ცვლილებებმა კურთხევები მომიტანა
ცვლილებებმა კურთხევები მომიტანა
მოგვითხრო ჯეიმზ ტომფსონმა
როდესაც შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში 1928 წელს დავიბადე, რასობრივი დისკრიმინაცია დაკანონებული იყო. ყველას, ვინც კანონს დაარღვევდა, აპატიმრებდნენ ან უარესადაც სჯიდნენ.
იმ დროს შეერთებულ შტატებში თეთრკანიან და შავკანიან იეჰოვას მოწმეებს ცალკე კრებები, რაიონები და ოლქები უნდა ჰქონოდათ. 1937 წელს მამა გახდა ჩატანუგის (ტენესის შტატი) შავკანიანთა კრების ჯგუფის მსახური (ასე უწოდებდნენ უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს). ჰენრი ნიკოლზი კი თეთრკანიანთა კრების ჯგუფის მსახური იყო.
სასიამოვნოდ მახსენდება ბავშვობის წლები, როცა ღამ-ღამობით აივანზე ვიჯექი და მამისა და ძმა ნიკოლზის საუბრებს ვუსმენდი ხოლმე. ისინი მსჯელობდნენ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორ ექადაგათ უფრო ეფექტურად. მართალია, მათი საუბრიდან ყველაფერს ვერ ვიგებდი, მაგრამ მსიამოვნებდა მამის გვერდით ყოფნა.
1930 წლის დასაწყისში ჩვენს ოჯახში უბედურება დატრიალდა. დედაჩემი 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე და ჩემი ოთხი წლის და დორისი მამის ანაბარა დავრჩით. მე მაშინ ორი წლის ვიყავი. მამა ახალი მონათლული იყო, მაგრამ სულიერად წინ სწრაფად მიიწევდა.
მათმა მაგალითმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა
1933 წელს მამამ გაიცნო არაჩვეულებრივი ქრისტიანი და ლილიე ტომასი. მალე ისინი დაქორწინდნენ. დედ-მამამ მე და დორისს იეჰოვასთვის ერთგულად მსახურების შესანიშნავი მაგალითი მოგვცა.
იეჰოვას მოწმეთა კრებებში 1938 წელს გამოაცხადეს, რომ მიეღოთ რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ადგილობრივი კრებების უხუცესებს არჩევნების ნაცვლად, ბრუკლინში (ნიუ-იორკი)
მდებარე მთავარი სამმართველო დანიშნავდა. ჩატაგუნაში ზოგს გაუჭირდა ამ სიახლის მიღება, მაშინ როცა მამამ მთელი გულით დაუჭირა მხარი ამ ორგანიზაციულ ცვლილებას. მამის ერთგულების მაგალითი, და ის, თუ როგორ უჭერდა დედა მას მხარს, დღემდე მეხმარება.ნათლობა და სრული დროით მსახურება
ჩვენმა კრებამ 1940 წელს დეტროიტში (მიჩიგანი) კონგრესზე წასასვლელად ავტობუსი დაიქირავა. რამდენიმე, ვინც ამ ავტობუსით მგზავრობდა, აპირებდა კონგრესზე მონათვლას. ზოგს უკვირდა, რატომ არ ვინათლებოდი მე, რადგან ხუთი წლის ასაკიდან ვქადაგებდი და მსახურებაში ძალიან აქტიური ვიყავი.
მათ მკითხეს მიზეზი და მე ვუპასუხე, რომ ბოლომდე არ მესმოდა, რას ნიშნავდა ნათლობა. მამამ ყური მოჰკრა ჩემს ნათქვამს და გაუკვირდა. მოგვიანებით დამეხმარა, გამეგო, რას ნიშნავდა ნათლობა და რატომ იყო ის მნიშვნელოვანი. ოთხი თვის შემდეგ, 1940 წლის 1 ოქტომბრის ძალიან ცივ დღეს, ჩატანუგის მახლობლად პატარა ტბაში მოვინათლე.
