არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძველი დროის ერთგულ მსახურებს ღვთის სული ხელმძღვანელობდა

ძველი დროის ერთგულ მსახურებს ღვთის სული ხელმძღვანელობდა

ძველი დროის ერთგულ მსახურებს ღვთის სული ხელმძღვანელობდა

„უზენაესმა უფალმა იეჰოვამ გამომგზავნა თავის სულთან ერთად“ (ეს. 48:16).

1, 2. რა გვჭირდება რწმენის გამოსავლენად და რით იქნება სასარგებლო ღვთის ერთგული მსახურების რწმენის მაგალითების განხილვა?

ააბელის დროიდან დღემდე მრავალი ავლენდა რწმენას, მაგრამ არა ყველა (2 თეს. 3:2). რატომ აქვს ადამიანს ეს თვისება და რა ეხმარება მას ერთგულების შენარჩუნებაში? ძირითადად, რწმენა ღვთის სიტყვის მოსმენის შედეგად ვითარდება (რომ. 10:17). ის ღვთის სულის ნაყოფის ნაწილია (გალ. 5:22, 23). ამიტომ, რწმენის გამოსავლენად წმინდა სული გვჭირდება.

2 არასწორი იქნებოდა, თუ დავასკვნიდით, რომ რწმენა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ღვთის სამაგალითო მსახურები, რომელთა შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობთ, „ჩვენნაირი გრძნობების მქონე“ ადამიანები იყვნენ (იაკ. 5:17). მათთვის უჩვეულო არ იყო ეჭვები, შიში და სისუსტეები, მაგრამ რთულ მდგომარეობაში მათ ღვთის სული აძლიერებდა (ებრ. 11:34). იმის ცოდნა, თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვას სული მათ, ძალებს შეგვმატებს, შევინარჩუნოთ ერთგულება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენი რწმენა შეიძლება მრავალმხრივ გამოიცადოს.

ღვთის სული ძალას აძლევდა მოსეს

3—5. ა) საიდან ვიცით, რომ მოსე წმინდა სულის დახმარებით მოქმედებდა? ბ) რას გვასწავლის მოსეს მაგალითი იმის შესახებ, თუ როგორ აძლევს იეჰოვა თავის მსახურებს წმინდა სულს?

3 ძვ. წ. 1513 წელს მცხოვრებ ყველა ადამიანს შორის მოსე „უთვინიერესი კაცი იყო“ (რიცხ. 12:3). ამ თავმდაბალ ადამიანს ღმერთმა უდიდესი პასუხისმგებლობები დააკისრა. ღვთის სულის ძალით მოსე წინასწარმეტყველებდა, იყო მსაჯული და ისრაელი ერის წინამძღოლი, წერდა ბიბლიის წიგნებს და ახდენდა სასწაულებს (წაიკითხეთ ესაიას 63:11—14 ). მაგრამ ერთხელ მოსემ დაიჩივლა, რომ მისთვის მეტისმეტად მძიმე იყო ამ ტვირთის ტარება (რიცხ. 11:14, 15). ამიტომ იეჰოვამ აიღო მასზე „დავანებული სულის ნაწილი“ და ისრაელის 70 უხუცესზე მოაფინა, რათა ისინი მოსეს მხარში ამოდგომოდნენ (რიცხ. 11:16, 17). მოსე ფიქრობდა, რომ ეს ტვირთი მძიმე სატარებელი იყო, მაგრამ არც ის, და არც 70 უხუცესი, ამ ტვირთს მარტო არ ატარებდნენ.

4 ღმერთმა მოსეს იმ დონით მისცა წმინდა სული, რამდენიც ამ დავალების შესასრულებლად სჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ცვლილებები მოახდინა, მოსეს კვლავ საკმარისი წმინდა სული ჰქონდა. არც მოსეს ჰქონია საკმარისზე ნაკლები წმინდა სული და არც იმ უხუცესებს საჭიროზე მეტი. იეჰოვა ჩვენი მდგომარეობის შესაბამისი ოდენობით გვაძლევს თავის სულს, რადგან „ღმერთი შეუზღუდავად“, „მისი სისავსიდან“ იძლევა წმინდა სულს (იოან. 1:16; 3:34).

