არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

რატომ უნდა მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

რატომ უნდა მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

„შენა ხარ ჩემი ღმერთი. კარგია შენი სული. წამიძღვეს იგი“ (ფსალმ. 143:10).

1. როგორ შეიძლება უხილავმა ძალამ უხელმძღვანელოს ადამიანს? მოიყვანეთ მაგალითი.

კომპასით ოდესმე გაგიკვლევიათ გზა? ეს არის მარტივი ხელსაწყო, რომელიც ერთადერთი მოძრავი ნაწილისგან — მუდამ ჩრდილოეთისკენ მიმართული დამაგნიტებული ისრისგან — შედგება. მაგნეტიზმის სახელწოდებით ცნობილი უხილავი ძალის ზემოქმედებით კომპასის ისარი იღებს დედამიწის პოლუსებს შორის არსებული მაგნიტური ველის შესაბამის მიმართულებას. საუკუნეების განმავლობაში ხმელეთსა თუ ზღვაზე გზის გასაკვლევად მოგზაურები და მკვლევარები კომპასს იყენებდნენ.

2, 3. ა) რა ძლიერი ძალა გამოიყენა იეჰოვამ საუკუნეების წინათ? ბ) რატომ უნდა მოველოდეთ, რომ ღვთის უხილავი ძალა დღესაც იქონიებს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე?

2 არსებობს სხვა უხილავი ძალა, რომლის ხელმძღვანელობაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. რა ძალაზეა საუბარი? ძალაზე, რომელიც ბიბლიის პირველივე მუხლებშია მოხსენიებული. წიგნ „დაბადებაში“ აღწერილია, რა გააკეთა იეჰოვამ საუკუნეების წინათ: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. ამ დროს მან გამოიყენა ძლიერი ძალა. ბიბლიაში შემდეგ ვკითხულობთ: „ღვთის მოქმედი ძალა იძვროდა წყლის ზევით“ (დაბ. 1:1, 2). რა ძალა გამოიყენა ღმერთმა? წმინდა სული, თავისი მოქმედი ძალა. ჩვენ სწორედ იმის წყალობით ვარსებობთ, რომ იეჰოვა თავის ყველა საქმეში ამ ძალას იყენებს (იობ. 33:4; ფსალმ. 104:30).

3 ვინაიდან უკვე ვარსებობთ, უნდა მოველოდეთ, რომ ღვთის მოქმედი ძალა კვლავაც იქონიებს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე? ღვთის ძის სიტყვების თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, რადგან მან თავის მოწაფეებს უთხრა: „სული, წაგიძღვებათ . . . ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (იოან. 16:13). როგორ გავიგოთ, რა არის წმინდა სული და რატომ უნდა გვსურდეს, მივყვეთ მის ხელმძღვანელობას?

რა არის წმინდა სული?

4, 5. ა) რას ფიქრობენ სამების მომხრეები წმინდა სულის შესახებ? ბ) როგორ ახსნიდით, რა არის წმინდა სული?

4 ალბათ, ქადაგებისას ხვდებით ადამიანებს, რომლებსაც წმინდა სულის შესახებ არაბიბლიური თვალსაზრისი აქვთ. სამების მომხრეებს სჯერათ, რომ წმინდა სული მამა ღმერთის თანასწორი პიროვნებაა (1 კორ. 8:6). მაგრამ სამების შესახებ დოგმატი ყოველგვარ ბიბლიურ საფუძველს არის მოკლებული.

5 მაშ, რა არის სინამდვილეში წმინდა სული? დაბადების 1:2-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა, რომელიც ქართულად „მოქმედ ძალად“ ითარგმნა, „ქარსაც“ ნიშნავს. ჩვენ ვერ ვხედავთ ქარს, მაგრამ ვხედავთ მის მოქმედებას. როგორც ქარია უხილავი, მაგრამ აქვს ძალა, ისე, არამატერიალური წმინდა სული არის უხილავი, მაგრამ მოქმედი. ეს სული არის ღვთის ძალა, რომელიც ადამიანებზე მოქმედებს და რომელსაც ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად იყენებს. განა რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი სასწაულებრივი ძალა ყოვლისშემძლე ღვთისგან მომდინარეობს? სულაც არა! (წაიკითხეთ ესაიას 40:12, 13 ).

