არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტი ქრისტიანები აფასებენ ღვთის სიტყვას

ჭეშმარიტი ქრისტიანები აფასებენ ღვთის სიტყვას

„შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17).

1. იეჰოვას მოწმეებთან თქვენი პირველი საუბრის დროს, რა განსხვავება დაინახეთ მათსა და სხვა რელიგიებს შორის?

გაიხსენეთ იეჰოვას მოწმეებთან თქვენი პირველი საუბარი. რამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება? ბევრი იტყოდა: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ იეჰოვას მოწმეებმა ყველა კითხვაზე პასუხი ბიბლიიდან გამცეს“. ალბათ, ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა, რა ხდება სიკვდილის დროს და რა მომავალი ელით ჩვენს საყვარელ გარდაცვლილებს.

2. მოიყვანეთ იმის რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ დააფასეთ ღვთის სიტყვა.

2 მაგრამ სწავლის გაგრძელებასთან ერთად მივხვდით, რომ ბიბლია უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე სიცოცხლესთან, სიკვდილსა და მომავალთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს. ჩვენთვის ბიბლია ფასდაუდებელი გახდა, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე პრაქტიკული წიგნია. მისი რჩევები დროის გამოცდას უძლებს და მათი მიყოლა ცხოვრებას წარმატებულს და ბედნიერს ხდის (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1—3 ). ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის ბიბლია ყოველთვის იყო „არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა“ (1 თეს. 2:13). მოკლე ისტორიული მიმოხილვა აშკარად დაგვანახვებს, რა დიდი სხვაობაა მათ შორის, ვინც ნამდვილად აფასებს ღვთის სიტყვას და, ვინც არ აფასებს მას.

პრობლემა მოგვარდა

3. რამ შეუქმნა საფრთხე პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ერთიანობას და რატომ იყო ეს პრობლემა რთული გადასაწყვეტი?

3 პირველი წინადაუცვეთელი არაიუდეველის, კორნელიუსის, სულით ცხებიდან 13 წლის განმავლობაში წამოიჭრა პრობლემა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქრისტიანული კრების ერთიანობას. ბევრი არაიუდეველი ქრისტიანი ხდებოდა. ამიტომ გაჩნდა კითხვა, იუდეველთა ჩვეულების თანახმად, უნდა მომხდარიყო თუ არა მამაკაცების წინადაცვეთა ნათლობამდე. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იუდეველებისთვის არ იყო ადვილი. იუდეველები, რომლებიც კანონს იცავდნენ, არაიუდეველებთან სახლშიც კი არ შედიოდნენ, თბილ ურთიერთობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იუდეველ ქრისტიანებს ისედაც სასტიკად დევნიდნენ თავიანთი რელიგიის უარყოფის გამო. თუ ამას ისიც დაემატებოდა, რომ წინადაუცვეთელ არაიუდეველებთან ახლო ურთიერთობა ექნებოდათ, იუდაიზმის მიმდევრებსა და ქრისტიანებს შორის არსებული უფსკრული უფრო გაიზრდებოდა და ეს მათი დევნის კიდევ ერთი მიზეზი გახდებოდა (გალ. 2:11—14).

4. ვინ შეიკრიბა პრობლემის მოსაგვარებლად და რა კითხვები შეიძლებოდა გასჩენოდა ზოგიერთს ამ საკითხთან დაკავშირებით?

4 ახ. წ. 49 წელს მოციქულები და იერუსალიმელი უხუცესები, რომლებიც წინადაცვეთილი იუდეველები იყვნენ, „ამ საკითხის განსახილველად . . . შეიკრიბნენ“ (საქ. 15:6). ისინი გაუთავებლად კი არ კამათობდნენ უმნიშვნელო დეტალებზე, არამედ მსჯელობდნენ წმინდა წერილების საფუძველზე. წინადაცვეთის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულნი თავიანთ სიმართლეში. იმოქმედებდა გადაწყვეტილებაზე წინასწარ შექმნილი აზრი ან ის, თუ პირადად რას ანიჭებდნენ უპირატესობას? გადადებდნენ პასუხისმგებელი უხუცესები გადაწყვეტილების მიღებას მანამ, სანამ ისრაელში რელიგიური დაძაბულობა განიმუხტებოდა? ან წავიდოდნენ გარკვეულ კომპრომისზე, რომ რაიმე შეთანხმებამდე მისულიყვნენ?