5 დგახართ განსაცდელის პირისპირ? პასუხისმგებლობების ზრდასთან ერთად, განიცდით დროის დეფიციტს? ფასების ზრდის ან ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, ცდილობთ, დააკმაყოფილოთ ოჯახის წევრების ფიზიკური და სულიერი მოთხოვნილებები? გაქვთ სერიოზული პასუხისმგებლობები კრებაში? დარწმუნებული იყავით, რომ თავისი სულის დახმარებით, ღმერთს შეუძლია იმდენი ძალა მოგცეთ, რამდენიც თქვენს სიტუაციასთან გასამკლავებლად გჭირდებათ (რომ. 15:13).

წმინდა სული დაეხმარა ბეცალელს

6—8. ა) რის გაკეთება შეაძლებინა ღვთის სულმა ბეცალელსა და ოჰოლიაბს? ბ) რა ცხადყოფს, რომ ბეცალელსა და ოჰოლიაბს ღვთის სული ხელმძღვანელობდა? გ) რატომ არის ბეცალელის შემთხვევა განსაკუთრებით გამამხნევებელი?

6 მოსეს თანამედროვე ბეცალელის შემთხვევა ცხადყოფს, როგორ შეუძლია ღვთის სულს დახმარება (წაიკითხეთ გამოსვლის 35:30—35 ). იეჰოვამ ბეცალელს დაავალა მოემზადებინათ ყველაფერი, რაც კარვისთვის იყო საჭირო. ჰქონდა მას ამის გამოცდილება? შესაძლოა. მაგრამ შეიძლება მისი ბოლო სამუშაო ეგვიპტელებისთვის აგურების დამზადება იყო (გამ. 1:13, 14). როგორ გაართმევდა თავს ბეცალელი ამ რთულ დავალებას? იეჰოვამ „აავსო იგი ღვთის სულით, რათა ჰქონდეს სიბრძნე, გაგების უნარი, ცოდნა და ყოველგვარი ხელობის ოსტატი იყოს, რომ შეადგინოს გეგმები . . . ყოველგვარი ნაკეთობის გასაკეთებლად“. წმინდა სულის წყალობით ბეცალელის უნარი დაიხვეწა. იგივე შეიძლება ითქვას ოჰოლიაბზეც. ბეცალელი და ოჰოლიაბი ისე კარგად დაეუფლნენ თავიანთ ხელობას, რომ არა მარტო მათთვის დაკისრებულ დავალებას ასრულებდნენ, არამედ სხვებსაც ასწავლიდნენ. მართლაც, ღმერთმა მათ გულში ჩაუდო სწავლების უნარი.

7 კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ბეცალელსა და ოჰოლიაბს ღვთის სული ხელმძღვანელობდა არის ის, რომ მათმა ნამუშევარმა ჟამთა სვლას გაუძლო. მათ ნაკეთობებს დაახლოებით 500 წლის შემდეგაც კი იყენებდნენ (2 მატ. 1:2—6). დღევანდელი მწარმოებლებისგან განსხვავებით, ბეცალელსა და ოჰოლიაბს ნაკეთობებზე თავიანთი სახელები არ მიუწერიათ. მათ სურდათ, რომ შესრულებული სამუშაოს გამო ხალხს მთელი დიდება იეჰოვასთვის მიეგო (გამ. 36:1, 2).

8 დღეს ჩვენ შეიძლება ისეთი დავალების შესრულება დაგვავალონ, რომელიც გარკვეულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს; მაგალითად, მშენებლობაში მონაწილეობის მიღება, ბეჭდვა, კონგრესების ორგანიზება, დაზარალებულთა დახმარება და სისხლთან დაკავშირებით ბიბლიური პოზიციის საავადმყოფოს პერსონალისთვის ახსნა. ზოგჯერ ამ საქმეებს პროფესიონალები ასრულებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ყველაფერს აკეთებენ მოხალისეები, რომლებსაც პროფესიული ცოდნა არ აქვთ. დავალების წარმატებით შესრულებაში მათ ღვთის სული ეხმარება. ოდესმე გითქვამთ უარი იეჰოვას ორგანიზაციაში რომელიმე დავალების შესრულებაზე იმის გამო, რომ თქვენი აზრით, სხვები უფრო გამოცდილები არიან და უკეთ შეასრულებდნენ ამას? გახსოვდეთ, იეჰოვას სულს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ცოდნისა და უნარის უკეთ გამოყენებაში, რათა შეძლოთ დაკისრებული დავალების შესრულება.

ღვთის სულის დახმარებით იესო ნავეს ძემ წარმატებას მიაღწია

9. რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისრაელები ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ და რა კითხვა წამოიჭრება?