6. რა მნიშვნელოვანი რამ სთხოვა დავითმა იეჰოვას?

6 განაგრძობს იეჰოვა თავისი წმინდა სულით ჩვენ ხელმძღვანელობას? ღმერთი ფსალმუნმომღერალ დავითს დაჰპირდა: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო“ (ფსალმ. 32:8). სურდა დავითს ეს? დიახ, ვინაიდან იეჰოვას სთხოვდა: „მასწავლე შენი ნების შესრულება, რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი. კარგია შენი სული. წამიძღვეს იგი“ (ფსალმ. 143:10). ჩვენც მსგავსი სურვილი უნდა გვქონდეს და მზად ვიყოთ, ღვთის სულმა გვიხელმძღვანელოს. რატომ? განვიხილოთ ოთხი მიზეზი.

ჩვენ ვერ წარვმართავთ ჩვენს ნაბიჯებს

7, 8. ა) რატომ არ შეგვიძლია ღვთისგან დამოუკიდებლად საკუთარი თავის ხელმძღვანელობა? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ რატომ არ უნდა ვეცადოთ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში გზის დამოუკიდებლად გაკვლევას.

7 პირველი, უნდა გვსურდეს, გვიხელმძღვანელოს ღვთის სულმა, რადგან ჩვენ ვერ ვუხელმძღვანელებთ საკუთარ თავს. სიტყვა „ხელმძღვანელობა“ ნიშნავს „მეთაურობას, წარმართვას“. მაგრამ იეჰოვას არ შევუქმნივართ ისე, რომ შეგვეძლოს საკუთარი ან სხვისი ნაბიჯების წარმართვა, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენს არასრულყოფილ მდგომარეობას. წინასწარმეტყველმა იერემიამ დაწერა: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23). რატომ? ამ კითხვაზე პასუხს ღმერთი იერემიას მეშვეობით გვაძლევს. მან თქვა: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერ. 17:9; მათ. 15:19).

8 განა უგუნურება არ იქნებოდა, თუ გამოუცდელი პიროვნება მარტო, კარგი მეგზურის ან თუნდაც კომპასის გარეშე, ეცდებოდა უღრან ტყეში ან უდაბნოში გზის გაკვლევას? ადამიანი, რომელმაც არ იცის, თუ როგორ გაიკვლიოს გზა უსაფრთხოდ ასეთ გარემოში და როგორ მივიდეს უვნებლად დანიშნულების ადგილას, საფრთხეში ჩაიგდებდა საკუთარ თავს. მსგავსად ამისა, ის, ვინც ფიქრობს, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე სწორად გაიკვლევს გზას, საკუთარ სიცოცხლეს დიდ საფრთხეში იგდებს. ამ ქვეყნიერებაში ცხოვრების გზა წარმატებით რომ გავიკვლიოთ, ერთადერთი სწორი მოქმედება იქნებოდა, დავითივით იეჰოვასთვის ლოცვაში გვეთხოვა: „მაუწყე შენი გზები, იეჰოვა, მასწავლე შენი ბილიკები!“ (ფსალმ. 25:4; 23:3). როგორ არის შესაძლებელი ღვთისგან მსგავსი ხელმძღვანელობის მიღება?