5. რა არსებითი სხვაობაა ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში ჩატარებულ შეხვედრასა და საეკლესიო კრებებს შორის?

5 საეკლესიო კრებებზე კომპრომისები და საკუთარი აზრის გასატანად სხვებზე ზემოქმედება ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ იერუსალიმში იმ შეხვედრის დროს კომპრომისზე არავინ წასულა და არც არავის უცდია თავისი აზრის გასატანად სხვებზე ზემოქმედება. და მაინც, მათ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. როგორ მოხდა ეს? მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მონაწილე თავისი აზრის სისწორეში იყო დარწმუნებული, ყველა დიდ პატივს სცემდა ღვთის სიტყვას და პრობლემის გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი წმინდა წერილებმა შეასრულა (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:97—101 ).

6, 7. წმინდა წერილების გამოყენებით, როგორ მოაგვარეს წინადაცვეთასთან დაკავშირებული პრობლემა?

6 პრობლემის მოგვარებაში მათ დაეხმარათ ამოსის 9:11, 12. ის ციტირებულია საქმეების 15:16, 17-ში: „დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დაცემულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და ხელახლა ავაგებ, რათა დარჩენილებმა და ჩემი სახელით წოდებულმა უცხოტომელებმა გულმოდგინედ ეძებონ იეჰოვა, — ამბობს იეჰოვა“.

7 მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას: „ამ მუხლებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ არაიუდეველი მორწმუნეებისთვის აუცილებელი არ იყო წინადაცვეთა“. ეს მართალია, მაგრამ იმ დროს იუდეველმა ქრისტიანებმა სწორად გაიგეს ამოსის წინასწარმეტყველება. ისინი წინადაცვეთილ არაიუდეველებს „უცხოტომელებად“ კი არ მიიჩნევდნენ, არამედ ძმებად (გამ. 12:48, 49). მაგალითად, ესთერის 8:17-ში ვკითხულობთ: „ქვეყნის ბევრი მცხოვრები იუდაელი გახდა“ (ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). ამგვარად, აზრი ნათელი იყო. ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ისრაელის სახლიდან „დარჩენილები“ (იუდეველები და წინადაცვეთილი იუდეველი პროზელიტები) „უცხოტომელებთან“ (წინადაუცვეთელ არაიუდეველებთან) ერთად გახდებოდნენ ღვთის სახელით წოდებული ერთი ხალხი. ასე რომ, არაიუდეველებისთვის, რომლებსაც გაქრისტიანება სურდათ, საჭირო არ იყო წინადაცვეთა.

8. რატომ სჭირდებოდათ იუდეველ ქრისტიანებს გაბედულება, რომ მიღებული გადაწყვეტილების ერთგულები დარჩენილიყვნენ?

8 პირველი საუკუნის გულწრფელი ქრისტიანები „ერთსულოვან შეთანხმებამდე“ ღვთის სიტყვამ და წმინდა სულმა მიიყვანა (საქ. 15:25). მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების გამო დევნა გაძლიერდებოდა, იუდეველი ქრისტიანები ბოლომდე დარჩნენ ბიბლიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების ერთგულები (საქ. 16:4, 5).

აშკარა სხვაობა

9. რა ფაქტორმა განაპირობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წაბილწვა და, რა მნიშვნელოვანი სწავლება დაამახინჯეს?

9 პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ ქრისტიანული მრწამსი ცრუ სწავლებებით წაიბილწებოდა (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:3, 7 ). მათ შორის, ვინც „ჯანსაღ სწავლებას“ არ მიიღებდა, ზოგს კრებაში გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრა (2 ტიმ. 4:3). პავლემ თავისი თანამედროვე უხუცესები გააფრთხილა: „თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:30). „ახალ ბრიტანულ ენციკლოპედიაში“ მოყვანილია მთავარი მიზეზი, რამაც გამოიწვია „უკუღმართად“ მსჯელობა: „ქრისტიანებმა, რომლებიც გაცნობილი იყვნენ ბერძნულ ფილოსოფიას, დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, რომ თავიანთი რწმენა ფილოსოფიური ტერმინებით ჩამოეყალიბებინათ, რათა დაეკმაყოფილებინათ საკუთარი ინტელექტუალური მოთხოვნილებები და განათლებული წარმართებიც მოექციათ“. წარმართული გავლენის შედეგად დაამახინჯეს მნიშვნელოვანი სწავლება იესო ქრისტეს შესახებ. ბიბლია მას ღვთის ძეს უწოდებს; ბერძნული ფილოსოფიის მხარდამჭერები კი ასწავლიდნენ, რომ ის ღმერთია.