9 ღვთის სული მოსესა და ბეცალელის თანამედროვეებსაც ხელმძღვანელობდა. ეგვიპტიდან ისრაელების გამოსვლის შემდეგ მალევე ამალეკელებმა ღვთის ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ისრაელებისთვის დადგა დრო, წინააღმდეგობა გაეწიათ მტრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბრძოლაში გამოუცდელები იყვნენ, ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად მოუწიათ ბრძოლაში ჩაბმა (გამ. 13:17; 17:8). ამიტომ მათ სჭირდებოდათ ვინმე, ვინც ბრძოლაში წაუძღვებოდა. ვინ იქნებოდა მათი მხედართმთავარი?

10. რამ განაპირობა, რომ ისრაელმა იესო ნავეს ძის წინამძღოლობით გამარჯვება მოიპოვა?

10 ამ საქმისთვის იეჰოვამ იესო ნავეს ძე ამოირჩია. მაგრამ, რის თქმა შეეძლო იესო ნავეს ძეს თავისი საბრძოლო გამოცდილების შესახებ? ვინ იყო ის? მონა, მუშა, რომელიც აგურებს ამზადებდა თუ მანანის შემგროვებელი? იესოს პაპა ელიშამა ეფრემის ტომის თავკაცი იყო და, როგორც ჩანს, 108 100 კაცისგან შემდგარ ისრაელის ერთ-ერთ სამტომიან დანაყოფს წინამძღოლობდა (რიცხ. 2:18, 24; 1 მატ. 7:26, 27). მაგრამ იეჰოვამ მოსეს მეშვეობით ბრძანა, რომ მტრის დასამარცხებლად ჯარს იესო ნავეს ძე გაუძღვებოდა და არა ელიშამა ან მისი ვაჟი ნავე. ბრძოლა თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. იესო ნავეს ძემ დააფასა ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობა, დაემორჩილა მას და შედეგად ისრაელმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (გამ. 17:9—13).

11. იესო ნავეს ძის მსგავსად, როგორ შეგვიძლია წარმატებით შევასრულოთ ღვთისადმი ჩვენი მსახურება?

11 მოგვიანებით „სიბრძნის სულით“ სავსე იესო ნავეს ძემ მოსე შეცვალა (კან. 34:9). წმინდა სულს მისთვის არ მიუცია წინასწარმეტყველების ან სასწაულების მოხდენის უნარი, როგორც ეს მოსეს შემთხვევაში იყო, მაგრამ ეს სული დაეხმარა მას ბრძოლებში გაძღოლოდა ისრაელს და ქანაანი დაეპყრო. შეიძლება დღეს ჩვენც ვგრძნობთ, რომ არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება ან უნარი, რომ ღვთის მსახურებაში გარკვეული პასუხისმგებლობები შევასრულოთ. მაგრამ იესო ნავეს ძის მსგავსად შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ წარმატებაში, თუ ზუსტად მივყვებით ღვთის მითითებებს (იეს. 1:7—9).

„იეჰოვას სულმა მოიცვა გედეონი“

12—14. ა) რა ჩანს იმ ფაქტიდან, რომ 300-მა კაცმა სძლია მიდიანელთა მრავალრიცხოვან ლაშქარს? ბ) როგორ განამტკიცა ღმერთმა გედეონი? გ) როგორ განგვამტკიცებს ღმერთი დღეს ჩვენ?

12 იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ იეჰოვა თავის ძალით კვლავაც აძლიერებდა თავის ერთგულ მსახურებს. წიგნ „მსაჯულებში“ ვკითხულობთ მრავალი უძლურის შესახებ, რომლებიც ძლიერდებოდნენ (ებრ. 11:34). წმინდა სულის საშუალებით ღმერთმა გედეონს ძალა მისცა, რომ ებრძოლა თავისი ხალხის სასარგებლოდ (მსაჯ. 6:34). აღსანიშნავია, რომ გედეონის ჯარი მიდიანელების ჯართან შედარებით ოთხჯერ მცირერიცხოვანი იყო. მაგრამ იეჰოვას თვალში ისრაელის ეს მცირე ჯარიც კი მრავალრიცხოვანი ჩანდა. იეჰოვამ გედეონს ორჯერ შეამცირებინა ჯარი ისე, რომ საბოლოო ჯამში, ერთ ისრაელ მეომარზე 450 მიდიანელი მოდიოდა (მსაჯ. 7:2—8; 8:10). ეს შეფარდება იეჰოვასთვის მოსაწონი იყო. თუ ისრაელები ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებდნენ, განა ვინმე იფიქრებდა, რომ ეს ადამიანური ძალისხმევისა თუ სიბრძნის დამსახურება იყო?!

