრძოლა. შესაძლოა, იობის მსგავსადაც კი გრძნობთ თავს, რომელმაც თქვა: „სიკვდილი მირჩევნია ჩემი ძვლების ყურებას“ (იობ. 7:15). რა შეიძლება ითქვას, თუ ასეთი მდგომარეობა წლები გრძელდება?
მსგავს მდგომარეობაში იყო მეფე დავითის მეგობრის იონათანის ვაჟი, მეფიბოშეთი. ის ხუთი წლის იყო, როცა გამზრდელს ხელიდან „გაუვარდა . . . და დაკოჭლდა“ (2 სამ. 4:4). ემოციური ტკივილი, ალბათ, უფრო გაუმძაფრდა, როცა მეფის ღალატში უსამართლოდ დასდეს ბრალი და, შედეგად, მთელი ქონება დაკარგა. მაგრამ მან შესანიშნავი მაგალითი მოგვცა, რადგან უძლურების, ცილისწამებისა და გულგატეხილობის გამო სიხარული არ დაუკარგავს (2 სამ. 9:6—10; 16:1—4; 19:24—30).
კიდევ ერთ შესანიშნავ მაგალითს მოციქული პავლე გვაძლევს. ერთხელ მან დაწერა „სხეულში ეკლის“ შესახებ, რომლის ატანაც უწევდა (2 კორ. 12:7). მის მიერ მოხსენიებული ეკალი შეიძლება ყოფილიყო ხანგრძლივი ავადმყოფობა ან ადამიანები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ მის მოციქულობას. ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემა პრობლემად რჩებოდა და მოციქული უნდა გამკლავებოდა ამით გამოწვეულ ფიზიკურ თუ ემოციურ ტკივილს (2 კორ. 12:9, 10).
დღეს ღვთის ზოგიერთ მსახურს ქრონიკული ავადმყოფობა თუ ემოციური ტკივილი ძალას აცლის. მაგდალენას 18 წლის ასაკში სისტემური წითელი მგლურას დიაგნოზი დაუსვეს. ამ ავადმყოფობის დროს იმუნური სისტემა საკუთარი ორგანიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ის ამბობს: „თავზარი დამეცა. რაც დრო გადიოდა ჩემი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა — დამერღვა საჭმლის მონელება, პირის ღრუში წყლულები გამიჩნდა, ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად აღარ ფუნქციონირებდა“. იზაბელას კი ისეთ პრობლემასთან უწევს გამკლავება, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს. ის ამბობს: „ბავშვობიდან დეპრესიით ვიტანჯები. ამიტომ ხშირად პანიკური შიში მიპყრობს, სუნთქვა მიჭირს და მუცლის არეში სპაზმური ტკივილები მაქვს. შედეგად, აღარაფრის თავი აღარ მაქვს“.
რეალობის პირისპირ
ავადმყოფობამ და უძლურებამ შეიძლება სიცოცხლის ხალისი დაგაკარგვინოთ. ამ დროს კარგი იქნება, თუ დაჯდებით და გულწრფელად შეაფასებთ საკუთარ მდგომარეობას. შეზღუდულ შესაძლებლობებთან შეგუება შეიძლება ადვილი არ იყოს. მაგდალენა ამბობს: „ჩემი ავადმყოფობა პროგრესირებს. ხშირად იმდენად ძალაგამოცლილი ვარ, რომ საწოლიდანაც კი ვერ ვდგები. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა მდგომარეობაში ვიქნები ხვალ, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვგეგმავ. ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ იეჰოვას მსახურებაში იმდენს ვერ ვაკეთებ, რამდენსაც ადრე ვაკეთებდი“.
ზბიგნიევი ამბობს: „რაც წლები გადის, რევმატოიდული ართრიტი ენერგიას მართმევს და სახსრებს ერთი მეორეზე მიყოლებით მიზიანებს. ზოგჯერ დაავადების გამწვავებისას ელემენტარულ რამესაც კი ვერ ვაკეთებ. ამის გამო თავს დათრგუნულად ვგრძნობ“.
რამდენიმე წლის წინ ბარბარას ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის ამბობს: „ჩემს ორგანიზმში მოულოდნელი ცვლილებები განვითარდა. ზოგჯერ აპათია მიპყრობს; ხშირად თავი მტკივა და კონცენტრირება მიჭირს. ამ მდგომარეობის გამო ყველაფრის გადაფასება მომიწია“.
ეს ადამიანები იეჰოვას მიძღვნილი მსახურები არიან. მათ ცხოვრებაში ღვთის ნების შესრულება პირველ ადგილზე დგას. ისინი ღმერთს სრულად ენდობიან და მისი მხარდაჭერით სარგებლობენ (იგავ. 3:5, 6).
როგორ გვეხმარება იეჰოვა?
არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემები ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვის მაჩვენებელია (გოდ. 3:33). დაფიქრდით, რის გადატანა მოუწია იობს მიუხედავად იმისა, რომ „უმწიკვლო [და] მართალი“ კაცი იყო (იობ. 1:8). ღმერთი ბოროტებით არავის სცდის (იაკ. 1:13). ყველანაირი ავადმყოფობა, იქნება ეს ქრონიკული თუ ემოციური, ჩვენი წინაპრებისგან, ადამ და ევასგან, მივიღეთ მემკვიდრეობით (რომ. 5:12).
მაგრამ იეჰოვა და იესო მართლებს დახმარების გარეშე არ ტოვებენ (ფსალმ. 34:15). განსაკუთრებით ჩვენი ცხოვრების რთულ მომენტებში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღმერთი არის ჩვენი „თავშესაფარი და სიმაგრე“ (ფსალმ. 91:2). ამიტომ, რა დაგეხმარებათ სიხარულის შენარჩუნებაში, როდესაც რთული მდგომარეობის პირისპირ დგახართ?
ლოცვა: ძველ დროში მცხოვრები იეჰოვას ერთგული მსახურების მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ ტვირთი ლოცვაში ზეციერ მამას მიანდოთ (ფსალმ. 55:22). ამგვარად მოქმედებით გექნებათ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“. ეს შინაგანი სიმშვიდე „დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“ (ფილ. 4:6, 7). მაგდალენა ლოცულობს და იეჰოვაზეა მინდობილი, რაც თავის ავადმყოფობასთან გამკლავებაში ეხმარება. ის ამბობს: „იეჰოვასთვის გულის გადაშლას ჩემთვის სიმშვიდე მოაქვს და სიხარულს მიბრუნებს. ახლა ნამდვილად მესმის, რას ნიშნავს ყოველდღიურად ღმერთზე მინდობა“ (2 კორ. 1:3, 4).
ლოცვის საპასუხოდ იეჰოვა გაგაძლიერებთ წმინდა სულით, თავისი სიტყვითა და ქრისტიანული საძმოს საშუალებით. ნუ მოელით, რომ ღმერთი სასწაულს მოახდენს და განგკურნავთ. მაგრამ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის მოგცემთ სიბრძნეს და ძალას, რომლებიც შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად გჭირდებათ (იგავ. 2:7). მას შეუძლია მოგცეთ „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7).
ოჯახი: მოსიყვარულე და თანამგრძნობი ოჯახის წევრები დაგეხმარებიან ავადმყოფობის ატანაში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენთვის საყვარელი ადამიანებიც ძალიან განიცდიან თქვენს მდგომარეობას. ისინიც შეიძლება თავს ისევე უმწეოდ გრძნობდნენ, როგორც თქვენ. მაგრამ ძალიან რთულ მდგომარეობაშიც კი ისინი მხარში ამოგიდგებიან. ერთად ლოცვა მშვიდი გულის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ (იგავ. 14:30).
ბარბარა თავის ქალიშვილსა და კრების ახალგაზრდა დებზე ამბობს: „ისინი მსახურებაში მეხმარებიან. მათი გულმოდგინება გულს მიხარებს“. ზბიგნიევისთვის მეუღლის მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ის ამბობს: „ოჯახში თითქმის ყველაფერზე ის ზრუნავს. მეუღლე ჩაცმაშიც მეხმარება და ხშირად ქრისტიანულ შეხვედრებზე ან მსახურებაში ჩემი ჩანთა მას დააქვს“.
თანამორწმუნეები: თანამორწმუნეებთან ურთიერთობა გვამხნევებს და გვანუგეშებს. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, როცა ავადმყოფობის გამო კრების შეხვედრებს ვერ ესწრებით? მაგდალენა ამბობს: „კრების წევრები ზრუნავენ იმაზე, რომ პროგრამას აუდიო ჩანაწერების საშუალებით მოვუსმინო. და-ძმები ხშირად მირეკავენ და მეკითხებიან, რამეში დახმარება ხომ არ მჭირდება. ისინი გამამხნევებელ წერილებსაც მიგზავნიან. ის, რომ მათ ყოველთვის ვახსოვარ და ფიქრობენ ჩემზე, ძალებს მმატებს და მეხმარება ტკივილის ატანაში“.
იზაბელა, რომელიც დეპრესიით იტანჯება, ამბობს: «კრებაში მრავალი „მამა“ და „დედა“ მყავს, რომლებიც მისმენენ და ცდილობენ, გამიგონ. კრება ჩემი ოჯახია, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ და სიხარულს განვიცდი».