10. როგორ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილება ქრისტეს ვინაობის შესახებ?

10 ამ საკითხის შესახებ რამდენიმე საეკლესიო კრებაზე იმსჯელეს. ეს საკითხი ადვილად გადაწყდებოდა, თუ ამ კრებების მონაწილეები წმინდა წერილებს სათანადოდ დააფასებდნენ, მაგრამ უმეტესობამ ეს არ გააკეთა. საეკლესიო კრებების დაწყებამდე უმრავლესობას უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული და ამ შეხვედრებს მათი თვალსაზრისი არ შეუცვლია. პირიქით, ისინი უფრო მტკიცედ დადგნენ თავიანთ პოზიციაზე. მიღებულ დოგმატებსა და დადგენილებებში წმინდა წერილები იშვიათად იყო ნახსენები.

11. რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ეგრეთ წოდებული ეკლესიის მამების ავტორიტეტს და რატომ?

11 რატომ არ გამოიყენეს ეკლესიის წინამძღოლებმა წმინდა წერილები უფრო ხშირად? ამ კითხვაზე პასუხს მეცნიერი ჩარლზ ფრიმენი გვცემს. მისი სიტყვების თანახმად, მათთვის, ვისაც სწამდა, რომ იესო ღმერთია, „რთული იყო, გაებათილებინათ იესოს მრავალი გამონათქვამი, საიდანაც ჩანს, რომ ის მდგომარეობით მამა ღმერთზე დაბლა იდგა“. შედეგად, ეკლესიურმა ტრადიციებმა და შეხედულებებმა სახარებები ჩაანაცვლეს. დღემდე მრავალი სასულიერო პირი ეგრეთ წოდებული ეკლესიის მამების პირად აზრებს უფრო აფასებს, ვიდრე ღვთის სიტყვას. თუ სემინარიის სტუდენტთან სამების დოგმატის შესახებ გისაუბრიათ, ალბათ, თქვენც შენიშნავდით ამას.

12. რა უარყოფითი გავლენა მოახდინა იმპერატორმა კონსტანტინემ?

12 ამ საეკლესიო კრებების მნიშვნელოვანი თავისებურება ის იყო, რომ დებატებში რომის იმპერატორები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. ნიკეის კრების შესახებ პროფესორმა რიჩარდ რუბენშტაინმა დაწერა: „ეპისკოპოსები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ კონსტანტინე ასე კარგად განეწყობოდა მათ მიმართ და ასე გაამდიდრებდა. დაახლოებით ერთ წელიწადში ახალმა იმპერატორმა მათ დაუბრუნა ან აღუდგინა თითქმის ყველა ეკლესია; აგრეთვე დაუბრუნა დაკარგული სამუშაო და პატივი . . . მან ქრისტიანულ სამღვდელოებას ისეთივე პრივილეგიები მიანიჭა, როგორითაც ადრე წარმართი მღვდლები სარგებლობდნენ“. შედეგად, „კონსტანტინეს დიდი გავლენა ჰქონდა და ნიკეაში მოვლენების განვითარება, შესაძლოა, მისი ბრძანებითაც კი ხდებოდა“. მსგავსი აზრი გამოთქვა ჩარლზ ფრიმენმაც: „შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ იმპერატორს შეეძლო ეკლესიის არა მარტო განმტკიცება, არამედ ამა თუ იმ დოქტრინის მიღებაზე გავლენის მოხდენაც“ (წაიკითხეთ იაკობის 4:4 ).

13. თქვენი აზრით, რატომ უგულებელყვეს ეკლესიის წინამძღოლებმა ბიბლიის ნათელი სწავლებები?

