არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისწავლეთ სიფხიზლე იესოს მოციქულებისგან

ისწავლეთ სიფხიზლე იესოს მოციქულებისგან

„ჩემთან ერთად იფხიზლეთ“ (მათ. 26:38).

1—3. როგორ ვერ შეინარჩუნეს სიფხიზლე მოციქულებმა იესოს დედამიწაზე ყოფნის ბოლო ღამეს და, რა ცხადყოფს, რომ მათ ისწავლეს საკუთარ შეცდომაზე?

დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო ღამეა. ის თავის ერთ-ერთ საყვარელ ადგილას, იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე გეთსემანეს ბაღში, ერთგულ მოციქულებთან ერთად მიდის. მას ბევრი საფიქრალი აქვს, ამიტომ ისეთ ადგილს ეძებს, რომ განმარტოვდეს და ილოცოს (მათ. 26:36; იოან. 18:1, 2).

2 სამი მოციქული — პეტრე, იაკობი და იოანე — იესოს შუაგულ ბაღში შეჰყვა. „დარჩით აქ და ჩემთან ერთად იფხიზლეთ“, — უთხრა იესომ მათ, მერე კი ცალკე გავიდა, რომ ელოცა. უკან დაბრუნებულს მოციქულები მძინარენი დახვდნენ. იესომ გაუმეორა მათ: „იფხიზლეთ!“. მაგრამ მოციქულებს მეორედაც ჩაეძინათ და მესამედაც. მოგვიანებით, იმავე ღამეს, მათ ვერც სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნეს. მოციქულებმა იესო მიატოვეს კიდეც და გაიქცნენ (მათ. 26:38, 41, 56).

3 ცხადია, მოციქულები ინანებდნენ, რომ სულიერი სიფხიზლე ვერ შეინარჩუნეს. ეს ერთგული მამაკაცები მალე მიხვდნენ საკუთარ შეცდომას. წიგნ „საქმეებიდან“ ჩანს, რომ მოციქულებმა სულიერი სიფხიზლის არაჩვეულებრივი მაგალითი დაგვიტოვეს. მათი ერთგულება თანაქრისტიანებს აღძრავდა, მათთვის მიებაძათ. ჩვენც უნდა ვიფხიზლოთ, და დღეს ამის გაკეთება გვმართებს ისე, როგორც არასდროს (მათ. 24:42). ამიტომ განვიხილოთ, სამი საკითხი, რის სწავლაც შეგვიძლია „მოციქულთა საქმეებიდან“ სიფხიზლესთან დაკავშირებით.

ისინი ფხიზლობდნენ, რათა დაენახათ, სად ექადაგათ

4, 5. როგორ გამოსცადეს პავლემ და მისმა თანამგზავრებმა წმინდა სულის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე?

4 პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მოციქულები ფხიზლობდნენ, რათა დაენახათ, სად ექადაგათ. ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ უხელმძღვანელა იესომ იეჰოვასგან მიღებული წმინდა სულით მოციქულ პავლესა და მის თანამსახურებს უჩვეულო მოგზაურობის დროს (საქ. 2:33). მოდი, გავყვეთ მათ კვალდაკვალ (წაიკითხეთ საქმეების 16:6—10 ).

5 პავლემ, სილამ და ტიმოთემ სამხრეთ გალატიის ქალაქი ლისტრა დატოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი რომაულ გზას მიადგნენ, რომელიც დასავლეთით აზიის პროვინციის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მხარეში მიდიოდა. მათ ეს გზა იმ ქალაქებში ჩასასვლელად აირჩიეს, სადაც ათასობით ადამიანს უნდა მოესმინა ქრისტეს შესახებ, მაგრამ რაღაცამ შეუშალა ხელი. მე-6 მუხლში ნათქვამია: „მათ ფრიგია და გალატიაც გაიარეს, რადგან წმინდა სულმა აზიაში სიტყვის ქადაგება აუკრძალა“. ჩვენთვის უცნობია, როგორ აუკრძალა წმინდა სულმა ამ გულმოდგინე მქადაგებლებს აზიაში ქადაგება. მაგრამ აშკარაა, რომ იესოს უნდოდა ღვთის სულით პავლე და მისი თანამგზავრები სხვაგან გაეგზავნა.

6, 7. ა) რა მოხდა, როდესაც პავლე და მისი თანამსახურები ბითინიას მიუახლოვდნენ? ბ) რა გადაწყვეტილება მიიღეს მოწაფეებმა და, რა შედეგი გამოიღო ამან?