9. როგორ შეუძლია ღვთის სულს გვიხელმძღვანელოს? (იხილეთ სურათი მე-17 გვერდზე)

9 იეჰოვა თავისი წმინდა სულით გვიხელმძღვანელებს, თუ თავმდაბლები ვიქნებით და გვექნება იმის სურვილი, რომ იეჰოვამ წარმართოს ჩვენი ნაბიჯები. როგორ დაგვეხმარება ღვთის მოქმედი ძალა? იესომ თავის მოწაფეებს აუხსნა: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“ (იოან. 14:26). თუ რეგულარულად ვლოცულობთ და ვსწავლობთ ღვთის სიტყვას, რომელშიც მოცემულია ყველაფერი, რაც ქრისტემ თქვა, წმინდა სული საშუალებას მოგვცემს, უკეთ ჩავწვდეთ იეჰოვას სიბრძნის სიღრმეს და მისი ნების შესაბამისად მოვიქცეთ (1 კორ. 2:10). გარდა ამისა, როცა ცხოვრების გზაზე მოულოდნელ დაბრკოლებებს წავაწყდებით, წმინდა სული გამოსავალს დაგვანახვებს. ის გაგვახსენებს ნასწავლ ბიბლიურ პრინციპებს და დაგვეხმარება, რომ ისინი სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოვიყენოთ.

იესოს ღვთის სული ხელმძღვანელობდა

10, 11. წმინდა სულთან დაკავშირებით, რას მოელოდა ღვთის მხოლოდშობილი ძე და როგორ დაეხმარა მას ეს სული?

10 მეორე მიზეზი, რის გამოც უნდა გვსურდეს, გვიხელმძღვანელოს ღვთის სულმა, არის ის, რომ ღმერთი თავისი სულით ხელმძღვანელობდა საკუთარ ძეს. დედამიწაზე მოსვლამდე ღვთის ძემ იცოდა წინასწარმეტყველება: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული, სიბრძნისა და გაგების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული“ (ეს. 11:2). წარმოიდგინეთ, როგორ ენდომებოდა იესოს ღვთის სულის დახმარების მიღება აქ, დედამიწაზე ცხოვრების დროს!

11 იეჰოვას სიტყვები გამართლდა. სახარებებში ვკითხულობთ, თუ რა მოხდა იესოს ნათლობის შემდეგ: „წმინდა სულით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანიდან. მას სული დაატარებდა უდაბნოში“ (ლუკ. 4:1). იქ მარხვის, ლოცვისა და ფიქრის დროს, ალბათ, იეჰოვამ იესო დაარიგა და უთხრა, რა ელოდა წინ. ღვთის მოქმედი ძალა მოქმედებდა იესოს გონებასა და გულზე; წარმართავდა მის ფიქრებს და ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილებების მიღებისას. შედეგად, იესომ იცოდა, ნებისმიერ სიტუაციაში, რა იყო მამის ნება და შესაბამისად იქცეოდა.

12. რატომ არის მნიშვნელოვანი, ვთხოვოთ ღმერთს, მისმა სულმა გვიხელმძღვანელოს?

12 იესომ იცოდა, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ღვთის სული მის ცხოვრებაში; ამიტომ მან თავის მოწაფეებსაც ჩაუნერგა, რომ მათაც ეთხოვათ წმინდა სულის ხელმძღვანელობა და მიჰყოლოდნენ მას (წაიკითხეთ ლუკას 11:9—13 ). რატომ არის ეს ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ, მას შეუძლია ჩვენი აზროვნების შეცვლა; წმინდა სული შეიძლება დაგვეხმაროს, ისეთივე აზროვნების განვითარებაში, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (რომ. 12:2; 1 კორ. 2:16). თუ ღვთის სულს საშუალებას მივცემთ, უხელმძღვანელოს ჩვენს ცხოვრებას, ქრისტეს აზროვნებას განვივითარებთ და მის მაგალითს მივბაძავთ (1 პეტ. 2:21).

ქვეყნიერების სული არასწორი გზით წაგვიყვანდა

13. რა არის ქვეყნიერების სული და როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე?