13 მაშინ, როცა ეკლესიის წინამძღოლებისთვის რთული იყო, განესაზღვრათ იესო ქრისტეს ზუსტი ვინაობა, მრავალ უბრალო ადამიანს ეს სულაც არ უჭირდა. ვინაიდან ისინი არც იმპერატორის ოქროთი ივსებდნენ ქისებს და არც საეკლესიო კარიერა ხიბლავდათ, ამ საკითხებს უფრო ობიექტურად უყურებდნენ და წმინდა წერილების შუქში განიხილავდნენ. იმდროინდელი თეოლოგი, გრიგოლ ნოსელი, ირონიულად საუბრობდა უბრალო ხალხზე: „ტანსაცმლის გამყიდველები, ფულის გადამცვლელები თუ ვაჭრები — ყველა თეოლოგი გახდა. თუ ფულის გადამცვლელთან მიხვალთ, ზოგი ფილოსოფოსი აგიხსნით, რა განსხვავებაა მამასა და ძეს შორის. თუ პურის ფასით დაინტერესდებით, გიპასუხებენ, რომ მამა ძეზე დიდია. და თუ იკითხავთ, მზად არის თუ არა თქვენი სააბაზანო, გეტყვიან, რომ ძე ქმნილებაა“. დიახ, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, მრავალი უბრალო ადამიანი დასკვნებს ღვთის სიტყვის საფუძველზე აკეთებდა. კარგი იქნებოდა, გრეგორსა და მის თანამოაზრეებს მათთვის მოესმინათ!

„სარეველა“ და „ხორბალი“ ერთად იზრდება

14. რის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირველი საუკუნიდან მოყოლებული დედამიწაზე ყოველთვის უნდა ყოფილიყვნენ ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანები?

14 იესოს ერთ-ერთი იგავიდან ჩანს, რომ პირველი საუკუნიდან მოყოლებული, დედამიწაზე ყოველთვის იქნებოდნენ ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანები. მან ისინი შეადარა „ხორბალს“, რომელიც „სარეველასთან“ ერთად იზრდებოდა (მათ. 13:30). ცხადია, ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით ვინ ან რომელი ჯგუფი მიეკუთვნებოდა ცხებული ხორბლის კლასს, მაგრამ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც გაბედულად იცავდნენ ღვთის სიტყვას და ამხელდნენ ეკლესიის არაბიბლიურ სწავლებებს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

15, 16. ვინ ავლენდა ღვთის სიტყვისადმი პატივისცემას?

15 არქიეპისკოპოსი აგობარდ ლიონელი (საფრანგეთი, ახ. წ. 779—840) ხატების თაყვანისცემის, ტაძრების წმინდანებისთვის მიძღვნის, ლიტურგიისა თუ სხვა არაბიბლიური ეკლესიური წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ გამოვიდა. ერთ-ერთმა მისმა თანამედროვე ეპისკოპოსმა კლავდიუსმაც უარყო ეკლესიის ტრადიციები, უარი თქვა წმინდანებისადმი ლოცვებსა და წმინდანთა ნაშთების თაყვანისცემაზე. მე-11 საუკუნეში არქიდიაკვანი ბერენგარ ტურელი (საფრანგეთი) ეკლესიიდან მოკვეთეს, რადგან უარყოფდა კათოლიკური ეკლესიის სწავლებას ტრანსუბსტანციის შესახებ და ბიბლიას ეკლესიურ ტრადიციებზე მაღლა აყენებდა.

16 მე-12 საუკუნეში ცხოვრობდა ბიბლიური ჭეშმარიტების მოყვარული ორი ადამიანი — პიტერ ბრუიელი და ჰენრი ლოზანელი. პიტერმა უარი თქვა მღვდლობაზე, ვინაიდან ბიბლიას ვერ შეუსაბამა ჩვილების ნათლობის, ტრანსუბსტანციის, მკვდრებისთვის ლოცვებისა და ჯვრის თაყვანისმცემლობის შესახებ კათოლიკური სწავლებები. 1140 წელს პიტერს თავისი შეხედულებები სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ბერი ჰენრი საჯაროდ ამხელდა ყოველივე იმ სიბინძურეს, რაც ეკლესიაში ხდებოდა და აკრიტიკებდა ლიტურგიის არაბიბლიურ მხარეებს. ის 1148 წელს სატუსაღოში ჩააგდეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა.

17. რა მნიშვნელოვანი რამ მოიმოქმედეს ვალდომ და მისმა მიმდევრებმა?