14 წლის ასაკში, საზაფხულო არდადეგების დროს დროებით პიონერად დავიწყე მსახურება. ვქადაგებდი ტენესისა და ჯორჯიის შტატის პატარა ქალაქებში. დილით ადრე ვდგებოდი, საგზალს ვიმზადებდი და დილის ექვსსაათიან მატარებელს ან ავტობუსს მივყვებოდი. უკან საღამოს 6 საათისთვის ვბრუნდებოდი. ჩემი საგზალი, როგორც წესი, სადილამდეც არ მყოფნიდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ფული მქონდა, ჩემი კანის ფერის გამო მაღაზიაში საკვების საყიდლად ვერ შევდიოდი. ერთხელ, ნაყინის საყიდლად მაღაზიაში შესვლა გავბედე, მაგრამ კარისკენ მიმითითეს. ერთ თეთრკანიან ქალს შევეცოდე და თვითონ გამომიტანა ნაყინი.
საშუალო სკოლაში სწავლა რომ დავიწყე, სამხრეთში თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლთა მოძრაობა ძალებს იკრებდა. ისეთი ორგანიზაციები, როგორიც იყო „ფერადკანიანი მოსახლეობის განვითარების ეროვნული ასოციაცია“ ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა. ჩვენც მოგვიწოდებდნენ, გავმხდარიყავით ამ მოძრაობის წევრები. რამდენიმე სკოლამ, სადაც მხოლოდ შავკანიანი ბავშვები სწავლობდნენ, მათ შორის ჩემმა სკოლამაც, მიზნად დაისახა, უკლებლივ ყველა გამხდარიყო ამ ასოციაციის წევრი. დიდ ზეწოლას განვიცდიდი, ვინაიდან ითხოვდნენ, რომ „ჩვენი რასისთვის“ მხარი დამეჭირა. მე უარს ვამბობდი და ვუხსნიდი, რომ ღმერთი მიუკერძოებელია და ერთ რასას მეორეზე მაღლა არ აყენებს. ვეუბნებოდი, რომ ღმერთი აღმოფხვრიდა ასეთ უსამართლობას (იოან. 17:14; საქ. 10:34, 35).
საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ნიუ-იორკში გადასვლა გადავწყვიტე. მაგრამ გზად ფილადელფიაში (პენსილვანია) მცხოვრებ მეგობრებს ვესტუმრე, რომლებიც ადრე კონგრესზე გავიცანი. იქ პირველად დავესწარი კრებას, რომელიც როგორც თეთრკანიანი, ისე შავკანიანი და-ძმებისგან შედგებოდა. ამ დროს კრებას მიმომსვლელი ზედამხედველი ინახულებდა. მან გვერდზე გამიყვანა და მითხრა, რომ შემდეგ შეხვედრაზე დავალება მექნებოდა. ამან ადვილად გადამაწყვეტინა იქ დარჩენა.
ფილადელფიაში მრავალი მეგობარი შევიძინე, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა და, ჯერალდინ უაიტი, რომელსაც ჯერის ვეძახდი. მან ბრწყინვალედ იცოდა ბიბლია და თავისუფლად შედიოდა კონტაქტში მობინადრეებთან კარდაკარ მსახურების დროს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მასაც ჩემსავით პიონერად მსახურება სურდა. ჩვენ 1949 წლის 23 აპრილს დავქორწინდით.
სკოლა „გალაადში“
„გალაადში“ სწავლა და უცხოეთში მისიონერად მსახურება თავიდანვე მიზნად გვქონდა დასახული. სიამოვნებით ვმსახურობდით იქ, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილება იყო და ასეთი სახით ვემზადებოდით „გალაადისთვის“. ცოტა ხანში გვთხოვეს, გვემსახურა ლონსაიდში (ნიუ-ჯერზი); იქიდან გადავედით ჩესტერში (პენსილვანია) და ბოლოს ატლანტიკ-სიტიში (ნიუ-ჯერზი). ატლანტიკ-სიტიში ყოფნისას ქორწინების ორი წელი შეგვისრულდა და უკვე შეგვეძლო „გალაადში“ სწავლის მსურველთა ანკეტების შევსება. მაგრამ ჩვენი მიწვევა გადაიდო. რა მიზეზით?