13 გედეონი და მისი ჯარისკაცები თითქმის მზად იყვნენ. ამ მცირერიცხოვან რაზმში რომ ყოფილიყავით, იგრძნობდით თავს უსაფრთხოდ, რადგან გეცოდინებოდათ, რომ ყველა, ვისაც ეშინოდა და ვინც ფხიზლად არ იყო, სახლში დააბრუნეს? შიში ხომ არ აგიტანდათ იმაზე ფიქრისას, თუ როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი? ჩვენ არ ვიცით, რას გრძნობდა გედეონი იმ დროს. მაგრამ ის სწორედ ისე მოიქცა, როგორც იეჰოვამ უთხრა (წაიკითხეთ მსაჯულების 7:9—14 ). იეჰოვას საყვედური არ უთქვამს გედეონისთვის იმის გამო, რომ ნიშანი სთხოვა. გედეონს, უბრალოდ, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ იეჰოვა მასთან იყო (მსაჯ. 6:36—40). ღმერთმაც განამტკიცა მისი რწმენა.

14 იეჰოვას ძალა უსაზღვროა. მას შეუძლია იხსნას თავისი ხალხი ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან. ღმერთს შეუძლია ამისათვის ისეთი ადამიანებიც კი გამოიყენოს, რომლებიც ერთი შეხედვით უმწეონი და სუსტნი ჩანან. ზოგჯერ შეიძლება ვფიქრობთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ძალიან ბევრი ადამიანია ან გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ არ მოველით, რომ ღმერთი ხილულ ნიშანს მოგვცემს, როგორც გედეონს მისცა, მაგრამ ღმერთს შეუძლია თავისი სიტყვისა და წმინდა სულით მოქმედი კრების საშუალებით გვიხელმძღვანელოს და გვანუგეშოს (რომ. 8:31, 32). იეჰოვას მიერ სიყვარულით მოცემული დაპირებები რწმენას გვიმტკიცებს და გვარწმუნებს იმაში, რომ ის მართლაც ჩვენი დამხმარეა.

„გადმოვიდა იფთახზე იეჰოვას სული“

15, 16. საიდან ჰქონდა იფთახის ქალიშვილს სწორი განწყობა და რისკენ უნდა აღძრას ამან მშობლები?

15 განვიხილოთ სხვა მაგალითი. როდესაც ისრაელები ამონელებს უნდა შებრძოლებოდნენ, იეჰოვას სული „გადმოვიდა იფთახზე“. მას სურდა გამარჯვება, რათა იეჰოვას სახელი განდიდებულიყო, და დადო აღთქმა, რომელიც ძვირად დაუჯდა. ის ღმერთს შეჰპირდა, რომ თუ ამონელებს ხელში ჩაუგდებდა, იეჰოვას შესწირავდა მას, ვინც თავისი სახლიდან პირველი გამოეგებებოდა. ბრძოლიდან გამარჯვებით დაბრუნებულს, პირველი თავისი ქალიშვილი გამოეგება (მსაჯ. 11:29—31, 34). იყო ეს იფთახისთვის მოულოდნელი? ალბათ, არა, რადგან მას ერთადერთი შვილი ჰყავდა. მან შეასრულა თავისი აღთქმა და ქალიშვილი შილოში გაგზავნა, სადაც ის საწმინდარში იეჰოვას განსაკუთრებულ მსახურებას შეუსრულებდა. იფთახის ქალიშვილი იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი იყო, ამიტომ სწამდა, რომ მამის აღთქმა უნდა შეესრულებინა (წაიკითხეთ მსაჯულების 11:36 ). ორივე მათგანს საჭირო ძალა იეჰოვას სულმა მისცა.