17 დაახლოებით იმ დროს, როდესაც პიტერ ბრუიელი ცოცხლად დაწვეს ეკლესიის გაკრიტიკებისთვის, დაიბადა ადამიანი, რომელმაც მოგვიანებით ბიბლიური ჭეშმარიტების გავრცელებაზე დიდი გავლენა იქონია. მისი გვარი იყო ვალდესი ან ვალდო. * პიტერ ბრიუელისა და ჰენრი ლოზანელისგან განსხვავებით, ის სასულიერო პირი არ იყო, მაგრამ ღვთის სიტყვას იმდენად აფასებდა, რომ მთელი თავისი ქონება დახარჯა ბიბლიის ზოგიერთი ნაწილის იმ ენაზე სათარგმნად, რომელზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მცხოვრები უბრალო ადამიანები ლაპარაკობდნენ. ბიბლიური ცნობის მშობლიურ ენაზე წაკითხვამ ზოგზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თვითონაც აღიძრნენ, გაეღოთ მთელი თავიანთი ქონება და მთელი სიცოცხლე მიეძღვნათ, რათა სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება გაეზიარებინათ. ამან ეკლესია ძალიან გააღიზიანა. 1184 წელს გულმოდგინე ადამიანები, რომლებსაც მოგვიანებით ვალდენსები ეწოდათ, პაპმა ეკლესიიდან მოკვეთა, ხოლო ეპისკოპოსმა მათ სახლები დაატოვებინა. ამან, ფაქტობრივად, ბიბლიური ცნობის სხვა მხარეებში გავრცელებას შეუწყო ხელი. ასე რომ, პიტერ ბრიუელის, ჰენრი ლოზანელის, ვალდოს მიმდევრებისა და ეკლესიის მიერ სხვა დევნილთა ნახვა ევროპის მრავალ ნაწილში შეიძლებოდა. მომდევნო საუკუნეებში გამოჩნდნენ ბიბლიური ჭეშმარიტების სხვა დამცველებიც: ჯონ უიკლიფი (დაახლოებით 1330—1384), უილიამ ტინდალი (დაახლოებით 1494—1536), ჰენრი გრუ (1781—1862) და ჯორჯ სტორზი (1796—1879).

„ღვთის სიტყვა . . . შებორკილი არ არის“

18. როგორ იკვლევდნენ ბიბლიას მე-19 საუკუნეში მცხოვრები ბიბლიის გულწრფელი მკვლევარები და, რატომ აღმოჩნდა ეს მეთოდი ეფექტური?

18 ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ბიბლიური ჭეშმარიტების მტრებმა ვერ შეძლეს, ხელი შეეშალათ მისი გავრცელებისთვის. „ღვთის სიტყვა . . . შებორკილი არ არის“, — ნათქვამია 2 ტიმოთეს 2:9-ში. 1870 წელს ბიბლიის გულწრფელმა მკვლევარებმა დაიწყეს ჭეშმარიტების ძებნა. როგორ იკვლევდნენ ისინი? ერთ-ერთი კითხვას სვამდა, შემდეგ კი ამ კითხვაზე მსჯელობდნენ. კითხულობდნენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ ყველა ბიბლიურ მუხლს. როდესაც ნახავდნენ, რომ ეს მუხლები ეთანხმებოდა ერთმანეთს, საბოლოო დასკვნას აკეთებდნენ და ამ დასკვნას იწერდნენ. განა არ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ პირველ საუკუნეში მცხოვრები მოციქულებისა და უხუცესების მსგავსად, მე-19 საუკუნის მიწურულს მცხოვრები ერთგული მამაკაცები, ჩვენი „სულიერი წინაპრები“, მთელი გულით ცდილობდნენ, თავიანთი რწმენა მთლიანად ღვთის სიტყვაზე დაეფუძნებინათ?

19. რა არის 2012 წლის მუხლი და რატომ არის ის შესაფერისი?

19 ჩვენი რწმენა კვლავაც ბიბლიაზეა დაფუძნებული. ამიტომ, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ 2012 წლის მუხლად აირჩია იესოს სიტყვები: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ყველამ, ვისაც სურს ღვთის მოსაწონად მოიქცეს, უნდა იაროს ჭეშმარიტებაში. ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღვთის სიტყვით ვიხელმძღვანელოთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 17 ვალდესი ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც პიერ ვალდესი ან პეტრე ვალდო, მაგრამ მისი ზუსტი სახელი უცნობია.

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 8 გვერდზე]

2012 წლის მუხლი: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17)

[სურათი 7 გვერდზე]

ვალდო

[სურათი 7 გვერდზე]

უიკლიფი

[სურათი 7 გვერდზე]

ტინდალი

[სურათი 7 გვერდზე]

გრუ

[სურათი 7 გვერდზე]

სტორზი