50-იანი წლების დასაწყისში მრავალი ახალგაზრდა მამაკაცი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და კორეაში საბრძოლველად გაგზავნეს. იეჰოვას მოწმეების ნეიტრალური პოზიციის გამო ფილადელფიის გამწვევ კომისიაში ჩვენ მიმართ უარყოფითად იყვნენ განწყობილნი. მაგრამ ბოლოს, მოსამართლისგან მივიღე შეტყობინება, რომ ეფ-ბი-აიმ გამოიძია ჩემი საქმე და დაასაბუთა ჩემი ნეიტრალური პოზიცია. ასე რომ, 1952 წლის 11 იანვარს სააპელაციო საბჭომ სამხედრო სამსახურიდან გამათავისუფლა, როგორც რელიგიური მსახური.
იმავე წლის აგვისტოში მე და ჯერი „გალაადის“ მე-20 კლასში მიგვიწვიეს; სწავლა სექტემბერში დავიწყეთ. სწავლის დროს ვფიქრობდით, რომ უცხო ქვეყანაში დაგვნიშნავდნენ. ჩემს დას, დორისს, „გალაადის“ მე-13 კლასი ჰქონდა დამთავრებული და ბრაზილიაში მსახურობდა. ჩვენდა გასაკვირად, მიმომსვლელ მსახურად სამხრეთში, ალაბამას შტატში, დაგვნიშნეს, სადაც უნდა მოგვენახულებინა კრებები, რომლებიც შავკანიანი და-ძმებისგან შედგებოდა. ამან ცოტა არ იყოს გული დაგვწყვიტა, რადგან უცხო ქვეყანაში მსახურება გვინდოდა.
პირველად ჰანტსვილის კრება მოვინახულეთ. მივედით ერთი ქრისტიანი დის სახლში, რომელთანაც უნდა დავრჩენილიყავით. როდესაც ჩანთებიდან ბარგს ვიღებდით, ყური მოვკარით, რას ეუბნებოდა ეს და ვიღაცას ტელეფონში: „ბავშვები აქ არიან“. მაშინ 24 წლის ვიყავით, მაგრამ გარეგნულად უფრო პატარებს ვგავდით. ამ რაიონში მსახურებისას მეტსახელად „ბავშვებს“ გვეძახდნენ.
შტატების სამხრეთს ხშირად „ბიბლიის ქამარს“ უწოდებენ, ვინაიდან აქ ხალხი ბიბლიას დიდ პატივს სცემდა. ასე რომ, ხშირად ადამიანებთან საუბრისას
1) მოკლედ ვეხებოდით მსოფლიო მდგომარეობას.
2) ვუზიარებდით ბიბლიურ იმედს.
3) ვეუბნებოდით, რა მოგვეთხოვებოდა ბიბლიის თანახმად.
შემდეგ ბიბლიის შესასწავლ სახელმძღვანელოს ვთავაზობდით. მსახურებაში ასეთი მიდგომა ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ მთხოვეს, რომ 1953 წელს ნიუ-იორკში ჩატარებულ კონგრესზე „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება“, ეს მეთოდი წარმედგინა, და მეც წარვადგინე.
მალე, 1953 წლის ზაფხულში, სამხრეთის შავკანიანთა კრებებში საოლქო ზედამხედველად დამნიშნეს. ჩვენს ოლქში შედიოდა ვირჯინიიდან ფლორიდამდე მთელი ტერიტორია და დასავლეთით ალაბამა და ტენესი. მიმომსვლელი ზედამხედველი მზად უნდა ყოფილიყო სხვადასხვა სიტუაციისთვის. მაგალითად, ზოგჯერ ისეთ სახლებში გვიწევდა ცხოვრება, სადაც არ ჰქონდათ წყალგაყვანილობა და სამზარეულოში, ღუმლის უკან ტაშტში ვბანაობდით. საბედნიეროდ, ეს სახლის ყველაზე თბილი ადგილი იყო.