6 სად წავიდნენ ეს ენთუზიაზმით აღსავსე მქადაგებლები? მე-7 მუხლიდან ვიგებთ: „მისიაში რომ ჩავიდნენ, ბითინიაში შესვლა დააპირეს, მაგრამ იესოს სულმა არ გაუშვა“. აზიაში რომ არ შეუშვეს საქადაგოდ, პავლემ და მისმა თანამსახურებმა გეზი ჩრდილოეთით, ბითინიის ქალაქებისკენ, აიღეს. მაგრამ, როცა ბითინიას მიუახლოვდნენ, იესომ წმინდა სულით არც იქ შეუშვა ისინი. იმ დროს, ალბათ, ისინი საგონებელში ჩაცვივდნენ. მათ იცოდნენ რა უნდა ექადაგათ და — როგორ, მაგრამ ვერ გაეგოთ, სად უნდა ექადაგათ. აზიაში საქადაგოდ რომ შესულიყვნენ, ასე ვთქვათ, აზიის „კარზე აკაკუნებდნენ“, მაგრამ უშედეგოდ. მათთვის არც ბითინიის „კარი“ გაღებულა. შეწყვიტეს მათ კარზე კაკუნი? ამ თავგამოდებულ მქადაგებლებს ეს აზრადაც არ მოსვლიათ.

7 მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება უცნაური ჩანდეს. მე-8 მუხლში ვკითხულობთ: „მისია გაიარეს და ტროაში ჩავიდნენ“. ასე რომ, მათ დასავლეთით გადაუხვიეს, 563 კილომეტრი იარეს, ქალაქებს გვერდი აუარეს და ტროას პორტში ჩავიდნენ, საიდანაც გემით მაკედონიაში შეიძლებოდა გამგზავრება. პავლემ და მისმა თანამგზავრებმა მესამედაც „დააკაკუნეს“ და ამჯერად მათ წინაშე „კარი“ ფართოდ გაიღო. მე-9 მუხლი გვამცნობს, თუ რა მოხდა შემდეგ: „ღამით პავლეს ხილვა ჰქონდა: ვიღაც მაკედონელი კაცი ეხვეწებოდა, ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“. ახლა პავლემ უკვე იცოდა, სად უნდა ექადაგა. ამ ერთგულმა მამაკაცებმა დაუყოვნებლივ გაცურეს მაკედონიისკენ.

8, 9. რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს მოგზაურობიდან?

8 რას ვსწავლობთ ბიბლიის ამ მონაკვეთიდან? ყურადღება მიაქციეთ, რომ ღვთის სულმა პავლეს მხოლოდ მას შემდეგ უხელმძღვანელა, რაც აზიისკენ გაემართა; მეორედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბითინიას მიუახლოვდა; და ბოლოს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტროაში ჩავიდა. ამის შემდეგ იესომ პავლე მაკედონიაში გაგზავნა. იესომ, კრების თავმა, დღესაც შეიძლება მსგავსად გვიხელმძღვანელოს (კოლ. 1:18). დავუშვათ, პიონერად მსახურებაზე ან იქ გადასვლაზე ფიქრობთ, სადაც მქადაგებელთა დიდი საჭიროებაა. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ წმინდა სულით იესომ მხოლოდ მას შემდეგ გიხელმძღვანელოთ, რაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ. მაგალითად, მძღოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოუხვიოს მარჯვნივ ან მარცხნივ, თუ ავტომობილი მოძრაობს. მსგავსადვე, იესომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიხელმძღვანელოს და მსახურების გაფართოებაში დაგვეხმაროს, თუ ერთ ადგილზე არ ვართ გაჩერებული და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მიზნის მისაღწევად.

9 რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს მცდელობას მაშინვე არ გამოაქვს ნაყოფი? უნდა ჩაიქნიოთ ხელი და დაასკვნათ, რომ ღვთის სული არ გხელმძღვანელობთ? გახსოვდეთ, რომ არც პავლეს პირველ მცდელობებს გამოუღია ნაყოფი. მაგრამ ის განაგრძობდა ძებნასა და „კაკუნს“ მანამ, სანამ „კარი“ არ გაეღო. ასე რომ, თუ არ შეწყვეტთ „მოღვაწეობისთვის დიდი კარის“ ძებნას, თქვენი მცდელობაც დაჯილდოვდება (1 კორ. 16:9).

ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ

10. საიდან ჩანს, რომ სიფხიზლის შესანარჩუნებლად გამუდმებით უნდა ვილოცოთ?