13 მესამე მიზეზი, რატომაც გვინდა ღვთის სულმა გვიხელმძღვანელოს, არის ის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნიერების სული დღეს მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობის მსგავსად, ჩვენც არასწორი გზით წაგვიყვანდა. ეს სული ძლიერია და შეუძლია გაგვაკეთებინოს ის, რაც წმინდა სულის მოქმედების საწინააღმდეგოა. ეს სული ადამიანებს ქრისტეს აზროვნების განვითარებაში კი არ ეხმარება, არამედ ამ ქვეყნიერების მმართველის, სატანის, აზროვნებას უნერგავს და მის მსგავსად მოქმედებისკენ აღძრავს (წაიკითხეთ ეფესოელების 2:1—3; ტიტეს 3:3 ). თუ ვინმე ქვეყნიერების სულს მასზე მოქმედების საშუალებას აძლევს და ხორცის საქმეებს აკეთებს, ამას სავალალო შედეგები მოჰყვება. ასეთი ადამიანი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს (გალ. 5:19—21).

14, 15. როგორ შევძლებთ ქვეყნიერების სულისთვის წინააღმდეგობის გაწევას?

14 იეჰოვა გვაძლევს ყველაფერს, რაც დაგვეხმარება, წინ აღვუდგეთ ქვეყნიერების სულს. მოციქულმა პავლემ თქვა: „გაძლიერდით უფალში და მის ძლევამოსილებაში . . . რათა შეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა ბოროტ დღეს“ (ეფეს. 6:10, 13). თავისი წმინდა სულით იეჰოვა გვაძლიერებს, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანას, რომელიც ცდილობს, შეცდომაში შეგვიყვანოს (გამოცხ. 12:9). ქვეყნიერების სული ძლიერია და სრულად ვერ გავექცევით მის ზემოქმედებას. მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნიერების სულმა ჩვენზე გამხრწნელად იმოქმედოს. წმინდა სული მასზე ძლიერია და ის აუცილებლად დაგვეხმარება.

15 მათ შესახებ, ვინც პირველ საუკუნეში ქრისტიანობას ჩამოშორდა, მოციქულმა პეტრემ თქვა: „სწორი გზა მიატოვეს და შეცდომაში შევიდნენ“ (2 პეტ. 2:15). ჩვენ ნამდვილად მადლიერები ვართ იმისათვის, რომ „მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან“ (1 კორ. 2:12). წმინდა სულის დახმარებითა და ყოველივე იმის გამოყენებით, რაც იეჰოვამ მასთან მტკიცე ურთიერთობის შესანარჩუნებლად მოგვცა, შევძლებთ სწორად მოქმედებასა და ამ ბოროტი ქვეყნიერების სულისთვის წინააღმდეგობის გაწევას (გალ. 5:16).

წმინდა სულს კარგი ნაყოფი გამოაქვს

16. რა ნაყოფის გამოღება შეუძლია წმინდა სულს ჩვენში?

16 მეოთხე მიზეზი, რის გამოც გვსურს, ღვთის სულმა იმოქმედოს ჩვენზე, არის ის, რომ წმინდა სულს კარგი ნაყოფი გამოაქვს და დადებითად მოქმედებს მათ ცხოვრებაზე, ვინც მის ხელმძღვანელობას მიჰყვება (წაიკითხეთ გალატელების 5:22, 23 ). რომელ ჩვენგანს არ უნდა იყოს მეტად მოსიყვარულე, გახარებული და მშვიდობიანი? ან რომელი ჩვენგანი არ ისურვებდა ყოფილიყო მეტად სულგრძელი, კეთილი და კარგი? ვის არ მოუტანდა სარგებლობას მეტი რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება? ღვთის სული ხელს უწყობს ჩვენში ამ თვისებების განვითარებას, რაც სასარგებლოა, როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ და ვმსახურობთ. სულის ნაყოფის გამოვლენაზე მუშაობა უწყვეტი პროცესია, რადგან მისი განვითარება დაუსრულებლად შეიძლება.

17. როგორ შეგვიძლია სულის ნაყოფის რომელიმე ნაწილის მეტად განვითარება?