სირთულეები რასობრივი დისკრიმინაციის ნიადაგზე
სამხრეთში მსახურებისას მოხერხებულობა და გამჭრიახობა იყო საჭირო. შავკანიანებს არ ჰქონდათ თვითმომსახურების სამრეცხაოს გამოყენების უფლება. ამიტომ ჯერი მიდიოდა იქ და ეუბნებოდა, რომ ტანსაცმელი „მისის ტომფსონისთვის“ იყო. ბევრს ის „მისის ტომფსონის“ მოსამსახურე ეგონა. როდესაც საოლქო ზედამხედველებს უნდა ეჩვენებინათ ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“, ვრეკავდი მაღაზიაში და „მისტერ ტომფსონისთვის“ დიდ ეკრანს ვუკვეთავდი. შემდეგ მივდიოდი მაღაზიაში და ვიღებდი მას. ჩვენ ყოველთვის თავაზიანები ვიყავით და მსახურებაში პრობლემებიც არ გვქონია.
სამხრეთში კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ მრავალს ჩრდილოელები არ უყვარდა. ერთხელ ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა, რომ ჯეიმზ ტომფსონს, ნიუ-იორკის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წარმომადგენელს, კონგრესზე მოხსენება ექნებოდა. ზოგს ეგონა, რომ ნიუ-იორკელი ვიყავი, ამიტომ სკოლის დარბაზის ქირავნობის ხელშეკრულება გამიუქმეს. სკოლის დირექციისთვის იმის ახსნა მომიწია, რომ ჩატანუგის სკოლა მქონდა დამთავრებული. საბოლოო ჯამში, სარაიონო კონგრესის ჩატარების ნება დაგვრთეს.
რასობრივ ნიადაგზე დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა 50-იანი წლების შუა პერიოდისთვის და ზოგი ძალადობასაც კი მიმართავდა. 1954 წელს ჩატარებულ რამდენიმე საოლქო კონგრესზე ზოგი მოწმე აღშფოთებას ვერ მალავდა, როცა კონგრესის პროგრამაში არც ერთი შავკანიანი არ იღებდა მონაწილეობას. ჩვენ შავკანიან ძმებს მოვუწოდებდით, რომ მოთმინება გამოევლინათ. მომდევნო ზაფხულს კონგრესზე მომხსენებლად დამნიშნეს. ამის შემდეგ, სამხრეთში პროგრამაში მონაწილეობას სულ უფრო მეტი შავკანიანი ძმა იღებდა.
რასობრივი დაპირისპირება თანდათანობით კლებულობდა და კრებებიც ერთიანდებოდა. ამიტომ საჭირო იყო მაუწყებელთა, კრების ტერიტორიებისა და პასუხისმგებელი ძმების გადანაწილება. ზოგს, როგორც შავკანიან, ისე თეთრკანიან და-ძმებს, ეს არ მოსწონდა. მაგრამ უმრავლესობა, ჩვენი ზეციერი მამის მსგავსად, მიუკერძოებელი იყო. მრავალი მათგანი, კანის ფერის მიუხედავად, ახლო მეგობრები იყვნენ. ამის მაგალითი იყო ჩვენი ოჯახი 30-40-იან წლებში, როცა მე მოზარდი ვიყავი.
სხვაგან გვნიშნავენ
1969 წლის იანვარში მე და ჯერი გაიანაში (სამხრეთ ამერიკა) დაგვნიშნეს და ჩვენც სიხარულით დავთანხმდით. ჯერ ბრუკლინში (ნიუ-იორკი) წავედით, სადაც გავიარე მომზადება იმისათვის, რომ გაიანაში სამქადაგებლო საქმიანობისთვის ხელმძღვანელობა გამეწია. ჩვენ იქ 1969 წლის ივლისში ჩავედით. 16 წლის მიმოსვლითი საქმიანობის შემდეგ ერთ ადგილას მსახურება დიდი ცვლილება იყო. ჯერი დროის უმეტეს ნაწილს სამქადაგებლო მსახურებაში ატარებდა, როგორც მისიონერი, მე კი ფილიალში ვმსახურობდი.