10 ახლა, განვიხილოთ მეორე საკითხი, რომელსაც პირველი საუკუნის ქრისტიანი ძმებისგან ვსწავლობთ. ისინი ლოცვაში სიფხიზლეს ინარჩუნებდნენ (1 პეტ. 4:7). სიფხიზლის შესანარჩუნებლად გამუდმებით უნდა ვილოცოთ. გავიხსენოთ, გეთსემანეს ბაღში დაპატიმრებამდე, რა უთხრა იესომ თავის სამ მოციქულს: „იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ“ (მათ. 26:41).

11, 12. რატომ და როგორ ავიწროებდა ჰეროდე ქრისტიანებს, მათ შორის პეტრეს?

11 პეტრემ, რომელიც მაშინ გეთსემანეს ბაღში იესოსთან ერთად იყო, მოგვიანებით საკუთარ თავზე გამოსცადა მხურვალე ლოცვის ძალა (წაიკითხეთ საქმეების 12:1—6 ). პირველივე მუხლებიდან ვიგებთ, რომ იუდეველების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ჰეროდემ ქრისტიანების შევიწროება დაიწყო. ჰეროდეს, ალბათ, ეცოდინებოდა, რომ იაკობი მოციქული და იესოს ახლო მეგობარი იყო, ამიტომ მან „მახვილით მოკლა“ იაკობი (მე-2 მუხლი). ამგვარად კრებამ საყვარელი მოციქული დაკარგა. ეს მათთვის მართლაც მძიმე გამოცდა იქნებოდა!

12 რა გააკეთა შემდეგ ჰეროდემ? მე-3 მუხლში ვკითხულობთ: „დაინახა, რომ ამით იუდეველებს ასიამოვნა და პეტრეც დააპატიმრა“. მაგრამ საპყრობილეები ყოველთვის ვერ ზღუდავდა მოციქულების, მათ შორის პეტრეს, თავისუფლებას (საქ. 5:17—20). შესაძლოა, ჰეროდემ ეს კარგად იცოდა. ამიტომ ამ ფრთხილმა პოლიტიკოსმა ყველა ზომას მიმართა, რომ პეტრე არ გაქცეოდა. მან მოციქულს „დაუყენა ჯარისკაცთა ოთხი ოთხეული, რათა მონაცვლეობით ედარაჯათ, რადგან აპირებდა, პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე“ (მე-4 მუხლი). წარმოიდგინეთ, ჰეროდემ პეტრეს 16 მცველი მიუჩინა და დღე-ღამის განმავლობაში ის მონაცვლეობით ორ-ორ მცველზე იყო მიჯაჭვული, რომ არ გაქცეულიყო. ჰეროდეს სურდა, რომ პეტრე პასექის შემდეგ გამოეყვანა, სიკვდილით დაესაჯა და ასეთი სახით ხალხისთვის საჩუქარი გაეკეთებინა. ამ მძიმე ვითარებაში, რის გაკეთება შეეძლოთ ქრისტიანებს?

13, 14. ა) როგორ მოიქცნენ კრების წევრები პეტრეს დაპატიმრების შემდეგ? ბ) ლოცვასთან დაკავშირებით რის სწავლა შეგვიძლია პირველი საუკუნის ქრისტიანებისგან?

13 კრების წევრებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რაც უნდა გაეკეთებინათ. მე-5 მუხლში ნათქვამია: „პეტრე საპყრობილეში ჰყავდათ, კრება კი მხურვალედ ლოცულობდა მისთვის“. ისინი მხურვალედ და მთელი გულით ავედრებდნენ ღმერთს საყვარელ ძმას. ასე რომ, იაკობის სიკვდილს არც სასოწარკვეთილებაში ჩაუყრია ისინი და არც ლოცვის ძალაში დაუეჭვებია. პირიქით, მათ კარგად იცოდნენ, რომ იეჰოვასთვის ერთგულ თაყვანისმცემელთა ლოცვები მნიშვნელოვანი იყო. თუ ლოცვები მის ნებას შეესაბამება, იეჰოვა აუცილებლად უპასუხებს მათ (ებრ. 13:18, 19; იაკ. 5:16).

14 რას ვსწავლობთ პეტრეს სულიერი და-ძმების მოქმედებიდან? სიფხიზლის შენარჩუნებაში არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ლოცვა იგულისხმება, არამედ თანამორწმუნეებისთვისაც (ეფეს. 6:18). განსაცდელში ხომ არ არის რომელიმე თანაქრისტიანი? შესაძლოა, ზოგს დევნიან, ზოგს ხელისუფლება ზღუდავს, ზოგიც სტიქიური უბედურების დროს დაზარალდა. კარგი იქნებოდა, მათთვის მხურვალედ გველოცა. ზოგის პრობლემა, ერთი შეხედვით, არ ჩანს; მათ შეიძლება ოჯახურ პრობლემებთან, გულგატეხილობასა თუ ავადმყოფობასთან უწევთ ბრძოლა. შეგვეძლო ასეთი თანაქრისტიანები „ლოცვების მომსმენ“ იეჰოვასთან სახელებით მოგვეხსენიებინა (ფსალმ. 65:2).