17 გონივრული იქნებოდა, დავფიქრებულიყავით კითხვაზე: „ცხადყოფს ჩემი სიტყვები და საქმეები, რომ წმინდა სულის ხელმძღვანელობას მივყვები და ამ სულს ჩემში ნაყოფი გამოაქვს?“ (2 კორ. 13:5ა; გალ. 5:25). თუ ვხედავთ, რომ გვჭირდება სულის ნაყოფის რომელიმე ნაწილის განვითარება, საჭიროა წმინდა სულს მეტად მივცეთ ჩვენზე ზემოქმედების საშუალება. ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ ვიკითხავთ ბიბლიასა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს და გამოვიკვლევთ თითოეულ ამ თვისებას; ამგვარად გავიგებთ, როგორ შეიძლება სულის ნაყოფის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენა, შემდეგ კი ამ თვისებების უფრო მეტად გამოვლენაზე ვიმუშავებთ. * როდესაც ვხედავთ, რა დადებით გავლენას ახდენს ღვთის სულის მოქმედება როგორც ჩვენს, ისე თანაქრისტიანთა ცხოვრებაზე, აშკარად ვხვდებით, რატომ უნდა მივყვეთ სულის ხელმძღვანელობას.

მიჰყვებით ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

18. რა მაგალითს გვაძლევს იესო ღვთის სულის ხელმძღვანელობის მიყოლასთან დაკავშირებით?

18 როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა, იესო მის გვერდით იყო, როგორც ოსტატი. ამიტომ მან ყველაფერი იცოდა დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ, რომელიც ადამიანებს კომპასის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს (იგავ. 8:30; იოან. 1:3). მაგრამ ბიბლიაში არსად არ არის ჩაწერილი, რომ დედამიწაზე ყოფნისას იესო კომპასს იყენებდა. ის კი წერია, რომ ღვთის ძლიერი სული მოქმედებდა მის ცხოვრებაზე. იესო აძლევდა ამ სულს თავის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას. ის მიჰყვებოდა მის ხელმძღვანელობას და შესაბამისად მოქმედებდა (მარ. 1:12, 13; ლუკ. 4:14). თქვენც ასევე იქცევით?

19. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წმინდა სულმა გვიხელმძღვანელოს?

19 დღეს ღვთის მოქმედი ძალა კვლავაც მოქმედებს მათ გონებასა და გულებზე, ვისაც ამ სულის ხელმძღვანელობის მიყოლა სურს. როგორ შეგიძლიათ, პირადად თქვენ, სულს სწორი მიმართულებით წაყვანის საშუალება მისცეთ? გამუდმებით სთხოვეთ იეჰოვას, მოგცეთ თავისი სული და დაგეხმაროთ, მიჰყვეთ მის ხელმძღვანელობას (წაიკითხეთ ეფესოელების 3:14—16 ). იმოქმედეთ თქვენი ლოცვების შესაბამისად და ეძებეთ წმინდა სულით შთაგონებულ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები (2 ტიმ. 3:16, 17). გამოიყენეთ მასში მოცემული გონივრული მითითებები და მთელი გულით მიჰყევით წმინდა სულის ხელმძღვანელობას. ამგვარად მოქმედებით გამოავლენთ რწმენას იმისადმი, რომ ამ ბოროტ ქვეყნიერებაში იეჰოვას საუკეთესოდ შეუძლია ხელმძღვანელობა.

[სქოლიო]

^ აბზ. 17 სულის ნაყოფის თითოეული ნაწილის განსახილველად შეგიძლიათ იხილოთ „საგუშაგო კოშკის“ საძიებელში სათაურით „ღვთის სული ნაყოფი“, ქვესათაური: „ჩამოთვლილია სახელები“.

გახსოვთ მთავარი აზრები?

• როგორ შეუძლია წმინდა სულს, იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე?

• რომელი ოთხი მიზეზის გამო უნდა გვსურდეს, მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

• როგორ შეგვიძლია სრულად ვისარგებლოთ წმინდა სულის ხელმძღვანელობით?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 15 გვერდზე]

ღვთის სული დიდ გავლენას ახდენდა იესოს ცხოვრებაზე

[სურათი 17 გვერდზე]

ღვთის სული გავლენას ახდენს მათ გონებასა და გულებზე, ვისაც ამ სულის ხელმძღვანელობის მიყოლა სურს