ჩემს მოვალეობაში შედიოდა ყველაფერი, ბალახის კრეჭიდან დაწყებული, 28 კრებისთვის ლიტერატურის გაგზავნითა და ბრუკლინის მთავარ სამმართველოსთან მიმოწერით დამთავრებული. ყოველდღიურად 14-15 საათს ვმუშაობდი. ეს ორივესთვის რთული იყო, მაგრამ ამას სიამოვნებით ვაკეთებდით. როცა გაიანაში ჩავედით, იქ 950 მაუწყებელი იყო, დღეს კი მათი რაოდენობა 2 500-ს აღემატება.
ძალიან მოგვწონდა იქაური კლიმატი, ეგზოტიკური ხილი და ბოსტნეული, მაგრამ ყველაზე მეტად ის თავმდაბალი ადამიანები მოგვწონდა, რომლებსაც მთელი გულით სურდათ სამეფოს შესახებ ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლა. ხშირად ჯერი კვირაში ბიბლიის 20 შესწავლას ატარებდა და მრავალი მათგანი მოინათლა კიდეც. დროთა განმავლობაში ზოგი პიონერი გახდა, ზოგი კრების უხუცესად დაინიშნა და ზოგმაც სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ მისიონერად მსახურება დაიწყო.
სირთულეები და ჯანმრთელობის გაუარესება
მოგვიანებით, 1983 წელს, ჩემს მშობლებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ მიხედვა დასჭირდათ. მე, ჯერი და დორისი შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ. დორისმა, რომელიც ბრაზილიაში მისიონერად 35 წელი მსახურობდა, შემოგვთავაზა, რომ სახლში დაბრუნდებოდა და მშობლებს მოუვლიდა. მან თქვა: „რატომ უნდა მოცდეს ორი მისიონერი, მაშინ როცა, ერთს შეუძლია ამ საქმის გაკეთება?“ მშობლების სიკვდილის შემდეგ დორისი ჩატანუგაში დარჩა და იქ სპეციალურ პიონერად მსახურობდა.
1995 წელს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დამისვეს, რის გამოც შეერთებულ შტატებში მოგვიწია დაბრუნება. გოლდსბოროში (ჩრდილოეთ კაროლინა) დავსახლდით. ის ტენესსა და პენსილვანიას შორის მდებარეობს, სადაც ჩვენი ოჯახები ცხოვრობენ. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გოლდსბოროს კრებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპეციალურ პიონერად მსახურება დავიწყეთ.
როცა სრული დროით მსახურებაში გატარებულ 65 წელს ვიხსენებ, მართლაც მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ გვაკურთხა მე და ჯერი იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ცხოვრებაში მოვახდინეთ. საკუთარ თავზე გამოვცადე დავითის სიტყვების ჭეშმარიტება: „ერთგულს ერთგულებით უპასუხებ [იეჰოვა] და უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი“ (2 სამ. 22:26).
[სურათი 3 გვერდზე]
მამა და ძმა ნიკოლზმა შესანიშნავი მაგალითი მომცეს
[სურათი 4 გვერდზე]
მე და ჯერი 1952 წელს „გალაადში“ წასვლის წინ
[სურათები 5 გვერდზე]
სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ შტატების სამხრეთში მიმომსვლელ მსახურებად დაგვნიშნეს
[სურათი 6 გვერდზე]
მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი მეუღლეები პირველი გაერთიანებული საოლქო კონგრესის წინ, 1966 წელი
[სურათი 7 გვერდზე]
გაიანაში მისიონერად მსახურება დიდ სიხარულს გვანიჭებდა