15, 16. ა) მოყევით, როგორ გაათავისუფლა იეჰოვას ანგელოზმა პეტრე (იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი). ბ) რატომ არის მანუგეშებელი ის, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ პეტრე?

15 რა შეემთხვა შემდეგ პეტრეს? საპატიმროში გატარებულ ბოლო ღამეს ორ მცველს შორის პეტრეს ღრმად ეძინა. ის უჩვეულო მოვლენების მოწმე გახდა (წაიკითხეთ საქმეების 12:7—11 ). მოულოდნელად პეტრეს საკანი განათდა და ანგელოზი გამოჩნდა. როგორც ჩანს, მცველებს არაფერი დაუნახავთ. ანგელოზმა საჩქაროდ გააღვიძა პეტრე და პატიმარს ხელებიდან ბორკილები დასცვივდა. ანგელოზმა პეტრე ჯერ მცველებს შორის გაიყვანა საკნიდან, მერე კი დიდი რკინის კარიბჭიდან, რომელიც „თავისით გაიღო“. როგორც კი საპყრობილეს გასცდნენ, ანგელოზი გაუჩინარდა. პეტრე თავისუფალი იყო!

16 განა რწმენის განმამტკიცებელი არ არის, რომ იეჰოვას თავისი მსახურების დახსნის ძალა შესწევს?! მართალია, ჩვენ არ მოველით, რომ იეჰოვა სასწაულებრივად დაგვიხსნის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ დღეს იეჰოვა ძალას თავისი ხალხის სასარგებლოდ იყენებს (2 მატ. 16:9). ძლიერი წმინდა სულის დახმარებით ის ნებისმიერ განსაცდელს გადაგვატანინებს (2 კორ. 4:7; 2 პეტ. 2:9). და მალე იეჰოვა თავისი ძის მეშვეობით მილიონობით ადამიანს დაიხსნის ყველაზე კარგად დაცული საპატიმროდან, სიკვდილის ტყვეობიდან (იოან. 5:28, 29). განსაცდელების პირისპირ ყოფნისას იეჰოვას დანაპირებისადმი რწმენა უდიდეს გაბედულებას შეგვმატებს.

წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ არ შეუწყვეტიათ საფუძვლიანად დამოწმება

17. გულმოდგინედ და გადაუდებლად ქადაგების რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა პავლემ?

17 მესამე, რასაც სიფხიზლის შესანარჩუნებლად მოციქულებისგან ვსწავლობთ ისაა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ არ შეუწყვეტიათ საფუძვლიანად დამოწმება. სიფხიზლის შესანარჩუნებლად აუცილებელია, გულმოდგინედ და გადაუდებლად ვიქადაგოთ. მოციქული პავლე ამ მხრივ შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. მას თავი არ დაუზოგავს — საქადაგოდ შორეულ ადგილებში მიდიოდა და მრავალ კრებას აყალიბებდა. პავლემ მრავალი განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ გულმოდგინება არასდროს დაუკარგავს და გრძნობდა, რომ გადაუდებლად უნდა ექადაგა (2 კორ. 11:23—29).

18. ბორკილების მიუხედავად, როგორ განაგრძობდა პავლე დამოწმებას რომში?

18 ბოლოს პავლეს შესახებ საქმეების 28-ე თავში ვკითხულობთ. მოციქული ჩავიდა რომში, სადაც ნერონის წინაშე უნდა წარმდგარიყო. შინაპატიმრობაში მყოფი პავლე შეიძლება მცველზეც კი იყო მიჯაჭვული. მაგრამ გულმოდგინე მოციქული ბორკილებმა ვერ დაადუმა! პავლე ყოველთვის ეძებდა დამოწმების შესაძლებლობას (წაიკითხეთ საქმეების 28:17, 23, 24 ). სამი დღის შემდეგ მოციქულმა გავლენიანი იუდეველები შეკრიბა, რათა მათთვის დაემოწმებინა. დათქმულ დღეს, პავლემ მათ საფუძვლიანად დაუმოწმა. 23-ე მუხლში ვკითხულობთ: „ამის შემდეგ [ადგილობრივმა იუდეველებმა] დღე დაუთქვეს და მასთან უამრავი ხალხი მივიდა. ის დილიდან საღამომდე უხსნიდა მათ ყველაფერს, საფუძვლიანად უმოწმებდა ღვთის სამეფოზე და დამაჯერებლად ელაპარაკებოდა იესოზე მოსეს კანონიდან და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან“.