ისინი, ვინც სხვადასხვა განსაცდელს იტანენ, არ უნდა განმარტოვდნენ; პირიქით, კრების იგავ. 18:1). თავის მხრივ, ისინი კრების წევრებსაც ძალიან გაამხნევებენ. თავიდან შეიძლება თავს იკავებთ და და-ძმებს არ ეუბნებით, თუ რა გჭირდებათ, მაგრამ თანამორწმუნეები დააფასებენ თქვენს გულახდილობას. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოავლინონ „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა“ (1 პეტ. 1:22). შეგიძლიათ უთხრათ, რომ გჭირდებათ კრების შეხვედრაზე მიყვანა, მსახურებაში თანამშრომლობა ან გულითადი საუბარი. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ მომთხოვნები, არამედ მადლიერები ნებისმიერი დახმარებისთვის.
წევრებთან ურთიერთობას უნდა ცდილობდნენ (დადებითი განწყობა: ქრონიკულ ავადმყოფობასთან სიხარულის დაკარგვის გარეშე გამკლავება, ხშირად თქვენსავე ხელშია. თუ ყოველთვის დაღვრემილი და დამწუხრებული იქნებით, უარყოფითი ფიქრები მოგეძალებათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კაცის სულს სნეულების მოთმენა შეუძლია, მაგრამ მწუხარე სულს ვინ აიტანს?“ (იგავ. 18:14).
მაგდალენა აღნიშნავს: „ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემს პრობლემაზე არ ვიყო კონცენტრირებული. ვცდილობ, გავიხარო იმ დღეებით, როცა თავს უკეთ ვგრძნობ. ძალიან მამხნევებს იმ და-ძმების ბიოგრაფიების კითხვა, რომლებმაც ქრონიკული ავადმყოფობის მიუხედავად, ერთგულება შეინარჩუნეს“. იზაბელას ძალებს მატებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვას უყვარს და აფასებს. ის ამბობს: „ვგრძნობ, რომ საჭირო ვარ და არსებობს ის, ვისთვისაც უნდა ვიცოცხლო. აგრეთვე მაქვს მომავლის შესანიშნავი იმედი“.
ზბიგნიევი ამბობს: „ავადმყოფობა თავმდაბლობასა და მორჩილებას მასწავლის. ჩემმა მდგომარეობამ გულისხმიერების გამოვლენა და მთელი გულით მიტევებაც მასწავლა. ახლა შემიძლია გავიხარო იეჰოვას მსახურებით ისე, რომ საკუთარი თავი არ მებრალებოდეს. ჩემი მიზანია, განვაგრძო სულიერი წინსვლა“.
გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ხედავს, რამდენს იტანთ. ის თანაგიგრძნობთ და ზრუნავს თქვენზე. ღმერთი არასდროს „დაივიწყებს თქვენს შრომას და სიყვარულს, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10). გულში ჩაიბეჭდეთ დაპირება, რომელიც იეჰოვამ თავის მოშიშებს მისცა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5).
თუ დროდადრო თავს დათრგუნულად გრძნობთ, იფიქრეთ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების ბრწყინვალე იმედზე. დრო, როდესაც საკუთარი თვალით იხილავთ ღვთის სამეფოს კურთხევებს დედამიწაზე, სწრაფად გვიახლოვდება!
[ჩარჩო/სურათები 28, 29 გვერდებზე]
ქრონიკული ავადმყოფობის მიუხედავად, ისინი განაგრძობენ ქადაგებას
„დამოუკიდებლად ვეღარ დავდივარ, ამიტომ მეუღლეს ან და-ძმებს დავყავარ მსახურებაში. შეთავაზებებსა და ბიბლიურ მუხლებს ვიზეპირებ“. (იეჟი, მხვედველობადაქვეითებული).
„ტელეფონით მსახურების გარდა, წერილებითაც ვქადაგებ და მათთან, ვინც ინტერესს ავლენს, რეგულარული მიმოწერა მაქვს. საავადმყოფოში ყოფნისას, საწოლთან ყოველთვის მიდევს ბიბლია და პუბლიკაციები, რაც მრავალი საინტერესო საუბრის წამოწყებაში მეხმარება“. (მაგდალენა, რომელსაც სისტემური წითელი მგლურას დიაგნოზი დაუსვეს).
„მიყვარს კარდაკარ მსახურება, მაგრამ როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ, ტელეფონით ვქადაგებ“. (იზაბელა, რომელსაც ქრონიკული დეპრესია აქვს).
„მიყვარს განმეორებითი მონახულებების გაკეთება და ბიბლიის შესწავლების ჩატარება. როცა თავს უკეთ ვგრძნობ, სიამოვნებით ვქადაგებ კარდაკარ“. (ბარბარა, ტვინის სიმსივნით დაავადებული).
„ჩანთაში მხოლოდ რამდენიმე ჟურნალი მიდევს და მსახურებაში იმდენ ხანს ვრჩები, რამდენის საშუალებასაც ჩემი მტკივანი სახსრები მაძლევს“. (ზბიგნიევი, რომელსაც რევმატოიდული ართრიტი აწუხებს).
[სურათი 30 გვერდზე]
გამხნევება შეუძლიათ როგორც დიდებს, ისე პატარებს