16 როგორ განივითარა იფთახის ქალიშვილმა თავგანწირვის ასეთი სულისკვეთება? ეჭვგარეშეა, მისი რწმენის განმტკიცება მამის გულმოდგინებამ და ღვთისადმი ერთგულებამ განაპირობა. მშობლებო, თქვენი მაგალითი ბავშვებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რომ გჯერათ ის, რასაც ამბობთ. შვილები ისმენენ თქვენს მხურვალე ლოცვებს, ყურადღებას აქცევენ, თუ როგორ ასწავლით და ხედავენ, როგორ ცდილობთ მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას. ყოველივე ეს, ალბათ, დაეხმარება მათ, განივითარონ იეჰოვას მსახურების სურვილი. ეს კი სიხარულს მოგანიჭებთ.

„ამოქმედდა სამსონზე იეჰოვას სული“

17. რა მოიმოქმედა სამსონმა ღვთის სულით?

17 განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. ფილისტიმელებმა ისრაელები დაიპყრეს. მაშინ „დაიწყო იეჰოვას სულმა . . . მოქმედება“ სამსონზე, რათა ეხსნა ისრაელი (მსაჯ. 13:24, 25). ღმერთმა სამსონს საოცარი, შეუდარებელი ძალა მისცა. ერთხელ, როცა ფილისტიმელთა წაქეზებით თავად ისრაელებმა შებოჭეს სამსონი, „ამოქმედდა მასზე იეჰოვას სული; მხრებზე შემოხვეული თოკები დამწვარ სელს დაემსგავსა და ხელებიდან ბორკილები დასცვივდა“ (მსაჯ. 15:14). მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სამსონმა სერიოზული შეცდომის გამო ფიზიკური ძალა დაკარგა, თავისი ცხოვრების ბოლო მომენტში „რწმენით“ გაძლიერდა (ებრ. 11:32—34; მსაჯ. 16:18—21, 28—30). იეჰოვას სული სასწაულებრივად ამოქმედდა მასზე, ვინაიდან სამსონი განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყო. მიუხედავად ამისა, ეს შემთხვევა ჩვენთვის ძალიან გამამხნევებელია. რატომ?

18, 19. ა) რაში გვარწმუნებს სამსონის მაგალითი? ბ) რაში დაგეხმარათ პირადად თქვენ ამ სტატიაში განხილული ღვთის ერთგული მსახურების მაგალითები?

18 ჩვენც იმავე სულზე ვართ მინდობილი, რომელიც სამსონს ეხმარებოდა. ეს ვლინდება იმ საქმის შესრულებისას, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, კერძოდ, „ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ“ (საქ. 10:42). ამ დავალების შესასრულებლად საჭიროა უნარი, რომელიც ბუნებრივად არ გვაქვს. რამდენად მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ თავისი სულით გვეხმარება ჩვენთვის მონდობილი სხვადასხვა დავალების შესრულებაში! ამგვარად ესაია წინასწარმეტყველის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: „ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა“ (ეს. 48:16, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). დიახ, საქადაგოდ ღვთის სული გვგზავნის. იეჰოვა კვლავაც გვეხმარება, დავხვეწოთ ჩვენი უნარი, როგორც ის მოსეს, ბეცალელსა და იესო ნავეს ძეს დაეხმარა. ჩვენ ვიყენებთ „სულის მახვილს, ანუ ღვთის სიტყვას“ და დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა მოგვცემს ძალებს, როგორც ეს იყო გედეონის, იფთახისა და სამსონის შემთხვევაში (ეფეს. 6:17, 18). თუ იეჰოვაზე ვართ მინდობილი და დაბრკოლებების გადასალახავად მისგან ველით დახმარებას, შეგვიძლია სულიერად ისევე გავძლიერდეთ, როგორც სამსონი — ფიზიკურად.

19 ცხადია, იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც გაბედულად დგება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს. ჩვენი რწმენა უფრო მტკიცე ხდება, თუ მივყვებით ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც არაერთი მაგალითია მოცემული იმ ერთგული მსახურების, რომლებიც ღვთის სულის ხელმძღვანელობით დადიოდნენ. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებდა იეჰოვას სული პირველ ქრისტიანებზე, როგორც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე, ისე მის შემდეგ.

რატომ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოქმედებდა ღვთის სული . . .

• მოსეზე

• ბეცალელზე

• იესო ნავეს ძეზე

• გედეონზე

• იფთახზე

• სამსონზე

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 22 გვერდზე]

ღვთის სული სულიერად ისევე გვაძლიერებს, როგორც სამსონი გააძლიერა ფიზიკურად

[სურათი 21 გვერდზე]

მშობლებო, თქვენი გულმოდგინება დადებითად იმოქმედებს თქვენს შვილებზე