19, 20. ა) რატომ იყო პავლე ეფექტური მქადაგებელი? ბ) რა რეაქცია ჰქონდა პავლეს იმაზე, რომ ყველამ არ მიიღო სასიხარულო ცნობა?

19 რატომ იყო პავლე ეფექტური მქადაგებელი? 23-ე მუხლში ამის რამდენიმე მიზეზია მოცემული: 1) ის სამეფოსა და იესო ქრისტეზე ამახვილებდა ყურადღებას. 2) „დამაჯერებელი ლაპარაკით“ მსმენელის ყურადღებას იპყრობდა. 3) წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობდა. 4) „დილიდან საღამომდე“ ამოწმებდა და ამგვარად თავგანწირვის სულს ავლენდა. პავლემ არაჩვეულებრივად დაამოწმა, მაგრამ ყველა როდი გამოეხმაურა დადებითად. 24-ე მუხლი გვამცნობს: „ზოგმა ირწმუნა მისი ნათქვამი, ზოგმა — არა“. მსმენელებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა და ხალხი დაიშალა.

20 გული გაუტყდა პავლეს იმის გამო, რომ ყველამ არ მიიღო სასიხარულო ცნობა? რა თქმა უნდა, არა. საქმეების 28:30, 31-ში ნათქვამია: „ის ორი წელი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა და ყველას გულთბილად იღებდა; უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე და სიტყვაში უდიდესი სითამამით, შეუფერხებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე“. სწორედ ამ გამამხნევებელი სიტყვებით მთავრდება წიგნი „საქმეები“.

21. რას ვსწავლობთ პავლეს მაგალითიდან, როცა ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა?

21 რას ვსწავლობთ პავლეს მაგალითიდან? შინაპატიმრობისას პავლე კარდაკარ ვერ ქადაგებდა, მაგრამ მას ხალისი არ დაუკარგავს და ყველა მასთან მისულს უმოწმებდა. დღესაც იეჰოვას ბევრი მსახური რწმენის გამო უსამართლოდ არის დაპატიმრებული, მაგრამ ისინი სიხარულს არ კარგავენ და ქადაგებას განაგრძობენ. ზოგი ჩვენი საყვარელი და-ძმა ხანდაზმულობის თუ ავადმყოფობის გამო სახლიდან ვერ გადის ან მოხუცებულთა სახლშიც კი ცხოვრობს. შეძლებისდაგვარად, ისინი უქადაგებენ ექიმებსა და სხვა მედპერსონალს, მნახველებსა თუ ნებისმიერს, ვინც მათთან მიდის. მათ მთელი გულით სურთ, საფუძვლიანად დაამოწმონ ღვთის სამეფოზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ ერთგულებას!

22. ა) რომელი პუბლიკაცია გვეხმარება წიგნ „საქმეებიდან“ მეტის სწავლაში? (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო) ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე?

22 ცხადია, სიფხიზლესთან დაკავშირებით ბევრად მეტის სწავლა შეგვიძლია მოციქულებისა და წიგნ „საქმეებში“ მოხსენიებული პირველი საუკუნის ქრისტიანებისგან. ამიტომ ამ ქვეყნიერების აღსასრულის მოლოდინში, მოდი, მივბაძოთ პირველ ქრისტიანებს, რომლებიც გაბედულად და გულმოდგინედ ქადაგებდნენ. არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, ვიდრე სამეფოს შესახებ „საფუძვლიანად დამოწმებაში“ მონაწილეობის მიღება! (საქ. 28:23).

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 13 გვერდზე]

«წიგნ „საქმეებს“ სულ სხვა თვალით შევხედე»

ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა წიგნ „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“ წაკითხვის შემდეგ თავისი გრძნობები შემდეგი სიტყვებით გამოხატა: «წიგნ „საქმეებს“ სულ სხვა თვალით შევხედე. „მოციქულთა საქმეები“ არაერთხელ წამიკითხავს, არაერთხელ „მივლია“ მოციქულების კვალდაკვალ, მაგრამ ეს უფრო მბჟუტავი სანთლის შუქზე, ჭუჭყიანი სათვალით სიარულს ჰგავდა. ახლა კი ყველაფერი დღის ნათელივით ცხადი გახდა».

[სურათი 12 გვერდზე]

ანგელოზმა პეტრე დიდი რკინის კარიბჭის გავლით გაიყვანა